იური ვაზაგაშვილის ოჯახის ადვოკატების განცხადებით საფუძველზე, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მოწმის მოსყიდვისა და მუქარის შესაძლო ფაქტზე გამოძიება დაწყო. მიუხედავად იმისა, რომ ვაზაგაშვილის ადვოკატები არ ასახელებენ ვის მიერ განხორციელდა კორტების სპეცოპერაციის საქმის მოწმეზე ზეწოლა, მთავარ პროკურატურა ამბობს, რომ საქმე ეხება კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებულის ირაკლი ფირცხალავას მეუღლეს - ნინო ხვიტიას, ერთ-ერთი შვილის და საქმის ადვოკატებს.
საქმის მოწმისმიმართ განხორციელებულ მოსყიდვას და მასზე განხორციელებულ მუქარაზე მთავარმა საგამოძიებო უწყებამ გამოძიება სსკ-ის 372-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო. საქმის მთავარი მოწმე, ვისზეც მსჯავრდებულის ოჯახი და დაცვის მხარე ზეწოლას ცდილობდა, ეს კობა გოგატიშვილია, რომელიც საქმის მთავარი მოწმეა.
შეგახენებთ, რომ ანალოგიურ ფაქტზე, მთავარი პროკურატურა -კორტების სპეცოპერაციის საქმის ერთ-ერთი მოწმის წერილობითი განცხადების საფუძველზე, გამოძიებას 2017 წლის 08 თებერვლიდან აწარმოებს. საქმის მოწმე განცხადებაში მიუთითებდა, რომ ამავე საქმეზე მსჯავრდებული პირების ახლო ნათესავები, ჩვენების შეცვლის სანაცვლოდ მას ჰპირდებოდნენ დიდი ოდენობით თანხას.
გამოძიების მიმდინარეობის პროცესში, კორტების სპეცოპერაციის საქმის მოწმემ მთავარ პროკურატურას დამატებით მიმართა და განაცხადა, რომ ამავე საქმეზე მსჯავრდებული ირაკლი ფირცხალავას ახლობლები პატიმრის სასარგებლოდ ჩვენების შეცვლის მიზნით მასზე სისტემატიურ ზეწოლას ახდენდნენ.
როგორც მოწმე აცხადებს, მას შეხვდნენ მსჯავრდებულის მეუღლე - ნინო ხვიტია და ერთ-ერთი შვილი, რომლებმაც უთხრეს, რომ მსჯავრდებულის სასარგებლოდ უნდა შეეცვალა ჩვენება და უნდა ეთქვა, რომ თითქოსდა შემთხვევის ადგილზე მოგვიანებით მივიდა და არაფერი დაუნახავს, ასევე თითქოს მსჯავრდებულ ირაკლი ფირცხალავას მამხილებელი ჩვენება პროკურატურის მხრიდან ზეწოლის შედეგად მისცა.
მსჯავრდებულის სასარგებლო ჩვენების სანაცვლოდ, კი მოწმეს გადასცემდნენ 30 ათას აშშ დოლარს და უზრუნველყოფდნენ მოწმის ქვეყნიდან გაყვანას. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, როგორც მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ.
იური ვაზაგაშვილის ოჯახის ადვოკატი, გაგი მოსიაშვილი ადასტურებს, რომ მსჯავრდებული ფირცხალავას ოჯახის მხრიდან ადგილი ჰქონდა მოწმეზე ზეწოლას, მუქარას და მოსყიდვის მცდელობას. როგორც მოსიაშვილი ამბობს, საქმეზე მსჯავრდებულის ოჯახის წევრები მოწმეს დაუკავშირდნენ და კონკრეტული თანხის სანაცვლოდ გამოძიების ეტაპზე და სასამართლოში მიცემული ჩვენების შეცვლა შესთავაზეს. ადვოკატი აცხადებს, რომ მოწმის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია, მათ ვიდეოფირზე დააფიქსირეს, რასაც მთავარ პროკურატურას გადასცემენ.
„საუბარია ერთ-ერთ მსჯავრდებულზე, რომლის მიმართაც ორი ინსტანციის სასამართლოში გამამატყუნებელი განაჩენი გამოტანილია. ამ მოწმის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ჩვენ დავაფიქსირეთ ვიდეოფირზე, რა თქმა უნდა, მისი თანხმობის შესაბამისად. აღნიშნულ ჩანაწერს და განცხადებას, გამოძიების დაწყების მოთხოვნით შევიტანთ პროკურატურაში. ვიმედოვნებთ, რომ პროკურატურა სწრაფად მოახდენს რეაგირებას აღნიშნულ განცხადებაზე“, - განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.
რაც შეეხება იმას, თუ რამდენად შესაძლებელი იყო მოწმის მიერ ჩვენების შეცვლას რაიმე გავლენა მოეხდინა კორტების სპეცოპერაციის საქმეზე გამოტანილ განაჩენზე, საქმის კიდევ ერთი ადვოკატი, მერაბ ჩიქოვანი აცხადებს, რომ შესაძლოა შეცვლილი ჩვენება ახლად გამოვლენილი გარემოება ყოფილიყო, რაც განაჩენის გადასინჯვის საფუძველი გახდებოდა.
„ეს ადამიანი საკმაოდ შეშინებული ჩანდა. ჩვენ დავინტერესდით, რატომ მოვიდა ჩვენთან და არა საგამოძიებო ორგანოში, რაზეც მან გვითხრა - “თქვენ სიმართლე უნდა იცოდეთ”. ხოლო, თუ რამდენად შეიძლებოდა გავლენა ექონია მისი ჩვენების შეცვლას საქმეზე, სასამართლოს ორ ინსტანციაში მოსმენა დასრულებულია და შესაბამისად, განაჩენიც დამდგარია, მაგრამ საპროცესო კანონმდებლობა იცნობს ახლადგამოვლენილ გარემოებას. თუკი ეს გარემოება საფუძველს იძლევა, შესაძლოა, დღის წესრიგში დადგეს განაჩენის გადასინჯვის აუცილებლობა“, - განაცხადა მერაბ ჩიქოვანმა.
კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებულის ირაკლი ფირცხალავას მეუღლე, ნინო ხვიტია ადასტურებს, რომ საქმის მოწმესთან კომუნიკაცია ჰქონდა. ხვიტია აცხადებს, რომ მოწმე, ვისაც დაუკავშირდა ის კობა გოგატიშვილია, რომელიც ე.წ. კორტების საქმეზე პროკურატურის მოწმეა და მას 31 აგვისტოს შეხვდა. მსჯავრდებულის მეუღე ამბობს, რომ შეხვედრა სწორედ გოგატიშვილის ინიციატივით შედგა.
„რა უნდა თქვას კობა გოგატიშვილმა, რომელიც არის მატყუარა, ცუ მოწმე და დამნაშავე იმიტომ, რომ მისცა სრულიად დანაშაულებრივი და ტყუილი ჩვენება სასამართლოს. მან სასამართლოზე დაიფიცა და მისცა ტყუილი ჩვენება. იმის მერე კობა გოგატიშვილი რას იტყვის, მაგას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა იმიტომ, რომ მე მაქვს მტკიცებულებები, რომლითაც დავადასტურებ, რა ტიპის შეხვედრა იყო ჩვენს შორის, ვისგან იყო ინიცირებული, რა იყო და როგორ იყო ყველაფერი“, -აცხადებს ნინო ხვიტია.
როგორც ხვიტია ამბობს, რომ ვაზაგაშვილის ადვოკატების განცხადებისა და პროკურატურის რეაქციის თაობაზე ინფორმაცია წინასწარ ჰქონდა და ამბობს რომ ეს ყველაფერი მოწყობილია.
„ეს ყველაფერი წინასწარ ვიცოდი. მოდიოდა ჩემთან მესიჯები რომ ამას გიწყობენ. მაქვს საპასუხო მასალა მომზადებული, ახლა გავერკვევი რაღაც დეტალებში და ვიდრე პროკურატურაში წავალ, განცხადებას გავაკეთებ“, - დასძინა ნინო ხვიტიამ, რომელიც ამ ეტაპზე არ საუბრობს რა სახის კომუნიკაცია ჰქონდა მოწმესთან და ჩვენების შეცვლის სანაცვლოდ შესთავაზა თუ არა 30 ათასი აშშ-ის დოლარი.
პროკურატურაში უკვე იმყოფებოდა მსჯავდრებული ფირცხალავას ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი, რომელიც მოწმეზე მოსყიდვის საქმეზე გამოიკითხა.
„ჩვენ გარკვეული პერიოდიდან გამომდინარე ვიცით ეს მოწმე. ეს სავარაუდოდ არის კობა გოგატიშვილი და ისიც ვიცით, რასაც უკავშირდება. ეს არის პირიქით, რეალურად ვიღაცამ მასზე განახორციელა ზეწოლა და ის ჩვენება მივიღეთ, რაც მან სასამართლოზე მისცა და როცა ამ ადამიანმა ახლა სიმართლე განაცხადა, ცდილობენ, რომ ეს ყველაფერი ამით გარკვეულწილად გადაფარონ“, - აცხადებს ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი.
ე.წ. კორტების საქმეზე დაკავებული გიორგი ცააძის და, ირინა ცააძე ირწმუნება, რომ პროკურატურის მოწმე კობა გოგატიშვილი ირაკლი ფირცხალავას მეუღლეს დაუკავშირდა და პროკურატურის მხრიდან განხორციელებულ ზეწოლაზე ისაუბრა. ცააძის თქმით, მათ აქვთ შემდგარი საუბრის დამადასტურებელი ფაქტები, რომელსაც გაასაჯაროებენ.
„მოვუყევით რაც მოხდა, ამის გასაჯაროება ჯერ არ გვინდოდა, მაგრამ, როგორც ვატყობთ, გაიგეს, გვისმენენ ისევ და უბრალოდ დაგვასწრეს. ეს ინფორმაცია გააჟღერეს წინასწარ. ერთ-ერთი მოწმე ე.წ. კორტების სპეცოპერაციის, გამოვიდა კონტაქტზე ნინოსთან და მოუყვა რაღაც რაღაცეები, რისი გასაჯაროებაც გვინდა. ზეწოლაზე იყო საუბარი, პროკურატურა ახდენდა ზეწოლას“, - ამბობს ირინა ცააძე.