სოსო ცინცაძე: „რუსეთს საქართველოში ომი არ სჭირდება“

სოსო ცინცაძე: „რუსეთს საქართველოში ომი არ სჭირდება“

იმის მიუხედავად, რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი ღონისძიება, რუსეთ-ბელარუსის სამხედრო წვრთნებს დასავლეთი საკმაოდ მკაცრად ეხმაურება. ცოტა ხნის წინ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან გაკეთდა განცხადებები საქართველოს თაობაზეც, სადაც ის მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და გაიყვანოს ჯარი - განცხადებების თანახმად, ქართული მხარეც მიიჩნევს, რომ სამხედრო წვრთნები მისი საზღვრების სიახლოვეს საფრთხის შემცველია. თუ გადავხედავთ ბოლო რამდენიმე წლის ისტორიას, მსგავსი განცხადებები კეთდება პერმანენტრულად, თუმცა ეს ხელს არ უშლის რუსეთს, განახორციელოს საკუთარი გეგმები. რა ფაზაში შეიძლება გადავიდეს ცივი ომის რიტორიკა და რამდენად არსებობს შეიარაღებული კონფლიქტის საფრთხე პოსტსაბჭოთა სივრცესა და კონკრეტულად, საქართველოში, ამ თემაზე ექსპერტი, სოსო ცინცაძე გვესაუბრება.

სოსო ცინცაძე: შეიძლება ითქვას, რომ მსგავსი განცხადებები არის მორალური მხარდაჭერა, მაგრამ საკითხი ასე დგას - არის კი ეს საკმარისი დღევანდელი საქართველოსთვის? ჩვენთვის მთავარია ეფექტზე გათვლილი პროცესი, ამიტომ მიმაჩნია, რომ მხოლოდ განცხადებები არასაკმარისია.

მას შემდეგ, რაც თურქეთსა და დასავლეთს შორის დაიძაბა ურთიერთობა, პროგნოზები კეთდებოდა, რომ აშშ და ევროპა უფრო მეტ ინტერესს გამოავლენდა საქართველოს, როგორც რეგიონში თითქმის ერთადერთი მოკავშირის მიმართ. უნდა ველოდოთ, რომ ეს პროგნოზები ჯერ კიდევ ძალაშია და შესრულდება?

- საქართველოსთვის სიტუაციური თვალსაზრისით დღეს არაფერი არ შეცვლილა, მაგრამ სამომავლოდ ეს შესაძლებელია.

ჩვენ გვქონდა იმედი, რომ რაკი მეზობელი თურქეთი ნატოს წევრია, გახდებოდა ევროკავშიერის წევრიც და ძალაუნებურად უფრო მეტად ინტეგრირებული იქნებოდა ცივილიზებულ სამყაროსთან, ჩვენც თურქეთზე მიბმული ვიქნებოდით ამ გზაზე, მაგრამ ეს მოლოდინიც გაქრა.

თურქეთი დღითიდღე შორდება ევროპას და საქმე იქამდეც კი მიდის, რომ ნატოს წევრი ქვეყანა სტრატეგიული თვალსაზრისით შეუსაბამოდ იქცევა - შეიარაღებას ყიდულობს რუსეთისგან. რა გამოდის? რუსეთის რაკეტები ნატოს არსენალში მოხვდება? რუსული გენერალიტეტი ამდენს ვერ ხვდება, რომ ნატოს შეიარაღება თანამედროვე რუსული შეიარაღებით არ უნდა გაამდიდროს? როგორც ჩანს, რაღაც სხვაშია საქმე - მოსკოვში იმედი აქვთ, ან ხედავენ, რომ რაღაც სხვაგვარადაა. რუსი სამხედროები გულუბრყვილოები სულაც არ არიან და მაქსიმალური პრაგმატიზმით გამოირჩევიან.

როგორც ჩანს, აქვთ გარანტიები - თურქეთი ისე დაშორდა ნატოს, რომ მათი რაკეტები ნატოს საკუთრება არ გახდება. რაკი თურქეთი ნატოს წევრია, მისი შეიარაღება ავტომატურად ნატოს საკუთრებაცაა. ეს ყველაფერი ხომ გვიბიძგებს რაღაც დასკვნებისკენ? - სამწუხაროდ, ამაში სასიკეთოს ვერაფერს ვხედავ.

იმედი მქონდა, რომ პენსის განცხადებები, რომელიც მისი საქართველოში ვიზიტის დროს გაკეთდა, იყო აშშ-ს კონგრესისა და თეთრი სახლის პოზიცია - რომ ჩვენს გვერდით დგანან. მაგრამ ეს ყველაფერი უკვე იმ ამბავს ემსგავსება, ერთი წლის წინ მედვედევი ყირიმში რომ ჩავიდა და პენსიონერები დააიმედა - ფული არ არის, მაგრამ ვაჟკაცურად უნდა იდგეთო.

მოლოდინი მართლაც ძალიან დიდი იყო, მაგრამ როგორც ჩანს, რაღაც შეიცვალა და მოვლენები ცოტა სხვა მიმართულებით ვითარდება - შეიძლება დასკვნების გამოტანა, საით მიდის ყველაფერი?

- დღეს ტრამპს იმდენი თავისტკივილი გაუჩნდა, რომ რუსეთთან კიდევ ერთი ფრონტი, თუ გნებავთ, პოლიტიკური, საქართველოს გამო, მას არაფერში სჭირდება.

როდესაც1999 წელს კლინტონმა თურქეთის სამიტზე რუსეთი აიძულა, ჯარები გაეყვანა საქართველოდან და სხვა რეგიონებიდან, დღეს ასეთი სიტუაცია აღარ არის. მაშინ კლინტონმა შეძლო და გამოიყენა რუსეთის იმდროინდელი სისუსტე. დღეს არც რუსეთია სუსტი და არც ტრამპია ძლიერი.

აშშ-ს დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისია რა ფაქტებს დადებს, ეს კიდევ სხვა საქმეა, ყოველღიურად ახალი ფაქტები იდება ტრამპის ადმინისტრაციისა და რუსეთის კავშირის შესახებ. ჰილარი კლინტონი კი უკვე წიგნებს წერს არჩევნების შესახებ, ანონსის მიხედვით, დოკუმენტებით ამტკიცებს - რომ არა რუსეთის ჩარევა, დღეს ის იქნებოდა ამერიკის პრეზიდენტი. ამერიკაში კი ხალხი, რომელიც გადაწყვეტილებებს ღებულობს, წიგნებს კითხულობს.

როდესაც დასავლეთს საკუთარი პრობლემები თავზე საყრელად აქვს და იმასაც ვხედავთ, რომ საქართველოსთვის ავტომატურ რეჟიმში არაფერი იცვლება, რა შეიძლება გავაკეთოთ? ახალი სტრატეგიაა საჭირო? ვიცით, რომ ჩვენი მთავრობის ვიზიტები აშშ-ში შედარებით გახშირდა, შესაძლებელია უფრო მჭიდრო კაშირებით კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერის მიღება?

- მაინც მგონია, რაც უფრო მეტი დიპლომატიური „ზეწოლა“ იქნება ვაშინგტონზე, მით უფრო ხელშესახებ შედეგს მივიღებთ. უნდა ვაიძულოთ - ამ სიტყვის კარგი გაგებით. თუმცა ჩვენი დიპლომატიური სამსახურის მარგი ქმედების კოეფიციენტს ვერ ვხედავ.

მთავარია, მივიღოთ რეალური დახმარება და არა პრესკონფერენციებზე გაკეთებული განცხადებები, რომ ნუ გეშინიათ... არადა, გვეშინია, იმიტომ რომ ამისი საფუძველი გვაქვს.

რუსულ წვრთნებზე არაერთხელ გვისაუბრია, მაგრამ საქართველოს საზღვრებთან ბოლოდროინდელ ფაქტებს რომ შევეხოთ, - მათ კვლავ დაიწყეს ხანძარსაწინააღმდეგო ხნულების გატარება და მიჩვეული ვართ, როდესაც რაღაც ქმედებებია საზღვრების მიმდებარედ, შემდეგ ამას ყოველთის მოჰყვება ხოლმე ჩვენთვის არც თუ სასიკეთო გაგრძელება...

- რუსებს ასეთი ქმედებები არც არასდროს შეუწყვეტიათ, რომ ვთქვათ განაახლესო - უბრალოდ, ეს სხვადასხვა ინტენსივობით ხდება ხოლმე. ფაზაა ასეთი დაძაბული - ყველა მხრიდან გააქტიურდა ქმედებები, ნატოს მხრიდანაც არის წვრთნები და რუსეთის მხრიდანაც.

უბრალოდ, ისღა დაგვრჩენია, იმედი დავიტოვოთ, რომ ორივე მხარე ხედავს წითელ ზოლს, რომლის გადაკვეთაც არ შეიძლება, იმიტომ, რომ ორივე მხარისათვის კატასტროფა იქნება.

ჩვენ მხოლოდ ბრმად შეგვიძლია კეთილი დასასრულის იმედი ვიქონიოთ, რადგან ჩვენი გადასახედიდან არ ჩანს, რომელი მხარე უფრო მეტად მიუახლოვდა წითელ ზოლს - ნატო თუ რუსეთი. ვხედავთ, რომ ორივე უახლოვდება და ამ შემთხვევაში მნიშვნელობა ეკარგება ინიციატორი ვინ არის.

არის მოლოდინი, რომ შესაძლოა რეგიონში რუსეთს დასჭირდეს მორიგი საჩვენებელი სადამსჯელო ღონისძიება. რამდენად შეიძლება, ეს შეეხოს საქართველოს?

- პუტინს დღეს აქვს იმდენი შესაძლებლობები, რომ მისი გამარჯვება არჩევნებში გარანტირებული იყოს. ერთადერთი კანდიდატი, რომელსაც შეეძლო მისთვის რაღაც წინააღმდეგობა გაეწიადა ისიც არავინ იცის - რა დოზით, ხელ-ფეხშკრულია. ნავალინს არაფრის საშუალებას არ აძლევენ.

პუტინი თავზეხელაღებული ავანტურისტი არ არის და მისი ყოველი ნაბიჯი გათვლილია შედეგზე. 2014 წლის ყირიმის მითვისება რუსულ მასაში მხარდაჭერის შესანარჩუნებლად კიდევ დიდხანს ეყოფა.

რაც შეეხება საქართველოს, საზღვრის გადმოწევა და მცოცავი ანექსია, ადამიანთა გატაცებები, გაზპრომის თემები და ა.შ. მუდმივად იქნება, მაგრამ ომის გაჩაღება საქართველოში პუტინს დღეს არაფერში სჭირდება.