პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი აცხადებს, რომ სააკაშვილის ხელისუფლების კონტრდაზვერვის თავკაცი - მინდია ჯანელიძე ვერ იქნებოდა დამოუკიდებელი იმ პირობებში, როცა იგი თავკაცობდა უსაფრთხოების სისტემას. შესაბამისად, მისი თქმით, აუცილებელია კრიზისების საბჭოს სტრუქტურული ცვლილება და როდესაც პრემიერი აცხადებს, რომ გამოწვევებთან შესაბამისობაში უნდა მოვიდეს კრიზისების მართვის საბჭო, ასეთი განცხადებით მან პასუხისმგებლობა აიღო საბჭოს ცვლილებებზე.
for.ge სოსო ცისკარიშვილის ესაუბრა.
კრიზისების საბჭოს სტრუქტურის გამოწვევებთან შესაბამისობის აუცილებლობაზე ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა. გიორგი კვირიკაშვილმა სისტემური ცვლილებებიც არ გამორიცხა. როგორ ფიქრობთ, რამდენად ეფექტურია კრიზისებიs მართვის საბჭოს საქმიანობა და ამის ფონზე, რამდენად დროული და ადეკვატურია კრიზისების მართვის რეორგანიზაცია?
სოსო ცისკარიშვილი: ცვლილება აუცილებელია, მაგრამ თუ არ გვეცოდინება ასეთი ცვლილების დეტალები, ვერ ვიქნებით კმაყოფილნი. სააკაშვილის ხელისუფლების კონტრდაზვერვის თავკაცი - ამხანაგი ჯანელიძე რასაკვირველია, ვერ იქნებოდა დამოუკიდებელი იმ პირობებში, როცა იგი თავკაცობდა უკვე უსაფრთხოების სისტემას. მით უმეტეს იმის გამო, რომ ჩვენს კონტრდაზვერვას გარკვეული ურთიერთობები გააჩნია სხვა ქვეყნების და უპირველესად - რუსეთის კონტრდაზვერვასთან. რა თქმა უნდა, ეს არ არის რაიმე სახის დანაშაული, მაგრამ ყველაფერს თავისი ნორმა გააჩნია.
როდესაც ორიოდე დღის წინ ამოტივტივდა ისევ ლაფანყურის თემა და ამ უბედურების ერთ-ერთი მთავარი მოქმედები პირი წლების განმავლობაში არის უსაფრთხოების საბჭოს თავკაცი, უნდა ვიფიქროთ, რომ ასეთი მიდგომით ჩვენ ქვეყანას საფრთხე აღარ გამოელევა. ვნახოთ, როგორი იქნება არა მხოლოდ სისტემური, არამედ კადრების ცვლილება და მაშინ შევძლებთ ვისაუბროთ - არის ცვლილება შედეგის მომტანი, თუ ეს იქნება გარკვეული ვალდებულების შესრულება ჩვენი მოსახლეობის დასამშვიდებლად, რომ ასეთი რამ აღარ მოხდება.
ჩვენ, ჯერჯერობით, შორს ვართ როგორც აშშ-გან, ასევე მონტენეგროსგან, რადგან იქვე, როგორც კი, ამ უკანასკნელი დღეების განმავლობაში აალდა და ცეცხლი მოეკიდა ტყეებს, უმალვე დააპატიმრეს ადამიანები, რომლებმაც ეს ცეცხლი დაბადეს. ჩვენთან რატომღაც არის დუმილი. არ დაგვიწყებია, რომ ჩვენზე უფრო მაღალი ტემპერატურა ყოველთვის არის როგორც თურქმენეთში, ასევე უზბეკეთში და ა.შ. მაგრამ იქ ნაპერწკალიც არსად გაჩენილა. ვნახოთ, რას იტყვის თავად ამხანაგი ჯანელიძე და არის თუ არა ის მზად, რომ საჯაროდ მოინანიოს საკუთარი შეცდომები და დანაშაული.
როგორ ფიქრობთ, სისტემური ცვლილების შემთხვევაში რეალურად შესაძლებელია ეფექტური უწყების შექმნა? მაგალითად, ოპოზიცია საყვედურობს ხელისუფლებას, რომ კრიზისების საბჭო ყოფილი მინისტრების თავშესაფარი გახდა...
- სამწუხაროდ, ეს საბჭო არის კიდევ ერთი მიმანიშნებელი იმ სავალალო რეალობაზე, რასაც ვაკვირდებით, პრაქტიკულად, 21-ე საკუკუნის დაწყებისთანავე, რადგან ჩვენი ფასეულობების შკალაზე პირველი ადგილი არა აქვს ჩვენ მოქალაქეს, ადამიანს, არც პარტიოტიზმი დგას სათავეში, არც პროფეისონალიზმი, არც სიკეთის ვალდებულება. უპირველესად ჩვენი ფასეულობის სათავეში დამკვიდრდა ფული და მხოლოდ ფული. ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ უსაფრთხოების საბჭო თავად არის საფრთხე ქართული სახელმწიფოსთვის.
ფაქტია, რომ ქვეყანა მოუმზადებელი შეხვდა სტიქიურ უბედურებას. ოპოზიცია აცხადებს, რომ თბილისის წყალდიდობის შემდეგ, კრიზისების მართვის საბჭომ არაფექტურობა გამოავლინა ბორჯომის ხეობაში, რაც მათივე განცხადებით, შესაბამისი უწყების მხრიდან მსჯელობის საგანი უნდა გახდეს. როგორ ფიქრობთ, დაგვიანებულია პრემიერ- მინისტრის რეაქცია?
- მე ვიტყოდი, რომ „სჯობს გვიან ვიდრე არასდროს“. ისედაც გაიწელა დრო, მაგრამ შედეგების ანალიზი მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც ფორმირებული იქნება ახალი სტრუქტურა და ცნობილი გახდება ვინ განაგებს ამ საქმიანობას. ჩემი აზრით, ეს ის ერთეული გახლავთ, რომელმაც ჩვენ მოსახლეობას თვეში ერთხელ უნდა გააცნოს საკუთარი საქმიანობის შედეგები. რაც არ არის სახელმწიფო საიდუმლოება, ის უნდა იყოს ცნობილი ჩვენი მოსახლეობისთვის. ეს რომ ასე ყოფილიყო დიდი ხნის წინ დაიშლებოდა ის საბჭო, რომელიც დღემდე შემორჩა ჩვენს პრემიერ-მინისტრს.
სტიქიის დროს გამოჩენილმა რეალურმა პრობლემამ დაგვანახა მთელი ის ნაკლოვანებები, რაც ამ სტრუქტურას რეალურად გააჩნია. ეს პრემიერმაც აღნიშნა. როგორ ფიქრობთ, ეს სისტემა საერთოდ უნდა გაუქმდეს, თუ შესაძლებელია სისტემის იმდენად გაძლიერება, რომ რეალურად შეძლოს კრიზისულ სიტუაციებთან გამკლავება?
- „ზოგი ჭირი მარგებელიაო“ - მე პირდაპირ აღტაცებული ვარ იმ გულადობით, რაშიც გვარწმუნებენ ათასობით ჩვენი თანამემამულენი და ნამდვილი გმირობის ტოლფასია ის, არასაც ვხედავთ, რასაც ვისმენთ. ამიტომ ამ ადამაინების მიმართ მხოლოდ მადლობა შეგვიძლია გავაჟღეროთ. რასაკვირველია არის საკითხები, რომელიც შეიძლება უკეთესად ყოფილიყო მოგვარებული, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ვინმემ რამე დაიშურა. რასაკვირველია, უნდა ვეცადოთ, რომ ყურადღება უსაფრთხოების იყოს ბევრად უფრო მაღალი, ვიდრე ეს დღემდე იყო.
თან მიხარია, თან მრცხვენია, რამდენი ქვეყანა ჩაება ჩვენ დახმარებაში, ესეც ანალიზის საკითხია და ისიც მაინტერესებს, რატომ აალდა ჩვენი ქვეყანა მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა შემოდგა ნაბიჯი საქართველოს ტერიტორიაზე. მანამდეც ცხელოდა, არაფერი იწვოდა. მავთულხლართების წინ გაკეთებული თხრილები ჩვენ ოსი მოქალაქეებისაგან ასევე საკვირველია, მაგრამ ასეთი „წინდახედულება“ არასდროს გამოუმჟღავნებია ცხინვალს. საფიქრალიც ბევრია, საქმეც ბევრია, კრიტიკა ადვილია, მაგრამ უნდა იყოს მოთხოვნილება გაზრდილი და არა რაიმე საკითხის უფრო კრიტიკით შეთხზვა.
ვეცადოთ, რომ ეს საზიზღარი გაკვეთილი არასოდეს დავივიწყოთ და თითოეული ჩვენგანი მონაწილე იყოს იმ ნაბიჯის, რომელიც მართლაც დაძლევს უსაფრთხოების ხარისხს. ჩვენ მუდან უნდა გვახსოვდეს ჩვენი უწმინდესის მიერ წლინახევრის წინ გაჟღერებული ფრაზა, რომელმაც თავის ქადაგებაში ბრძანა: „ბუნება იქცევა ისე, როგორც იქცევიან ადამიანები. თუ ადამიანები ცუდად იქცევიან, ცუდად იქცევა ბუნებაც. ჩვენ ამის არაერთი მაგალითი გვაქვს მთელი პლანეტის სივრცეში“.
ის ფაქტი, რომ ჯანელიძე, როგორც კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელი, არ ხელმძღვანელობს ხანძრის ჩაქრობის ოპერაციას და პრემიერის გადაწყვეტილებით მთელ ამ ოპერაციას ხელმძღვანელობს შს მინისტრი, ეს ადასტურებს, რომ პრემიერ-მინისტრი არ ენდობა კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელს, რომლის საქმიანობის მიმართაც არის ძალიან ბევრი კითხვა? რატომ მღებრიშვილი და არა ჯანელიძე?
- ბატონ ჯანელიძეზე რაიმე სიღრმისეული ინფორმაციის გამჟღავნებისგან თავს შევიკავებ, რადგან მხოლოდ იმის გამო, რომ მე ბევრად მეტი ინფორმაცია გამაჩნია ლაფანყურის ტრაგედიის დაწყების და დასრულების თემებზე, რაც დისკომფორტს უქმნიდა ბატონ ჯანელიძეს და, რის შედეგადაც, 2015 წლის დამლევს, სწორედ მისი ხელმძღვანელობით არსებულმა უაფრთხოების საბჭომ მიიღო დადგენილება, რომ მე სოსო ცისკარიშვილი ვარ სახელმწიფოსთვის საფრთხის შემცველი პირი.
მაგრამ უნდა ვთქვა, ლაფანყურის ოპერაციის შესახებ რეალური ინფორმაცია უკვე არსებობს დაბეჭდილი სახით და იგი ინახება იქ, სადაც ხელი არ მიუწვდება რომელიმე ჯანელიძისეულ სუბიექტს. რაც მოხდა, მოხდა, მთავარია ახლა უკან არ ვიხედებოდეთ და წარსულს კი არ ვქექავდეთ, მომავალზე ვიფიქროთ. მზად ვიყოთ სიკეთის დასაფანტად და არა შუღლის გასაღვივებლად.
რაც შეეხება ჯანელიძის მღებრიშვილით ჩანაცვლებას, ვფიქრობ, ეს ბუნებრივი და სწორი გადაწყვეტილება იყო. მით უმეტეს ამ საბჭოს მაქსიმუმ 20 წევრი ეყოლებოდა. მთელი ძალა შესაბამისი დანაყოფებით არის შშს-ს დაქვემდებარებაში. ამიტომ, სრულიად ბუნებრივი და სამართლიანი იყო, როდესაც ჩვენი ჯარისკაცებიც იყვნენ გაგზავნილი ამ უბედურების დასასრულებლად. ასე რომ, მე ვფიქრობ, აუცილებელია ცვლილება ამ მიმართულებით, მაგრამ ამაზე საჯაროდ არ მისაუბრია. კიდევ ვიმეორებ - „სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“, მაგრამ მთავარია, რომ ამ შემთხვევაშიც საქმის შეფასებისას არავის წამოსცდეს სიტყვა - „ვაის გავეყარე და ვუის შევეყარეო“.
როდესაც პრემიერი აცხადებს, რომ გამოწვევებთან შესაბამისობაში უნდა მოვიდეს კრიზისების მართვის საბჭო, ასეთი განცხადებით პასუხისმგებლობა აიღო თავად პრემიერ-მინისტრმა. რასაკვირველია, ყველას, ვისაც შეუძლია რაიმე გონიერი რჩევა მიაწოდოს პრემიერ-მინისტრს, ალბათ, მხოლოდ გააუმჯობესებს პერსპექტივას. ველოდოთ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას, რომელიც ვფიქრობ, რომ განხილული უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტთან ერთად.