„როგორც ადრე ფეოდალები ძიძგნიდნენ საქართველოს, ძლერი პარტიებიც დაახლოებით ისეთი მოვლენა იქნება“

„როგორც ადრე ფეოდალები ძიძგნიდნენ საქართველოს, ძლერი პარტიებიც დაახლოებით ისეთი მოვლენა იქნება“

როდესაც უმრავლესობამ ვენეციის კომისიის შუალედური დასკვნის გამოქვეყნებამდე მიიღო გადაწყვეტილება, კომპრომისზე წასულიყო ოპოზიციასთან და ერთჯერადად, 2020 წლისთვის დაეშვა ბლოკების შექმნა და საარჩევნო ბარიერის 3%-მდე დაწევა, მაშინვე ითქვა, რომ პროცედურულად ვერ მოხერხდებოდა, უკვე, მეორე მოსმენით დამტკიცებულ კონსტიტუციის პროექტში აღნიშნული ცვლილებების შეტანა, რადგან მესამე მოსმენა ითვალისწინებს მხოლოდ რედაქციულ შენიშვნებს.

მოიძებნა ამ ცვლილებების კონსტიტუციაში შეტანის მექანიზმიც - კონსტიტუციის დამტკიცების შემდეგ მომზადდებოდა ახალი კანონპროექტი, რომელშიც აღნიშნული ცვლილებები შევიდოდა. პროცედურულად ეს რომ ასე დაიგეგმა, ყველასთვის ცნობილი იყო, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებამ, რომ პრეზიდენტს ვეტო დაედო ამ ორი პუნქტისთვის, რათა შემდეგ შესაბამისი ცვლილებები შეეტანათ, დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, კონსტიტუციამ, რომელმაც ათწლეულები უნდა გადალახოს, ორ საათსაც კი ვერ გაუძლო და მასში ცვლილებები გახდა შესატანი.

თავის მხრივ, პრეზიდენტმა ხელახალი კონსულტაციები დაგეგმა პოლიტიკურ პარტიებთან და იქმნება შთაბეჭდილება, რომ ოპოზიციაცა და პრეზიდენტიც საკონსტიტუციო პროცესის უკან დაბრუნებას ცდილობენ.

ვის რაში აწყობს სიტუაციის გამწვავება, ვინ რას მოიგებს და რას დაკარგავს, ამ თემაზე ექსპერტი, რამაზ საყვარელიძე გვესაუბრება.

რამაზ საყვარელიძე: საკონსტიტუციო პროცესი მიდის დიდი დაპირისპირებების ფონზე და ასეთ შემთხვევაში შედეგი ყოველთვის არ არის ხოლმე კარგი. პროცესიც არ არის მაინცდამაინც დამაჯერებელი - მათ ვინც ამ ცვლილებების უკან დგას, არ უნდა დაუშვან ასე ჰაიჰარად, მართლაც ორ საათში საკონსტიტიციო ცვლილება - თუკი ბოლომდე დარწმუნებულები არ არიან იმაში, რომ ეს მუხლები მართლაც შესაცვლელია. თუ თვითონვე თვლიან, რომ შეცვლაა საჭირო, - რჩება შთაბეჭდილება, რომ ამ მუხლების სისწორეში თვითონ ავტორები არ არიან დარწმუნებული, თუკი დასაშვებს გახდიან შესწორებებს თუნდაც, ამ ეტაპზე.

თვითონ უმრავლესობამ გააკეთა განმარტება, რომ ერთჯერადად ბლოკების დაშვება და ბარიერის დაწევა კონსტიტუციაში ვერ მოხვდებოდა და ამისათვის სპეციალური ცვლილებები გახდებოდა საჭირო. ეს ახსნა მაშინვე, როდესაც თავისი კომპრომისის შესახებ განცხადება გაავრცელა...

- მე ის არ მესმის, რას ნიშნავს, ერჯერადი დაშვება, კონსტიტუცია ფეხსაცმელი ხომ არ არის ერთხელ მოგიჭიროს და მერე გაიწიოს. თუ დარწმუნებულები არიან, რომ კონსტიტუცია სწორად არის აგებული, დღევანდელი პოლიტიკური კონიუქტურის გათვალიწინებით, წესით, არ უნდა იყოს მისაღები, რომ ერჯერადად დაუშვან რაღაც.

ერჯერადი ნიშნავს იმას, რომ დღევანდელ სიტუაციას უწევ ანგარიშს, თორემ ეს საქმე გასაკეთებელი არ არის.

პრეზიდენტი თავის სასახლეში იბარებს პოლიტიკურ პარტიებს მოლაპარაკებებისთვის, ვინ მივა და ვინ - არა, ეს სხვა თემაა, მაგრამ კონსულტაციების ხელახლა დაწყებით და ამით, ფაქტობრივად, პროცესის უკან დაბრუნებით რას მივაღწევთ?

- მივაღწევთ იმას, რომ საკონსტიტუციო პროცესის მიმართ ისედაც ნიჰილისტური დამოკიდებულებაა და კიდევ უფრო მეტი ნიჰილიზმი გაჩნდება. არ შეიძლება ასე წინ და უკან ტრიალი, ასეთი არასერიოზული დამოკიდებულების გამომჟღავნება. პოლიტიკოსები, რომლებიც თვითონ უპატივისმცემლოდ იქცევიან ამ პროცესის მიმართ, საზოგადოებას ვერ მოსთხოვენ მერე პატივისცემით მოექცნენ კონსტიტუციას.

სხვათა შორის, ერთადერთი, დავით უსუფაშვილი აღმოჩნდა, რომელმაც რეალურად დაინახა რა პრობლემა იქმნება - როგორც მან განაცხადა, კონსტიტუცია თავად არის მსხვერპლი მმართველი გუნდის გაუაზრებელი პოლიტიკის და ამიტომ, კონსტიტუციაზე შეტევა, მის დელეგიტიმაციაზე საუბარი ან მისი გამოცხადება ერთი პარტიის დოკუმენტად, არასწორია. ერთმანეთისგან უნდა განვავასხვავოთ - შეცდომის ჩამდენი პოლიტიკური ძალა და კონსტიტუცია... ნუთუ სხვა პარტიები ვერ ხვდებიან, რაშია პრობლემა?

- ვერ ხვდებიან თუ არ ხვდებიან. შესაძლოა, არ უნდათ მიხვედრა და ამიტომ ვიღებთ იმ სურათს, რაც გვაქვს. საერთოდ, პარტიებს ხშირად წინდაუხედავი ნაბიჯები ახასიათებთ და პასუხისმგებლობით არ ეკიდებიან იმ თემებს, რომელიც მათ ეხებათ. რომელიც ქვეყანას ეხება, იმას რომ არ დაუკვირდნენ, ესეც გასაკვირი არ არის.

რჩება განცდა, რომ მთელ ამ პროცესში ხალხი კონტექსტიდან არის ამოვარდნილი, რადგან სადავო თემები ეხება მხოლოდ პოლიტიკური პარტიების ინტერესებს. არადა, სწორედ ეს დოკუმენტი განსაზღვრავს ხალხის და ქვეყნის ბედს. თქვენი შეფასებით, ხალხი მართლა დავიწყდა ყველას?

- სადავო თემები ეხება საარჩევნო სისტემას და სწორედ ამიტომ დარჩა ის განცდა, რაზეც თქვენ საუბრობთ, რომ ხალხი ამოვარდნილია კონტექსტიდან. ოპოზიციურ პარტიებს რომ საარჩევნო სისტემა გაეტარებინათ და ემსჯელათ სხვა თემებზე, არაპარტიულ მუხლებზე, ასეთი განცდა არ დარჩებოდა და არც იმდენი არაფერი დაშავდებოდა.

პირიქით, საქმე იქამდე მიიყვანეს, რომ კონსტიტუცია გაუარესდა - ბარიერის დაწევით ხომ პარტიებს გამსხვილების სტიმული მოესპობათ?! ვიქნებით ისევ 10-10-კაციანი პარტიების შემხედვარე. დადებითი ნაბიჯები არ იდგმება ამ პროცესში, მე თუ მკითხავთ უარესობისკენ მიდის.

ლაპარაკობენ, რომ პარტიები უნდა გაძლიერდნენო, მაგრამ ესეც საფიქრებელია - რამდენად პოზიტიურია მათი გაძლიერება? მაგალითად, თავის დროზე, ამერიკის პრეზიდენტმა ყველაფერი გააკეთა, რომ პარტიები დაესუსტებინა. სწორედ იმიტომ, რომ პარტიების ინტერესები კი არ ყოფილიყო წამყვანი, არამედ - სახელმწიფოსი და უკვე 200 წელზე მეტია, ამერიკა ფეხზე ისე დგას, რომ ვერავინ შეარყია.

ასე რომ, ეს მოთხოვნა, თუ დემოკრატია გინდა, პარტია უნდა გაძლერდესო, თავისთავად ბლეფია, მოგონილი იმისთვის, რომ მერე ხეირი ნახონ პარტიებმა, მათ შორის - ფინანსური. ამიტომ ვამბობ, რამდენად სასურველი მიმართულებაა აღებული ქვეყნის განვითარებისთვის, ეს არის საკითხავი.

თუ სუსტები არიან და ამ კომპრომისული ნაბიჯებით გავაძლიერებთ, ეს განებივრება იქნება და არა - გაძლერება. ამით ქვეყანას დავასუსტებთ. როგორც ადრე ფეოდალები ძიძგნიდნენ საქართველოს და ამით ქვეყანას არაფერი მოუგია. ძლიერი ფეოდალების არსებობა მუდამ პრობლემა იყო და დავით აღმაშენებელს სარზე წამოცმა მოუხდა მერე ამ ფეოდალებისა.

ძლერი პარტიებიც დაახლოებით ისეთი მოვლენა იქნება, როგორიც ძლიერი ფეოდალები. ასე რომ, ეს პრინციპი - „გავაძლიეროთ პარტიები“ - ძალიან დამაფიქრებელია იმ ქვეყანაში, რომელშიც პოლიტიკური ცხოვრების კულტურა მხოლოდ 25 წელიწადს ითვლის.

ფრაქციანაციონალური მოძრაობაკონსტიტუციის კანონდარღვევით მიღებაზე საუბრობს და დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს, აცხადებენ, რომ შევიდა სარედაქციო შესწორება - „მიწისნაცვლად ჩაიწერასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა“ - ანუ მორატორიუმი მხოლოდ მიწის ამ სახეობას შეეხება. როგორც ჩანს, მხოლოდ პრეზიდენტი არ ცდილობს საკონსტიტუციო პროცესის უკან დაბრუნებას. დავუშვათ, ისევ ახალ წრეზე წავიდა ყველაფერი, შედეგი რა იქნება? ვინმე მოგებული დარჩება?

- იქნება ის, რომ საზოგადოებისთვის საერთოდ მიუღებელი გახდება ეს პროცესი. მოგებას რაც შეეხება, ვერავინ ვერაფერს მოიგებს. ყველა პარტია წააგებს. ისედაც დაბალი რეიტინგები აქვთ ოპოზიციურ პარტიებს და ეს ციფრი კიდევ უფრო შემცირდება. მმართველ პარტიას ოპოზიციასთან შედარებით - მაღალი, რეალურად კი დაბალი რეიტინგი აქვს და მისი მაჩვენებლებიც მოიკლებს.

ისედაც, ხალხის ნახევარი არ მივიდა არჩევნევბზე და საერთოდ აღარ მივლენ. სერიოზული პრობლემა დაუდგება სახელმწიფოს საზოგადოების მისდამი დამოკიდებულების გამო.

ასე რომ, მოგებული, რისი ანგარიშიც აქვს, გნებავთ, „ნაციონალურ მოძრაობას“ და გნებავთ, სხვა პარტიებს - თუ ვიყვირებთ მოგებული დავრჩებითო, პირიქით შემობრუნდება და შეიძლება, საერთოდ დაემხოთ თავზე კონსტიტუციაც და არჩევნებიც.

ანუ საკონსტიტუციო პროცესის ფინალისთვის საკუთარი ნაბიჯების უფრო სერიოზულად გააზრება მართებთ პარტიებს?

- ალბათ, უფრო მეტად უნდა იფიქრონ იმაზე, რა დამოკიდებულება აქვს ხალხს მათთან. არავინ არ დაჯდა და არ დაფიქრდა იმ თემაზე, რომ ბოლო არჩევნებზე დასწრება ძალიან დაბალი იყო - რა მოხდა და რა გამომდინარეობდა აქედან, რა უნდა გაეკეთებინათ, რომ იგივე სურათი არ განმეორებულიყო.

ამომრჩევლის განახევრება და სოციოლოგიურ კვლევებში იმის დაფიქსირება, რომ „არც ერთი პარტია არ მომწონს“ ყველას ხომ ერთნაირად ეხება?

ხომ შეიძლება საერთოდ უარი თქვას ხალხმა ხელისუფლების ჩამოყალიბების პროცესში მონაწილეობაზე?! კი, არის ქვეყნები სადაც 30 პროცენტია ამომრჩევლის დასწრება, მაგრამ ისინი დალაგებული ქვეყნებია.

ხომ შეიძლება არჩევნებზე მოვიდეს ის 30%, მერე დანარჩენი 70% ქუჩაში გამოეფინოს და თქვას, ეს ხალხი ჩვენ არ აგვირჩევია და რევოლუცია უნდა მოვახდინოთო?! ამიტომ ვლაპარაკობ, რომ პოლიტიკური კულტურა ძალიან ბევრს ნიშნავს, შესაძლოა, დასავლეთშიც არ მიდიან არჩევნებზე, მაგრამ არც რევოლუციას ახდენენ.

პარტიებს რომ დაბალი რეიტინგი აქვს, შეიძლება გაუხარდეს მის კონკურენტს - შედარებით მაღალი რეიტინგი ვისაც აქვს, მაგრამ თავისთავად, პოლიტიკური პარტიების მიმართ ეს დამოკიდებულება, რაც დღეს საქართველოშია, საკმაოდ დიდი რისკის შემცველია ისეთი პოლიტიკური კულტურის მქონე ქვეყანაში, როგორიც საქართველოა.