„ევროპულმა საქართველომ“ ჯერ თაბორის მთაზე, შემდეგ კი პუშკინის სკვერში საკრებულოს გადაწყვეტილება გააპროტესტა, რომლითაც თაბორის მთისა (5 000 კვ.მ) და პუშკინის სკვერის (1900 კვ.მ) მიმდებარე ტერიტორიებს რეკრეაციული ზონის სტატუსი შეეცვალათ. ოპოზიციონრები ფიქრობენ, რომ სტატუსის შეცვლა ამ ტერიტორიაზე მშენებლობის დაწყებას გამოიწვევს, შემდგომი ნაბიჯი კი ბიძინა ივანიშვილისთვის ტერიტორიის გადაცემა იქნება.
„ჩვენ გვაქვს პასუხი იმ მტაცებლობაზე, რომელსაც ეწევა ბიძინა ივანიშვილი“, - განაცხადა პუშკინის სკვერში გამართულ საპროტესტო აქციაზე „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ.
„ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგო რატიანმა კი აღნიშნა, რომ „ივანიშვილმა გადაწყვიტა, შიდა ეზოდ გადააქციოს თბილისი და ბოტანიკური ბაღი. რატიანის თქმით, ივანიშვილი იტაცებს თბილისის ქონებას და სურს, ძალაუფლება კონვერტირდეს ქონებაში.
„ეს არის გამოწვევა ქართული საზოგადოებისთვის, ეს არის გამოწვევა თბილისისთვის და ჩვენ არ უნდა ვაპატიოთ მას“.
ქალაქის ყოფილ მერს გიგი უგულავასაც უჩნდება კითხვები. მისი თქმით, პუშკინის სკვერში ახლა არის საჯარო პარკი, ქვევით რომ მოეწყობა პარკინგი, ზემოდან მუზეუმში მიმსვლელ ადამიანს რა ეშველება? დააყენებს ის მანქანას? რაც შეეხება ბოტანიკურ ბაღს, გიგი უგულავას სიტყვით, ბოტანიკური ბაღის კარგი ტერიტორია წაიღეს და ახლა ხრიოკს იძლევიან. მართალია, თავის დროზე ბიძინა ივანიშვილმა ეს ტერიტორია მისი მერობის დროს იყიდა, მაგრამ მისი პირობა იყო მიწისთვის მხოლოდ ლანდშაფტურ-რეკრეაციული ფუნქციის შენარჩუნება, ახლა კი ეს არის ჩვეულებრივი გავლენით ვაჭრობა და კორუფცია.
ოპოზიციონრების ინფორმაციით, პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1900 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთის სტატუსის შეცვლას ბიძინა ივანიშვილის კომპანია „ოლდი სიტი დეველოპმენტი“ ითხოვს. კომპანია საკრებულოსგან ამ ნაკვეთის სიმბოლურ ფასად, ანუ 1 ლარად შესყიდვას გეგმავს. ნაკვეთზე „პანორამა თბილისის“ ობიექტის განთავსებაა დაგეგმილი. მათივე ცნობით, ივანიშვილის კიდევ ერთ კომპანია „თაბორი რეზორტსი“ ბოტანიკური ბაღის კუთვნილი 1 ჰექტრის გადაცემასაც ითხოვს.
არქიტექტორი გიგა ბათიაშვილი For.ge-სთან საუბარში „ნაციონალებისა“ და „ევროპული საქართველოს“ აჟიოტაჟს უსაფუძვლოს უწოდებს. მისი თქმით, ამ ადამიანებს ერთადერთი მიზანი აქვთ, არიონ სიტუაცია. ამდენად, სისულელეა, ამ საკითხის გამო საპროტესტო აქციების გამართვა. გიგა ბათიაშვილის თქმით, რაც ახლა კეთდება, ბიძინა ივანიშვილის კერძო ფულს უკავშირდება, მაგრამ ეს ყველაფერი ქალაქის სასარგებლოდაა.
„ამირანაშვილის მუზეუმი რომ არის, ანუ ყოფილი სემინარია, იმ შენობის წინ, პუშკინის სკვერთან მდებარე ერთი ბეწო მოედანი უწინ გადაქცეული იყო ავტოსადგომად, ფეხსაც კი ვერ გაანძრევდა კაცი და ახლა ამას აპროტესტებენ, რატომ შეჰყავთ მანქანა მიწისქვეშა სივრცეშიო? სირცხვილია, ხალხო. კიდევ ვიღაც გამოსულა და ქვევით მეტროს მუშაობას შეაფერხებსო, არადა, მეტრო იქ 60 მეტრის სიღრმეზეა. ხომ არ შეიძლება, სასაცილოდ გაიხადო თავი მხოლოდ იმის გამო, რომ გინდა, საქმე აწეწო. „ნაციონალების“ მიერ წამოწყებული ყველა საქმე ულოგიკოა. იმიტომაც არ მიჰყვება საზოგადოება“, - აღნიშნა გიგა ბათიაშვილმა.
რაც შეეხება თაბორის მთას, არქიტექტორი აცხადებს, რომ თაბორის მთამ გადაწყვიტა ძალიან დიდი პრობლემა და მთავარი სტრატეგიული გზის ქალაქში შემოყვანის გარეშე (სოლოლაკიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი გზის სანაცვლოდ) სწორედ თაბორის მთის უკან წამოვიდა. ეს უდიდესი საქმეა და გზა რაკი არსებობს, მის გარშემო, ცხადია, უკვე შესაძლებელია მშვენიერი სარეკრეაციო ზონა ჩამოყალიბდეს.
„ეს ყველაფერი თბილისის სასარგებლოდაა. რაც უფრო მეტი სარეკრეაციო ზონა შეიქმნება, ეს ყველაფერი მოქალაქეების სასარგებლო იქნება. ჩვენ რომ ვიყოთ ნორმალური ადამიანები, მადლიერების გრძნობა გვქონდეს, მადლობა უნდა ვუთხრათ ყველა იმას, ვინც ამ დიდ საქმეს აკეთებს. სულ არ მაინტერესებს, ვინ აკეთებს ამას. თუ კერძო პირი აკეთებს, დიდი მადლობა კერძო პირს. თუ ქალაქის მთავრობა აკეთებს, დიდი მადლობა ქალაქის მესვეურებს. რაზეა ლაპარაკი, ჩნდება სარეკრეაციო ზონები და მიწისქვეშა პარკინგი ქალაქის ცენტრში, სადაც ვიხრჩობით, სადაც ნაბიჯის გადადგმა, აფთიაქთან მისვლა შეუძლებელია. რაც მეტი მიწისქვეშა პარკინგი გვექნება და რაც მეტად შევალთ მიწისქვეშ, მით უკეთესი. მთელი საქართველო, ისევე, როგორც თბილისი, გარშემორტყმულია ფერდობებით და მთის კალთებით, გამწვანებულია, რაც შველის ჩვენს ქალაქს კლიმატურად. ხოლო, თუ ჩვენ იმ ზონაში კიდევ მოვაწყობთ სარეკრეაციო ტერიტორიებს, ავამუშავებთ სარეკრეაციოდ, რომ ადამიანებს იქ მისვლა, დასვენება და დროის გატარება შეეძლოთ, ეს სიკეთეს მოუტანს ქალაქს“.
არქიტექტორის თქმით, საოცრად დიდი ტაქტითაა გაკეთებული ეს პროექტი. ეს უზარმაზარი, საკმაოდ დიდი კომპლექსი ტერასულად ჩადის ქალაქის საწინააღმდეგო მიმართულებით. ასე რომ, ქალაქიდან არ იკითხება, ხოლო ქალაქის მხარეს სულ სამი ტერასაა გამწვანებული, ის ტერასულად არის გადაწყვეტილი და არა - ერთ კედლად ამოსული. გიგა ბათიაშვილი აცხადებს, რომ ამ პროექტს თავიდანვე დაუჭირა მხარი. მართალია, არც ერთი პარტიის წევრი არ არის და არც აქვს სურვილი, პარტიის წევრი იყოს, მაგრამ არ შეიძლება, კარგ საქმეს ცუდი დაარქვან. ეს არ არის მოქალაქეობა.