დემირელის სახელობის სკოლამ ავტორიზაცია ვერ გაიარა. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი სკოლაში არსებულ დანაშაულზე და თაღლითობის აშკარა ნიშნებზე საუბრობს. ცენტრის დირექტორის თამარ სანიკიძის განცხადებითსკოლასთან დაკავშირებით გაკეთებულ დასკვნაში სერიოზულ გადაცდომებზეა საუბარი.
როგორც თამარ სანიკიძემ აღნიშნა, სკოლის დირექტორმა პასუხისმგებლობის გაზიარების ნაცვლად დამფუძნებლებზე მიუთითა, რომლებიც უხეშად ერეოდნენ სკოლის საქმიანობაში და დირექტორს აიძულებდნენ ხელი მოეწერა გაყალბებულ დოკუმენტაციაზე, რაც ემსახურებოდა ძალიან ბევრი მოსწავლისათვის განათლების აღიარებას.
„წარმოიდგინეთ, მე-12 კლასელი, რომელსაც შეუდგენენ სასწავლო გეგმას და ამ გეგმის შედგენა და მასალის დაძლევა ერთ დღეს რომ ხდება. ეს არის კატასტროფა. ამასთან, სასწავლო გეგმაში შედის ისეთი სასწავლო პროგრამების დაძლევა, რომელიც ჰაგიოგრაფიული ნაწარმოების ჩაბარებას გულისხმობს თურქულენოვანი მოსწავლის მიერ. ასეთი შერჩევის პრინციპით 87 მოსწავლის საქმე გამოვლინდა, რაც ნიშნავს, რომ საქმეების სათითაოდ შესწავლის საფუძველზე ეს რიცხვი ბევრად მეტი იქნება. ანუ ამას ჰქონდა ძალიან მასშტაბური ხასიათი“, - განაცხადა თამარ სანიკიძემ.
თავის მხრივ ბრალდებას უარყოფს დემირელის სკოლის დირექტორი, ნინო კავთიაშვილი, რომელიც თამარ სანიკიძეს არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. for.ge-სთან საუბრისას კავთიაშვილმა აღნიშნა, რომ ადვოკატთან კონსულტაციის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას, ვის წინააღმდეგ აპირებს სარჩელის შეტანას პატივისა და ღირსების შელახვისთვის.
for.ge ნინო კავთიაშვილს ესაუბრა.
თამარ სანიკიძე ამბობს, რომ დაფიქსირებულია სერიოზული გადაცდომები, რაც დასკვნაშიც არის ასახული, მათ შორის - საგანმანათლებლო სტანდარტების დარღვევები, პრობლემები ინფრასტრუქტურის კუთხით, კერძოდ, სკოლის ქონებას ყადაღა აქვს დადებული და სასწავლო პროცესი შესაძლებელი იყო ნებისმიერ დროს შეჩერებულიყო, ასევე დემირელის სკოლაში ქართველი მასწავლებლების ნაცვლად ძალიან ბევრი თურქი მასწავლებელი იყო გაფორმებული. რამდენად იზიარებთ ამ ბრალდებას?
ნინო კავთიაშვილი: სხვადასხვა სააგენტოებისა და ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში თამარ სანიკიძე აღნიშნავდა, თითქოს მე გავაკეთე განცხადება სკოლის დამფუძნებლების მიერ განხორციელებულ ზეწოლასთან დაკავშირებით. ეს განცხადება არ შეესაბამება სინამდვილეს და მისი გადამოწმება შესაძლებელია ავტორიზაციის საბჭოს სხდომის ოქმის ჩანაწერების საშუალებით. საბჭოს სხდომაზე მე განვმარტე, თუ როგორ ხდება სასწავლო წლის საერთო სტრატეგიის შემუშავება სკოლის დამფუძნებლების მიერ. ეს არასწორი ინფორმაცია უხეშად ლახავს ჩემს პატივსა და ღირსებას.
დემირელის სახელობის კოლეჯის დირექტორის თანამდებობაზე დავინიშნე 2016 წლის ოქტომბერში მას შემდეგ, რაც უცხოელი მოსწავლეები უკვე სწავლობდნენ კოლეჯში და დაწყებული იყო განათლების აღიარების პროცესი, რომელსაც თავად განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს განათლების სამინისტროთან ერთად. რაც შეეხება დაყადაღებას, არაერთხელ ვთქვი, რომ ვიზიარებ, მაგრამ პროცედურა არის დაწყებული, რომლითაც მალე ნათელი გახდება ყველაფერი. არის ბევრი რამ, რასაც არ ვიზიარებ.
რა უფლება აქვს თამარ სანიკიძეს გაავრცელოს დეზინფორმაცია? თითქოს, სადღაც ვთქვი, რომ მე ვაყალბებდი, ან მაიძულებდნენ გამეყალბებინა დოკუმენტაცია. ეს არის სრული დეზინფორმაცია და ლახავს ჩემს პატივისა და ღირსებას. ასეთი ინფორმაციის გავრცელება არის დანაშაული.
საუბარია იმაზე, რომ ამის შესახებ თქვენ სხდომაზე ისაუბრეთ...
- ამოიღონ ჩანაწერები, სხდომის ოქმი, ვიდეო-ჩანაწერები და თუ სადმე ეს ფრაზა დასტურდება - კი, ბატონო. მაგრამ ეს არსად არ დასტურდება და შეუძლებელია ეს სადმე დადასტურებულიყო, რადგან არ მითქვამს საერთოდ. ამიტომ, რა უფლება აქვს ამ ადამიანს, რომელიც თავის უფლებამოსილებას აჭარაბებსდა ცილს მწამებს. მაინტერესებს, ცილისწამება არის თუ არა დანაშაული.
რას იტყვით, ავტორიზაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, გია მურღულიას განცხადებაზე, რომ დემირელის კოლეჯში უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ინფორმაცია ყალბდებოდა. ის ამბობს, რომ დემირელის კოლეჯში 361 ბავშვი სწავლობდა, სკოლის ჟურნალებში კი 476 მოსწავლეა რეგისტრირებული. ამბობს, რომ ეს დანაშაულის და თაღლითობის აშკარა ნიშნებს შეიცავს. ამას როგორ ხსნით?
- ამაზე შეიძლება დავა. სკოლის ჟურნალში მოსწავლე რეგისტრირებული იყო სწავლის დასაწყისში იმიტომ, რომ ვრიცხავთ და ვწერთ ჟურნალში, ხოლო წლის ბოლოს, როდესაც გადადიან ეს ბავშვები, თავისთავად ბაზიდანაც გადიან და ცალკე იწერება ბრძანება. როცა მათ მოითხოვეს საბუთები, უკვე ერთი თვის დამთავრებული იყო სასწავლო პროცესი. შესაბამისად, ბევრი მოსწავლე იყო გადასული და ვერაფრით ვერ დაემთხვეოდა ჟურნალის მონაცემები ბაზის მონაცემებს. არანაირი დარღვევა ამ კუთხით სკოლას არ აქვს. სწორედ ამაზე ვდავობ. გაპარულია უზუსტობები, რაც არ არის ნათლად წარმოდგენილი დასკვნაში.
რაც შეეხება უცხო ქვეყნის მოსწავლეებს, თამარ სანიკიძე ამბობს, რომ კონვეიერული წესით ხდებოდა ძალიან ბევრი უცხო ქვეყნის მოქალაქე მოსწავლეებისთვის განათლების აღიარება. სასწავლო გეგმაში შედის ისეთი სასწავლო პროგრამების დაძლევა, რომელიც ჰაგიოგრაფიული ნაწარმოების ჩაბარებას გულისხმობს თურქულენოვანი მოსწავლის მიერ და ასეთი შერჩევის პრინციპით 87 მოსწავლის საქმე გამოვლინდა. ამ ბრალდებაზე რა შეგიძლიათ თქვათ?
- ასეთი მოსწავლეები, ანუ უცხოელი მოსწვალეები უამრავი სწვალობს საქართველოს სკოლებში. მაინტერესებს სხვა სკოლებში როგორ ახერხებენ სწავლას. პროცედურა არის ზუსტად ისეთი, როგორიც არის სხვა სკოლებში. რა გააკეთოს სკოლამ, მასობრივად, მუდმივად უნდა ჩატოვოს ეს ბავშვები კლასში? მერე დაიწყება საუბარი იმაზე, რომ სკოლა არღვევს ბავშევბის უფლებებსო. მე სხვა რეგულაცია არ მეგულება.
საქმის წარმოებაში12 თუ 14 ბავშვზე გაპარული იყო შეცდომა, რაზეც ახსნა-განმარტებით დავდეთ. დანარჩენი მოსაწვლეებთან შესაბამისია ყველაფერი. შესაბამისი კომპეტენტური ორგანოები თუ ჩათვლიან საჭიროდ საქმის შესწავლას, კი ბატონო. მე და ჩემი გუნდი არ გავურბივართ პასუხისმგებლობას. მაგრამ ნუ მოგვაყენებენ შეურაცხოფას და თაღლითებს ნუ გვიწოდებენ ის ადამიანები, რომლებიც არ არიან კომპეტენტურები. მათ ამის არანაირი უფლება არ აქვთ.
თავად უხეშად არღვევენ თავიანთ პროფესიული ეთიკის ნორმებს, ზემოქმედებენ საზოგადოებრივ აზრზე. სკოლა - ეს არის პიროვნებები, ჩემის ჩათვლით. ისეთი წინასწარ დანაშაულებრივ სქემებზე, თაღლითობაზე და სისხლის სამართლის საქმეზეა საუბარი, რომ შეიძლება ამ ფაქტებმა ადამიანი თვითმკვლელობამდეც კი მიიყვანოს. სიმართლე გითხრათ სტრესის გამო ორი დღე ლოგინად ვიყავი ჩავარდნილი. ასე არ შეიძლება. მათ არ აქვთ არანაირი უფლება, ადამიანს უწოდონ თაღლითი. აუცილებლად უნდა აგონ პასუხი.
პატივისა და ღირსების შელახვის ბრალდებით აპირებთ მიმართოთ შესაბამის ორგანოს?
- რა თქმა უნდა, მივმართავ. იმდენად შეილახა ჩემი უფლება, რომ ჩემს ადვოკატთან ერთად გავივლი კონსულტაციას.
როგორ ფიქრობთ, ავტორიზაციის შეჩერება პოლიტიკური მოტივით მოხდა? ამ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა სკოლის მმართველის მუსტაფა ემრე ჩაბუქის დაკავება...
- სანიკიძისგან და სხვებისგან განსხვავებით, წინასწარი დასკვნებისგან თავს შევიკავებ. განსაჯოს საზოგადოებამ. წინასწარ დასკვნებს ვერ გამოვიტან. არ მაქვს ამის მორალური უფლება. სკოლის რეპუტაცია ჯერ კიდევ ზაფხულში შეილახა, როდესაც ბატონი მუსტაფა ემრე ჩაბუქი ტერორიზმის ბრალდებით დააკავეს. ამან ძალიან შეარყია სკოლის რეპუტაცია. დემირელის სკოლა და ტერორიზმი ერთად მოიაზრებოდა, რატომღაც.
ბევრი მშობელი მოსულა ჩემთან და უთქვამს, რომ უკვე მრცხვენია ჩემი შვილი დემირელში, რომ სწავლობსო. ამაზეა აქ საუბარი. სრულიად შოკირებული და გაოგნებული ვარ ამ ადამიანების უცენზურო გამონათქვამებით. შეიძლება, განათლების სისტემის მუშაკმა ასე ცილისწამებლურად ილაპარაკოს ადამიანზე? გეტყვით იმასაც, რომ ორჯერ დავაპირე საბჭოს სხდომის დატოვება იმიტომ, რომ იქ არ იყო ცივილური ურთიერთობა.
ეს უფრო დაკითხვას გავდა. ერთი და იგივე კითხვას მისვამდნენ რამოდენიმეჯერ. საბჭოს სხდომა ასე არ ტარდება. იქ არის მასალები და იმ მასალების საფუძველზე უნდა იმსჯელონ და გამოიტანონ დასკვნები. არ უნდა იყოს ფსიქოლოგიური წეზოლა. იქვე გია მურღულიამ სკოლა კრიმინალად გამოაცხადა. ვთვლი, რომ ეს მიუღებელი და აბსოლუტურად შეუსაბამო იმ ინსტიტუტთთან, რომელსაც განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრი ჰქვია.