პეკინის გამზირის რეაბილიტაციას აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. ერთი თვის წინ დედაქალაქის მერი დავით ნარმანია ირწმუნებოდა, რომ კვლევის შედეგების თანახმად, პეკინის გამზირზე ცალმხრივ მოძრაობას ემხრობოდნენ მძღოლები და მოქალაქეები. ამიტომ ცალმხრივი მოძრაობის შემოღებას წინ ვერაფერი დაუდგებოდა. თუმცა ამ სფეროს ექსპერტების მკვეთრი რეაქციის ფონზე, რომ აღნიშნული ტერიტორიის გაცალმხრივება საგზაო რისკებს წარმოშობდა, დედაქალაქის მერიაშიც დათმობაზე წავიდნენ და უკვე პროფესიონალურ დონეზე შეუდგნენ საგზაო ნაკადების გამოკვლევას ამ ქუჩაზე.
პეკინის გამზირი, რომელიც საათში 6 ათას ავტომობილს ატარებს, სიგანეში 27 მეტრს შეადგენს და ერთ-ერთ ყველაზე გადატვირთულ ქუჩად ითვლება თბილისში, დღეს საბოლოო გადაწყვეტილების მოლოდინშია-დარჩეს ორმხრივად თუ გადაიქცეს ცალმხრივად?!
ამ გამზირის ცალმხრივად გადაქცევის იდეას არ ემხრობა ევროკავშირის ტრასეკას პროექტის ექსპერტი გელა კვაშილავა. For.ge-სთან საუბარში ის აცხადებს, რომ ასეთ განიერ ქუჩებზე მიმართულების შეცვლა და ცალმხრივობის დაწესება უნდა მოხდეს სპეციალური კომპიუტერული პროგრამის გათვლების საფუძველზე. მით უმეტეს, რომ ეს ქუჩა ერთ-ერთი მთავარი ქუჩაა თბილისში, როგორც მანქანების გამტარუანობის, ისე სავაჭრო თვალსაზრისით. აქ უამრავი ადამიანია დასაქმებული და ეს არის ძალზე მჭიდროდ დასახლებული ურბანული ზონა. ამდენად, სატრანსპორტო საკითხების შეცვლას როცა ცდილობენ, პირველ რიგში, იქ მცხოვრები ადამიანების, დასაქმებულების ინტერესები უნდა გაითვალისწინონ; ისიც განსაზღვრონ, ამ სახის ცვლილება როგორ გავლენას მოახდენს მიმდებარე ქუჩებზე, თუნდაც ჟვანიას მოედანთან მიმართებით რას მოიტანს მისი გაცალმხრივება?!
„თავიდან სულ სხვა მოდელი იყო წარმოდგენილი. მას შემდეგ, რაც ექსპერტებმა, არასამთავრობოებმა ამ საკითხის შესწავლა მოვითხოვეთ, სიტუაცია შეიცვალა და პეკინის გამზირი უკვე მთლად ცალმხრივი აღარ არის, ყაზბეგის გამზირიდან ორივე მხარეს ჩადიხარ. მთლიანობაში, პეკინის რაღაც ნაწილი გაცალმხრივებულია, მაგრამ გარკვეულ ნაწილში შეგიძლია ორივე მხარეს ჩაუხვიო. თვითონ მერიაშიც ამბობენ, რომ დაკვირვების რეჟიმში არიან, რადგან პრობლემები უკვე გაჩნდა მიმდებარე ქუჩებზე, მათ შორის, იოსებიძეზეც. ამას სპეციალური ექსპერტული კვლევა სჭირდება და არა მოქალაქეების გამოკითხვა. მოქალაქე როგორ გეტყვის, ცალმხრივი ქუჩა სჯობს, თუ ორმხრივი, თუ საქმეში არქიტექტორები, ურბანისტები, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის დამგეგმარები არ ჩართე?! ბუნებრივია, ცალმხრივობისას ავტომობილების მოძრაობა ამხელა სიგანის ქუჩაზე უფრო ინტენსიური გახდება. თუ უსაფრთხოების კუნძულები არ მოეწყო შუაში, ძალიან მკაცრი რეჟიმი არ განხორციელდა, ქუჩაზე გადასვლის მხრივ პრობლემები შეიქმნება“, - აცხადებს გელა კვაშილავა, რომლის დაკვირვებითაც, ევროპულ ქალაქებში ქუჩების გაცალმხრივებას უფრო პატარა ქუჩებზე ახდენენ.
მისივე მოსაზრებით, სავარაუდოდ, პეკინის გამზირის გაცალმხრივების მიზანი საცობების მოგვარება იყო, მაგრამ შესაძლებელია, მომავალში გაცილებით უფრო მეტი სამანქანო ზოლი წამოვიდეს ამ ქუჩაზე, რითაც მიმდებარე ქუჩებს შეექმნება პრობლემები.
„კარგი ის არის, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტს ამ ქუჩაზე აქვს ორმხივი მოძრაობის საშუალება. თუმცა მთავარია, რომ ცალმხრივი ქუჩები ქალაქის სიცოცხლისუნარიანობას ხელს არ უწყობს. იქ, სადაც ორივე მხარეს სავაჭრო ცენტრები და კორპუსებია, ქუჩის გადაკვეთა და ქუჩაზე გადასვლა ყოველთვის აქტიური იქნება“.
რაც შეეხება ველობილიკს, ექსპერტი მიიჩნევს, რომ ეს, ალბათ, დასაწყისია, თორემ ველობილიკი განცალკევებულად, მარტო ერთ მონაკვეთზე ვერ იმუშავებს, ის რაღაცასთან უნდა იყოს დაკავშირებული.
„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარეს ეკა ლალიაშვილს აინტერესებს, რატომ ვუთმობთ დიდ გზას ავტომობილებს და ადამიანების ინტერესები გვავიწყდება?! ქალაქის პრობლემა ხომ ის არის, რომ ჯერჯერობით მანქანები რჩებიან პრიორიტეტულად, ვიდრე ადამიანები. პეკინის გამზირსან როცა ვაცალმხრივებთ, არგუმენტებს ვერ ვისმენთ, ქვეითისთვის რა სიკეთეს მოიტანს, გარდა იმისა, რომ მძღოლებისთვის იქნება კომფორტული, რათა საცობში არ იდგნენ.
„ჩვენ კომფორტი მანქანებს კი არ უნდა შევუქმნათ, არამედ- ადამიანებს. შესაბამისი კვლევა არ ჩატარებულა და არ გვაქვს პასუხი, რატომ ვაპირებთ ცალმხრივი მოძრაობის დაწესებას?! მერიისგან ვისმენთ, რომ დაკვირვების რეჟიმში არიან და, თუ ქუჩის გაცალმხრივება არ გაამართლებს, ძველებურ რეჟიმს დაუბრუნდებიან. წინასწარ ვერ ვიტყვით, ცალმხრივი ქუჩა გაამართლებს თუ ორმხრივი. გაამართლებს მაშინ, თუ იქნება ნაკლები ხმაური, ნაკლები გამონაბოლქვი. აქ ტექნოლოგიების გამოყენებით დაფუძნებულ კვლევაზეა საუბარი. თანამედროვე ევროპული ქალაქების უპირატესობა არის უფრო მეტი მწვანე სივრცე, ცენტრალურ ქუჩებზე ნაკლები გზა ავტომობილს, მეტი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მეტი ჯანსაღი ტრანსპორტი, ველოსიპედი და ფეხით მოსიარულეთა ბილიკები. ამ კონტექსტში პეკინის გამზირზე ველობილიკის მოწყობა დადებითია, თუმცა ეს მხოლოდ ფრაგმენტია და არ უნდა შეჩერდეს, მას ლოგიკური გაგრძელება უნდა მოჰყვეს. უხერხული იქნება, მხოლოდ ერთ მონაკვეთზე- ბულაჩაურიდან მიროტაძის ქუჩამდე ველობილიკის გაკეთება, რადგან არსად არ მივყავართ ამ ველობილიკს. აუცილებელია ამის გაგრძელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნება გადაყრილი თანხა და შესაძლოა, პარკირების ადგილად იქცეს გამოუყენებელი ველობილიკი“, - აცხადებს ეკა ლალიაშვილი For.ge-სთან საუბარში.