რა სიახლეებს გეგმას მასწავებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მასწავლებლებისთვის

რა სიახლეებს გეგმას მასწავებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მასწავლებლებისთვის

15 სექტემბრამდე მასწავლებლების შეფასების ჯგუფს აქვს დრო იმისათვის, რომ შეაფასოს მასწავლებლები. ამის შემდეგ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს ექნება სრული სურათი იმისა, რამდენი მასწავლებელი იცვლის სტატუსს და რამდენი მასწავლებელი დაწინაურდება. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, მანანა რატიანი იმედოვნებს, რომ მასწავლებელთა დიდი რაოდენობა იქნება მონდომებული, რადგან ერთი მხრივ, შესაძლებლობები და აქტივობები მრავალფეროვანი იყო და მეორე მხრივ, მასწავლებლებს დაინტერესებაც ჰქონდათ სტატუსით დაწინაურებულიყვნენ.

for.ge მანანა რატიანს ესაუბრა.

რა სიახლეებია დაგეგმილი ახალი სასწავლო წლისთვის მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაში?

მანანა რატიანი: ჩვენი პედაგოგებისთვის ყველაზე საინტერესო სიახლე, ალბათ, ის არის, რაც უშუალოდ მათ პრაქტიკასა და კარიერულ წინსვლას შეეხება. ეს გახლავთ სქემა, რომელიც შემუშავდა და უკვე 2 წელია ფუნქციონირებს. ერთადერთი კომპონენტი რომელიც ამ სქემაში არ იყო ამოქმედებული, ეს იყო გარე საგაკვეთილო დაკვირვება, რომელიც უფროსმა მასწავლებლებმა უნდა გაიარონ.

სამწუხაროდ, წინა სემესტრში არ მოგვეცა საშუალება დაგვეწყო ეს პროცესი, მხოლოდ მაისის ბოლოს დამტკიცდა გარე დაკვირვების წესი. ამიტომ, ჩვენ ეს ზაფხული გამოვიყენეთ იმისათვის, რომ სრულფასოვნად მოვმზადებულიყავით ამ პროცესისათვის და შესაბამისად, სექტემბერში უფროსი მასწავლებლებისათვის, რომლებიც გეგმავენ, რომ გახდნენ წამყვანი მასწავლებლები და მოგროვილი აქვთ გარკვეული აქტივობებით - 13 კრედიტქულა, მათ შევთავაზებთ გაიარონ რეგისტრაცია და ჩაერთნონ პილოტირებაში.

ამ ზაფხულის მანძილზე ვიმუშავეთ ძალიან ბევრი, მოვამზადეთ სპეციალური ელექტრო-პორტალი რეგისტრაციისთვის. ასევე სხვადასხვა მიმართულებით გადავამზადეთ გარე დამკვირვებლები, რაც მათ დაეხმარებათ ობიექტურად წარმართონ შეფასების პროცესი. მთლიანად აწყობილია ეს პროცესი და გვგონია, რომ სექტემბერიდან უკვე შევძლებთ პილოტის რეჟიმში ვამუშაოთ და პირველი სემესტრის ანალიზიც გავაკეთოთ.

პილოტირების რეჟიმში, პირველი სემესტრის მანძილზე შეირჩევა რეგიონები, რომელთა წარმომადგენელი 13 კრედიტქულის მქონე მასწავლებლები შეძლებენ გარე დაკვირვებაზე დარეგისტრირებას და გავლას. დანარჩენი რეგიონის წარმომადგენლებისთვის კი, რეგისტრაცია უკვე იანვრიდან ამოქმედდება. ამდენად, 2017-2018 სასწავლო წელს ყველა უფროსი მასწავლებელი, რომელიც აკმაყოფილებს გარე დაკვირვების გავლის წინაპირობებს, შეძლებს მის განხორციელებას.

რაც შეეხება შიდა დაკვირვებას, რომელიც სავალდებულო აქტივობაა პრატიკოსი მასწავლებლებისთვის, სკოლებში უკვე ხორციელდება. თუკი მასწავლებლები სრულად შეძლებენ კომპეტენციების დადასტურებას, ავტომატურად ხდებიან უფროსი მასწავლებლები, მაგრამ თუკი საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურებისას სრულ 10-10 კრედიტს ვერ მოიპოვებენ, მათ აუცილებლად მოუწევთ ორი საგაკვეთილო დაკვირვების გავლა. ასეთ შემთხვევაში უფროსი მასწავლებლებისგან განსხვავებით (გარე დამკვირვებლები ესწრებიან), პრაქტიკოს მასწავლებელს ესწრება მასწავლებლის შეფასების ჯგუფი და ისინი ამ გაკვეთილს აფასებენ, აძლევენ განმავითარებელ შეფასებას და მასწავლებელს ამზადებენ, რომ მომავალში როდესაც უფროსი მასწავლებელი გახდება, წარმატებით გაიაროს გარე დაკვირვება, თუკი შემდგომშიც კარიერულ წინსვლას გადაწყვეტს.

პროფესიულ განვითარებას უკავშირდება ისიც, რომ ჩვენმა ცენტრმა არაერთი საგრანტო კონკურსი გამოაცხადა. უკვე სამი კონკურსია გამოცხადებული, რომლის მიხედვითაც გარე სერვისების პროვაიდერები შემოდიან პროფესიული განვითარების ბაზარზე, მათ საშუალება ეძლევათ მასწავლებელებს შესთავაზონ სხვადასხვა ტიპის პროფესიული განვითარების ღონისძიებები.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს ორი საგრანტო კონკურსი. პროფესიული განვითარების პროგრამების შესარჩევ საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ ორგანიზაციებთან ცენტრმა ხელშეკრულებები უკვე გააფორმა, ხოლო კონკურსი - მასწავლებელთა პროფესიული უნარების განვითარება მცირეკონტინგენტიან სკოლებში - მიმდინარეობს განცხადებების მიღება. ეს კონკურსები მნიშვნელოვანია და იმიტომ აღვნიშნე, რომ როდესაც ბაზარზე არის დიდი კონკურენცია, ეს ხარისხზე კარგად აისახება. შესაბამისად, ჩვენი ინტერესია, რომ ამ პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები გარე სერვისის მიმწოდებლები და მასწავლებლებს პროფესიულ განვითარებაში სხვადასხვა არჩევანი ჰქონდეთ.

თუკი პრაქტიკოსი მასწავლებელი გახდება უფროსი მასწავლებელი, ასეთ შემთხვევაში ხელფასი ეზრდება მასწავლებელს?

- რა თქმა უნდა, სხვაობა ხელფასში არის 320 ლარი. შესაბამისად, ნამდვილად უღირთ მასწავლებლებს გარკვეული აქტივობები ჩაატარონ იმისათვის, რომ კარიერულად დაწინაურდნენ. გვგონია, რომ ეს კარგი მოტივატორია, რომელიც მასწავლებელზე მოქმედებს. ის, რომ მასწავლებელს შესაძლებლობა აქვს ამხელა ბიჯი გააკეთოს ანაზღაურებაში, მნიშვნელოვან მიღწევად მიგვაჩნია და თვითონ მასწავლებლებიც, ალბათ, ხვდებიან, რომ მაქსიმალური ანაზღაურებაა მათთვის განსაზღვრული, ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის პირობებში.

მასწავლებლების დაწინაურების რა პერსპეტივებია და როდის შეფასდებიან?

- მასწავლებლების შეფასების ჯგუფი აფასებს მასწავლებლის მიერ განხორციელებულ აქტივობებს. შესაბამისად, ამის შესახებ კრედიტებს ასახავენ ელექტრონულ სისტემაში. ამ სისტემაში ყველა მასწავლებელს აქვს თავისი სივრცე, სადაც საკუთარ აქტივობებს და მათი განხორციელების დადასტურებებს ტვირთავენ. როდესაც მასწავლებელს საკმარისი კრედიტქულები უგროვდება დამატებით და სავალდებულო აქტივობებში, შეფასების ჯგუფი სტატუსის ცვლილებაზე წინადადებით მოგვმართავენ და ამის შემდეგ ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას სტატუსების მინიჭებაზე.

15 სექტემბრამდე მასწავლებლების შეფასების ჯგუფს აქვს დრო იმისათვის, რომ შეაფასოს მასწავლებლების მიერ განხორციელებული აქტივობები და ამის შემდეგ ჩვენ გვეცოდინება, რამდენი მასწავლებელი იცვლის სტატუსს. 15 სექტემბრის შემდეგ გამოჩნდება რამდენი მასწავლებელი დაწინაურდა. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ მასწავლებელთა დიდი რაოდენოდა იქნება მონდომებული, რადგან აქტივობები მარავალფეროვანი იყო. შესაძლებლობა და დაინტერესებაც ჰქონდათ მასწავლებელებს იმისათვის, რომ წინ წასულიყვნენ.

დაწყებულია თუ არა შიდა სასკოლო დაკვირვება და როგორია შედეგები?

- შიდა და გარე საგაკვეთილო დაკვირვება ერთი და იგივე სტანდარტიზებულ ინსტრუმენტს ეფუძნება. ანუ, არსებობს საგაკვეთილო რუბრიკა, რომლის მიხედვითაც ერთ შემთხვევაში, პრაქტიკოს მასწავლებელს აფასებს შეფასების ჯგუფი, მეორე შემთხვევაში გარე დამკვირვებელი აფასებს მას, მაგრამ რუბრიკა ერთი და იგივეა, რადგან წესი დამტკიცდა მაისის ბოლოს და გარე დაკვირვება ჯერჯერობით არ ჩატარებულა.

რაც შეეხება შიდა დაკვირვებას, იმიტომ, რომ უკვე რუბრიკა დამტკიცდა თებერვალში, თებერვლიდან მათ ჰქონდათ საშუალება სადამკვირვებლო გაკვეთილები გაევლოთ და ასეთი დაახლოებით 600-მდე მასწავლებელია, რომლებმაც უკვე მოასწრეს და გაიარეს შიდა საგაკვეთილო დაკვირვებები. ანუ მზად იყვნენ ამ პროცესისათვის. იმ მასწავლებლებს თუ შესაბამისი კრედიტები მიენიჭათ გამოცდაზეც, რა თქმა უნდა, ეს იქნება მათი დაწინაურების წინაპირობა.

შიდა და გარე დაკვირვებასთან დაკავშირებით რუბრიკა არის საერთო, მაგრამ თვითონ საბოლოოდ მთელი პროცედურის შესახებ ჩამოყალიბებულია უკვე ყველაფერი?

- პროცედურულად ყველაფერი გარკვეულია. უბრალოდ, ვიდრე დამტკიცდებოდა წესი, ძალიან ბევრი შეხვედრა გვქონდა სკოლებთან, დირექტორებთან, შეფასების ჯგუფის წევრებთან, მასწავლებლებთან, სამინისტროსთან, გარე ექსპერტებთან, რომ რაღაცნაირად შევჯერებულიყავით საბოლოოდ ამ პროცედურებზე. დღეს უკვე ამ წესში ის პროცედურებია ასახული, რომლის გავლაც საჭირო იქნება.

ერთი გარე დამკვირვებელი იქნება, რომელიც ჩვენს მიერ იქნება წარგზავნილი და ამავდროულად სკოლაში მივა სხვა სკოლის საგნობრივი ფასილიტატორი, რომელსაც ასევე გავლილი ექნება ტრენინგი და ის სულ მცირე უფროსი მასწავლებელი უნდა იყოს, რომ მივიდეს და დაესწროს ამ პროცედურას, შეაფასოს მასწავლებელი. ასევე, ეცნობება რესურსს ცენტრს, მას აქვს უფლება, რომ დაესწროს ამ პროცესს.

მე, როგორც ყოფილი მასწავლებელი ვფიქრობ, მაშინ რომ ყოფილიყო შეფასების რუბრიკა, ბევრად უკეთესი მასწავლებელი ვიქნებოდი.

რამდენად აქტიურობენ მასწავლებელბი ამ პროცესში?

- მგონია, რომ არიან მონდომებულები, რადგან დაინტერესება ძალიან დიდია. აქტივობის ზუსტი სტატისტიკა გვეცოდინება როდესაც საბოლოო შეფასებები დასრულდება და სექტემბრის ბოლოს შეგვეძლება მოკლე ანალიზი გავაკეთოთ ამ პროცესებზე.

ბევრი მასწავლებლისგან მსმენია, რომ რეგიონები უფრო აქტიურია ამ თვალსზარისით, რეალურად ასეა?

- მართლაც, რომ რეგიონები არიან ძალიან აქტიურები, მაგრამ ამას აქვს თავისი ობიექტური ახსნა. ქალაქში უფრო მეტი შესაძლებლობაა სხვადასხვა აქტივობაში ჩაერთოს მოსწავლე, მასწავლებელი. მაგალითად, მათ აქვთ შესაძლებლობა იარონ სხვადასხვა წრეზე, ეს სკოლის გარეთაც ხდება. რაც შეეხება რეგიონს, საგანმანათლებლო, კულტურულ, სპორტულ ფუნქციას თავის თავზე იღებს სკოლა. შესაბამისად ეს მასწავლებლები აწვდიან უკვე მრავალფეროვან აქტივობებს მოსწავლეებს. სოფლის სკოლები ხდება ერთგვარი ცენტრი თემისათვის.

რეგიონების მასწავლებლებს უფრო უჭირთ ტრენინგებზე სიარული, რადგან ჩვენ ყველა სოფელში და ყველა სკოლაში ვერ ვატარებთ ტრენინგებს და მათი ხელმისაწვდომოდა ამ პროცესებზე უფრო ნაკლებია. უფრო რაიონულ ცენტრებში და დიდ დასახლებებში ვახერხებთ ტრენინგებზე მასწავლებლების შეკრებას და ეს მათთავის, რა თქმა უნდა, სირთულეს წამოადგენს. ქალაქის მასწავლებლებს ეს პრობლემა არა აქვთ.

შემდგომი ეტაპი სტასუსის მონაცვლეობის წლის ბოლოს დადგება თუ სემესტრის ბოლოს?

- თუკი მასწავლებელს ყველა აქტივობა წელს ექნება შეფასებული და მას ყველა კრედიტი ექნება, გარდა გარე დაკვირვებისა, ამ შემთხევაში, რა თქმა უნდა, ამ მასწავლებელზე წინადადება შეიძლება სკოლის შეფასების ჯგუფმა უკვე წარმოაგინოს გარე დაკვირვების წარმატებით გავლის შემდეგ. მაგრამ თუკი კრედიტები რაღაც აქტივობებში აკლია, მაშინ ეს კრედიტები წლის ბოლოს დაგროვდება და უკვე იქ ხდება ათვლა. ყველას ვისაც კი ერთხელ აქვს ჩაბარებული გამოცდა, მეორედ არ დასჭირდება გამოცდის ჩაბარება.

შეფასების ჯგუფის წევრებთან დაკავშირებით, მზაობა როგორია?

- ნაწილი სკოლები დარწმუნებული ვარ, რომ უკვე მზად არიან ამისათვის. აქამდე სკოლას არ ჰქონია თავისი კოლეგის შეფასების გამოცდილება. ეს ის კულტურაა, რაც სკოლაში უნდა დამკვიდრდეს. აქ ჩვენი ჩარევა მხოლოდ მხარდაჭერის დონეზე უნდა იყოს. დანარჩენი სკოლამ ნელ-ნელა თვითონ უნდა ისწავლოს და განახორციელოს. მგონია, რომ ამ პროცესში სკოლები და შეფასების ჯგუფის წევრები პროფესიულად გაიზრდებიან და ნელ-ნელა ისინი, როგორც შემფასებლები დაიხვეწებიან.

ამ შემთხვევაში ორი დეფიციტი არსებობს - ერთი კომპეტენციის და მეორე შიდა სასკოლო კულტურის გარემოს გაჯანსაღება. რას იტყვით ამაზე?

- ალბათ, მასწავლებლებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ერთი კონკრეტული აქტივობის უარყოფითად შეფასება არ არის მათი კარიერის დასასრული და, რომ ვიღაცას შენდამი მტრობა აქვს. უარყოფითად შეფასების დროს შეფასების ჯგუფი გაძლევს შენ განმავითარებელ კომენტარს. ჩვენ არა ვართ მიჩვეული კრიტიკას და ხშირად არაჯანსაღად, მტკივნეულად ვიღებთ კრიტიკას. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს პროფესიული განვითარების გზაა. ჩვენ თვითონ ღია უნდა ვიყოთ ჯანსაღი კრიტიკისადმი. ეს არის კულტურა რომელიც უნდა ჩამოყალიბდეს.

რაც შეეხება სიახლეებს, წელს რა სიახლეები იქნება?

- გვექნება სიახლეები, მაგრამ რა თქმა უნდა, არა ისეთი ფუნდამენტური, როგორიც იყო შარშან. ძირითადად იქნება სქემის პროცედურული ნაწილის დახვეწა, ბიუროკრატიული მხარის გამარტივება.