„ხალხი ერთმანეთთან ჯერ ვერ აკავშირებს ნეპოტიზმსა და კონსტიტუციას“

„ხალხი ერთმანეთთან ჯერ ვერ აკავშირებს ნეპოტიზმსა და კონსტიტუციას“

პარლამენტმა მესამე მოსმენით საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტი დაამტკიცა. უმრავლესობამ ოპოზიციის პროტესტის მიუხედავად, მოახერხა და მიიღო კონსტიტუცია, რომელიც, როგორც პარლამენმტის თავმჯდომარე ამბობს, ათწლეულებს გაუძლებს, თუმცა საპირისპირო მოსაზრებაც არსებობს, რომლის თანახმად, ყველა ხელისუფლებისთვის საკონსტიტუციო ცვლილებები მხოლოდ ძალაუფლების გახანგრძლივების ინსტრუმენტია.

ოპოზიცია მთავარ აქცენტს აკეთებდა იმაზე, რომ ერთპარტიულ კონსტიტუციას იღებდა პარლამენტი, ხოლო ყველაზე მწვავე პროტესტი ისმოდა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან. შესაძლოა, კონსტიტუციის მიმართ პრეტენზიები არსებობდეს, მაგრამ როდესაც მთავარი გამხმოვანებელი „ნაციონალური მოძრაობაა“, რომელმაც 7 წლის წინ თავად დაამტკიცა ერთპარტიული კონსტიტუცია, ძნელია, მის მხარდამჭერთა რიგებში დგომა, იმის მიუხედავად რამდენად სერიოზულ პრობლემასაც არ უნდა ეხებოდეს ეს პროტესტი - მიმდინარე პროცესზე ექსპერტი, ვახტანგ ძაბირაძე გვესაუბრება.

ვახტანგ ძაბირაძე: კონსტიტუცია, ერთპარტიულია, რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ იმ ადამიანებმა, რომლებიც თითქოს სხვა პარტიის კუთვნილებას წარმოადგენენ. არაფორმალურად, შესაძლოა, სხვა პარტიას წამოადგენენ, მაგრამ რეალურად „ქართული ოცნების“ წევრები არიან. ისინი არიან არა ბლოკიდან, არამედ „ქართული ოცნების“ სიით გასული დეპუტატები და ეს ნიშნავს, რომ უმრავლესობის გუნდის წევრები არიან. მეორე სახელი რა ჰქვიათ, მაპატიეთ ჟარგონისთვის, „კლიჩკა“ რა აქვთ, ეს უკვე აღარ არის საინტერესო - რეალობა ასეთია.

„ნაციონალურ მოძრაობას“ რაც შეეხება, მას არანაირი მორალური უფლება არ აქვს, საერთოდ, ხმა ამოიღოს კონსტიტუციაზე და დემოკრატიაზე, პოლიტიკასა და ადამიანების კეთილდღეობაზე, მაგრამ ეს სხვა საკითხია, სხვა თავსატეხია ქართული საზოგადოებისთვის და ცალკე პრობლემაა.

მეორე პრობლემა ის არის, რომ „ქართული ოცნებაც“ აკეთებს იმას, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააკეთა 2010 წელს.

„სოციალ-დემოკრატების“, „კონსერვატიული პარტიის“, „მწვანეთა პარტიისა“ დამრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ განცხადებამ, რომ ისინიც მონაწილეობდნენ საკონსტიტუციო პროცესში და არა მხოლოდქართული ოცნება“, გააჩინა განცდა, რომ ამ ხელისუფლებამაც კარგად აითვისა ნაციონალების მიერ სატელიტი პარტიებით მანიპულირების გაკვეთილები. გამოდის, დღესაც ანალოგიური პრობლემა გვაქვს? თუმცა მაშინ პარტლამენტსგარე ოპოზიცია მაინც არსებობდა - დღეს ყველა დისკრედიტირებულია? ესქართულმა ოცნებამმოახერხა თუ ინერციით წავიდა ყველაფერი აქეთკენ?

- ოპოზიციის ფლაგმანად დღეს დარჩა „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც მიუღებელია მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის. ოპოზიციამ რომ დევალვაცია განიცადა და მოსახლეობაში გულგატეხილობაა, ეს სრულიად ლოგიკური მოვლენაა, მაგრამ ყველაზე ცუდი ის არის, რომ მთელ პოლიტიკურ სპექტრს, თავის უმრავლესობიანად, უფრო მეტი უარყოფითი რეიტინგი აქვს მოსახლეობაში, ვიდრე - დადებითი.

ეს იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობა მთელი პოლიტიკური სპექტრისადმი ამ ატაპზე ნეგატიურად არის განწყობილი. რა იქნება ხვალ, ვერ გეტყვით, ალბათ, შეიცვლება, მაგრამ დღესდღეობით ეს სიტუაციაა და ვერაფერს ვიზამთ, იმიტომ, რომ ოპოზიციამ უამრავი შეცდომა დაუშვა არა მხოლოდ ამ ოთხი წლის განმავლობაში, არამედ 2007 წლიდან მოყოლებული.

გარდა ამისა, საზოგადოებაში არ არის პროტესტის გრძნობა, რადიკალური განწყობა. ეს ნელ-ნელა ყალიბდება ჩვენდა სამწუხაროდ, რასაც მივყავართ იქამდე, რომ ხვალ, ან ზეგ ისევ და ისევ ქუჩაში გადავა პოლიტიკური პროცესები - რაც ვერაფრით დავასრულეთ ამ 30 წლის განმავლობაში.

უმრავლესობა აცხადებს, რომ ქუთაისის პარლამენტთან თავმოყრილი ოპოზიციური პარტიები დანაციონალური მოძრაობა“, რომელიც მომხრეების მობილიზებას გეგმავს კონსტიტუციის გასაპროტესტებლად, დესტაბილიზაციის შექმნას ცდილობენ. რამდენად მოხედრხდება დესტაბილიზაცია ამ მოცემულობით და ამ პირობებში?

- ესეც არ არის ახალი თემა, ხელისუფლება ყოველთვის ადანაშაულებს იმაში, რომ ოპოზიცია ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნას ცდილობს. ვერანაირ დესტაბილიზაციას ოპოზიცია ვერ შექმნის, თუ მას არ ექნება მოსახლეობის მხრიდან მხარდაჭერა.

დღესდღეობით კი, უარყოფითი რეიტინგი აქვს ყველა პოლიტიკურ ძალას, მათ შორის, ოპოზიციასაც, მოსახლეობაში არის გულგატეხილობა, იმედგაცრუება, მაგრამ არ არის რადიკალური დაპირისპირება.

ჯერ არ ჩანს პროტესტის მუხტი და სანამ ეს მუხტი არ შეიქმნება, ოპოზიცია ვერაფერს გახდება - ეს იქნება თუ სხვა ოპოზიცია. ამიტომ აქცია, რომელიც მიმდინარეობს პარლამენტის წინ, ასევე მშვიდობიანად და უხმაუროდ დაიშლება, როგორც ნებისმიერი სხვა აქცია.

პრობლემა ის კი არ არის, დღევანდელი აქცია რა შედეგს მოიტანს, არამედ ის, რომ ხვალ და ზეგ მოსახლეობაში გაჩნდება მძლავრი უარყოფითი მუხტი, ეს კი სერიოზული თავის ტკივილი იქნება ხელისუფლებისთვის და არამარტო მისთვის.

ოპოზიცია ამბობს, რომ ხალხი უკმაყოფილოა ამ კონსტიტუციით. ხალხი ამბობს, რომ ის უკმაყოფილოა სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებით, არ მოსწონს ნეპოტიზმი, ჩინოვნიკების ხელფასები, პრემიები და .. დღეს ხალხი არ ლაპარაკობს კონსტიტუციაზე. თუ ოდესმე დაემთხვა ხალხისა და ოპოზიციის საპროტესტო საგანი ერთმანეთს ეს ოპოზიციაც მისაღები გახდება საზოგადოებისთვის? ვგულისხმობ ისევნაციონალურ მოძრაობას“, რომელიც დომინირებს ოპოზიციურ სივრცეში...

- ბუნებრივია, დღეს ხალხს კონსტიტუცია არ აინტერესებს და არ აწუხებს, მაგრამ ის, რაც აწუხებს მას და თქვენ ეს ჩამოთვალეთ, იმ კონსტიტუიციიდან მოდის. ჩვენი ხალხი ამას ერთმანეთთან, სამწუხაროდ, ვერ აკავშირებს.

ის, რომ ამას ერთმანეთთან აკავშირებდეს, 20 და 30 კაცი კი არა, ნახევარი საქართველო უნდა იყოს პარლამენტთან მობილიზებული. როდესაც სიტუაცია გახდება გაუსაძლისი, მაშინ ხალხი კონსტიტუციის კი არა, მთავრობის შეცვლას მოითხოვს.

ჯერჯერობით ხელისუფლების შეცვლას ხალხი არ ითხოვს, თუმცა, მასზე გულაყრილია, მაგრამ ხვალ აუცილებლად დადგება ეს საკითხი.

ის, რაზეც ახლა ვსაუბრობთ, არის ურთულესი პრობლემა - ვერ შევძელით მთელი 30 წლის მანძილზე ამ ორი ფაქტორის ერთმანეთთან დაკავშირება.

ნეპოტიზმი, ხელფასები და ა.შ. იმის მიმანიშნებელია, რომ როდესაც შენ არ შეგიძლია შეცვალო ხელისუფლება, ის აკეთებს იმას, რაც მოესურვება და ამის საშუალებას აძლევს მას კონსტიტუცია. ეს არის ჩაკეტილი წრე. როცა მივხვდებით, რომ ამ წრიდან უნდა გამოვიდეთ, სურვილის გარდა კიდევ გონებაც არის საჭირო. როდესაც ამ კონდიციამდე მივალთ, ამ ჩაკეტილი წრიდანაც გამოვალთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისევ გავალთ ქუჩაში, ჩამოვაგდებთ ხელისუფლებას, მოვა ახალი, მაგრამ კონსტიტუციაში ყველაფერს დატოვებს ისე, როგორც იყო.

ოპოზიცია სწორ აქცენტებს არ აკეთებს იმისათვის, რომ მომავალში ისევ სათავისოდ გამოიყენოს ძალაუფლების შენარჩუნების გარანტორი კონსტიტუცია?

- ოპოზიცია კი აკეთებს სწორ აქცენტებს, მაგრამ საზოგადოება ვერ აკავშირებს ერთმანეთთან ნეპოტიზმსა და კონსტიტუციას - სოციალურ პრობლემებსა და უმუშევბრობასთან კონსტიტუციის ბმას ვერ ხედავს.

ამიტომ, ყვირის იმაზე, რაც მას აწუხებს და ვერ ხვდება, რომ ამ წუხილის მიზეზი ვიდრე არ გასწორდება მისი პრობლემები არ მოიხსნება. არ აპროტესტებს კონსტიტიციას, რადგან თვლის, რომ ეს ფარატინა ქაღალდია და მეტი არაფერი, მაგრამ სამაგიეროდ, ხელისუფლების შესაცვლელად გამოდის ქუჩაში.

როდესაც საზოგადოება ხელისუფლების კი არა, კონსტიტუციის შესაცვლელად გამოვა ქუჩაში, მაშინ დავიწყებთ ნორმალური ცხოვრებისკენ სვლას. მანამდე ვიქნებით დამოკიდებიული იღბალზე, ურემს გადავაგდებთ - თუ მოკვდა კურდღელი, ხომ კარგი, თუ არა და დავუცდით ისევ, როდის მოვა ურმის გადაგდების დრო - ასე ვართ ეს 30 წელია. ხან ერთ ლიდერს ვირჩევთ, ხან - მეორეს, მაგრამ ლიდერს კი არა, მხსნელს ვეძებთ. მხსნელს კი კონსტიტუცია არ სჭირდება.

რაც შეეხება ქართული და საერთაშორისო საზოგადოების მოტყუების თემას - ეს არის კიდევ ერთი ბრალდება, რომელიც ისმის ოპოზიციის მიერ - თუკი ვსაუბრობთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებზე, რეკომენდაცია ნიშნავს, სურვილის შემთხვევაში მის გათვალისწინებას. გამოდის, რომ საერთაშორისო საზოგადოება მოვატყუეთ, რაკი ზოგიერთი მათგანი არ გავითვალისწინეთ, როგორც ამას ამტკიცებს სერგო რატიანი?

- სერგო რატიანი იმ პოლიტიკურ ძალას ეკუთვნის, რომელიც უარესად იქცეოდა და არც კონსტიტუციას ითვალისწინებდა - 2010 წელს გაითვალისწინა ვინმემ რამე?!

ჩვენი პრობლემა კიდევ ისაა, რომ ისინი გველაპარაკებიან დემოკრატიაზე, ვისაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს დემოკრატია სასაცილოდ მიაჩნდა. მაგრამ ეს ცალკე პრობლემაა.

ვენეციის კომისიის რეკომენდაცია არის რეკომენდაცია, გინდა - გაითვალისწინებ და გინდა - არა. მაგრამ რეკომენდაცია გაითვალისწინა თუ არა ქვეყანამ, ამას საერთაშორისო საზოგადოება ანგარიშს უწევს და ამით აფასებს ხელისუფლების რაობას - როგორია ის, დემოკრატიისკენ არის მიდრეკილი, მართლა აფასებს ლიბერალურ ღირებულებებს, თუ მხოლოდ ლაპარაკობს და რეალურად არაფერს არ აკეთებს.

ეს პრობლემა ამ ხელისუფლებას უდგას და მომავალშიც დაუდგება. ამის გამო ტრანსფარანტებით არავინ გამოვა ბრიუსელში და არ მოაწყობს მიტინგს, თუმცა შეხვედრებსა და მოლაპარაკებებზე ეს თემა მუდმივად იარსებებს საერთაშორისო ურთიერთობებში.

მოატყუა თუ არა ეს არ ვიცი - პირდებოდნენ - გავითვალისწინებთო, მაგრამ არ გაითვალისწინეს.

როგორი გაგრძელება შეიძლება მოჰყვეს ამ ყველაფერს, თუ პრეზიდენტის ვეტო გახდება აქტუალური თემა, ესეც დაიძლევა, შემდეგ რა იქნება?

- პოლიტიკური პროცესი წავა თავისი გზით, კონსტიტუცია დარჩება თემად, რომელზე ლაპარაკიც დავამთავრეთ. არ მგონია, ოპოზიციას დღეს ჰქონდეს იმის რესურსი, რომ რაიმე ახალი ძალა შესძინოს ამ საკონსტიტუციო პროტესტს. ეს პროცესი სხვა ფორმატში უნდა გადავიდეს, ჩვენი ოპოზიცია დიდი ფიქრითა და სიბრძნით არ გამოირჩევა, სამწუხაროდ, და მთელი ამ ხნის განმავლობაში ტრაფარეტულად ვითარდება პროცესები - პროტესტი, მთავრობის ლანძღვა, ქუჩა - რაღაც სიახლე ან ტაქტიკაში ან სტრატეგიაში, სამწუხაროდ, არ ჩანს.

თუმცა პოლიტიკური პროცესი ნელ-ნელა მიდის იქით, რომ ხვალ-ზეგ ისევ ქუჩაში გადავალთ. ხელისუფლებას აქვს თუ არა უნარი ეს პროცესი შეაჩეროს, უკვე საეჭვოა, იმიტომ, რომ საკმაოდ ღრმად წავიდა პროცესი. თუმცა ვნახოთ, თუ მცდელობა იქნება, შეიძლება რაღაც გამოვიდეს კიდეც.

ანუ თუ ხელისუფლება შეეცდება, შესაძლოა, რაღაც შეცვალოს და გამოასწოროს?

- კოსმეტიკური ცვლილებები საკმარისი არ იქნება, უნდა მოხდეს ძალიან ფუნდამენტალური და რადიკალური ცვლილებები. მთავრობაშიც, პარლამენტშიც მიდგომებშიც და ა.შ. ბევრი რამ უნდა შეიცვალოს. ფიგურალურად რომ ვთქვათ - ან ხელისუფლებაში გამოჩნდება ძალა, რომ ზევიდან მოახდინოს რევოლუცია - ან იქნება ქუჩა, რომელიც ქვემოდან შეცვლის ხელისუფლებას.

ამას ვკითხულობ - აქვს ამ ხელისუფლებას რესურსი, რომ თავად მოახდინოს რებრედინგი? ეს უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. რებრენდინგი ხელისუფლებისა, საზოგადოებისა და ოპოზიციისგან დამოუკიდებლად, მათი აჟიტირების გარეშე რომ მოხერხდეს, უკვე შეუძლებელი მგონია, რადგან რებრედინგში ვგულისხმობ საკონსტიტუციო ცვლილებებსაც და ბევრ სხვა რამესაც. აქვს ამისი დრო დარჩენილი ხელისუფლებას და მისცემს პროცესი ამის საშუალებას? - ვერ გეტყვით. სურვილის ქონის შემთხვევაშიც კი, კითხვის ნიშნები რჩება - არის ჯანსაღი გუნდი, რომელიც სახელმწიფოებრივად ფიქრობს? - ეს უკვე არ ვიცი.