ტერორიზმისგან თავის დაცვა რომ საკმაოდ ძნელია, ამას ადასტურებს ქაბულში, პენტაგონის შეფზე ჯეიმს მეტისზე თავდასხმა. ქაბულში აშშ-ის თავდაცვის მინისტრის ჯეიმს მეტისის და ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ჩასვლიდან რამდენიმე ხანში, აეროპორტსა და მის მიმდებარე ტერიტორიის მიმართულებით 20 რაკეტა იქნა გაშვებული.
ქაბულის საერთაშორისო აეროპორტზე შეტევაზე პასუხისმგებლობა რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ აიღო. „თალიბანი“ აცხადებს, რომ მათი მთავარი სამიზნე პენტაგონის შეფი ჯეიმს მეტისი იყო. თალიბანთან ერთად ქაბულის აეროპორტზე იერშზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომაც“ აიღო.
ავღანეთში აშშ-ს ახალი სტრატეგიის გამოცხადების შემდეგ ქვეყანაში პენტაგონის ხელმძღვანელის და ნატო-ს გენერალური მდივნის პირველი ვიზიტი იყო. როგორც ცნობილია, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, ვაშინგტონი ავღანეთში საკუთარი სამხედრო კონტინგენტის რიცხოვნობას და სამხედრო ოპერაციების ჩატარების გეგმებს აღარ გაასაჯაროებს, ხოლო ამერიკული შეიარაღებული ძალები მთელ ყურადღებას ქვეყანაში ტერორიზმთან ბრძოლას დაუთმობენ.
პენტაგონის შეფზე თავდასხმამ, ისევე როგორც 11 სექტემბრის ტერორისტულმა აქტმა, ლონდონმა, ბრიუსელმა და პარიზმა აჩვენა, რომ ტერორიზმი და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, ძალიან დიდი პრობლემა არის. როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, ამ ეტაპისთვის ამ საფრთხის შემცირება შეიძლება, მაგრამ სრულად აღმოფხვრა გაჭირდება იმ მარტივი მიზეზი გამო, რომ ამ შემთვევაში საქმე არ გვაქვს მხოლოდ ერთ ტერორისტულ ორგანიზაციასთან ISIS-ისთან, არამედ საქმე გვაქს იდეოლოგიასთან.
შესაბამისად, როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, ორგანიზაციის განადგურება გაციელბით ადვილია, ვიდრე იდეოლოგიის განადგურება. როგორც ცნობილია, ISIS-ი დიდ კონცენტრაციას აკეთებს ნაკლებად განათლებულ და წარუმატებელ ადამიანებზე, რომლებსაც ბევრი დასაკარგი არაფერი აქვთ.
გამოცემა Washingtonexaminer-ი ავრცელებს აშშ-ს კონტრტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელის ნიკოლას რასმუსენის ინფორმაციას, რომლის თანახმად „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტები იერიშების მიტანას აეროპორტებსა და თვითმფრინავებზე გეგმავენ.
„ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლამ გვაჩვენა, რომ მათი შესუსტება შესაძლებელია. თუმცა, შესწევთ უნარი ადამიანების გადაბირებით გააფართოვონ დაჯგუფების რიგები, ვხედავთ რა ხდება ევროპაში. ტერორისტები კარგად აცნობიერებენ, რომ ეკონომიკური ზარალის მიყენება შესაძლებელია თვითმფრინავების განადგურებით. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ტერაქტებს ბევრი ადამიანი შეეწირება“, - განაცხადა ნიკოლას რასმუსენმა.
პარალელურად, თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმა ბოლო ერთი წლის განმავლობაში თურქეთში ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის სტატისტიკა გაასაჯაროვა.
„ერთი წლის განმავლობაში უწყებამ, საერთო ჯამში, 68 464 ანტიტერორისტული ოპერაცია ჩაატარა. 40 ათასი ოპერაცია „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ ტერორისტების, 25 ათასი - ფეთჰულა გიულენის ტერორისტული მიმდინარეობის, ხოლო 2109 - „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ჩატარდა“.
აღსანიშნავია, რომ ტერორისტები უმეტეს შემხთხვევაში სწორიდ თურქეთის გავლით ხვდებიან ევროპის ქვეყნებში. ქვეყნის შს მინისტრის განცხადებით, თურქეთის ტერიტორაზე 3,2 მილიონი სირიელი ლტოლვილი ცხოვრობს, მათ შორის 330 774 - ბანაკებში. მისი თქმით, თურქეთში ლტოლვილები მხოლოდ სირიიდან არ ჩადიან. კერძოდ, ერაყიდან თურქეთში დაახლოებით 250 ათასი ლტოლვილი ჩავიდა.
გარდა ამისა, თურქეთში ასევე ცხოვრობენ ლტოლვილები ავღანეთიდან, ირანიდან, პაკისტანიდან და სომალიდან. თუ რატომ ირჩევენ ლტოლვილები მაინც და მაინც თურქეთს ან თურქეთის გავლით მარშრუტს, სულეიმან სოილუმ აღნიშნა, რომ ეს საგარეო პოლიტიკის ცალკე საკითხია, რომელზეც მუშაობა მიმდინარეობს.
სამხედრო ანალიტიკოსი და „საქართველოს ატლანტიკური საბჭოს“ მკვლევარი ზურაბ აგლაძე ამბობს, რომ ISIS-თან ბრძოლის საკითხი ორ განზომილებაში უნდა განვიხილოთ. პირველი განზომილება, რაც აშშ-ს კონტრტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელს წარმატებაზე საუბრის საშუალებას აძლევს, ეს არის ბრძოლა კონვენციური საშუალებებით.
„ვიცით, რომ ISIS-მა რაღაცა ტერიტორიები დაიკავა. ჩამოაყალიბა ხალიფატი „სახელმწიფოს“ ფორმა მიიღო, აღარ იმალებიან. ამ შემთხვევაში დასავლეთს მეტი საშუალებები აქვს, ძლიერი არმია, მეტი წამყვანი ტექნოლოგიები და თვითმფრინავები ჰყავს. როდესაც ISIS გამოვიდა ჩრდილიდან და კონვენციური საშუალებებით დაიწყო ბრძოლა, რა თქმა უნდა, დასავლეთი უფრო ძლიერი იყო და ამ შემთხვევაში მიაღწიეს წარმატებას.
მაგრამ აქ არის მეორე მხარე, როდესაც ISIS დასუსტებას დაიწყებს, ეს ადამიანები არ გაქრებიან, დროებით ჩრდილში გადავლნენ, მსოფლიოს მასშტაბით დაიფანტებიან და შეეცდებიან რაც შეიძლება მეტი ზარალი მიაყენონ დასავლეთს. მეორე ფაქტორია, როგორ გააკეთებს ამას. ერთია მისი მებრძოლები, მეორეა სოციალური ქსელი, რასაც ძალიან კარგად იყენებს ISIS. ისიც ვნახეთ, რომ ევროპაში საკმაოდ ბევრია მეორე-მესამე თაობის ტერორისტები“, - აცხადებს ზურაბ აგლაძე.
რაც შეეხება ეკონომიკურ ფაქტორს, როგორც აგლაძე ამბობს, ძალიან მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება, რადგან, ნებისმიერი შეტევა დიდ ინფრასტრუქტურაზე, ეს იქნება მეტროსადგური, აეროპორტი, თუ სხვა სტრატეგიული დანიშნულების ობიექტი, ეს არის უდიდესი ეკონომიკური ზარალი, რომლის აღდგენა საკმაოდ ძვირი ჯდება, ისევე როგორც უსაფრთხოების სიტემის გაძლიერება ამ ობიექტებზე.
„ტერორისტული აქტის შემდეგ, ძალიან დიდი რესურსის დახარჯვა უწევს ამა თუ იმ ქვეყანას. სწორი ტაქტიკა აქვს არჩეული ISIS-ს, რომელიც ამ ქვეყნების გამოფიტვას ცდილობს და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ როგორმე რაც შეიძლება მეტი ფული დაახარჯინოს თავდაცვაზე. როდესაც თავდაცვაზე და უსაფრთხოებაზე მეტი ფული იხარჯება, ეს თანხა აკლდება სხვა მუხლებს, როგორიც არის ჯანდაცვა, განათლება და ა.შ. რაც თავისთავად მოსახლეობაში იწვევს უკმაყოფილებას.
ISIS-ის მიზანია, რომ ფიზიკურად დააზიანოს დასავლეთი, ააფეთქოს, გაანადგუროს, რაც შეიძლე მეტი ფული ახარჯინოს და რაც შეიძლება დაძაბული ჰყავდეს დასავლეთი, რომ არ ჩამოვიდნენ აქტუალურობის პირველი ფურცლიდან.
ISIS იმ ტერორისტულ აქტებზეც იღებს პასუხისმგებლობას, რომელშიც თვითონ არ მონაწილეობს და ორგანიზებას არ უწევს და ამას ადასტურებს პენტაგონის შეფის წინააღმდეგ მიმართული ტერორისტული აქტი, როდესაც ორივე დაჯგუფებამ აიღო პასუხისმგებლობა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ზურაბ აგლაძემ.
უსაფრთხოების საკითებში ექსპერტის ვახტანგ მაისაიას განმარტებით, ავღანეთში აშშ-ს ახალი სტრატეგიის გამოცხადების შემდეგ, მოსალოდნელი იყო, რომ თალიბანი და „ისლამური სახელმწიფო“ შეცვლიდა მოქმედების სტრატეგიას და გადავიდოდნენ აქტიურ ქმედებებზე.
„როგორც ჩანს, კიდევ უფრო გაძლიერდება მათი მოქმედების ტაქტიკა. დონალდ ტრამპმა არჩია ომი და ფიქრობს, რომ ომითვე მოგვარდება ეს საკითხი. რამდენად მოგვარდება, ეს ცალკე საუბრის თემაა. ომი უკვე დაწყებულია. ავღანეთში დაიძაბა სიტუაცია. სავარაუდოა, რომ ერაყშიც დაიწყება საომარი მოქმედებები, რაც კიდევ უფრო გაამწვავებს ვითარებას ახლო აღმოსავლეთში.
გასაგებია, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებლობა აშშ-მა აიღო, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ომით მოგვარდება ეს პრობლემა. სამწუხაროდ, თალიბანებს და „ისლამურ სახელმწიფოს“ გააჩნიათ საკმაოდ დიდი პერსპექტივა დიდი ომის საწარმოებლად. სამწუხაროდ, ეს ომი ასე მალე არ დამთვარდება, როგორც ტრამპს ჰგონია. ეს იქნება ხანგრძლივი ომი“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ მაისაიამ.