მიმალვაში მყოფი, კუდ-ის ყოფილი უფროსის, დათა ახალიას საქმის არსებითი განხილვა 3 ოქტომბერს, ბრალდების მხარის მტკიცებულებების განხილვით გაგრძელდება. ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული სისხლის სამართლის საქმეზე - სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე, ვამეხ აბულაშვილისა და კახა დაბრუნდაშვილის ეპიზოდზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვა გრძელდება.
პროკურატურა ახალაიას ორ ეპიზოდს - გირგვლიანის წამებასა და ვამეხ აბულაშვილისა და კახა დაბრუნდაშვილისთვის უკანონოდ თავისუფლების აღკვეთას ედავება. დათა ახალაიას სახელმწიფო ბრალდება 332-ე, 333-ე და 143-ე მუხლს ედავება, რაც სამსახურებრივი უფლება-მოვალეობის გადამეტებას ძალადობითა და სხვისი პირადი ღირსების შეურაცხყოფით და უკანონოდ თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ახალაიას ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
საქმის პროკურორის ლაშა ცქვიტარიას განცხადებით, საქმეში დათა ახალაიას ბრალეულობა იმით დადასტურდა, რომ მის მიერ 100 000 დოლარია გადახდილი იმის სანაცვლოდ, რომ მსჯავრდებულ მიხეილ ბიბილურიძეს არ მიეცა მის წინააღმდეგ ჩვენება. პროკურორის თქმით, ასევე დღეს დადასტურდა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ გირგვლიანის მსგავსად ვამეხ აბულაშვილის გატაცებაც მოხდა.
როგორც ჩანს, დათა ახალიასთვის ოქროყანის სასაფლაოს განსაკუთრებული დანიშნულება ჰქონდა, როგორც წესი, მას მსხვერპლი ოქროყანის სასაფლაოზე აჰყავდა და ფიზიკურად უსწორდებოდა. დანაშაულის ადგილი იდენტურია. ეს ფაქტი, ისევე როგორც სანდრო გირგვლიანის მკვლელობა, ოქროყანის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ტყეში მოხდა. სწორედ ოქროყანის ტყეში აწამა დათა ახალაიამ 2005 წლის 5 ოქტომებერს ვამეხ აბულაშვილი და კახა დაბრუნდაშვილი.
გამოძიებით დადგენილია, რომ 2005 წლის სექტემბერში, ვინმე დათო, გაცნობისა და ურთიერთობის მიზნით მობილურ ტელეფონზე უკავშირდებოდა ვამეხ აბულაშვილის მეგობარ გოგოს, ვიოლეტა ხუნგოიანს, რაც აბულაშვილთან სიტყვიერი სატელეფონო შელაპარაკების მიზეზი გახდა. ხსენებული დათო შემდგომში კუდ-ის უფროსი დავით ახალაია აღმოჩნდა. ამ საუბრიდან მალევე, 5 ოქტომბერს, აბულაშვილს მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდა კუდ-ის თანამშრომელი ვალერიან მეტრეველი და წინასწარ შეთხზული მიზეზით იმავე დღეს შეხვდა ვამეხ აბულაშვილს, რომელსაც თან ახლდა მეგობარი კახაბერ დაბრუნდაშვილი.
შეხვედრისას ვალერიან მეტრეველმა და სხვა დაუდგენელმა პირებმა, ისინი ყოველგვარი ახსნა-განმარტებების გარეშე, ფიზიკური ძალის გამოყენებით ჩასვეს ავტომანქანაში და წაიყვანეს სოფელ ოქროყანის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მათ დახვდნენ: დათა ახალაია, გერონტი ალანია, ოლეგ მელნიკოვი და მათთან ერთად მყოფი ათამდე შეიარაღებული პირი.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ დათა ახალაიამ შურისძიების მოტივით, მის წინაშე იძულებით მუხლებზე დაჩოქილ მდგომარეობაში მყოფ ვამეხ აბულაშვილს, სახის არეში ფეხი დაარტყა, რის შემდგომაც ახალაიამ და მისმა თანმხლებმა პირებმა მათი უმოწყალოდ ცემა დაიწყეს.
წამების დეტალებს იხსნებს თავად ვამეხ აბულაშვილი.
„ახალაიას მითითებით დაიწყო ჩვენი წამება. დაჩოქილებს გვირტყამდნენ. რაც შეეძლოთ ყველაფერი გააკეთეს, შეურაცხყოფა მოგვაყენეს როგორც ფიზიკურად, ასევე მორალურად. ახალაიამ საბრძოლო მდგომარეობაში მოიყვანა იარაღი და მომართა ჩვენს მიმართულებით.
ჩვენ უკვე ნაცემები ვიყავით, მაგრამ ისევ დაჩოქილ მდგომარეობაში ვიმყოფებოდით. ახალაიამ გვითხრა, აბა ამოირჩიეთ, რომელს გინდათ პირველი სიკვდილიო. ამის შემდეგ მოახდინა გასროლა ჩვენი მიმართულებით, დაგვემუქრა ოჯახის წევრების განადგურებით იმ შემთხვევაში, თუ ეს ამბავი გახმაურდებოდა“, - აცხადებს ვამეხ აბულაშვილი.
აღსანიშნავია, რომ ეს ფაქტი გამოვლენილი იქნა სანდრო გირგვლიანის მიმართ ჩადენილი დანაშაულის საქმის განახლებული გამოძიების ფარგლებში. სასამართლო პროცესზე ვამეხ აბულაშვილის ყოფილი საცოლე ვიოლეტა ხუნგოიანი დაიკითხა. საქმის ერთ-ერთი მოწმე კუდ-ის ყოფილი უფროსის დათა ახალაიას მეზობელი იყო. როგორც მოწმე ამბობს, ბრალდებული მას ხშირად ურეკავდა, სთხოვდა შეხვედრას და უთვალთვალებდა.
„ერთხელ, სამსახურიდან გვიან დავბრუნდი, რა დროსაც დათა ახალაია სადარბაზოში დამხვდა, შემათრია საკუთარ სახლში და კედელთან მიმაყუდა, რის გამოც, ყვირილი დავიწყე. დათას შეეშინდა და ხელი გამიშვა. რამდენიმე დღის შემდეგ დამირეკა მობილურ ტელეფონზე, მე ვამეხთან ერთად ვიყავი და მაშინ გაიგო მომხდარის შესახებ ვამეხმა.
დათამ და ვამეხმა შეხვედრა გადაწყვიტეს, რა დროსაც, ვამეხს და მის მეგობარ დაბრუნდაშვილს ოქროყანის ტერიტორიაზე ფიზიკურად გაუსწორდნენ. ვამეხი არ პასუხობდა ჩემს ზარებს, ამის შემდეგ გადავწვიტე, მივსულიყავი მასთან სახლში და ვნახე, რომ ნაცემი იყო, სად ჰქონდა ცხვირი და სად თვალი ვერ გავარჩიე. როდესაც ვკითხე რა, მოხდა, მიპასუხა, რომ დაახლოებით, 20 კაცი გაუსწორდა ფიზიკურად, მათ შორის დათა ახალაიაც“, - განაცხადა ვიოლეტა ხუნგოიანმა.
ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლომ მიხეილ ბიბილურიძის დედა, ციური თევდორაშვილი დაიკითხა. ყოფილი მსჯავრდებულის დედამ, რომელიც სანდრო გირგვლიანის ეპიზოდზე დაიკითხა, აღნიშნა, რომ მისმა შვილმა მიხეილ ბიბილურიძემ 100 000 ლარი აიღო იმ მოტოვით, რომ დათა ახალაიას დანაშაული დაეფარა.
გარდა ამისა, კუდ-ის ყოფილი თანამშრომლის დედამ სასამართლო პროცესზე იმ დეტალებზე ისაუბრა, როგორ უგზავნიდა პატიმრობაში მყოფი მისი შვილი ციხიდან სისტემატურად ფულს.
„როდესაც ჩემი შვილი დააკავეს, მან მთხოვა, რომ ტანსაცმელი მიმეტანა. როდესაც ციხიდან ის ტანსაცმელი გამომატანეს, რაც მას ეცვა, სახლში რომ ვნახე, პაკეტი აღმოვაჩინე, სადაც 10 ათასი დოლარი იყო. ასე სისტემატურად მიგზავნიდა ფულს, რამაც საბოლოოდ 100 ათასი დოლარი შეადგინა. როდესაც ჩემს შვილს თანხის წარმომავლობაზე ვკითხე, მან მითხრა, თანხას დათა ახალაია აძლევდა, თუმცა რა მიზეზით არ დაუკონკრეტებია“, - განაცხადა ციური თევდორაშვილმა.
ხმაურიანი იყო გირგვლიანების ოჯახის ახლობელის ლევან ჭელიძის ჩვენება, რომელაც სასამართლოზე აღნიშნა, რომ მასთან მივიდა ყაზბეგის ყოფილი გამგებელი გოდერძი მარსაგიშვილი და სთხოვა, ირინა ენუქიძესთვის მილიონი ლარი შეეთავაზებინა, რათა სანდრო გირგვლიანის დედას პოლიტიკურ პარტიებთან კონტაქტი გაეწყვიტა.
„მივედი ირინასთან, მისი მამა და მეუღლეც იქ იყვნენ. ცოტა ხანს მისმინა და მითხრა, არ უნდა მოსულიყავი ამ წინადადებითო. მითხარი, ვინ შემოგთავაზა ესო და მე სანამ ცოცხალი ვიქნები არ ვიტყვი, რომ შენ მოხვედიო. მერე იმ საღამოსვე, „იმედის“ ეთერით გამოვიდა და თქვა იგივე, რაც მე ვუთხარი. მე ჩემს მკვდარ შვილს არ ვყიდიო, იმიტომ მოვედი ტელევიზიაში, რომ მეორედ აღარ შემაწუხოთო. ირინას ვუთხარი, რომ გოდერძი მარსაგიშვილის თხოვნით მივედი მასთან. თუმცა თავად მარსაგიშვილს ვინ დაავალა ოჯახთან შეთანხმება, ჩემთვის ცნობილი არ არის“, - აღნიშნა საქმის ერთ-ერთმა მოწმემ ლევან ჭელიძემ.
აღსანიშნავია, რომ როგორც სანდრო გირგვლიანის ისე ვამეხ აბულაშვილის შემთხვევაში დანაშაულის ადგილი იდენტურია, კერძოდ, ორივე შემთხვევა მოხდა სოფელ ოქროყანის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე.
ახალაიას ადვოკატის მალხაზ ველიჯანაშვილის განმარტებით, მოწმეთა დღევანდელი ჩვენებებით გამოირიცხა ის ბრალდებები, რაც დათა ახალაიას აქვს წარდგენილი.
„მოწმე, რომელმაც 100 000 დოლარის გადაცემის საკითხზე ისაუბრა, ირიბი მოწმეა, შესაბამისად, მისი ჩვენება არ უნდა გაიზიაროს სასამართლომ. რაც შეეხება სხვა მოწმეებს, არც ერთ მათგანს დათა ახალაიას ბრალეულობაზე არ უსაუბრია. უფრო მეტიც, მათ გამორიცხეს ის ფაქტები, რაც ბრალად აქვს წარდგენილი ახალაიას“, - განაცხადა მალხაზ ველიჯანაშვილმა.