„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ კანონში ცვლილებები მომზადდა, თუმცა, როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა,დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, „გადაწყვეტილება, რომ ქართული მიწა გაიყიდება მხოლოდ ქართველებზე, არის ურყევი“.
მისივე განმარტებით, ეს პროექტი იძლევა შესაძლებლობას, რომ ქართული მიწა განვითარდეს, და ეს არის ძირითადი არსი ცვლილებისა.
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენასთან დაკავშირებით კანონით დადგენილი შეზღუდვა კომერციულ ბანკებზე და განსაკუთრებულ შემთხვევებზე, რომელიც მთავრობის გადაწყვეტილებით განისაზღვრება, არ გავრცელდება.
ამავე ცვლილებების მიხედვით, შესაძლოა, უცხოელ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომელთაც მიწაზე საკუთრების უფლება მორატორიუმამდე მოიპოვეს, შესაძლოა საკუთრების განკარგვის უფლება მიეცეთ.
როგორც უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილიაცხადებს, აღნიშნული წინადადება ცვლილებების პროექტის განხილვისას დაისვა და ის სავარაუდოდ, კანონში აისახება.
ასევე, პრინციპების დონეზე გაზიარებულია ინიციატივა იმასთან დაკავშირებით, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვისგან კომერციული ბანკების გარდა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიც გათავისუფლდნენ, იმ დათქმით, რომ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვებიდან ერთი წლის ვადაში, მას შესაბამის უფლებამოსილ პირზე - საქართველოს მოქალაქეზე გაასხვისებენ. რაც შეეხება ბანკებს, მათ წარმოეშობათ ვალდებულება, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვებიდან ორი წლის ვადაში ის შესაბამის უფლებამოსილ პირზე გაასხვისონ.
შეგახსენებთ, რომ საგაზაფხულო სესიის ბოლოს, პარლამენტის მიერ მიღებული კანონით, უცხოელებსა და უცხოურ კომპანიებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისებასა და საკუთრებაში გადაცემაზე მორატორიუმი დაწესდა. პარლამენტის გადაწყვეტილებით, შესაბამისი საკანონმდებლო ნორმა საკონსტიტუციო ცვლილებების ამოქმედებამდე შეჩერდა.
ოხანაშვილის განმარტებით,განსაკუთრებული შემთხვევები იმას გულისხმობს, რომ ეს უნდა იყოს გამონაკლისი შემთხვევა და მთავრობამ შესაბამისი გადაწყვეტილება სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით მიიღოს. შესაძლოა, ინვესტიცია ხორციელდებოდეს და ამისთვის საჭირო იყოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის უცხოელისთვის გადაცემა, სადაც საქართველოს მოქალაქეები დასაქმდებიან და მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელება. გარდა ამისა, ოხანაშვილის განმარტებით, საზღვარგარეთ მყოფ ჩვენ თანამემამულეებს, რომლებიც აღარ არიან საქართველოს მოქალაქეები და გაუჩნდებათ სურვილი, შეიძინონ წინაპრების ადგილი ან საქართველოში ორ ჰექტარზე ჰქონდეთ სოფლის მეურნეობა, ესეც განსაკუთრებული შემთხვევაა და შეეძლებათ მთავრობას მიმართონ.
პარლამენტში წარდგენილი ცვლილებებით, ასევე გათვალისწინებულია მთავრობისათვის დისკრეციული უფლებამოსილების მინიჭება, მორატორიუმიდან გამონაკლისის დაშვებასთან დაკავშირებით მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
ასეთ შემთხვევაში, დაინტერსებულმა პირმა შესაბამისი არგუმენტაციით უნდა მიმართოს დარგში პოლიტიკის განმახორციელებელ აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის დაწესებულებას, რომელიც საკითხის შესწავლის შემდგომ, საკითხს განსახილველად და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად მთავრობას წარუდგენს.
პროექტის ინიციატორები არიან დეპუტატები: ანრი ოხანაშვილი, ეკა ბესელია, ვანო ზარდიაშვილი, დავით მათიკაშვილი, გურამ მაჭარაშვილი და ილია წულაია.
როგორც პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები დროებით რეგულაციას წარმოადგენს. მისივე შეფასებით, მიწის გასხვისების საკითხთან დაკავშირებული თემა საკმაოდ სენსიტიურია დაემოციურად დატვირთული საკითხია.
„ერთი მხრივ, არის ინტერესი, რომ სასოფლო სამეურნეო მიწის გასხვისებაზე არსებობდეს შეზღუდვები და რეგულაციები. არსებობს მნიშვნელოვანი ინტერესი, რომ ქვეყანას ჰქონდეს გარკვეული ინვესტიციები. ასევე არსებობს მნიშვნელოვანი ინტერესი, რომ მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ მიწას და მათ საკუთრებაში გააჩნიათ ეს ქონება, მისი ფასი არ დავარდეს. ორივე მხარეს გარკვეული ინტერესები არსებობს. არსებობს საკუთრების უფლების დაცვის ვალდებულება. არსებობს მიწის გაფრთხილების აუცილებლობაც. ჩვენ ვცდილობთ, რომ გარკვეული ოქროს შუალედი მოვძებნოთ“,-აცხადებს ჩუგოშვილი.
მისივე განმარტებით, ის პროცესი, რომელსაც ახლა ჩვენ გავდივართ, არის დროებითი და კონსტიტუციის მიღების შემდეგ მისაღები გვექნება ორგანული კანონი, რომელმაც უფრო დეტალურად უნდა დაარეგულიროს ეს თემა.
ჩუგოშვილის განმარტებით, ამ გარდამავალ პერიოდში გარკვეულ რეგულაციებს ვიღებთ იმისთვის, რომ ეს ორი ინტერესი იყოს დაბალანსებული.
ოპოზიცია აპროტესტებს დროებითი რეგულაციების შემოღებასაც კი - როგორც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო რატიანმა განაცხადა, „ქართულმა ოცნებამ“ კერძო პირებს მიწის გაყიდვის უფლება წაართვა და ახლა სურთ, რომ ეს უფლება გადასცენ კორუმპირებულ ხელისუფლებას.
რატიანი მიიჩნევს, რომ მიწის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის შემდეგ, ერთი კონკრეტული ადამიანის ბრძანების გარეშე, საქართველოში ვერც ინვესტიციები განხორციელდება და ვერც მიწა გაიყიდება. რატიანი ამ კონკრეტულ ადამიანად ბიძინა ივანიშვილს ასახელებს.
„ორი წლის შემდეგ თუ ბანკებმა ვერ გაყიდეს მიწა, ფაქტობრივად, მას ან სახელმწიფო შეისყიდის, ან სხვა რამ მოხდება. ეს არის კორუფციის საფუძველი“, - აცხადებს რატიანი.
როგორც ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, რომან გოცირიძე აცხადებს, მმართველ გუნდს ისინი თავიდანვე აფრთხილებდნენ, რომ მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქეზე გასხვისების შესახებ კანონი არაკონსტიტუციური იყო.
გოცირიძის აზრით, ეს ნორმა ფერმერებს დააზარალებს, რადგან, მათ საკუთარი მიწის იპოთეკით დატვირთვისა და სესხის აღების საშუალება არ ექნებათ, იქიდან გამომდინარე, რომ ბანკების მფლობელები, ძირითადად, უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან და მათ მიწის ჩამორთმევის უფლება არ ექნებათ. შესაბამისად, ბანკები მსგავს გარიგებაზე არ წავლენ.
„ბანკებში იპოთეკით დატვირთული მიწა, ფაქტობრივად, გახდა უსარგებლო. ამით გააკეთეს ის, რომ საქართველოს არცერთ ფერმერს არ ექნება შანსი, რომ მიწის დაგირავებით მიიღოს სესხი“, - მიიჩნევსგოცირიძე.
ოპოზიციაში არსებულ ნორმაში კორუფციის ნიშნებსაც ხედავენ და მმართველი გუნდის მიერ დაშვებულ შეცდომაზე ამახვილებენ ყურადღებას.
საპარლამენტო უმცირესობის მდივანი, ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრი, ირაკლი აბესაძე თვლის, რომ ორ თვეში ცდილობენ, მიიღონ სხვაგვარი გადაწყვეტილება და სურთ, ეს წარმოადგინონ წინ გადადგმულ ნაბიჯად.
მმართველი გუნდი ოპოზიციის კრიტიკას „სპეკულაციას“ უწოდებს და მიიჩნევს, რომ მათ მიერ მიღებული გამონაკლისები სისტემას უფრო მოქნილს გახდის.
„ეს არის სპეკულაციური შეფასებები ოპოზიციის მხრიდან. ჩვენი ამოცანაა, მიღებული გადაწყვეტილებებით არ შეიზღუდოს და არ შეფერხდეს, მათ შორის საბანკო სექტორის საქმიანობა. მიგვაჩნია, რომ უფრო მოქნილი ხდება ეს მორატორიუმის ფარგლებშიც“, - მიიჩნევს უმრავლესობის წევრი, ზაზა გაბუნია.
ექსპერტთა ნაწილი თვლის, რომ თუ მიწაზე მორატორიუმი გამოაცხადეს, ეს უნდა გავრცელებულიყო როგორც კერძო სექტორზე, ისე სახელმწიფოზე და კანონში გამონაკლისების არსებობა დაუშვებელია.
ექსპერტი, ირაკლი მაკალათია მედიასთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ცვლილებების შედეგად სახელმწიფო ხდება მიწის რესურსის გაყიდვის მონოპოლისტი, რომელიც გადაწყვეტს, ვის მიჰყიდოს და ვის - არა.
მისივე შეფასებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის და ბანკებისთვის პრივილეგიების მინიჭება იმით არის განპირობებული, რომ საბანკო-საფინანსო სექტორი ქვეყანაში ყველაზე უფრო განვითარებულია, დიდი ფული ტრიალებს და სახელმწიფოს მოტივაციაც აქედან გამომდინარეობს.
„ინვესტორი რომ შემოდის, მას უწევს მოლაპარაკება უკვე არა კერძო სექტორთან, არამედ სახელმწიფოსთან, ეს კი ინვესტორისთვის მიმზიდველი გარემო არ არის. მას ურჩევნია კერძოსთნ ჰქონდეს ურთიერთობა“, - აცხადებს მაკალათია.
სავარაუდოდ, პარლამენტის მიერ ინიცირებულ ცვლილებათა პროექტს სხვა, გაცილებით ღრმა ფესვები აქვს და არა ის, რაზეც ოპოზიცია საუბრობს.
როგორც ცნობილია, ინვესტორთა საბჭოს სხდომაზე, რომელიც მიმდინარე წლის ივნისში, ე.წ. მორატორიუმის შემდეგ ჩატარდა და მას საქართველოს ბიზნესასოციაციისა და ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტები ესწრებოდნენ, შენიშვნები გამოითქვა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის სასოფლო-სამეურნეო მიწის მფლობელობის უფლების ჩამორთმევის გეგმასთან დაკავშირებით. სხდომას ბიზნეს-წრეების წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს მთავრობის წევრები და პრემიერ-მინისტრი ესწრებოდნენ.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მხრიდან გამოითქვა მოსაზრება, რომ უცხოელი მოქალაქეებისათვის სასოფლო-სამეურნეო მიწის მფლობელობის უფლების ჩამორთმევა საქართველოში მნიშვნელოვან პრობლემებს შეუქმნის საფინანსო ინსტიტუტებს, მათ შორის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს აგრობიზნესების დაფინანსებაში და აგროსექტორს შეეზღუდება ფინანსებზე წვდომა.
ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა კი აღნიშნა, რომ არასაკმარისია კომუნიკაცია კერძო სექტორთან, რის გამოც ამერიკის სავაჭრო პალატის ბევრი წევრი ვერ ხვდება, თუ რა დგას ამ ინიციატივის უკან.
ევრობანკის (EBRD) პოზიციით, სოფლის მეურნეობა საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პოტენციალია, ამიტომ უნდა არსებობდეს გამონაკლისი მაღალტექნოლოგიური კომპანიებისთვის.
ეს - რაც ოფიციალურად გახდა ცნობილი, კულუარებში რა საუბრები გაიმართა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და რა დონეებზე, კიდევ სხვა თემაა.
როგორც ცნობილია, „ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილი პროექტი დაჩქარებული წესით განიხილება და ეს აჩქარება გასაგებია - საქართველოს მთავრობას განსახორციელებელი აქვს 4-პუნქტიანი გეგმა და როგორც ჩანს, მის შესრულებას დამოუკიდებლად, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დახმარების გარეშე ვერ შეძლებს.
როგორც ჩანს, ხელისუფლება ორ წყალს შუა მოექცა, ერთი მხრივ, ქართველი მოსახლეობის განწყობებს ითვალისწინებს, მეორე მხრივ - საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პოზიციას, რომელთა მხარდაჭრის გარეშე ჩვენს, ისედაც დაბეჩავებულ ეკონომიკას სახარბიელო მომავალი არ უწერია.
ახლახანს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა EBRD-ის პრეზიდენტთან, ერსუმაჩაკ რაბარტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ევრობანკის მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის განხორციელებაში.
საქართველოსა და ევრობანკს შორის თანამშრომლობა უკვეი თვლის 25-წლიან ისტორიას. ამ პერიოდის განმავლობაში, ჩვენს ქვეყანაში ბანკის 200-ზე მეტი პროექტი და დაახლოებით 3 მილიარდი ევროს მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა.
„ბანკის ახალი სტრატეგია ორიენტირებულია სწორედ ოთხპუნქტიანი გეგმის მხარდაჭერაზე... საქართველოს ბანკებს მიეცათ შესაძლებლობა, ბიზნესის დაფინანსება განახორციელონ ეროვნულ ვალუტაში. ეს პროექტი ხელს უწყობს ჩვენს ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. ეს გახლავთ ახალი, ექსპორტზე ორიენტირებული საწარმოების მხარდაჭერა. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია 110 მილიონი ევროს ოდენობის საკრედიტო ხაზის გამოყოფა ლარში“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებულად აღნიშნა ევრობანკის წვლილი საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესში და განაცხადა, რომ ბანკის ახალი სტრატეგიის ერთ-ერთი პრიორიტეტის წორედ ამ პროცესში საქართველოს მხარდაჭერაა.
გარდა საინვესტიციო პროექტების თანადაფინანსებისა, პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებულად გამოყო EBRD-ის მხარდაჭერა ეკონომიკური რეფორმების პროცესში. ასე რომ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადება, იმის თაობაზე, რომ მმართველი გუნდი გადაწყვეტილებას ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საწინააღმდეგოდ იღებს, არც თუ მთლად რაციონალური და საფუძვლიანია.