სააკაშვილის ფავორიტ ზურაბ წერეთელს უკრაინელებიც შემოსწყრნენ და ე.წ. „შავ სიაში“ შეიყვანეს. წერეთლის მსგავსად, უკრაინის კულტურის სამინისტრომ განახლებულ „შავ სიაში“ განამწესა ქართული წარმომავლობის ბალერონი ნიკოლოზ ცისკარიძეც. საქმე ისაა, რომ ეს ადამიანები, რუსეთში მოღვაწე კულტურის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ანექსირებულ ყირიმში პუტინის პოლიტიკას უჭერდნენ მხარს.
აღსანიშნავია, რომ უკრაინელებმა ე.წ. „შავი სია“ ჯერ კიდევ 2015 წელს შეადგინეს და მასში 14 ადამიანი შეიყვანეს. ბოლო ორი წლის განმავლობაში კი, სია დახვეწეს და განავრცეს. ამჯერად „შავ სიაში“ 100 ადამიანია მოხვედრილი, მათ შორის, ფრანგი მსახიობი ჟერარ დეპარდიე, მომღერალი გრიგორი ლეპსი, მუსიკოსი ალექსანდრე როზენბაუმი და სხვა. უკრაინის უშიშროების სამსახურის განმარტებით, ეს ადამიანები ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ. ამდენად, ზურაბ წერეთლის გვერდით „შავ სიაში“ საპატიო ადგილი უჭირავს ამერიკელ მსახიობს სტივენ სიგალს და სერბ კინორეჟისორსა და მუსიკოსს ემირ კუსტურიცას. სიგალს უკრაინაში შესვლა უკვე აეკრძალა, ხოლო უკრაინულ ტელეკომპანიებსა და რადიოსადგურებს ეკრძალებათ იმ ფილმების, სერიალების, კონცერტების გაშვება, რომლებშიც „შავ სიაში“ მოხვედრილი ადამიანები მონაწილეობენ.
ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის ოკუპაციის შემდეგ, წესით, არავინ მოელოდა, თუკი ქართული წარმოშობის ადამიანები პუტინის პოლიტიკას ყირიმში გაამართლებდნენ. მაინც რამ აიძულა ეს ორი ქართველი 2014 წლის 11 მარტს ყირიმის გამო პუტინისთვის მხარდაჭერა გამოეხატათ, რუსეთში მოღვაწე ხელოვნების ათეულობით მუშაკთან ერთად?
შესაძლოა, ზურაბ წერეთელმა არ დაუკარგა პუტინს დამსახურება, რომ სწორედ პირადად ვლადიმერ პუტინის ბრძანებით, იგი 2012 წელს სამხატვრო აკადემიის პრეზიდენტის თანამდებობაზე დააბრუნეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც იური ლუჟკოვის მიერ თანამდებობის დატოვების შემდეგ, ახალი მერის გადაწყვეტილებით, რუსეთში მოღვაწე ქართველი სკულპტორი „ჩამოალაბორანტეს“ და სამხატვრო აკადემიის პრეზიდენტის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
იმ პერიოდში რუსეთში ფიქრობდნენ, რომ ზურაბ წერეთლის ახალ ნამუშევრებზე მუშაობა შეჩერდებოდა, ხოლო მის მიერ შესრულებულ პეტრე პირველის ძეგლს ქალაქის ცენტრიდან მოაშორებდნენ. მართალია, მოლოდინი არ გამართლდა, მაგრამ სამსახურიდან დათხოვნილმა ზურაბ წერეთელმა მაშინ უამრავი სვლა გააკეთა. კერძოდ, თბილისში ჩამოფრინდა და სააკაშვილთან ერთად თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის სივრცე გახსნა. ყველას ეგონა, რომ ზურაბ წერეთელი ახლა მაინც არ შეელეოდა საქართველოს და სამშობლოში დარჩებოდა. მოლოდინს ამძაფრებდა სააკაშვილის „ისტორიული“ სიტყვებიც: „დღევანდელი დღე ადასტურებს, რომ ყველა ქართველის საბოლოო ნავთსაყუდელი, სადაც მათ დააფასებენ, მათივე სამშობლო, საქართველოა“. თუმცა პუტინი სხვაგვარად ფიქრობდა და პუტინისვე ბრძანებით, ზურაბ წერეთელი სამხატვრო აკადემიაში ძველ თანამდებობაზე დააბრუნეს. მადლიერი მოქანდაკეც პუტინის ინაუგურაციის საზეიმო ცერემონიალსაც დაესწრო.
„პუტინი და ნიკოლოზ ცისკარიძე“ - 2013 წლის 4 დეკემბერს გადაღებული ეს შთამბეჭდავი ფოტოც, სავარაუდოდ, იმ ბატალიების მშვიდობიანად დასრულებას მოასწავებს, რაც ქართველ ბალერონს შეუქმნეს დიდ თეატრში.
საქმე ისაა, რომ 2013 წელს რუსეთის სახალხო არტისტმა ნიკოლოზ ცისკარიძემ დიდი თეატრის ხელმძღვანელობა მის დისკრედიტაციაში დაადანაშაულა და აღნიშნა, „ვინც ხმის ამოღებას გაბედავს, მას მშვიდად ათავისუფლებენ“. ცისკარიძე აღშფოთებული იყო, რომ, როგორც სტალინურ 37 წელს, ისევე აწყობდნენ კრებებს მის წინააღმდეგ, მის კოლეგებს კი ხელს აწერინებდნენ მის წინააღმდეგ დაწერილ წერილებზე. უფრო კონკრეტულად, ნიკოლოზ ცისკარიძეს აბრალებდნენ საბალეტო ჯგუფის მხატვრულ ხელმძღვანელ - ფილინზე თავდასხმას, როცა ფილინს სახეში მჟავა შეასხეს. დიდი ალბათობით, ეს სკანდალიც პუტინმა განმუხტა და 2014 წელს ნიკოლოზ ცისკარიძე რუსული ბალეტის აკადემიის რექტორად დაინიშნა.
შესაბამისად, ყირიმიც პირად ინტერესებს შეეწირა...
„რესპუბლიკური“ პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას ვინც არ აღიარებს, მათ სერიოზული პრობლემები უნდა შეექმნათ არა მარტო უკრაინაში, არამედ მთელ მსოფლიოში, რადგან მსოფლიოში არ არსებობს არც ერთი სახელმწიფო, რომელიც გაამართლებს პუტინის მიერ ყირიმის ანექსიას. ამის გამო რუსეთს ევროკავშირისგან, აშშ-სგან, აზიის ქვეყნებისგანაც კი სერიოზული სანქციები აქვს დაწესებული. რაც შეეხება უკრაინას, ამ ქვეყანამ თვითონვე იცის, როგორ დაიცვას თავი მოწინააღმდეგეებისგან და ვინ შეიყვანოს „შავ სიაში“.
„ზურაბ წერეთელი და ნიკოლოზ ცისკარიძე მხოლოდ ეთნიკურად არიან ქართველები. მე მაგას არ შევეხები, ზურაბ წერეთელი არის თუ არა საქართველოსთვის ქართველი. არ ვიცი, თვითონ რას ფიქრობს ამ საკითხზე, მაგრამ გინდაც ქართველი იყოს და გინდაც კონკრეტულად ჩოხატაურელი იყოს, მაგას მნიშვნელობა არ აქვს, თუკი ვინმეს უხარია, რომ უკრაინას წაართვეს ყირიმის ტერიტორია. დიდი ხანია, ემირ კუსტურიცაც ყველა სიაშია ჩასასმელი, ის არც რეჟისორად არ ვარგა, ის არის კაცი, რომელმაც ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონების ოკუპირების საკითხში რუსეთს მხარი დაუჭირა. კუსტურიცა როგორც იქცევა, ისე არ მოქცეულა თვით ნიკარაგუაც კი. ასე რომ, კუსტურიცას, დეპარდიეს გვერდით თუ აღმოჩნდება ზურაბ წერეთელი, ალბათ, გაუხარდება კიდეც.
არა მგონია, ზურაბ წერეთლისთვის ეს პრობლემა იყოს, რადგან, როცა ადამიანი ამბობს - „კრიმ ნაშ“, უნდა იცოდეს კიდეც, რომ უკრაინას ეს ეწყინება და პერსონა ნონ გრატად გამოგაცხადებს. სხვათა შორის, რას დაკარგავს მსოფლიო ამ ორი მოღვაწის „ძეგლები“ თუ არ დაიდგმება? ორივენი ჩვეულებრივი გაქნილი მაფიოზები არიან. მათგან განსხვავებით, რუსეთში არის ღირსეული ხალხი, რომლებიც მხარს არ უჭერენ ყირიმის ანექსიას. ისინი თანამდებობაზეც არიან, აკადემიკოსებად და დამსახურებულ არტისტებადაც გვევლინებიან. იმას, რის გამოც პუტინს მხარი დაუჭირა როზენბაუმმა, არ დაუჭირა მხარი ბორის გრებენშიკოვმა ან „მაშინა ვრემენის“ ხელმძღვანელმა ანდრეი მაკარევიჩმა. ისინი ვინმეზე ნაკლებნი არიან?! უბრალოდ, რუსეთშიც არიან წესიერი და უწესო ადამიანები“, - აცხადებს ლევან ბერძენიშვილი და მიიჩნევს, როცა საკუთარი ქვეყნის 20% ოკუპირებული აქვს რუსეთს, ეთნიკურად მართლა ქართველი რომ იყოს წერეთელი, ამის გამო მაინც არ დაუჭერდა მხარს ყირიმის ოკუპაციას.
პოლიტიკოსის თქმით, რამდენად ეფექტური იქნება უკრაინის „შავი სია“, არავინ იცის. თუმცა უკრაინას სრული უფლება აქვს, ამერიკის მაგნიტსკის სიის მსგავსი შეადგინოს. ამის ანალოგიით, ქართველებსაც აქვთ შედგენილი საკუთარი სიები, სადაც ყველა ადამიანია შეყვანილი, ვინც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთიდან შევიდა.
უშუალოდ ზურაბ წერეთლის შესახებ ლევან ბერძენიშვილი ამბობს, რომ ის არ მიეკუთვნება ამ მოქანდაკის საქციელით მადლიერ ადამიანთა კატეგორიას. ეს ის ზურაბ წერეთელია, რომელმაც თბილისში ძეგლი „დაგვარჭო“ თავზე, იგი აბსოლუტურად უნიჭო შემოქმედია, რომელმაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა რუსეთის ინტერესების გატარებას.
„რუსეთის ტრაგედიაა, რომ ზურაბ წერეთელი დიდი კაცია ხელოვნების სფეროში. რუსეთში უამრავი გენიოსი მოღვაწეობდა და მოღვაწეობს და წერეთელზე უკეთესი დირექტორი ვერ იპოვეს დასანიშნად?!“
„მრავალარხიანი დიპლომატიის ინსტიტუტ-საქართველოს“ ხელმძღვანელი ლევან გერაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ზურაბ წერეთელი და ნიკოლოზ ცისკარიძე რუსეთის მოქალაქეები არიან და, როგორც რუსეთის მოქალაქეები, ატარებენ თავისი ოფიციალური, ფორმალური „სამშობლოს“ ინტერესებს. ამდენად, არ არის გასაკვირი, რომ რუსეთის ფედერაციასთან საომარ მოქმედებებში მყოფმა უკრაინამ ამგვარი გადაწყვეტილება მიიღო.
„დარწმუნებული ვარ, უკრაინალებს „შავი სიის“ შედგენის საფუძველი ჰქონდათ. ძალიან კარგიც უქნიათ, რომ ასე მოიქცნენ. ზურაბ წერეთელი იქნება, ნიკა ცისკარიძე თუ ნებისმიერი სხვა, სახელოვნებო სფეროში მათი ღვაწლის მიმართ ჩემი პატივისცემის მიუხედავად, ამორალურია, უკანონოა და მიუღებელია ის, რაც უკრაინასა და საქართველოში ხდება რუსეთის ფედერაციის მხრიდან. ასე რომ, ყველანაირი განცხადება, ქმედება, რომელიც რუსეთის როლს ამართლებს კონფლიქტების მიმართულებით, მიუღებელია. აბსოლუტურად ვეთანხმები უკრაინის ხელისუფლებას და წარმატებას ვუსურვებ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში“, - აღნიშნა ლევან გერაძემ.
მანვე პატივისცემა გამოხატა პეტერბურგელი მსახიობის ოლეგ ბასილაშვილის მიმართ, რომელიც 2008 წლის შემდეგ დემონსტრაციულად ჩამოვიდა საქართველოში, მოინახულა გორი, საიდანაც მამამისი იყო წარმოშობით და დააფიქსირა, რომ რუსეთის ამგვარი ქმედებები არასწორი იყო საქართველოსთან მიმართებით.
„მესმის, ამას გარკვეული გმირობა სჭირდება, რაც ვერ შეძლეს ისეთმა ადამიანებმა, როგორებიც არიან წერეთელი და ცისკარიძე. ისინი გარკვეულ სტრუქტურებს ხელმძღვანელობენ რუსეთში. მოგეხსენებათ, ცისკარიძე არის ბალეტის აკადემიის ხელმძღვანელი, ხოლო ზურაბ წერეთელი სამხატვრო აკადემიის ხელმძღვანელი. მათ იმაზე მეტი პასუხისმგებლობა აქვთ, ვიდრე ერთ დამოუკიდებელ თავისუფალ მოქალაქეს შეიძლება ჰქონდეს. ამიტომაც ცდილობენ პუტინის მზის ქვეშ ადგილის პოვნას“.