რუსეთ-ბელორუსის საერთო სამხედრო წვრთნების „დასავლეთი 2017“ -ის შემდეგ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარები მასშტაბურ წვრთნას უკვე ნოვოსიბირსკში ატარებენ. მასშტაბური სამხედრო წვრთნებში მონაწილეობას 4000 სამხედრო მოსამსახურე და 400 ერთეული სამხედრო ტექნიკა მიიღებს. სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარების მასშტაბურ წვრთნებში, რომელიც სექტემბრის ბოლოს დასრულდება, ჩაერთვებიან სამხედრო ვერტმფრენები და თვითმფრინავები.
შეგახსენებთ, რომ ბოლო ორი თვის მანძილზე რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, ფართომასშტაბიან წვრთნებს ატარებს, მათ შორის, წვრთნები ჩატარდა ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთშიც. ბოლოს კი, რუსეთმა ერთობლივი ფარტომასშტაბიანი წვრთნა ბელორუსთან ჩაატარა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ამტკიცებენ, რომ წვრთნები მხოლოდ თავდაცვითი ხასიათისაა და საფრთხე არც ერთ ქვეყანას არ ემუქრება.
ასე არ ფიქრობს დასავლეთი. კერძოდ, ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და პოლონეთში აცხადებენ, რომ ამ სწავლებაში სამხედროების აგრესიის სამიზნედ სწორედ მათი ქვეყნებია მოაზრებული და არსებობს საფრთხე, რომ მოსკოვმა მანევრები მეზობლების წინააღმდეგ რეალურ აგრესიად გადააქციოს.
ბოლო ორი თვის მანძილზე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ჩატარებული და მიმდინარე ფართომასშტაბიანი წვრთნები, ანალიტიკოსების დაკვირვებით, ზრდის იმის საფრთხეს, რომ რუსეთი ახალი აგრესიისთვის ემზადება. ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ კოალიციური წრთვნების მთავარი იდეა არის თავსებადობის მიღწევა, განსაკუთრებით, ხმელეთზე და ზღვაზე წარმოებული ოპერაციების თვალსაზრისით.
„იმდენად არალოგიკურია რუსეთის ხელისუფლების მოქმედება, რომ ვერ ჩაწვდები მათ მოსაზრებას. ერთი რამ არის ცხადი, მუდმივი და ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნების მთავარი მიზანი არის ქვეყნის შეიარაღებული ძალების მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანა, ნებისმიერი კრიზისული მართვის ოპერაციების განხორციელებისათვის. პლუსს დახვეწა მიდის ურთიერთკოორდინაციის, თავსებადობის და თუნდაც იგივე სამხედრო ოპერაციების განვითარების კუთხით. გასათვალისწინებელია, რომ სამხედრო წვრთნები მიდის ორი სამხედრო მიმართულებით - დასავლეთი და სამხრეთი“, - აცხადებს ვახტნაგ მაისაია.
მისივე თქმით, რუსეთის აგრესიული პოლიტიკა, რომელსაც ატარებს მეზობელი სახელმწიფოების წინააღმდეგ, ითხოვს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანას, რომ მზად იყოს ნებიემიერ დროს დაიწყოს საბრძოლო ოპერაცები.
„მისთვის მნიშვნელოვანია არ შეექმნას ისეთი დაბრკოლება, როგორიც იყო საქართველო-რუსეთის ომის პერიოდში. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები ემზადებოდნენ სამხედრო მოქმედებების დაწყებისათვის, საქართველოსთან ომმა ძალიან ბევრი ისეთი ხარვეზი აჩვენა, რაც რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას არ ჰქონდა წარმოდგენილი და გათვლილი. ამიტომ, ცდილობენ, რომ მუდამ იყვნენ საბრძოლო მზადყოფნაში. როცა მათ დასჭირდებათ შეიძლება თავისი შეიარაღებული ძალები გამოიყენონ ნებისმეირი მიმართულებით. ეს არის უკრაინა, საქართველო, სირია და ბალტიის ქვეყნები“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.
სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის ხელმძღვანელი მამუკა არეშიძე ამბობს, რომ თემა ძალიან სერიოზულია, მაგრამ თვლის, რომ რუსული სამზადისი დაკავშირებულია ჩრდილოთ კორეის საკითხთან. თუმცა, მისი თქმით, არსებობს სხვა საკითხები, როგორიც არის ნატოს პოზიციების გაძლიერება და მისი მოახლოება რუსეთის საზღვრათან.
„რუსეთის სამხედრო პოლიტიკურ ხელმძღვანელობას რომ ჰკითხოთ, პასუხი იქნება ასეთი - ეს არის გეგმიური წვრთნები, რომელიც მთელი რუსეთის მასშტაბით დაგეგმილი იყო დიდი ხნის წინ. რეალურად, ეს არის იმ გამოწვევის საპასუხოდ, რაც ხდება ჩრდილოეთ კორეის მიმართულებით. ანალოგიური მზადება შეიმჩნევა საქართველოს ტერიტორიაზე, ოკუპირებულ რეგიონში, კერძოდ სამაჩაბლობაში. იქ დგას შესაბამისი სარაკეტო დანადგარები. არ ვიცი რა ტიპის არის და რამდენად ესადაგება ჩრდილოეთ კორის ამ ახალ გამოწვევას მსოფლიოს მიმართ, მაგრამ ეს სარაკეტო დანადგარები, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში შენახული იყო შესაბამის საწყობებში, გამოიტანეს და ახლა, უკვე, საწვრთნელ მზადყოფნაში მოიყვანეს. ვფიქრობ, რომ გახშირებული სამხედრო წვრთნები არის იმ გამოწვევის საპასუხო, რაც ხდება შორეულ აღმოსავლეთში. ძალიან სერიოზული თემა არის. როგორ ჩანს, არც ერთი მხარე დათმობას არ აპირებს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას მამუკა არეშიძემ.
პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილის შეფასებით, რუსეთის ქმედება ძნელად პროგნოზირებადი არ არის. მისი თქმით, რუსეთ-ბელორუსის საერთო სამხედრო წვრთნების შემდეგ, სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარები მასშტაბური წვრთნებით, მათ შორის მიმდინარე წვრთნები საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, რუსეთი ცდილობს შექმნას დიდი შფოთის საფუძველი და მის მიმართ კიდევ უფრო დიდი ინტერესით იყვნენ განმსჭვალული ყველა, სერიოზული საფრთხის შემცველი ქვეყნები.
„ბელორუსში მიმდინარე სამხედრო წვრთნების პროცესში დაიღუპა მაღალი რანგის სამხედრო პირი. ეს გვაფიქრებინებს, რომ დიახ, რუსეთი არც ამერიკაზე ნაკლებია და მით უმეტეს არც ჩრდილო კორეაზე, რომლებიც ერთმანეთს ჯერჯერობით, სიტყვიერად ახსენებენ მძლავრი იარაღის არსებობას საკუთარ არსენალში.
სწორედ, რომ „მეც კაცი ვარ, აგრე რატომ მიყურებ“-ს როლს თამაშობს რუსეთი. რომელის მიზანია მიიპყროს შიში და ფიქრობს, რომ ამ წვრთებიდან გამომდინარე, მათ მიმართ უფრო დაისადგურებს შიში. თუმცა, როგორც ჩანს, რუსეთი ალბათ, ვერ ხვდება, რომ ის შიში, რომელიც მათ სურთ მთელს მსოფლიოში იყოს მოდებული, ცივილიზებული მსოფლიოსთვის უკვე არ არის საგანგაშო“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილი.