ლალი ფაფიაშვილი - 4.82; ოთარ სიჭინავა - 3.73 – საქართველოს მთავრობამ სტრასბურგის სასამართლოში ორი კანდიდატი წარადგინა. მთავრობის განკარგულება N1818 განკარგულების საფუძველზე მოხდა, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის პოზიციაზე 2 კანდიდატის ჩანაცვლება. მთავრობამ სამთავრობო კომისიის მიერ მისთვის წარდგენილი ოთხი კანდიდატიდან ორი კანდიდატი შეარჩია - ლალი ფაფიაშვილი და ოთარ სიჭინავა.
წლების განმავლობაში ფაფიაშვილი იყო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი მოსამართლე და თავმჯდომარის მოადგილე. რაც შეეხება სიჭინავას, ის თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოქმედი მოსამართლეა, ასევე იყო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე.
განკარგულების ტექსტში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობამ გაითვალისწინა არა მხოლოდ სამთავრობო კომისიის თავმჯდომარის წარდგინება და კომისიის მუშაობის შედეგები, არამედ ასევე მხედველობაში მიიღო ევროპის საბჭოს ექსპერტ მრჩეველთა კოლეგიის 2017 წლის 21 ივლისის წერილი, სადაც ექსპერტები კანდიდატის დადებით მხარედ უზენაეს ან საკონსტიტუციო სასამართლოში მუშაობის გამოცდილებას ასახელებდნენ.
როგორც ცნობილია, 25 ივლისს გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში მოსამართლეობის სურვილი 28 პირმა გამოთქვა. სპეციალურმა სამთავრობო კომისიამ კონკურსანტების საბუთების საკონკურსო განაცხადთან შესაბამისობის დადგენის შემდგომ გასაუბრებაზე 8 პირი დაიბარა. მათგან 7 კანდიდატს სამთავრობო კომისია ინდივიდუალურად გაესაუბრა. მე-8 კანდიდატი გასაუბრებაზე არ გამოცხადდა.
ეს უკვე მესამე კონკურსია, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ ჩაატარა. გამომდინარე იქიდან, რომ სტრასბურგის მოსამართლის შესარჩევმა პროცესმა უამრავი ხარვეზი გამოავლინა და ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ საქართველოს მთავრობას წარდგენილი კანდიდატები ორჯერ დაუწუნა, ქვეყანას მესამედ მოუწია კონკურსის ჩატარება. როგორი იქნება ევორპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება უცნობია, მაგრამ ცნობილია, რომ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარე, ზაზა ხატიაშვილი მოსამართლეების შერჩევის პროცედურებთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს ასამბლეის სპეციალურ კომიტეტს მიმართავს. როგორც ხატიაშვილი აცხადებს, მისთვის, როგორც იურისტისთვის მიუღებელია ის პროცედურები, რომლითაც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოდან სტრასბურგის სასამართლოში წარსადგენ მოსამართლეებს არჩევს.
„თეა წულუკიანისთვის მიუღებელი კანდიდატები ყველაზე დაბალ ქულებს იღებენ, რომლითაც შეუძლებელია შემდგომ კანდიდატი ოთხეულში ან ხუთეულში მოხვდეს. მაგალითად, ავიღოთ პროფესორი კონსტანტინე კორკელია, რომელმაც იმაზე მეტი წიგნი დაწერა, ვიდრე კომისიის წევრებს გვაქვს წაკითხული. კორკელია ლექციებს ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში კითხულობს. მან კომისიის 13 წევრიდან 5 ერთიანი და 2 სამიანი მიიღო. ასეთი ქულებით გამორიცხულია, რომ კანდიდატი მეორე ტურში გადავიდეს. ასევე მოხდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ნინო ბაქაქურთან დაკავშირებითაც, რომელსაც შვიდი ერთიანი დაუწერეს. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და არა სამართლებრივი. მე პერსონების წინააღმდეგ არ ვიბრძვი. ეს პრობლემა უნდა გამოსწორდეს“, - აცხადებს ზაზა ხატიაშვილი.
ხარვეზებზე საუბრობს არასამთვრობო სექტორი. „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ წარმომადგენელი გია გვილავა აცხადებს, რომ კომისიას წინასწარ ჰქონდა განსაზღვრული ვის უნდა მიეღო ხმები და ვინ უნდა გასულიყო შემდეგ ეტაპზე.
„კომისიის მუშაობიდან გამომდინარე ჩვენ არ გვრჩება შთაბეჭდილება, რომ შერჩევა ჩატარებულია ობიექტურად. ეს არ ნიშნავს იმას, რომ რომელიღაცა კანდიდატი არ შეიძლება იყოს ღირსეული. იმდენად უნდობლობა აქვს გამოცხადებული ამ პროცესს, რომ ჩვენი მონაწილეობა ყოველგვარ აზრს კარგავდა, იმიტომ, რომ წინასწარ იყო განსაზღვრული ვის უნდა მიეღო ხმები და ვინ უნდა გასულიყო შემდეგ ეტაპზე. არსებობდა ძალიან ბევრი კანდიდატი და ბევრი ღირსეული კანდიდატი, რომელიც საერთოდ ვერ მოხვდა ამ სიაში. აუცილებელია, საზოგადოებამ იცოდეს, რამ განაპირობა ერთი კანდიდატის მოხვედრა და მეორის დაბლოკვა“, - განაცხადა გიორგი გვილავამ.
არასამთავრობო სექტორის კრიტიკას იზიარებს ოპოზიცია და აცხადებენ, რომ კომისიამ უკვე მესამედ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება. „ევროპული საქართველოს“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და მიმდინარე პროცესი მორიგი ფარსი იყო.
„ეს სწორედ ის ადამიანები არიან, რომლებმაც ბიძინა ივანიშვილს გადაულოცეს საკონსტიტუციო სასამართლო. მათი წარდგენა სტრასბურგში არის მარცხისთვის კიდევ ერთხელ განწირული მცდელობა. სწორედ სიჭინავა არის ის მოსამართლე, რომელიც იმ კრიტიკულ მომენტში, როდესაც რუსთავი2-ის საქმე იხილებოდა, ძაღლებს ასეირნებდა თბილისში“, - აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.
ბრალდება მიუღებელია ხელისუფლებისთვის. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე, რომელიც შესარჩევი კომისიის ერთ-ერთი წევრია, ამბობს, ევროსაბჭოს ფარგლებში მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესი საქართველოში ყველაზე გამჭვირვალეა და მსგავსი დონის გამჭვირვალობა ევროსაბჭოს ფარგლებში არც ერთ ქვეყანაში არ იყო. მისი თქმით, შერჩეული კანდიდატები ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებენ.
„ვერ დამისახელებთ ვერც ერთ ქვეყანას ევროსაბჭოს ფარგლებში, სადაც პროცესი უფრო გამჭვირვალეა ან ასეთი დონის გამჭვირვალობა იყო წარმოდგენილი, როგორიც ჩვენს შემთხვევაში იყო და ჩვენი ქვეყნის შემთხვევაში იყო. ვფიქრობ, რომ ეს კრიტიკა არის უსაფუძვლო და ეს კრიტიკა არის კრიტიკა კრიტიკისთვის. სარეკომენდაციო წერილში, რომელიც მივიღეთ, მნიშვნელოვანი იყო, რომ წარგვედგინა პირები, ვისაც ექნებოდა უზენაეს ან საკონსტიტუციო სასამართლოში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება“, - განაცხადა სოფო კილაძემ.