მიმართვა
საქართველოს პარლამენტის წევრებს: დავით მათიკაშვილს, ანრი ოხანაშვილს, გურამ მაჭარაშვილს, ეკა ბესელიას, ოთარ დანელიას, ივლიანე წულაიას, ვანო ზარდიაშვილს
თქვენი ინიციატივით, 2017 წლის 31 აგვისტოს საქართველოს პარლამენტში შევიდა კანონპროექტები „სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“.
ეს საკანონმდებლო ინიციატივა გულისხმობს იმ მორატორიუმის დარღვევას , რომელიც 2017 წლის 16 ივნისს იქნა მიღებული და რომლის მიხედვითაც „საქართველოსკონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის“ ამოქმედებამდე, შეჩერებულიქნა „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ ნორმის მოქმედება, რომელიც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლებას ანიჭებს უცხოელს, საზღვარგარეთ რეგისტრირებულ ურიდიულ პირსა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უცხოელის მიერ საქართველოში რეგისტრირებულ ურიდიულ პირს.
ანუ თქვენ, თქვენი კანონპროექტითცდილობთ საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის დროს მთავარი კონსესუსის - მიწის ორგანული კანონით - „მიწის კოდექსით“ დარეგულირების შეთანხმებაში კორექტირების შეტანას!
რამდენად სწორია ეს პოლიტიკურად და რამდენად შეუწყობს ხელს ხელისუფლებისადმი ნდობის გაძლიერებას - ძნელი მისახვედრი არაა. ეს მორატორიუმი არის ის ერთადერთი დარჩენილი შეთანხმება კონსტიტუციით დაინტერესებულ მხარესა და ხელისუფლებას შორის, რომელიც შენარჩუნებული იყო და არ იწვევდა ეჭვებს წინამდებარე კანონპროექტებამდე.
რა ისეთი მნიშვნელობის მიზანია ამ კანონპროექტების უკან, რომელიც საკონსტიტუციო მორატორიუმის დარღვევას არ ერიდება, მაშინ როდესაც საკონსტიტუციო პროცესში დაინტერესებულ მხარეთა შეუთანხმებლობამ დიდად დააზიანა ხელისუფლების იმიჯი არა მარტო ქვეყნის შიგნით?
თქვენ, კანონპროექტის ინიციატორები, საქართველოს კანონის პროექტზე „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განმარტებით ბარათში, ანუ კანონპროექტის პასპორტი, რომელშიც უნდა ჩანდეს კანონპროექტის პოლიტიკური და ეკონომიკური მიზანშეწონილობა, მტკიცებულების ნაცვლად კმაყოფილდებით ზოგადი ფრაზებით.
აი, კანონპროექტის მთელი „დასაბუთება“: „ორგანულ კანონში უნდა იქნას გაწერილი ის საგამონაკლისო შემთხვევები, რომლებიც დღეს მოქმედი მორატორიუმით არ არის გათვალისწინებული. თუმცა, ორგანული კანონის ამოქმედებამდე, გარდამავალ ეტაპზე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვების ზოგიერთი საკითხი საჭიროებს მყისიერ მოწესრიგებას. აღნიშნული, ერთი მხრივ ხელს შეუწყობს პრაქტიკაში წარმოშობილი ობიექტური შემთხვევების სამართლიანგადაწყვეტას, ხოლო, მეორე მხრივ დააზღვევს იმ საფრთხეებს, რაც გარდამავალ ეტაპზე მიწის გასხვისების დროს შეიძლება შეიქმნას“(სტილი დაცულია - ავტ.).
არაფერს ვამბობთ იმაზე, რომ თქვენ ქვეყნის პოლიტეკონომიურ სივრცეში შემოგაქვთ დიდი გაურკვევლობა, თურმე მოსალოდნელია „გარდამავალი ეტაპი ორგანული კანონის ამოქმედებამდე“, ეს ეტაპი აღსავსეა „საფრთხეებით“, „ზოგიერთი საკითხი მოითხოვს მყისიერ მოწესრიგებას“. მთავარი ისაა, რომ კი არ იძლევით მათ ახსნასა და მოქმედების გეგმას, არამედ პრობლემების სიმრავლე ბოლოს დაგყავთ მხოლოდერთ მიზანზე: „გარდამავალ ეტაპზე“ კომერციულ ბანკებს მიენიჭოთ „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისნაკვეთზე საკუთრების შეძენის ლეგიტიმური უფლებამოსილება“ და საქართველოს მთავრობას „განსაკუთრებულ შემთხვევებში მიენიჭოს დისკრეციული უფლებამოსილება ზემოაღნიშნული მორატორიუმის მოქმედების განმავლობაში მიიღოს ლეგიტიმური გადაწყვეტილებები იმ დაინტერესებულ პირთა სასარგებლოდ, რომლებთან მიმართებაშიც არსებობს დასაბუთებული აუცილებლობა და სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების მოპოვების თაობაზე“.
კომერციული ბანკებისათვის მიწის ფლობა-განკარგვა, მთავრობის მიერ კაბინეტებიდან მიწით ვაჭრობის დისკრეციები კი არაა მთავარი, არამედ ნორმალური მიწის ბაზრის არსებობა, რომელიც მოწესრიგებული იქნება კანონმდებლობითა და საბაზრო მექანიზმებით .
საქართველოს ეკონომიკური განვითარების შემაფერხებელი ერთ-ერთი ფუნდამენტური მიზეზია მიწის საკუთრებითი და მიწათსარგებლობითი ურთიერთობების სრული მოუგვარებლობა და გადაუდებელი აუცილებლობაა მიწის კოდექსის სასწრაფოდ მიღება, რომელსაც საფრთხეს უქმნის თქვენს მიერ შემოთავაზებული გამონაკლისების პრაქტიკა და „თეორიები“ გარდამავალი პერიოდების შესახებ.
თქვენ არ აკონკრეტებთ „გარდამავალი პერიოდის“ კონკრეტულ ხანგძლივობას, თუმცა გვთავაზობეთ პერიოდს სადაც შეზღუდვები იქნება ყველასთვის, გარდა ბანკებისა და მთავრობისათვის.
მაგრამ ეს ხომ ყველაფერი იყო?
ყველას გვახსოვს, რომ 2013 წლის 28 ივნისს ზუსტად ისეთივე მორატორიუმი გამოცხადდა , როგორც ახლა - 2017 წლისს 16 ივნისს. მაშინ „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებისშესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებით უცხოელებზე (უცხოელი, საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უცხოელის მიერ საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი)მიწის გაყიდვაზე მორატორიუმის ვადა განისაზღვრა 2014 წლის 31 დეკემბრამდე.
ყველას ჰგონია, რომ ეს მორატორიუმი გააუქმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2014 წლის 24 ივნისს. სინამდვილეში მან გააუქმა მორატორიუმიდან დარჩენილი ნაწილები.
მორატორიუმი კი, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყეტილებამდე, გააუქმა საქართველოს პარლამენტმა 2014 წლის 20 თებერვალს (matsne.gov.ge/ka/document/view/2257184), დაუშვა რა ზუსტად იგივე გამონაკლისები, რასაც თქვენ დღეს ითხოვთ: მორატორიუმის მოქმედების პერიოდში მიწებით ექსკლუზიური ვაჭრობის უფლება ჰქონოდათ უცხოელებთან კომერციულ ბანკებს და მთავრობას.
მაშინ ამ ინიციატივის ავტორი იყო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ( მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი), დღეს თქვენ ქვეყანას თავაზობთ ზუსტად იგივე „გამონაკლისების“ ნორმებს, ცოტა უფრო მეტი უფლებებით და კვლავ კომერციული ბანკებისა და მთავრობისათვის.
ჩვენ ერთი წუთითაც არ გვინდა დავუშვათ, რომ რომელიმე თქვენთაგანმა არ იცის ზემოთმოტანილი ისტორია, არ იცის, რომ თქვენს მიერ შემოთავაზებული ნორმები წინათ არსებული საკანონმდებლო ნორმების აღდგენაა. ასეთ შემთხვევაში ელემენტალური ლოგიკით, უნდა მოგეცათ თქვენი ანალიზი და შეფასება ამ ნორმების მოქმედების შედეგებთან დაკავშირებით.
ჩვენი შეფასებით, დაშვებული გამონაკლისების მიღებამ მოგვცა სავალალო შედეგები. უმთავრესი კი ის იყო, რომ ეტყობა ამ გამონაკლისებმა დააკმაყოფილა პოლიტიკური ნების გამსაზღვრელი ელიტა და შეუსრულებელი დარჩა კანონის „მიწის სრესურსების რაციონალურად გამოყენებისა და დაცვის მიზნით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისა“ და სხვა მოთხოვნები.
ჩვენ დიდი ეჭვი გვაქვს, რომ თქვენს მიერ შემოთავაზებული „გამონაკლისებისათვის“ ახალი სიცოცხლის მიცემა, ისტორიას გაიმეორებს. თუმცა იმ განსხვავებით, რომ თუ პირველად ეს იყო ისტორია (ჰეგელის სიტყვების პერეფრაზით) ტრაგიკული, ეხლა იქნება ფარსის სახით.
საბანკო სექტორთან ხელისუფლების ერთიან ინტერესებში გაერთიანებისა და შერწყმის ცდა, რომელიც კანონპროექტითაა ჩაფიქრებული ქართული საზოგადოებისავის სოციალური ხანძრის შეგნებული გაჩენის ტოლფასია.
ჩვენ მოგიწოდებთ:
კანონპროექტის ინიციატორებო, სასწრაფოდ გაიწვიეთ თქვენი ( ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2013 წლის კანონპროექტიდან „გადმოწერილი“) კანონპროექტი.
გაემიჯნეთ კომერციული ბანკების მიწის სპეკულიანტებად და ფეოდალებად გადაქცევის, აგრეთვე და ბანკებისა და ხელისუფლების შერწყმის პროცესს.
გააანალიზეთ, თუ რატომ, ვისი მიზეზით არ შესრულდა 2014 წლის 31 დეკემბრამდე მიწის კანონმდებლობის მოწესრიგების კანონისეული მოთხოვნა.
დააჩქარეთ კონსტიტუციური ცვლილებების მიღება.
დააჩქარეთ სრულფასოვანი მიწის კოდექსის მიღება.
შეგახსენებთ:
წართმეულ მიწას - დაიბრუნებ, გაყიდულს - ვერა
ნახანძრალ მიწაზე სიცოცხლეს აღადგენ, გაყიდულ მიწაზე - საფლავსაც ვერ შეინარჩუნებ.
ყველა ხანძარს შეიძლება გადაურჩეს ადამიანი, გარდა ფეხქვეშ მიწის წვისა!
გთხოვთ:
დაფიქრდით! შეჩერდით!
პროფესორები:
პაატა კოღუაშვილი, გოგოლა მარგველაშვილი, გიგა ბათიაშვილი, გივი თალაკვაძე, ანზორ მესხიშვილი, ბადრი რამიშვილი, ჯუმბერ ფანჩულიძე, გიზო ურუშაძე, ნიკოლოზ ჩიხლაძე, მიხეილ ჯიბუტი