“Nevermind”-ის ახალი სიცოცხლე

“Nevermind”-ის ახალი სიცოცხლე

ამერიკული მას-მედიის მიერ გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წლის სექტემბერში, ჯგუფი “Nirvana”-ს ალბომი “Nevermind” ხელახლა გამოიცემა.

 

ეს სტუდიური ჩანაწერი თავის დროზე 1991 წლის 24 სექტემბერს გამოიცა. ოცდაათი წლის იუბილესთან დაკავშირებით გადაწყდა რომ ის დღის სინათლეს ხელახლა იხილავს.

 

“Nevermind” ორ ვერსიად გამოიცემა – ოთხ კომპაქტ და ერთ DVD დისკად. ამ ალბომში ადრე შემავალი 12 კომპოზიციის გარდა, დამატებული იქნება დღემდე უცნობი ტრეკები და სხვადასხვა კომპოზიციების ფრაგმენტები.

 

ალბომი დიდ ბრიტანეთში გაყიდვაში 19 სექტემბერს გამოვა, აშშ-ში კი 20 სექტემბერს.

 

მუსიკალური კრიტიკოსების მტკიცებით, ალბომმა “Nevermind” საფუძველი დაუდო ალტერნატიული როკის განვითარებას მსოფლიოში.

 

“Nevermind” ჯგუფი “Nirvana”-ს მეორე სტუდიური ჩანაწერი გახლდათ. ამის შემდეგ ჯგუფმა 1993 წელს, ალბომი “In Utero“-ს გამოცემა მოასწრო. 1994 წელს კი ტრაგედია დატრიალდა. “Nirvana”-ს ლიდერმა კურტ კობეინმა თავი მოიკლა და ჯგუფიც დაიშალა.

 

ცოტა ხნის წინ ამერიკულ პრესაში კურტ კობეინის სახელმა კიდევ ერთხელ გაიჟღერა. მუსიკოსის მშობლიურ კუთხეში, ვაშინგტონის შტატის ქალაქ აბერდინში კობეინის ხსოვნის უკვდავსაყოფად ძეგლი დაიდგა.

 

ამ სკულპტურულ ქმნილებას კურტ კობეინის ლეგენდარული გიტარა “Fender Jag-Stang”-ის ფორმა აქვს. ძეგლზე შემდეგი სიტყვებია ამოკვეთილი: “One more special message to go and then I'm done and I can go home” – ციტატა “Nirvana”-ს პოპულარული კომპოზიციიდან “On a Plain”.