ტერმინ „გეორგიასთან“ დაკავშირებით არაერთი მოსაზრება არსებობს. ბერძნები საქართველოს სწორედ „გეორგიად“, ანუ მიწათმოქმედთა სამშობლოდ მოიხსენიებდნენ. ზოგიერთები მიიჩნევენ, რომ ეს სახელწოდება წმიდა გიორგის უკავშირდება, რადგან საქართველოში ამ წმინდანის თაყვანისცემის კულტი არსებობდა, თუმცა ეს ვერსია დამაჯერებლობას დაკარგავს, თუკი გავიხსენებთ, რომ სახელი „გეორგია“ ჯერ კიდევ ჩვ.წ. აღ-მდე იყო ცნობილი ისტორიაში, ანუ მანამ, სანამ წმინდა გიორგი მოგვევლინებოდა.
„გეორგიას“ შესახებ მოსაზრებები ამით არ ამოიწურება. არის ასეთი შეხედულებაც, რომ ის სიტყვა „გორგ“-იდან უნდა მომდინარეობდეს, რაც სპარსულად მგელს (გორგ ასლანი) ნიშნავს. მავანნი უფრო შორს მიდიან და ირწმუნებიან, რომ საქართველოს ადრინდელი დასახელების - „იბერიის“ ფუძეც -„ბერ“, ასევე, მგელს ნიშნავდა, ხოლო „იბერია“-მგლების მხარეს... ამ მოსაზრების ავტორები საქართველოს სომხურ დასახელებასაც („ვრასტან“) იშველიებენ, რომლის მიხედვითაც, ქართველს „ვრაც“ ანუ თურმე მგელი ეწოდება. ამდენად, ამ მოსაზრების მიმდევრებისთვის მიწათმოქმედებასთან „გეორგიას“ დაკავშირება არასერიოზულად აღიქმება.
„საქართველოს სწორედ ის ტერმინი უნდა ეწოდოს, როგორადაც ქართველები მოიხსენიებენ ამ ქვეყანას“, - მიაჩნია საქართველოს დამსახურებულ ეკონომისტს ანზორ ბაბუხადიას. მანვე ამ ინიციატივის განხორციელებისთვის არაერთ უწყებას მიმართა, მათ შორის, პარლამენტსაც. უფრო მეტიც, ანზორ ბაბუხადია აცხადებს, რომ ეს არის მისი იდეა, რაც დააფიქსირა კიდეც ინტელექტუალური საკუთრების სააგენტოში. For.ge ანზორ ბაბუხადიას ესაუბრა.
თქვენი იდეა იყო, მთელ მსოფლიოს ტერმინ „საქართველოთი“ ეცნო ჩვენი ქვეყანა, რადგან კონსტიტუციაში გვიწერია, რომ ჩვენი ქვეყნის სახელწოდებაა „საქართველო“, საკუთარი სახელის თარგმნა კი არ შეიძლება. მართალია, საერთაშორისო დონეზე ამ იდეამ გამოხმაურება ვერ ჰპოვა, მაგრამ ლიტვის მაგალითზე შეიძლება ითქვას, რომ სახელწოდება „საქართველოს“ გამოყენება მსოფლიოში დაიწყება.
- ჩვენს ქვეყანას საერთაშორისო დონეზეც უნდა დაერქვას „საქართველო“, რადგან მას კონსტიტუციით ჰქვია საქართველო. სხვადასხვა ქვეყნები სხვადასხვანაირად გვეძახიან: „გრუზია“, „ჯორჯია“, „ვრასტანი“, „გურჯისტანი“ და ა.შ. ეს სახელწოდებები დარჩება, ამათ ხელს ვერავინ ახლებს, ოღონდ, მთავარია, საერთაშორისო დონეზე დაფიქსირდეს და გაეროს ჩამონათვალში ჩვენს ქვეყანას დაერქვას „საქართველო“. ეს ნიშნავს, ოლიმპიურ თამაშებზე რომ წავა ქართველი სპორტსმენი, მის მაისურზე დაიწერება „საქართველო“, ჩვენი პრეზიდენტი ან პრემიერ-მინისტრი რომ წავლენ საზღვარგარეთ, კი არ იტყვიან, „ჯორჯიას“ პრეზიდენტი ჩამოვიდაო, არამედ - „საქართველოს“ პრეზიდენტიო. სიტყვა „საქართველო“ შემოვა ამ სიტყვების სანაცვლოდ, რადგან ჩვენი წყალი ქართულია, ასევე, ქართულია ჩვენი მიწა, დამწერლობა, ენა, ფოლკლორი. „ჯორჯიული“ არაფერი არსებობს, ეს არის მოგონილი, საიდანღაც მოტანილი სიტყვა, რომელსაც არანაირი საფუძველი არ აქვს.
ფიქრობთ, რომ შეიძლება, ამერიკულ „ჯორჯიაშიც“ ავერიოთ?
- მით უმეტეს, ტერმინ „საქართველოს“ დამკვიდრებით ეს აღრევაც გამოირიცხება. არსად აღარავის ავერევით. ისეთი კურიოზები ხდება, გაგიკვირდებათ. მართალია, ლიტვამ ჩვენს სასარგებლოდ გადაწყვიტა ეს საკითხი, მაგრამ ამ დღეებში მე გახლდით ლიტვის საელჩოში და, როცა კონსულმა მომცა თავისი სავიზიტო ბარათი, იქ ეწერა, რომ ჩვენ ვართ ისევ „ჯორჯია“. თავად ლიტვის საელჩოს დიდ აბრაზე კი წერია „გრუზია“. როგორც ჩანს, ლიტველებს თვითონაც არეული აქვთ ერთმანეთში ეს სახელწოდებები. თუმცა ტერმინ „საქართველოს“ დამკვიდრება თავისთავად არ მომხდარა, ამაზე ჩვენ ვიმუშავეთ ლიტვასთანაც, ამერიკასთანაც და იქიდანაც წამოვიდა ჩვენი მხარდამჭერი ინიციატივები. პრესაშიც გამოქვეყნდა, რომ ინგლისურად, საერთაშორისო დონეზე უნდა იყოს ტერმინი „საქართველო“.
როდიდან გვიწოდებენ ამერიკელები „საქართველოს?“
- ეს საკითხი ერთ კვირაში გადაწყდება, როგორც კი ჩვენი პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას. სხვათა შორის, ჩვენმა ქვეყანამ ორჯერ შეიცვალა სახელი, მე თავად ვარ ამ პროცესების მონაწილე, მაშინ მთავრობაში ვმუშაობდი. ჯერ ვიყავით „რეპუბლიკ ჯორჯია“ და რატომღაც დავირქვით „ჯორჯია“, ამაზე სერიოზული წინააღმდეგობები იყო, მაგრამ გაიტანა მაშინდელმა ხელმძღვანელმა. უფრო ადრე კი, ჩვენ ვიყავით „გრუზია“ მთელი მსოფლიოსთვის და დღესაც მსოფლიოს მოსახლეობის 52% გრუზიას გვეძახის.
რაც შეეხება „გრუზიას“, ეს ტერმინი მე-13 საუკუნის წყაროებშია მოხსენიებული და ტერმინ „გურჯიდან“ მოდის. ხომ არ ფიქრობთ, რომ ტერმინ „ჯორჯიას“ დამკვიდრება მაშინ წინგადადგმული ნაბიჯი იყო, ოღონდ რუსულ „გრუზიად“ არ მოვეხსენიებინეთ მსოფლიოს, რაც რუსულად ტვირთთან ასოცირდებოდა?
- მაგრამ რა არის „ჯორჯია?“ ამით ხომ ჩვენ დავირქვით გაპრანჭული სახელი. „ჯორჯია“ იყო უზარმაზარი შეცდომა, „ჯორჯია“ არაფერი არ არის, „საქართველო“ უნდა დაგვერქმია. 1992 წელს ეს საკითხი მაშინდელმა პრეზიდენტმა დაიჯინა და გაიტანა, არ მინდა მისი დასახელება. კიდევ უარესის გატანა უნდოდა, მაგრამ იქ ვიყავით მისი მრჩევლები, აპარატის მუშაკები და ავტეხეთ მთელი ამბავი, რომ არ შეიძლებოდა დაერქმიათ „კავკასიური ჯორჯია“. რატომღაც ფიქრობდნენ, რახან ერთი „ჯორჯია“ უკვე არსებობდა, ჩვენ დავირქვათ „კავკასიური ჯორჯიაო“. არადა, „კავკასიური ჯორჯია“ ნიშნავდა თეთრკანიან ჯორჯიას. ისინი შავკანიანები გამოდიოდნენ, ჩვენ- თეთრკანიანები და ეს უკვე მთლად დისკრიმინაცია იქნებოდა.
მართალია, ლიტვა აღიარებს სახელწოდება „საქართველოს“, მაგრამ რუსულენოვანი ქვეყნებისთვის ჩვენ კვლავ გრუზიად ვრჩებით. ანუ ეს სახელწოდება მაინც არ იქნება ერთიანი, ასეთი დიფერენციაცია პრობლემებს ხომ არ შეგვიქმნის?
- არავითარ პრობლემას არ შეგვიქმნის, ყველაფერი დარჩება ისე, როგორც არის. ოღონდ საერთაშორისო დონეზე დაგვერქმევა ერთი სახელი და აღარ იქნება სავალდებულო, საელჩოებზე უცნაური აბრები გამოაკრან. უკრაინის საელჩო რომ ნახოთ, მის აბრას აწერია, „უკრაინის საელჩო გრუზიაში“. ჩინეთის საელჩოს აწერია „საელჩო გრუზიაში“. მომავალში ესენი წაიშლება, პირდაპირ „საქართველო“ დაეწერება და აღარ დასჭირდებათ თარგმანი. მაგალითად, საქართველოში მოქმედმა შვეიცარიის საელჩომ არაფერი დააწერა აბრაზე, პირდაპირ „საელჩო“ აწერია. ისინი არ წერენ „გრუზიასა“ და „ჯორჯიას“, რადგან არ ცნობენ ამ დასახელებებს. თავად შვეიცარიაში ოთხი ოფიციალური ენაა-იტალიური, ფრანგული, გერმანული, რეტორომანული და რომელ ენაზე უნდა დაწერონ საქართველოს აღმნიშვნელი ტერმინი, როცა სხვადასხვა ენაზე სხვადასხვანაირად გვეძახიან?! ერთი „საქართველო“ რომ დაწერონ, საერთაშორისო დონეზეც დამკვიდრდება ეს ტერმინი. მით უმეტეს, მთელი მსოფლიოს სამეცნიერო წრეებში საუკუნეების განმავლობში თავიდან როგორც დაგვერქვა საქართველო, ისევე ჰქვია ჩვენს ენას - ქართველური ენები. არ ითარგმნება ეს სიტყვა და ინგლისელი ამბობს - „ქართველოლოგიური ენა“, ფრანგიც იმავეს იმეორებს- „ქართველოლოგიური ტომები“. ჩვენ ვართ ქართველოლოგიური ხალხი, გვაქვს ქართველოლოგიური ენები. ტერმინი „ქართველი“ მსოფლიო მეცნიერებაში უკვე დანერგილია და ეს ახალი არ იქნება. უბრალოდ, იქნება დაკანონება იმისი, რაც უნდა ყოფილიყო. ცეკვა „ქართულის“ თარგმნა არ შეიძლება, ეს არის ცეკვა ქართული. სასტუმრო „საქართველოს“ თარგმნა არ შეიძლება, უნდა დარჩეს „საქართველო“. ჩვენს დამწერლობას „ქართული დამწერლობა“ ჰქვია, „გრუზინსკული დამწერლობა“ არ არსებობს.
ბერძნები ქართველებს ოდითგანვე გეორგიანელებად, ანუ მიწის მუშაკებად მოგვიხსენიებდნენ და საქართველოს სწორედ „გეორგიათი“ იცნობდნენ. ზოგიერთები ამჯობინებენ, ყველა ენაზე საქართველოს „იბერია“ დაერქვას და, თუ „იბერიას“ ვერ დაარქმევენ ჩვენს ქვეყანას, მაშინ „გრუზიას“, რა თქმა უნდა, ისევ „ჯორჯია“ და „გეორგია“ სჯობს.
- ბერძნებმა ამიერიდანაც ისე მოგვიხსენიონ, როგორც მათ უნდათ. ვერავინ ვერავის უკარნახებს, გინდა თუ არა, „საქართველოდ“ მოგვიხსენიეო. რუსი არასოდეს იტყვის ჩვენზე „ქართველს“, რუსი ყოველთვის იტყვის „გრუზინ“ და თქვას „გრუზინ“, ამით არაფერი დაშავდება. უბრალოდ, ყველგან დაიწერება, რომ ეს ქვეყანა არის საქართველო. მსოფლიოში გამომავალი ენციკლოპედიები რომ ნახოთ, შოთა რუსთაველი ვინ არის, არ წერენ, რადგან რა დაწერონ? „ველიკი გრუზინსკი პოეტ“ კი წერდნენ ადრე, მაგრამ დღეს ამას აღარ წერენ, რადგან არ ცნობენ ამ ტერმინს. ერთი პატარა კოზირი, პატარა ნიუანსიც არ არის, რომელიც ამ საკითხის საწინააღმდეგო იქნებოდა. დედამიწაზე არ არსებობს არც ერთი მეცნიერი, პროფესორი, ვინც ამ არგუმენტებს გვერდით გაწევს. უბრალოდ, ყველა იმეორებს, იდეა სწორია, მაგრამ მისი განხორციელება ძნელიაო. ძნელი რატომაა? დაერქვას სწორი სახელი.
ძნელი, ალბათ, იმიტომაა, რომ მსოფლიო შეეჩვია ძველ ტერმინებს.
- არც ერთი სერიოზული არგუმენტი არ არსებობს. მე მაქვს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის, სხვადასხვა კომპეტენტური უწყების დასკვნები, გამოხმაურებები ცალკე წიგნად გამოცემული. ვერავინ ბედავს საწინააღმდეგო აზრის გამოთქმას. უბრალოდ, ამბობენ, უცხოელებს „საქართველოს“ გამოთქმა გაუჭირდებათო. ამ დროს ამერიკელები ამბობენ, „საქართველო“ ძალიან კარგი გამოსათქმელია, კარგად იწერება, ყველა ასო როგორც იწერება, ისე გამოითქმის, არც ცოდნა უნდა, არც განათლება მის სწორად წაკითხვას.
როგორც თქვენ ამბობთ, ტერმინები „გეორგია“, „ჯორჯია“ და „იბერია“ პარალელურად შენარჩუნდება?
- ტერმინი „იბერია“ საქართველოდან არ მოდის, ესპანეთიდან მოდის. მიამსგავსეს რაღაცას და დაამსგავსეს აქაურ იბერიას. ეს ღრმა ისტორიებია. მთავარია, რომ ჩვენ კონსტიტუციაში გვიწერია, რომ ვართ საქართველო. ამერიკამ და ლიტვამ რომ გამოაქვეყნა ეს დოკუმენტი, თავისთავად სიზმარში კი არ უნახავს. ჩვენ ამაზე ვიმუშავეთ და ვმუშაობთ და ეს არის შედეგი ამ მუშაობის. ლიტვას ჩვენ ვუკარნახეთ ეს, რჩევის ვარიანტში და მიიღო იმ ხალხმა, ჩვენი ქვეყანა კი ვერ ღებულობს, რადგან ჩვენთან პრეზიდენტი და პარლამენტი დაპირისპირებაში არიან. თორემ პარლამენტმა ორი წლის წინ განიხილა ეს საკითხი, ტაშიც დამიკრეს და ისე გამომიშვეს დარბაზიდან, მაგრამ შემდგომი ნაბიჯები არ გადადგმულა.
აკადემიკოსი ივანე კიღურაძე აწერდა ხელს ამ დოკუმენტს, როგორც კომიტეტის თავმჯდომარე, რომ პარლამენტმა განიხილა ეს საკითხი და დაავალა საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად. სამინისტრო გადაწყვეტილებას ვერ ღებულობს, რადგან ამის აზროვნება და ტვინი არც ამ სამინისტროს მესვეურებს გააჩნიათ, არც დღევანდელ პრეზტიდენტს. ეს ინიციატივა პარლამენტში დამოუკიდებლად, ერთადერთმა კაცმა შევიტანე. უზარმაზარ შედეგს მივაღწიე, მოგროვილი მაქვს მთელი საქართველოს მოსაზრება, დაწყებული მარიკა ლორთქიფანიძიდან.