ცხინვალის რეჟიმს დამცველი გამოუჩნდა. დე ფაქტო „პარლამენტის“ პრეზიდიუმის დადგენილებით, ევროპარლამენტის ექსდეპუტატი, იტალიელი ჟურნალისტი ჯულიეტო კიეზა ე. წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ინტერესების წარმომადგენელი იქნება ევროპარლამენტში.
ჯულიეტო კიეზა ამბობს, რომ ჟურნალისტს უნდა შეეძლოს სიმართლისა და ტყუილის გარჩევა. ამდენად, მან სიმართლე ოსების მხარეს დაინახა. იგი პირობას დებს, რომ დე ფაქტო რეგიონის შესახებ მილიონობით ევროპელს „სიმართლეს“ გააგებინებს. ამ მხრივ კი, ერთ საგაზეთო სტატიაზე ან ტელეგადაცემაზე დიდ იმედს ამყარებს.
საქართველოში ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი გვამშვიდებს, რომ ყოფილი ევროპარლამენტარის (ჯულიეტო კიეზა 2004-9 წლებში იყო ევროპარლამენტის წევრი) ნათქვამს არავითარი აზრი არ აქვს და მას მსგავსი განცხადებები შარშანაც გაუკეთებია. თუმცა ქართველი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ჯულიეტო კიეზა არც ისე უწყინარია და იგი კრემლთან დაახლოებული პირია. ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე სწორედ ჯულიეტო კიეზას სახელს უკავშირებს თანამშრომლობის ხელშეკრულებების გაფორმებას იტალიურ ქალაქებსა და ოკუპირებულ ტერიტორიათა ე.წ. ხელისუფალთ შორის.
როგორც ჩანს, ოსებსაც გამოუჩნდათ ჯორჯ ჰიუტის მსგავსი პიროვნება. ოღონდ განსხვავება ერთ რამეშია, ჯორჯ ჰიუტი უცხოურ მედიაში იმის გამო ბეჭდავდა ქართველთა საწინააღმდეგო პუბლიკაციებს, რომ ის აფხაზთა ინგლისელი სიძე გახლდათ. ჯულიეტო კიეზას მოტივაციაში კი უფრო ანგარებას ხედავენ ქართველი ექსპერტები და არ გამორიცხავენ, რომ კრემლმა იტალიელი ჟურნალისტი დააინტერესა.
„სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრის“ დირექტორი, საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ რეალურად ჯულიეტო კიეზა ვერავის წარმომადგენელი ვერ იქნება ევროპარლამენტში და მას, როგორც ევროპარლამენტის ექსდეპუტატს, ოფიციალური სტატუსი არ შეიძლება ჰქონდეს. უბრალოდ, ის შეიძლება გამოდიოდეს, როგორც თავისუფალი ჟურნალისტი და დე ფაქტო ხელისუფლების ლობირებას ეწეოდეს.
„ჰიუტისა და ჯულიეტო კიეზას ფენომენი ერთმანეთისგან უნდა გავარჩიოთ. ბატონი ჰიუტი გახლავთ მეცნიერი, ენების სპეციალისტი. ის აფხაზეთა სიძეა და მიაჩნია, რომ აფხაზური საზოგადოების ბედი თავის დროზე სხვაგვარად უნდა გადაწყვეტილიყო. ეს მისი პირადი აზრია და მისი მტკიცება რომ ეყრდნობა მის რწმენას, ამაში მე პირადად ეჭვი არ მეპარება. შეიძლება, ის ცდებოდეს, ან ზოგ რაღაცაში მართალი იყოს, მაგრამ არა მარტო აფხაზების, არამედ ნებისმიერი სხვა ეროვნების ადამიანის უფლებები ირღვეოდა საბჭოთა კავშირის დროს. ბატონი კიეზა, კი, როგორც ჩანს, სულ სხვა მოტივითაა დამუხტული. ეტყობა, მას ამოძრავებს პირდაპირი მატერიალური დაინტერესება, ან სულაც შეიძლება, ეს ყველაფერი სპეცსამსახურების ნამუშევარი იყოს. ამიტომ მსგავსი პროპაგანდის გასაინეიტრალებლად აუცილებელია, ქართულმა მხარემ აფხაზების, ოსების და, საერთოდ, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის საკითხებზე რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია გაავრცელოს მსოფლიოში, მათ შორის, დასავლეთის ქვეყნებში, სადაც კიეზა და მისი მსგავსები აპირებენ მოქმედებას“,-აცხადებს ირაკლი მენაღარიშვილი.
მისივე აზრით, დასავლეთმა აუცილებლად უნდა იცოდეს რეალობა საქართველოს შესახებ. ასეთ შემთხვევაში, ამ ვითომ ლობისტების ნათქვამი ეფექტს ვერ იქონიებს. ხოლო, თუ ჯულიეტო კიეზა რაიმე სახით კანონს დაარღვევს, ან ჩვენი ქვეყნის ინტერესებს შეეხება ლეგალური თვალსაზრისით, მაშინ მის წინააღმდეგ შესაძლოა, ლეგალური ინსტრუმენტებიც იყოს გამოყენებული. ზოგადად, საზოგადოებრივ დონეზე მოძრაობა, ხელშეკრულებების გაფორმება თავისუფალ საზოგადოებაში ჩვეულებრივი ამბავია და ჯულიეტო კიეზას ამას ვერავინ აუკრძალავს.
უბრალოდ, საქართველომ თავისი ინტერესები მხოლოდ ლეგალურად უნდა დაიცვას. ამ მხრივ ყველაზე ეფექტური მაინც სიმართლის გატანაა საერთაშორისო არენაზე, რამაც კიეზასნაირ ავანტიურისტებს ხელი უნდა შეუშალოს თავისი განზრახვის შესრულებაში.
ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ჩათვალოს ფაქტები ისე, როგორც ფიქრობს და ვერანაირ ამკრძალავ ფორმებს ვერ მივმართავთ მის წინააღმდეგ. რაც შეეხება იტალიისა და დე ფაქტო ქალაქების დაძმობილებას, რა თქმა უნდა, ეს არ გახლავთ სასიამოვნო ფაქტი, მაგრამ ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ ქალაქები სულაც არ არიან სახელმწიფოები. შესაბამისად, ისინი არ წარმოადგენენ საერთაშორისო სამართლის სუბიექტებს. ამიტომ ქალაქს შეუძლია მეორე ქალაქთან ურთიერთობის დამყარება, განურჩევლად იმისა, ოკუპირებულ ტერიტორიაზეა თუ არა ის ქალაქი. მთავარია, არ დაირღვას კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, ანუ ერთმა ქალაქმა მეორესთან არ აწარმოოს ბიზნესი და სხვა.
„ძნელია დოკუმენტებში ჩავიხედოთ, იტალიურმა ქალაქებმა და დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა რა ხელშეკრულებები დადეს ერთმანეთთან და როგორი ფორმით მოხდა ეს. თუ შეთანხმებები არღვევს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, ჩვენ შეგვიძლია, მოვთხოვოთ იტალიის მთავრობას შესაბამისი ზომები. ჯულიეტო კიეზას ქმედებაზე წაყრუება არ გვმართებს, ამაზე რეაგირებაა საჭირო, მაგრამ არა ისე, რომ თავს დავესხათ ამ ჟურნალისტს. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ის, ალბათ, რუსული პროექტია. რის გამო გაუჩნდა სიმპათიები ცხინვალის რეჟიმის მიმართ, ჩვენ არ ვიცით, მაგრამ ვფიქრობ, რომ აქ უფრო ფინანსური დაინტერესებაა, რადგან რუსული პროპაგანდა აქტიურად მოქმედებს. როგორც ყოფილი ევროპარლამენტარი - ჯულიეტო კიეზა, სავარაუდოდ, ლობისტური შესაძლებლობების გამოყენებას გეგმავს. ცხადია, ის დღეს არ არის ევროპარლამენტის წევრი და ეს ნიშნავს, რომ მას არ შეუძლია რეზოლუციის გამოყენება ან ამ საკითხის წინ წამოწევა ევროპარლამენტში, მაგრამ თავისი კავშირებით შეუძლია გარკვეული აზრის შექმნა, ცალკეულ ევროდეპუტატთა რაღაცაში დარწმუნება“.