რობერტ პლანტს მონრეალში დააჯილდოვებენ

რობერტ პლანტს მონრეალში დააჯილდოვებენ

კანადის ქალაქ მონრეალში, 25 ივნისს  საერთაშორისო ჯაზ ფესტივალი გაიხსნება. ამ ღონისძიების დღეებში ერთი სასიამოვნო ტრადიციული ღონისძიება იმართება, საპატიო ჯილდოს გადასცემენ იმ მუსიკოსებს, რომლებმაც მსოფლიო კულტურის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანეს. წინა წლებში, მონრეალის ჯაზ ფესტივალის საგანგებო პრიზებით დაჯილდოვდნენ პოლ საიმონი, ბობ დილანი, ლეონარდ კოენი, სტივ ვონდერი და სმოკი რობინსონი.

 

ფესტივალის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, ამჯერად საპატიო ჯილდო ლეგენდარული ჯგუფი “Led Zeppelin”-ს ვოკალისტს რობერტ პლანტს გადაეცემა.

 

პლანტი და მისი ჯგუფი “Band of Joy”  მონრეალში ხვალ საგანგებო კონცერტს ჩაატარებს, მისი დასრულების შემდეგ კი დაჯილდოვების საზეიმო ღონისძიება მოეწყობა.

 

მონრეალის საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალი 25 ივნისს გაიხსნება და 4 ივლისამდე გაგრძელდება.

 

რობერტ პლანტი 1948 წლის 20 აგვისტოს დაიბადა ინგლისში, სტადფორდშირის საგრაფოს ქალაქ უესტ-ბრომიჯში. ცნობილია როგორც ჯგუფი “Led Zeppelin”-ის ვოკალისტი.

 

“Led Zeppelin”-ის დაშლის შემდეგ სოლო კარიერა წამოიწყო. პირველი დამოუკიდებელი ალბომი “Pictures at Eleven” 1982 წელს გამოუშვა. მის ჩაწერაში ისეთი ცნობილი მუსიკოსები მონაწილეობდნენ, როგორებიც არიან ფილ კოლინზი, ბერიმორ ბარლოუ, კოზი პაუელი და რიჩი ჰეიუორდი.

 

1982 წლის შემდეგ რობერტ პლანტმა თერთმეტი ალბომი ჩაწერა. ბოლო სტუდიური ნამუშევარი “Band of Joy” გაყიდვაში 2010 წელს გამოვიდა.