ქალი, რომელმაც ლომები მოათვინიერა

ქალი, რომელმაც ლომები მოათვინიერა

23 ივნისს, 18 საათზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ე.წ. “გეპეის კაპელას” კონცერტი გაიმართება. კონცერტებს კაპელა ყოველწლიურად მართავს, წლევანდელი კონცერტი გამორჩეულია - საესტრადო და რესპუბლიკური კონკურსებისა და ფესტივალების მრავალგზის ლაურეატ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვაჟთა სახალხო კაპელის სამხატვრო ხელმძღვანელისა და მთავარ დირიჟორს ციცი ფალავანდიშვილს კაპელაში მოღვაწეობის 30 წელი უსრულდება. 

ღირსების ორდენის კავალერი და კაპელასთვის უამრავი ტიტულის მომტანი ხელმძღვანელი გეპეის კაპელაში 1981 წლის 23 ივნისს მივიდა. კაპელაში, რომელიც 1965 წელს მისმა მამიდაშვილმა იუზა კუბლაშვილმა დაარსა, ქალბატონი ციცი პირველი ფალავანდიშვილი არ ყოფილა, მეორე დირიჟორი, მისი მამა სოსო ფალავანდიშვილი გახლდათ. 1989 წელს ქალბატონი ციცი კონსერვატორიის განყოფილების გამგის თანამდებობიდან გადადგა და კაპელა მთლიანად ჩაიბარა. როდესაც ფალავანდიშვილის  ვაჟთა კაპელის ხელმძღვანელად დანიშვნის ამბავი გახმაურდა, ამბოდნენ, რომ ქალი მამაკაცებს ვერ უხელმძღვანელებდა, უკვე 30 წელი გავიდა და როგორც იუზა კუბლაშვილმა იწინასწარმეტყველა – ციცის არაფერი გაუჭირდება, ლომებს მოათვინიერებსო – ისე მოხდა, ციციმ ლომები მოათვინიერა.

ქალბატონ ციცი ფალავანდიშვილის ვაჟთა კაპელაში მოღვაწეობის პერიოდში მომღერალთა 7 თაობა შეიცვალა, ფალავანდიშვილის თქმით, 22 წლის ასაკში მასზე უფროსი სტუდენტებიც ჰყავდა, ახლა ანსამბლში ისეთებიც მღერიან, ვის მამებსაც ვასწავლიდი, ეს ძალიან მეამაყება. როდესაც ამ კონცერტის შესახებ ჩემს “ძველ” ბიჭებს დავურეკე, ასე მითხრეს, ციცი შენს აქნეულ ჯოხზე სიმღერა მოგვენატრაო. კონცერტზე კაპელის ახალი თაობის გარდა სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები იმღერებენ. სიმღერას ერთად შეასრულებენ მამების და შვილების თაობები. 

ცნობისთვის, გეპეის კაპლაში ძალიან ბევრი ადამიანი მღეროდა, მათ შორის არიან საქართველოს მთავრობის და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები, ქალბატონი ციცი მათი ჩამოთვლისგან თავს იკავებს, ვინმე არ გამომრჩესო, მაგრამ ცნობილია, რომ "თიბისი ჯგუფის" ხელმძღვანელი მამუკა ხაზარაძე იყო თამადა ციცის სახლში, როცა მან ღირსების ორდენი მიიღო.

კითხვაზე, იმღერებენ თუ არა კონცერტზე “მგზავრები”, რომლის სოლისტებიც ციცი ფალავანდიშვილის შვილები გიგი და ნინი დედალამაზიშვილები არიან, ქალბატონმა ციციმ გვიპასუხა, რომ ჯგუფი “მგზავრები” თავის სიმღერებს არ იმღერებს, თუმცა კონცერტზე მგზავრებს მაინც ვიხილავთ. როგორც იცით, 15 კაციანი ჯგუფიდან 8 “მგზავრებში” მღერის, გიგი დედალამაზიშვილი, ლაშა დოხნაძე, დათო გოგელია, ირკლი სარავა, გიორგი ახვლედიანი, რეზი ბუაზე, ბეჟო ამირანაშვილი, გუგა კუბლაშვილი...