კარგა ხანია, დონალდ ტრამპმა და კიმ ჩენ ინმა ერთმანეთი მიზანში ამოიღეს. ფხენიანში აშშ-ის საწინააღმდეგოდ გამართულ მრავალათასიან მიტინგზე კიმ ჩენ ინმა დაიქადნა, რომ ჩრდილოეთ კორეა აშშ-ის წინააღმდეგ ისტორიის განმავლობაში ყველაზე მკაცრ ზომებს გაატარებს. აქციაზე კიმ ჩენ ინის უამრავი მომხრის გამოჩენა გასაკვირი არ არის, რადგან არსებობს გამოთქმა, თუ კიმ ჩენ ინი ტირის, მთელი ჩრდილოეთ კორეა ტირის.
კიმ ჩენ ინის მუქარას წინ უძღოდა დონალდ ტრამპის სიტყვები, რომელმაც „ტვიტერზე“ კორეის ლიდერს „შეშლილი“ უწოდა. ტრამპის არაკორექტულობის მიზეზი ის იყო, რომ მან გაეროს სხდომაზე ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის საუბარს მოუსმინა, რომელმაც კიმ ჩენ ინის შეხედულებები გაახმიანა, რის გამოც ამერიკის პრეზიდენტი ჩრდილო კორეას სრული განადგურებით დაემუქრა:
„ცოტა ხანში ისინი საერთოდ აღარ იქნებიან“.
ამ დაპირისპირების ფონზე საინტერესოა რუსეთის რეაქცია. სერგეი ლავროვს ტრამპისა და ჩენ ინის ურთიერთობა საბავშვო ბაღის ბავშვების დაპირისპირებას აგონებს. თუმცა დამაფიქრებელია ის ფაქტი, საიდან აქვს ჩრდილოეთ კორეის კომუნისტურ რეჟიმს ბალისტიკური რაკეტებისა და ბირთვული იარაღის საწარმოებლად ტექნოლოგიები და ამის უკან ხომ არ მოაზრება რუსეთი?! მით უმეტეს, რომ ცნობილია რუსეთის სათათბიროს საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარის, კონსტანტინ კოსაჩოვის ნათქვამი, რომ ჩრდილოეთ კორეაზე აშშ-ის თავდასხმის შემთხვევაში, რუსეთი და ჩინეთი ფხენიანს დაიცავენ.
„მრავალარხიანი დიპლომატიის ინსტიტუტ-საქართველოს“ ხელმძღვანელი ლევან გერაძე ეჭვობს, რომ ამერიკასა და ჩრდილოეთ კორეას შორის პირდაპირი თავდასხმა ან სამხედრო დაპირისპირება მოხდეს, თუმცა მოვლენების ასეთი სცენარით განვითრება მთლად გამორიცხულიც არ არის. ამიტომ ორი ქვეყნის ლიდერის მხრიდან ერთმანეთის საწინააღმდეგო მკვეთრი განცხადებები, სავარაუდოდ, მხოლოდ განცხადებებად დარჩება. იმისთვის, რომ ცუდი სცენარი მზარდი არ გახდეს, დიპლომატებს დიდი სამუშაო აქვთ ჩასატარებელი.
„არ წარმომიდგენია, ჩრდილოეთ კორეას საკმარისი რესურსები ჰქონდეს იმისთვის, რომ ამერიკას ისტორიაში ყველაზე მკაცრი პასუხი გასცეს, როგორც მათმა ლიდერმა ბრძანა. არც ის მგონია, ბირთვული იარაღის გამოყენება დღევანდელ სამყაროში შესაძლებელი იყოს და საერთაშორისო საზოგადოებრიობამ, პირველ რიგში, სწორედ ჩინეთმა და რუსეთმა დაუშვან ამგვარი სცენარის განვითარება. საეჭვოა ისიც, ჩინეთს ან რუსეთს აწყობდეს თავის გვერდით ბირთვული სახელმწიფო, რომელიც ასე იმუქრება საკუთარი პოტენციალის გამოყენებით. ამიტომ რაღაც გზებს მოძებნიან ვითარების დასარეგულირებლად. უფრო პირიქითაა მოსალოდნელი, რომ კორეას გასცენ მკაცრი პასუხი“,-აღნიშნა ლევან გერაძემ For.ge-სთან საუბარში.
თუ საიდან აქვს ბირთვული იარაღი კორეას, ამის შესახებ ქართველი ექსპერტი ინფორმაციას არ ფლობს, მაგრამ ახსენდება წლების წინ ამერიკის მთავრობის მიერ ჩატარებული ექსპერიმენტი. კერძოდ, ამერიკელებმა საშუალო დონის ორი ფიზიკოსი შეარჩიეს, რომელთაც ბირთვულ საქმესთან არავითარი კავშირი არ ჰქონდათ და შეუქმნეს ყველანაირი პირობები, რათა მათ მოეფიქრებინათ, როგორ უნდა გაკეთებულიყო ბირთვული იარაღი. ამ ფიზიკოსებმა სულ რაღაც ორ წელიწადში ბირთვული იარაღის გაკეთება მოახერხეს. ამდენად, ასეთი რამის შექმნა მთლად რთული არ ყოფილა. ამის შემდეგ ამერიკელებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ბირთვული იარაღის შესახებ ცოდნის გავრცელებისთვის კი არ დაედოთ ვეტო, არამედ იმ მასალების შეტანა-გავრცელება გაეკონტროლებინათ, რომლებიც აუცილებელია ბირთვული იარაღის შესაქმნელად. პირველ რიგში, ეს არის პლუტონი და სხვა.
„არ ვიცი, კორეელების ბირთვული იარაღის მასალების უკან დგას თუ არა რუსეთი, მაგრამ შესაძლოა, ურანი თავად მოიპოვებოდეს, მაგრამ მას გამდიდრება, კონდიციამდე მიყვანა სჭირდება. გაცხადებული ინფორმაციით, ის რაკეტმზიდი, რამაც ქობინი უნდა მიიტანოს დანიშნულების ადგილამდე, არ არის საკმარისი იმისთვის, რომ აშშ-ის ტერიტორიამდე მიაღწიოს“, - ამბობს გერაძე.
„რესპუბლიკური“ პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ იურიდიულად კიმ ჩენ ინს არ აქვს უფლება, ჰქონდეს ბირთვული იარაღი, რადგან არსებობს შესაბამისი კანონმდებლობა, რომელზეც რუსეთსაც აქვს ხელი მოწერილი და შეერთებულ შტატებსაც. უბრალოდ, კორეის ლიდერი არღვევს საერთაშორისო ნორმებს, თავხედურად აცხადებს, რომ აქვს ასეთი იარაღი და ამერიკის შეერთებულ შტატებსაც ემუქრება. ცხადია, ეს ნორმალური კაცის ქმედება არ არის.
„კიმ ჩენ ინი რომ არის შეშლილი და გიჟი, როგორც მას უწოდა დონალდ ტრამპმა, არავისთვის უცხო არ არის. უბრალოდ, ეს დიპლომატიურ ენაზეა ცოტა უცნაური. თორემ მისი ქვეყანა საერთოდ გასულია მომსახურების ზონიდან, ჩრდილოეთ კორეასთან შედარებით საბჭოთა კავშირი დემოკრატიის ოაზისია. ჩრდილოეთ კორეაში საერთოდ არ არის სიცოცხლე და იქ გამოყვანილია ადამიანის ახალი ტიპი. რა თქმა უნდა, იქ არიან ცალკეული პირები, რომლებიც ამას წინააღმდეგობას უწევენ, მაგრამ ისინი ციხეებში ამოალპო კიმმა მამამ, შვილმა და შვილიშვილმა, ანუ სამივე მათგანმა. რუსეთი ახლა ამბობს, მოვეფეროთ კორეის ლიდერს და ისე გადავწყვიტოთ ეს საკითხიო, მაგრამ არავინ მოეფერება კიმ ჩენ ინს. აშშ-ს აქვს შესაძლებლობა, პრეზიდენტ ტრამპის მუქარა განახორციელოს. ამისთვის ბირთვული იარაღის გამოყენება არ არის მაინცდამაინც აუცილებელი. არც იმაში ვარ დარწმუნებული, რომ ჩინელები დაუჭერენ მხარს კორეის ლიდერს, რადგან ჩინეთი, სამხრეთ კორეა და იაპონია არიან ქვეყნები, რომლებიც ყველაზე უფრო შეშფოთებულნი არიან ბირთვული აქტივობებით“, - აცხადებს ლევან ბერძენიშვილი.
რაც შეეხება რუსეთს, პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი ყველაფერს დაუჭერს მხარს, რაც ამერიკის საწინააღმდეგო იქნება, მაგრამ, თუკი კორეის მხრიდან სერიოზული საფრთხე მართლაც წარმოიშობა, რუსები კორეელებს ვერ გამოექომაგებიან. უფრო მეტიც, თუ ჩრდილოეთ კორეაში ვინმე შეაღწევს და იქ ბირთვული იარაღის დასამზადებელი ტექნოლოგიების მიწოდების კუთხით რუსულ კვალს იპოვის, ეს სერიოზული სკანდალი იქნება. მაშინ უბრალო სანქციებით არ შემოიფარგლებიან რუსეთის წინააღმდეგ და რუსეთს შემოავლებენ ე.წ. სანიტარულ საზღვარს, რომ იქ ვერც ვერავინ შევიდეს და ვერც ვერავინ გამოვიდეს. ამით რუსეთი დაამთავრებს სხვა ქვეყნებთან ურთიერთობას, ვინაიდან ადრე თუ გვიან ყველა იმპერია ინგრევა, საბჭოთა კავშირიც დაინგრა და რუსეთის იმპერიაც დაინგრევა.
„თუ რა სახის ბირთვული შეიარაღება აქვს ჩრდილოეთ კორეას, ეს გაირკვევა მაშინ, როცა ადგილზე ჩავლენ ინსპექტორები. შეიძლება, არც აქვს ამ ტიპის იარაღი და ისე იმუქრება. ჩვენ ვიცით, რომ რაღაც აქვს და მიწისძვრებსაც იწვევს მცირე რყევებით, მაგრამ ეს შეიძლება იყოს შედარებით უწყინარი იარაღი. ჩვენ ისიც გვეგონა, რომ სადამ ჰუსეინს ჰქონდა განსაკუთრებული იარაღი, რაც მერე არ აღმოჩნდა. ამდენად, შესაძლოა, შეერთებული შტატების მკაცრი პოლიტიკა ჩრდილოეთ კორეასთან მიმართებით უფრო სწორი აღმოჩნდეს, ვიდრე მანამდე არსებული შეკავების პოლიტიკა, როდესაც მთელი მსოფლიო უყურებდა, როდის განავითარებდა კიმ ჩენ ინი ბირთვულ იარაღს, წყალბადიდან როდის გადავიდოდა ნეიტრონზე და კიდევ უფრო მაგარი როდის იქნებოდა. ჯერჯერობით ნატო არ არის მომხრე, კორეაზე პრევენციული დარტყმა განხორციელდეს, მაგრამ, თუკი კიმ ჩენ ინი გადაირევა და ამერიკის რომელიმე ბაზას, ან სამხრეთ კორეას დაარტყამს, ის მიიღებს გამანადგურებელ პასუხს და მისი მთავრობა დაამთავრებს არსებობას. აშშ-ს ასეთი მუქარა რომ უთქვამს, განუხორციელებია კიდეც, თორემ რუსებს ისიც ეგონათ, ბინ ლადენს ვერ იპოვიდნენ ვერასოდეს. ბინ ლადენი იპოვეს და გაანადგურეს კიდეც. რუსებს ისიც ჰგონიათ, რომ სირიაში მათი სეირნობა მუდმივი იქნება, მაგრამ ასე არ მოხდება, რადგან აშშ რუსეთს დაახლოებით 50-ჯერ აღემატება ეკონომიკურად“.