სუბარს ახალი გადაწყვეტილების მიღება მოუწევს

სუბარს ახალი გადაწყვეტილების მიღება მოუწევს

მიიღებს თუ არა ლტოლვილის სტატუსს, დემირელის სკოლის მმართველი, მუსტაფა ემრე ჩაბუქი, ეს 12 ოქტომბერს გახდება ცნობილი. იმ შემთხვევაში, თუკი თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე, ეს ნიშნავს, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქი პატიმრობიდან ავტომატურად განთავისუფლდება.

ბრალდებულის ადვოკატი, სოსო ბარათაშვილი ფიქრობს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი სასამართლო ბათილად ცნობს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს გადაწყვეტილებას, დიდი ალბათობით, ისევ სოზარ სუბარის უწყებას დააკისრებს სამართლიანი გადაწყვეტილების გამოტანას.

აღსანიშნავია, რომ დაცვის მხარე სასამართლოსგან ითხოვს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას, მაგრამ პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ სასამართლო, როგორც წესი, დაშვებული შეცდომის გამოსწორებას ისევ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს აკისრებს.

შეგახსენებთ, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქი თურქული მხარის მოთხოვნის საფუძველზე, 24 მაისს დააკავეს. ჩაბუქს თურქეთში, ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირის ბრალს უყენებენ. დაკავებული წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ პოლიტიკური დევნილია თურქეთში გიულენთან კავშირის მოტივით, თუმცა მუსტაფა ემრე ჩაბუქი არც გიულენთან რაიმე კავშირს ადასტურებს.

ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური საქმის სასამართლო პროცესის დაწყებმადე რამდენიმე დღით ადრე, სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ლტოლვითა და განსახლების მინისტრს სოზარ სუბარს რეკომენდაციით მიმართავს, ბათილად ცნოს მუსტაფა ემრე ჩაბუქისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ ლტოლვილის სტატუსის მინიჭების თაობაზე მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილება. ნანუაშვილმა სუბარისგან ახალი, დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.

როგორც ომბუდსმენის რეკომენდაციაშია ნათქვამი, საქმის მასალების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ გადაწყვეტილების მიღების ეტაპზე სამინისტრომ ყოველმხრივ და ამომწურავად არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელოვანი ყველა გარემოება, რის შედეგადაც, მიღებული გადაწყვეტილება არ იყო სათანადოდ დასაბუთებული, რაც მისი ბათილად ცნობის საფუძველია.

„სამინისტრომ სრულყოფილად არ შეაფასა თურქეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობა, რომელსაც პირდაპირი კავშირი ჰქონდა გადასაწყვეტ საკითხთან. კერძოდ, ადმინისტრაციულმა ორგანომ მხედველობაში არ მიიღო ისეთი გარემოებები, როგორებიცაა: წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოუძიებლობა, თურქეთის ხელისუფლების მიერ გაცხადებული სიკვდილით დასჯის სავარაუდო აღდგენის საკითხი, ოპოზიციურად განწყობილი მოსახლეობის მიმართ ანტიტერორისტული კანონის გამოყენება, თავად აღნიშნული კანონმდებლობის ხარვეზები, სამართლიანი სასამართლოს ხელმისაწვდომობის პრობლემა, გამოხატვის თავისუფლების კუთხით არსებული სირთულეები“, - აცხადებს უჩა ნანუაშვილი.

რეკომენდაციაში აღნიშნულია, რომ თავშესაფრის მაძიებელთა მიმართ გადაწყვეტილების მიღებისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს წარმოშობის ქვეყნის - მოცემულ შემთხვევაში თურქეთის რესპუბლიკის შესახებ ინფორმაციას, რომელსაც უნდა შეუპირისპირდეს თავშესაფრის მაძიებლის მიერ სამინისტროსათვის მიწოდებული მონაცემები.

„საქმის მასალების შესწავლამ გამოავლინა, რომ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კანონმდებლობასთან, რის გამოც დღის წესრიგში დგება მისი ბათილობის საკითხი“, - აღნიშნავს სახალხო დამცველი.

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო, რომელმაც დემირელის სკოლის მმართველს და მისი ოჯახის წევრებს უარი უთხრა ლტოლვილის სტატუსის მიღებაზე, სახალხო დამცველის რეკომენდაციას დუმილით ხვდება. საქმის ადვოკატი სოსო ბარათაშვილი ამბობს, რომ სახალხო დამცველის რეკომენდაცია არის მნიშვნელოვანი, რადგან ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ დეტალურად და ამომწურავად არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმეზე, რის შედეგადაც მიღებული გადაწყვეტილება არ არის სათანადაოდ დასაბუთებული.

„სახალხო დამცველის ამ რეკომენდაციას უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან სახლხო დამცველი არის ობიექტური პირი, რომელსაც შეუძლია შეაფასოს ობიექტურად ის გარემოებები, რომელიც შექმნილია სამართლებრივი თვალსაზრისით. ვფიქრობ, რომ ეს რეკომენდაცია სწორედ ამგვარი შეფასება არის.

იცით, რომ ჩვენ სარჩელი შეტანილი გვაქვს თბილისის საქალაქო სასამართლოში. საქმის განხილვა დანიშნული არის 12 ოქტომბერს. მთელ რიგ მტკიცებულელებზე დაყრდნობით მივიმჩნევთ, რომ დაირღვა მთელი რიგი კანონმდებლობა. მათ შორის საერთაშორისო კონვენცია ლტოვლითა სტატუსის შესახებ, ასევე საქართველოს კანონი საერთაშორისო დაცვის შესახებ. ჩვენი პოზიციის დასადასტურებლად მითითებული გვაქვს 450 გვერდიანი მტკიცებულებები, მათ შორის საერთაშორისო და არასამთვარობო ორგანიზაციების დასკვნები, როგორც კონკრეტულად მუსტაფა ემრე ჩაბუქის, ასევე თურქეთში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა სფეროში“, - აცხადებს სოსო ბარათაშვილი.

მისივე განცხადებით, ყველა დასკვნაში აღნიშნულია, რომ ის მდგომარეობა, რომელიც შექმნილია თურქეთის რესპუბლიკაში, განსაკუთრებით პენიტენციურ სისტემაში და სასამართლოებში, იძლევა შესაძლებლობას, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქი თურქეთში ექსტრადირების შემთხვევაში გახდება წამებისა და არადამინური მოპყრობის მსხვერპლი.

„სახალხო დამცველის პოზიცია სწორედ რომ, ჩვენი პოზიციის დადასტურებაა. მიიჩნევს, რომ ლტოლვილთა სამინისტრომ სათანადოდ არ შეისწავლა ბატონი ჩაბუქის საქმე. ამიტომ, გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საკითხი უნდა იქნეს დაყენებული. ჩვენ, ამ რეკომენდაციას წარვუდგენთ სასამართლოს, ცხადია, რომ ეს იქნება ერთ-ერთი მტკიცებულება. გარდა ამისა, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას აქვს მომზადებული რეკომენდაცია. ისინი საქმეში ჩაერთვებიან სასამართლოს მეგობრის სტატუსით და თავიანთ პოზიციას უკვე სასამართლოში დაასაბუთებენ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას სოსო ბარათაშვილმა.

ბარათაშვილი იმედოვნებს, რომ ამ კონკრეტულ საქმესთან მიმართებაში სასამართლო მიიღებს ობიექტურ და სამართლიან გადაწყვეტილებას, რაც ნიშნავს, რომ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს გადაწყვეტილება ბათილად იქნება ცნობილი. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაცვის მხარე გეგმავს მის ხელთარსებული სხვა მექანიზმების ამოქმედებას, მათ შორის ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსთვის მიმართვას.