რას უწუნებენ შენგენის ქვეყნები საქართველოს მოქალაქეებს?!

რას უწუნებენ შენგენის ქვეყნები საქართველოს მოქალაქეებს?!

უვიზო მიმოსვლამ, დადებითთან ერთად, თავსატეხი გაუჩინა ჩვენს მოქალაქეებს. აღმოჩნდა, რომ არიან ქვეყნები, რომლებიც მთლად მეგობრულად არ ღებულობენ საქართველოდან ჩასულ ადამიანებს. თუმცა რას უწუნებენ ჩვენს მოქალაქეებს, უცნობია.

მთლიანობაში, 2017 წლის 28 მარტიდან საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ შენგენის ზონის ქვეყნებში შესვლაზე უარი ეთქვა საქართველოს 242 მოქალაქეს. საქართველოს შსს-ს ინფორმაციით, ამ მონაცემებში შედიან მხოლოდ ის ადამიანები, რომლებმაც შენგენის ზონაში გასამგზავრებლად პირდაპირი რეისით ისარგებლეს. მართალია, ეს ციფრი საგანგაშო არ არის, მაგრამ მაინც დამაფიქრებელია, რომელი ქვეყნები არ წყალობენ ჩვენს მოქალაქეებს?!

როგორც ირკვევა, საკუთარ ქვეყანაში შესვლაზე ყველაზე მეტი უარი საქართველოს მოქალაქეებს იტალიამ უთხრა და 62 ადამიანი გააბრუნა.

იტალიის შემდეგ უარის თქმის თანაბარი, 41-41 შემთხვევა დაფიქსირდა საბერძნეთსა და პოლონეთში. აღნიშნულ ქვეყნებს მოსდევენ გერმანია (ამ ქვეყანამ ჩვენს 27 მოქალაქეს უთხრა უარი) და კვიპროსი (ასევე, 27 მოქალაქე გამოაბრუნა).

საქართველოს 20 მოქალაქისთვის დახურული აღმოჩნდა უნგრეთიც. მთლიანობაში, მიმდინარე წლის 28 მარტიდან 7 სექტემბრამდე შენგენის ზონის ქვეყნების მიმართულებით საქართველოს 83 359 მოქალაქე გაემგზავრა.

ექსპერტი მიგრაციის საკითხებში ნანა ნაზაროვა For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ჩვენი მოქალაქეების უკან გამობრუნება წინასწარ პროგნოზირებადი იყო, რადგან უვიზო მიმოსვლა დიდად არაფრის მომცემი არ არის, უბრალოდ, ეს უფრო პოლიტიკური ჟესტია. ნანა ნაზაროვას თქმით, ცხადია, ცალკეული ქვეყნები ვერ მიიღებდნენ საქართველოს მოქალაქეებს, რადგან აქედან წასულ ადამიანებს ყველა საბუთის წაღება მართებდათ.

„წინათ, როცა საქართველოში მოქმედ უცხო ქვეყნის საელჩოებში ვიზას ვღებულობდით, საელჩოს თანამშრომლები უფრო ობიექტურნი იყვნენ, ვიდრე დღეს არიან საზღვარზე მდგარი შენგენის ქვეყნების მესაზღვრეები. მესაზღვრემ შეიძლება ადამიანს უარი უთხრას და განმარტებაც არ მისცეს, რატომ არ შეუშვა თავის ქვეყანაში. შეუძლია, უბრალოდ, უთხრას, რომ მისი საბუთები არ არის ადგილზე. ამ დროს კი საელჩოში მარტივად წყდებოდა ეს პრობლემა, უბრალოდ, თქვენ გეტყოდნენ, ეს საბუთი გაკლიათ, წადით და მოიტანეთო. საზღვარზე ამის გაკეთება რთულია და უნდა გვცოდნოდა, რომ საზღვრიდან უფრო მეტ ადამიანს გააბრუნებდნენ, ვიდრე-საელჩოებიდან. მით უმეტეს, რომ ყველა ადამიანი ვერ გაიგებს ამას და გამგზავრებისას ვერ წაიღებს დოკუმენტების მთლიან პაკეტს“, - აცხადებს ნანა ნაზაროვა და ყურადღებას ერთ გარემოებაზე ამახვილებს.

კერძოდ, ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნები იმ ქვეყნებს მიეკუთვნებიან, სადაც საქართველოს მოქალაქეები ყველაზე პრობლემურ ჯგუფს წარმოადგენენ. ეს არის საბერძნეთი, იტალია და პოლონეთი. აქ კრიმინოგენურ ვითარებაზე საუბარი იმდენად არ არის, რამდენადაც იმაზე, რომ ჩვენი მოქალაქეები შედიან კონკრეტულ ქვეყანაში, არღვევენ სავიზო რეჟიმს და მასპინძელ ქვეყანაში რჩებიან. ეს კი უშუალოდ ამ ქვეყნებისთვის დიდი პრობლემაა, რადგან ამით მუშახელის შავი ბაზარი ვითარდება.

ცხადია, ეს არ არის სასურველი იტალიისთვის, საბერძნეთისა და პოლონეთისთვის, სადაც მოწესრიგებული საზოგადოებაა და კანონი კანონია. თუ ხედავენ, რომ მთლად ტურისტი არ ხარ, არ შეგიშვებენ საკუთარ ქვეყანაში. მესაზღვრეები რენტგენივით, ერთი შეხედვით ხედავენ ყველაფერს, იმდენად გამოცდილი ადამიანები სხედან საზღვარზე.

დემოგრაფი ანზორ თოთაძე მიიჩნევს, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნები უკან აბრუნებენ ჩვენს მოქალაქეებს, რადგან პატივს არ სცემენ ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას. დემოგრაფი ფიქრობს, რომ მასპინძელ ქვეყნებს ჩვენი მოქალაქეების დაწუნების მიზეზი არ აქვთ, რადგან არც შესახედავად ვართ ვინმეზე ნაკლებნი და კრიმინოგენური სიტუაციითაც თუნდაც იტალიელებს ვერ შევედრებით.

„კონკრეტულად რა მოხდა, ვერ გეტყვით, მაგრამ როგორ შეიძლება დაიწუნო ჩვენი მოქალაქე?! თუ დასაწუნები ვიყავით, მაშინ თვითონ ევროპარლამენტს უნდა დავეწუნებინეთ და ვიზალიბერალიზაცია არ მოეცა“.