საქართველოში სასულიერო პირის გისოსებს მიღმა ხილვამ და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანამ მძიმე შთაბეჭდილება დატოვა. მავანი ენდობა გამოძიებას, მავანს 37 წელი ახსენდება. აზრი იყოფა სასულიერო პირებშიც-მარტვილის წმიდა ნინოს მონასტრის წინამძღვარი დედა თამარი ამბობს, რომ სხვა რა მოლოდინი უნდა ჰქონოდა, როცა სასულიერო პირი თვითონ ეკლესიამ და სახელმწიფომ გასწირა, ჭყონდიდელ მიტროპოლიტ მეუფე პეტრეს კი ამ სასამართლომ პილატეს სასამართლო გაახსენა.
ე.წ. საუკუნის პროცესად წოდებული ციანიდის საქმე სასულიერო პირის 9-წლიანი პატიმრობით დასრულდა. მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა ბრალდება გადააკვალიფიცირა და ბრალდებულს ანგარებით მკვლელობა მოუხსნა, თუმცა მკვლელობის მომზადებისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის დამნაშავედ ცნო.
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია, რომლის პროფესიული კვლევის სფეროშიც შედის ე.წ. ციანიდის საქმე, რადგან ეს საქმე ეროვნული უსაფრთხოების თემას ეხება, For.ge-სთან საუბარში არ მალავს, რომ მთელი ამ პროცესის განმავლობაში უკმარისობის გრძნობა რჩებოდა.
„ეროვნული უსაფრთხოების მკვლევრის პოზიციიდან გამომდინარე, გეტყვით, რომ ჩემი შთაბეჭდილებით, მამა გიორგი, სავარაუდოდ, საეკლესიო შეთქმულების ნაწილი იყო, რომელიც რელიგიურ-პოლიტიკური მიზნებისკენ იყო მიმართული. ფაქტობრივად, ეს იყო შიდა არსებულ დაჯგუფებებს შორის დაპირისპირება ძალთა ბალანსის შესაცვლელად. მამა გიორგი უფრო მონაწილეობდა საეკლესიო ტიპის შეთქმულებაში, ან საეკლესიო გადატრიალების მცდელობაში, რაც, ჩემი აზრით, არ ხდებოდა კრიმინალური დანაშაულის დონეზე. პოლიტოლოგების ენაზე ამას ჰქვია „სასახლის კარის გადატრიალება“ და ეს უფრო ჭეშმარიტებაა, ვიდრე ვატიკანისეული ტიპის მკვლელობების ორგანიზება.
1978 წელს იოანე პავლე პირველი აშკარად მოწამლეს, მაგრამ მაშინაც კი გამოძიება არ დაწყებულა მკვლელობის მუხლით, რადგან მტკიცებულება ასჯერ უფრო მტკიცე უნდა ყოფილიყო. თუ არ არსებობს 100%-იანი მტკიცებულება, მაშინ ვინმეს წინააღმდეგ საქმის აღძვრას აზრი არ აქვს. უფრო მეტიც, როცა იოანე პავლე მეორეზე განხორციელდა თავდასხმა, რაც ყველამ იხილა პირდაპირ ეთერში 1981 წლის 13 მაისს, მაშინაც კი იტალიისა და ამერიკის სამართალდამცავებს 8 წელი დასჭირდათ იმის გასარკვევად, ვინ იდგა ამ თავდასხმის უკან. მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული შემკვეთები გამოვლინდნენ, დღესაც ეჭვს ბადებს მაშინდელი თავდასხმა.
ციანიდის საქმეც ძალზე სენსიტიურია. აქაც თუ არ არსებობდა მტკიცე არგუმენტები, რატომ გახდა ეს თემა განსჯის საგანი? დღევანდელი პროკურატურა განსხვავებულია და ეფექტურად მუშაობს, განსაკუთრებით, ვსაუბრობ ახალგაზრდებზე, რომლებიც არ არიან გასვრილნი სააკაშვილის დროის პროკურატურის მიერ, მაგრამ ჩვენ მაინც არ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო, ჩვენთან იურისპრუდენცია ქვის ხანის დონეზეა, აქ პოლიტიკური მომენტები და მოტივები უფრო მთავარი ფაქტორებია, ვიდრე სამართლებრივი“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია.
მისივე თქმით, საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას პრივილეგირებული მდგომარეობა აქვს, რაც გარანტირებულია კონკორდატით და ეს ბუნებრივიცაა. სხვათა შორის, ასეთივე კონკორდატის საფუძველზე შეიქმნა ქალაქი-სახელმწიფო-ვატიკანი, როცა იტალიის მთავრობამ რომის პაპს ანალოგიური შეთანხმება დაუდო. თუმცა საქართველოში ქრისტიანულ რელიგიას ყოველთვის განსაკუთრებული როლი ენიჭებოდა. ამდენად, ჩვენისთანა ქვეყანაში სასულიერო პირის გასამართლება უმძიმესია.
„ჩემთვის, როგორც ქრისტიანისა და მრევლისთვის, ნებისმიერი სასულიერო პირის აუგად მოხსენიება დაუშვებელია. მამა გიორგის პიროვნებაზე ვერ დავდებ თავს, ის მაინც მამაოა და ჩემთვის სასულიერო მოღვაწეა. მტკიცებულებების ბაზა და ვერსიები კი, რომლებმაც გაიჟღერა, ჩემთვის არ იყო დამაჯერებელი. სხვათა შორის, მოსამართლემ ყველაზე მცირე ნიშა აიღო მამა გიორგის გასამართლებისთვის. რამდენადაც ვიცი, თავიდან უვადო პატიმრობაზე იყო საუბარი. ახლა კი 8 წელი მიესაჯა მკვლელობის ორგანიზებისთვის, ხოლო 1 წელი - იარაღის უკანონო შენახვა-შეძენისთვის. თუმცა იარაღის მომენტი ვერსად დავაფიქსირე, შესაძლოა, სასამართლოზე იყო წარმოდგენილი მტკიცებულებათა პაკეტი. ჯერ უწმინდესისა და უნეტარესის ლიკვიდაციის მცდელობაზე საუბრობდნენ, შემდეგ შეიცვალა შორენათი, მერე იყო ვიდეომასალები. თუმცა „მარილზე გასვლა“ შეიძლება ბევრ რამედ აღიქვა. მე რომ ვთქვა, ვუსურვებ მიხეილ სააკაშვილს იმას, რაც მან გაუკეთა თავის მსხვერპლებს - გია კრიალაშვილს, გირგვლიანსა და სხვებს, შეიძლება, მეც დამდონ ბრალი მკვლელობის მცდელობაში. არადა, როცა ჰიტლერზეა საუბარი, ყველა თანხმდება, რომ ის უნდა მომკვდარიყო, სააკაშვილი და ჰიტლერი კი ერთი და იგივეა“, - მიიჩნევს ექსპერტი და ფიქრობს, როცა კონკრეტულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ბევრ კითხვას იწვევს, სიტყვებზე გამოკიდება არასწორია.
რაც შეეხება ვიდეომტკიცებულებებს, რომელიც ოპერატიული გზით იყო მოპოვებული, შეგზავნილი აგენტურის, მთავარი მოწმის მეშვეობით, ვახტანგ მაისაიას ახსენებს საკუთარ თავზე განცდილ უსამართლობას, როცა სამად-სამი მტკიცებულება დაუდეს და ერთი მტკიცებულება გინესის წიგნში იყო შესატანი, რადგან იმ მტკიცებულების მიხედვით, თურმე საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების გენერალ-პოლკოვნიკი და სუკის მაღალჩინოსანი ყოფილა 19 წლის ასაკში.
თეოლოგ ლევან აბაშიძეს არ მიაჩნია, რომ ციანიდის საქმეზე სასამართლო მიკერძოებული იყო. მისი აზრით, ვინც ფიქრობს, რომ სასულიერო პირებმა მამა გიორგი მიატოვეს, ან მთელ ამ პროცესს ობიექტურობა აკლდა, მაშინ დამაჯერებელი არგუმენტები უნდა წარადგინოს. მთავარი ის არის, რომ თვითონ საპატრიარქომ ნდობა გამოუცხადა სასამართლოს, საპატრიარქო არ ერეოდა ამ საქმეში, არც იმას ამბობდა, იყო თუ არა დამნაშავე მამა გიორგი.
„ვინც ამბობს, რომ ეს იყო პილატეს პროცესი, უნდა დაასაბუთოს კიდეც, რა ინტერესი ჰქონდა მოსამართლეს, ციხეში გაეშვა დეკანოზი გიორგი?! მე არ მაქვს ამის საბუთი, ვთქვა, რომ სასამართლო მიკერძოებული იყო, ან სახელმწიფოს ინტერესი იკვეთებოდა ამ საქმეში. მთელი 8 თვე გაგრძელდა ეს პროცესი, აქ იყო მტკიცებულებები, მოწმეები, საბუთები და ამის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება. რას ნიშნავს მღვდლებისგან მიტოვება? არ მესმის, რა უნდა ექნათ მღვდლებს, ზეწოლა მოეხდინათ მოსამართლეზე? დაეშინებინათ მოსამართლე? მართალია, თავიდან საუბარი იყო პატრიარქის შესაძლო მკვლელობაზე, მაგრამ შემდეგ გამოძიებისა და სასამართლო პროცესის წარმართვის კვალდაკვალ, აღმოჩნდა, რომ პატრიარქის მკვლელობა არ იკვეთებოდა, თუმცა იკვეთებოდა სულ სხვა პიროვნების მკვლელობა. სამართლის თვალსაზრისით, პიროვნებებს შორის განსხვავება არ არის- მკვლელობის მომზადება მკვლელობის მომზადებაა.
რაც შეეხება ვიდეოჩანაწერს, შეიძლება, დეკანოზის დამცველებმა თქვან, რომ ამ ჩანაწერში ბევრი რამ ხუმრობით იყო ნათქვამი, მაგრამ ჩვენ ვნახეთ კადრები, როგორ ლაპარაკობს, რა ლექსიკა აქვს დეკანოზს. რატომ უნდა ილაპარაკოს ასე მღვდელმა? მთლიანობაში, საპატრიარქოს პრობლემები აქვს კადრებთან დაკავშირებით, ვის აკურთხებენ და ვის სად ნიშნავენ. ეს ყველაფერი ჩრდილს აყენებს საპატრიარქოს, რადგან ყველაფერი ქრისტიანულად რომ ყოფილიყო, ასეთი რამ არ მოხდებოდა. ცხადია, როცა 2000 თუ 3000 მღვდელია, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. არც იმის თქმა შეიძლება ხელაღებით, დამნაშავეა თუ არა კონკრეტული მოძღვარი. ღმერთმა იცის, 100%-ით გულში ვის რა ჰქონდა“,-აცხადებს ლევან აბაშიძე For.ge-სთან საუბარში.
მისივე თქმით, შესაძლოა, ირაკლი მამალაძეს არ ვენდოთ, როგორც ამ საქმეში უაღრესად დაინტერესებულ პირს, მაგრამ სხვა სამხილიც ხომ არის? თუნდაც საკუთრივ ციანიდი, ჩანაწერები, ექსპერტიზა კი ყველაფერს ადგენს, მათ შორის, იმასაც, სად არის მონტაჟი.
ამდენად, თეოლოგის აზრით, მამა გიორგი ან მართლა ამზადებდა დანაშაულს, ან ვიღაცის პროვოკაციასთან გვაქვს საქმე, მაგრამ როგორი მართალიც არ უნდა იყოს მამა გიორგი, ფაქტია, რომ ეს ყველაფერი შიგნით ხდება, საპატრიარქოში.