ჯგუფი “Wet Wet Wet” ბრუნდება

ჯგუფი “Wet Wet Wet” ბრუნდება

ბრიტანული მუსიკალური მას-მედიის ხელთ არსებული ცნობით, წინა საუკუნის 90-იანი წლების ცნობილი შოტლანდიური ჯგუფი “Wet Wet Wet”-ის წევრები კვლავ ერთად შეკრებას და აქტიური საკონცერტო მოღვაწეობის განახლებას გეგმავენ.

 

ორი დღის წინ, ჯგუფის გიტარისტმა გრემ კლარკმა პრეს-კონფერენცია ჩაატარა. მუსიკოსის ინფორმაციით, ის და მისი კოლეგები მიმდინარე წლის ოქტომბერში სტუდიაში ჩაიკეტებიან და ახალ ალბომზე მუშაობას შეუდგებიან. ახალი ჩანაწერი დღის სინათლეს 2012 წლის გაზაფხულზე იხილავს, შემდეგ კი “Wet Wet Wet” დიდ ბრიტანეთში ხანგრძლივ საკონცერტო ტურნეს მოაწყობს.

 

შოტლანდიური ჯგუფი “Wet Wet Wet” 1982 წელს დაარსდა. საქვეყნო აღიარებას 1994 წელს მიაღწია, როდესაც სინგლმა “Love Is All Around” დიდ ბრიტანეთში პოპულარობის ყოველგვარი რეკორდი მოხსნა. ეს მუსიკალური კომპოზიცია 16 კვირის განმავლობაში ადგილობრივ ჰიტ-პარადებს სათავეში ედგა.

 

2000 წელს ჯგუფი დროებით დაიშალა. ამისი მიზეზი ვოკალისტი მარტი პელოუს ნარკოტიკებთან დაკავშირებული პრობლემები აღმოჩნდა.

 

2007 წელს “Wet Wet Wet”-მა დუმილი დაარღვია და ალბომი “Timeless” გამოსცა. ეს სტუდიური ჩანაწერი ორი თვის განმავლობაში ბრიტანული მუსიკალური ალბომების რეიტინგის პირველ საფეხურზე მოექცა.

 

2008 წელს მუსიკოსებმა კიდევ ერთი ანტრაქტი აიღეს, რადგან მთავარი აქცენტი სოლო კარიერის გაკეთებაზე აიღეს.

 

ჯერ-ჯერობით უცნობია ახალი ალბომის სახელწოდება. მიმდინარე წლის სექტემბერში “Wet Wet Wet”-ის წევრები კიდევ ერთ პრეს-კონფერენციას ჩაატარებენ და ბევრ კითხვას პასუხი მაშინ გაეცემა.