ბანკებსა და მიკროსაფინანსოებს მიწის გაყიდვა ვერ აუკრძალეს

ბანკებსა და მიკროსაფინანსოებს მიწის გაყიდვა ვერ აუკრძალეს

ხელისუფლება მიწის გაყიდვაზე მის მიერვე დაწესებული მორატორიუმის დარღვევას აპირებს. ახალი ინიციატივით უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატმა პარლამენტს მიმართა, რომლის მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევებში მთავრობას უცხოელებისთვის მიწის გასხვისების შესაძლებლობა მიეცემა. ამ უფლებით მინისტრთა კაბინეტი საკონსტიტუციო ცვლილებების ძალაში შესვლამდე ისარგებლებს.

პარლამენტის წევრების - დავით მათიკაშვილის, ანრი ოხანაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, ეკა ბესელიას, ივლიანე წულაიასა და ვანო ზარდიაშვილის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელსაც საქართველოს პარლამენტი განიხილავს, ეხება კანონპროექტებს „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.

კანონპროექტის მიხედვით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების შეძენის შეჩერების შესახებ დადგენილი მორატორიუმი გარდამავალ ეტაპზე არ გავრცელდება კანონმდებლობით განსაზღვრულ კომერციულ ბანკებზე, რომლებსაც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლება წარმოეშობათ საბანკო საქმიანობის განხორციელების ფარგლებში. ასეთ შემთხვევაში, კომერციულ ბანკებს წარმოეშობათ ვალდებულება, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვებიდან 2 წლის ვადაში გაასხვისონ ის შესაბამის უფლებამოსილ პირზე.

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვისაგან კომერციული ბანკების გარდა, შესაძლოა მიკროსაფონანსო ორგანიზაციებიც გათავისუფლდნენ.

„ეს ყველა იმ ბანკზე ვრცელდება, სადაც უცხოური მონაწილეობა - უცხოური ინვესტიცია და უცხოური კაპიტალია. ასევე გავიზიარეთ შეთავაზება, რომ ეს შეღავათი მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზეც გავრცელდეს იმ დათქმით, რომ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვებიდან ერთი წლის ვადაში, მას შესაბამის უფლებამოსილ პირზე - საქართველოს მოქალაქეზე გაასხვისებენ.

რაც შეეხება მიწებზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნას „განსაკუთრებულ შემთხვევებთან” მიმართებით, ეს ყოველდღიური, ჩვეულებრივი შემთხვევა არ იქნება. კანონში დაგეგმილი ცვლილებები იმას ნიშნავს, რომ ეს უნდა იყოს საგამონაკლისო შემთხვევა და მთავრობამ გადაწყვეტილება სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით უნდა მიიღოს.

შესაძლოა რაღაც ინვესტიცია ხორციელდებოდეს და ამ ინვესტიციის განხორციელებისთვის საჭირო იყოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის უცხოელისთვის გადაცემა, სადაც საქართველოს მოქალაქეები დასაქმდებიან და მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელება. გარდა ამისა, არიან საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი თანამემამულეები, რომლებიც აღარ არიან საქართველოს მოქალაქეები და პირობითად, მათ აქვთ სურვილი, შეიძინონ წინაპრების ადგილი ან სურთ, საქართველოში 2 ჰექტარზე ჰქონდეთ სოფლის მეურნეობა. ესეც განსაკუთრებული შემთხვევაა და მათ შეეძლებათ მთავრობას მიმართონ”, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ანრი ოხანაშვილმა.

მთავრობა ახალ ინიციატივას მხარს უჭერს. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის თქმით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ კანონპროექტში შეტანილი ცვლილებები საჭიროა იმისთვის, რომ მთავრობის პოლიტიკა სასოფლო-სამეურნეო მიწებთან დაკავშირებით იყოს ქმედითი.

„ეს არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ ბანკებმა მოახდინონ სასოფლო-სამეურნეო მიწის გირაოში აღება და თავიანთი ფუნქციების სრულყოფილად შესრულება. ყველა კომერციული ბანკის სტრუქტურა არის საერთაშორისო., თუმცა ეს არის ქართული ინსტიტუციები და საუბარია იმაზე, რომ მათ დროებით გამოიყენონ მიწა, რის შემდეგაც მათ ისევე, როგორც სხვა პირებს, უჩნდებათ ვალდებულება, რომ მიწა გასხვისდეს საქართველოს მოქალაქეებზე. შესაბამისად, ეს არის დაზუსტება იმისთვის, რომ სწორად განვახორციელოთ მიწის პოლიტიკა“,  – განაცხადა დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

„ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის“ ხელმძღვანელი ირაკლი მაკალათიას აზრით, თუ მიწაზე მორატორიუმი ცხადდება ეს უნდა გავრცელებულიყო როგორც კერძო სექტორზე, ისე სახელმწიფოზე. გარდა ამისა, კანონში გამონაკლისების არსებობა დაუშვებელია.

„ბანკები და საფინანსო სექტორიც კერძოა, თუმცა, როდესაც კერძო სტრუქტურა მონოპოლისტია და ბაზარზე თამაშის წესებს თვითონ განსაზღვრავს, ამ შემთხვევაში გაუმართლებელია. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფონდის დაახლოებით 60 პროცენტი ამ დრომდე სახელმწიფოს საკუთრებაშია. კარგი იქნებოდა, თუ ეს კერძო საკუთრებაში, საქართველოს მოქალაქეებზე გადავიდოდა და მას გადაეწყვიტა თავის საკუთრებაში არსებული მიწის ფონდი ვისზე და როგორ გაეყიდა.

„მას შემდეგ რაც მოხდებოდა მათი განკერძოება და კერძო სექტორში გადასვლა, მიწაზე ფასი გაიზრდებოდა. თუ ქართული მიწის ფასი დაუახლოვდება საერთაშორისო ფასებს, უცხოელებს აქ მიწაზე მაღალი ფასის ბერკეტი დახვდებათ. ასეთ დროს, ფასი ბუნებრივი რეგულატორი გახდება იმ ადამიანებისთვის, ვისიც ასე გვეშინია. ფინანსურად ძლიერი უცხოური კომპანიები კი ინტერესის შემთხვეავში, თავისუფლად გადაიხდიან რამდენიმე ათეულ ათას ევროს“, - აცხადებს მაკალათია.