ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილებით მოსამართლემ, ბესიკ ბუგიანიშვილმა იგნორირება გაუკეთა კონსტიტუციას, ევროპის კონვენციას, იგნორირება გაუკეთა ყველანაირ კანონმდებლობას, რაც საქართველოშია. ადვოკატი ამბობს, რომ მოსამართლის განაჩენი სუს-ის, პროკურატურის და გარკვეულ პირებს შორის არსებული გარკვეული კონსესუსის შედეგად იქნა იყო მიღწეული.
for.ge მიხეილ რამიშვილს ესაუბრა.
მოსამართლემ დეკანოზს ბრალდება გადაუკვალიფიცირა - ანგარებით მკვლელობაში უდანაშაულოდ სცნო, მაგრამ დამნაშავედ ცნო მკვლელობის მომზადებაში და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ნაწილში. ამ დანაშაულისთვის მამა გიორგის 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. რა მტკიცებულების საფუძველზე გადააკვალიფიცირა მოსამართლემ 109-ე მუხლი და რის საფუძველზე მიუსაჯა 9 წელი?
მიხეილ რამიშვილი: რაშიც ჰქონდა ბრალი წაყენებული, ეს იყო 109-ე მუხლი, მკლელობის მომზადება ანგარებით. თურმე ანგარება არ ყოფილა, მაგრამ მკვლელობის მოტივაცია ყოფილა, მხოლოდ და მხოლოდ ბოლოს წამოსცდა მოსამართლეს, თურმე შურისძიებაო. ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ, პარასკევს დამთავრდა სასამართლო პროცესი და მარტო ჩვენი დასკვნითი სიტყვა იმხელა მასალას მოიცავდა, სამ დღეში ობიექტური და სამართლიანი მოსამართლე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს.
ის არ არის მოსამართლე. ეს იყო წინასწარ დაგეგმილი. გარკვეული კონსენსუსი იყო მიღწეული, სუს-ის, პროკურატურის და გარკვეულ პირებს შორის და ბოლო გამოსავალი ეს იპოვეს. იმიტომ, რომ ამათთვის მამა გიორგის გამართლება რატომღაც სასირცხვილო იყო. ჩვენ ამ ყველაფერს გავასაჩივრებთ სტრასბურგში. აქ კანონის უზენაესობა არ არსებობს, აქ არსებობს ახირებების უზენაესობა. ვისაც რა მოუნდება, როგორც მოუნდება, ისე წყვეტს ჩვენს ცხოვრებას.
მიუხედავად იმისა, რომ პირველ ინსტანციაში სასამართლო წარმოება დასრულდა, უცნობია, ვისგან შეიძინა მამა გიორგიმ ე.წ. ციანდი. პროკურატურა ამბობს, რომ დადგენილია აღნიშნული პიროვნება და ვინაიდან საქმეზე ცალკე სისხლის სამართლის საქმის წარმოება მიდინარეობს, მისი ვინაობა არ სახელდება. თქვენთვის ცნობილია, ვისგანიყიდა მამა გიორგიმ ციანიდი?
- სიცრუეა. ასეთი არ არსებობს, თუ თავის თანამშრომელს დაარიგებენ ჭკუას და თავის თანამშრომელს გაასაღებენ გამსაღებლად, ეს უკვე სხვა საქმეა. როგორ შეიძლება, გამოძიებამ 7 თვე ვერ დაადგინოს საქმის დეტალები? ახლა ადგენენ რამეს?! ჩემთის ცნობილია, რომ ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი ეს საქმე. მაგრამ არ არსებობს პიროვნება, ვისგანაც შეიძინა ციანიდი. ესენი ცდილობენ, რომ რაღაცა ზღაპრები შექმნან. ეტყობა მატრიარქატის ხანის პერიოდია საქართველოში და ვიღაცის ახირებებზე უნდა იყოს დამოკიდებული ჩვენი ბედი.
ვის გულისხმობთ?
- ადამიანებს, რომლებმაც ასეთი პროვოკაცია მოუწყვეს მამა გიორგის თავისი სიმართლისთის და წესიერებისთვის. ამ საქმის მთავარი მოწმე - ირაკლი მამალაძე სუს-ის, პროკურატურის და საპატრიარქოს მითითებებს ასრულებდა. ის არის საწყისი და დასაწყისი ამ სიბინძურის, რომელიც არის პირდაპირი მითითება და მინიშნება მათგან ვისთანაც აქვს ძალიან კარგი ურთიერთობა. ეს არის სუს-ი, პროკურატურა და საპატრიარქოს ადმინისტრაცია კიდევ.
თავიანთი გაუმაძღარი კუჭებისა და სიმდიდრისკენ სწრაფვის გამო მიიღეს ეს გადაწყვეტილება. სასირცხვილოა ეს ყველაფერი. წარმოიდგინეთ, რომ 109-ე მუხლი ვერ დატოვეს ძალაში, ანგარება არ ყოფილა და შურისძიება ყოფილა. საქმეში ეს იმას ცვლის, რომ 109-ე მუხლი 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან უვადოს ითვალისწინებდა, მაგრამ მოტივაცია ანგარებით არ არსებობდა თურმე.
პარასკევს დამთავრდა სასამართლო პროცესი... წინასწარ ჰქონდა დაწერილი განაჩენი, ჩვენთან სასამართლო და მოსამართლე არ არსებობს. შესაბამისად, სხვა გამოსავალი ვერ იპოვეს და გადააკვალიფიცირეს. ვის ჰქონდა ანგარება თავისი სიმდიდრის გამო და ვის თავისი სიმართლის გამო, ამას მომავალი მალე გვიჩვენებს.
მთელი ამ ხნის განმავლობაში არაერთხელ გაგიკეთებიათ განცხადება, რომ ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული საქმე და რომ მამა გიორგი ვიღაცის გულისთვის ისჯება. ამ განცხადებების მიუხედავად, გქონდათ მოლოდინი, რომ სხვა გადაწყვეტილებას მიიღებდა მოსამართლე? მაგალითადდეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი ამბობს, რომ არ ყოფილიყო რაღაცა სახის დანაშაული, ვერ მიუსჯიდა მოსამართლე?
- კახაბერ გოგოტიშვილო, მღვდელი თუ ხარ და ჯვარი, რომ ჩამოგიკიდია, ნუ ლაპარაკობ სისულელეს. კარგად გადახედოს ცხოვრებას და მაშინ მოძღვრებას თავი დაანებოს. სირცხვილია მაგდაგვარი რაღაცის გასაჯაროება და ლაპარაკი - ეს იცოდეს კახაბერ გოგოტიშვილმა ჩემგან პირადად.
გქონდათ მოლოდინი, რომ სხვა განაჩენი დადგებოდა?
- რა თქმა უნდა, წარმოუდგენელი იყო სხვა განაჩენი. ჩვენ ხომ მონობის პერიოდში ვცხოვრობთ. ჩვენ ვიღაცის ახირებებზე ვართ დამოკიდებული და ვიღაცეები გვმართავენ. ჩვენ კანონი, უზენაესობა და სამართალი არ გაგვაჩნია.
გუშინ გავრცელდა ფარული ჩანაწერები, რომელიც ასევე მამა გიორგის საკითხს ეხებოდა. ამ ჩანაწერში მამა გიორგი აცხადებს, რომ მეუფე დიმიტრის დავალებით წავიდა გერმანიაში. მეუფემ უარყო ეს ფაქტი...
- რად უნდა მაგას უარყოფა?! ადამიანმა თავისი სულიერი შვილი მიატოვა. ერთი არ შესულა და არ უკითხავს მისი მდგომარეობა. ღმერთი მაღლიდან ხედავს. რისხვასავით დაატყდება ყველას ეს უსამართლობა და ეს მართლა ამორალური და არაადამიანური ქმედება.
ძალიან ბევრს საუბრობენ მეუფე დიმიტრის როლზე ამ საქმეში. რა დაინტერესება უნდა ჰქონოდა მეუფე დიმიტრის და სად იკვეთება მისი შემხებლობა ამ საქმესთან?
- აბსოლუტურად არანაირი. ამ ყველაფერში მეუფე დიმიტრის არანაირი როლი არ აქვს. ეს არის ჩვეულებრივი რამ, როდესაც ეპარქიის ხელმძღვანელი ხარ და მამაო მოღვაწეობს შენს ეპარქიაში, როგორც მამა შვილს ეკითხება და შვილი მამას სთხოვს ჩამოსვლას თუ გამგზავრებას ეგრეა, ჩვეულებრივი ამბავია... მე არ მიკვირს, პროკურატურისგან არაფერი, ისიც არ მიკვირს, რას რას მიაბამენ და რით უნდათ ხალხი შეცდომაში შეიყვანონ.
ძალაუფლებას როცა ფლობ და რაღაცა შეცდომას უშვებ, არ გაქვს იმის შნო რომ აღიარო, ეს შეცდომა იმიტომ, რომ არ ხარ კომპეტენტური. ყველა ცდილობს თავისი სიბინძურეები გადაფაროს. ძალიან ბევრი მაგალითი გვაქვს, რომ თუ ხალხის მასა არ გამოჩნდა, მათი უხეში მოთხოვნა, კატეგორიული, მანამდე დაუნდობლად გექცევიან. იმიტომ გაწირეს, რომ გაუმაძღარი, ფულის მოყვარული და სიმდიდრის მოყვარული კასტა არის ყველგან.
მათ შორის საპარტიარქოშიც?
-აბსოლუტურად ყველგან. გადახედეთ სიუჟეტებს, როგორ ცხოვრობენ . ღმერთი მაღალია და ყველაფერს ხედავს.
აპირებთ, რომ გადაწყვეტილება გაასაჩივროთ სტრასბურგში, ფიქრობთ, რომ საქართველოში შეუძლებელია მამა გიორგის უდანაშაულობის დამტკიცება?
- რა თქმა უნდა. ეს გადაწყვეტილება გასაჩივრდება სააპელაციო სასამართლოში, თუმცა როგორც აღმოჩნდა სასამართლო იმავე მდგონარეობაშია, როგორც ადრე. თუ სააპელაციო სასამართლოც არ გამოიტანს გამამართლებელ გადაწყვეტილებას, გასაჩივრდება უზენაეს სასამართლოში, შემდეგ კი სტრასბურგში წავალთ. როგორც სანდრო გირგვლიანის საქმეზე გაშიშვლდა ქართული მართლმსაჯულება, ასე გაშიშვლდება ამ საქმეზეც საქართველო. ეს გადაწყვეტილება სასირცხვილო გადაწყვეტილება იქნება ჩვენთვის.