რუსეთი საქართველოს მიმართ კვლავ აგრძელებს „მათრახის და თაფლაკვერის“ პოლიტიკას, დახმარება შემოგვთავაზა ხანძრის ჩაწქრობაში და ჩვენი უარით განაწყენებულიც კი დარჩა, მაშინ როდესაც ყოველდღიურად აგრძელებს ქართული მიწების მიტაცებას. გასულ კვირაში კი რუსეთმა და ოკუპირებულმა აფხაზეთმა ხელი მოაწერეს „ხელშეკრულებას“ აფხაზური მხარისთვის სამხედრო ქონების გადაცემის თაობაზე. „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების“ ფარგლებში. რას ნიშნავს რუსეთის ეს პოლიტიკა და რაშია გამოსავალი - ამ თემებზე ექსპერტი სოსო ცინცაძე გვესაუბრება.
სოსო ცინცაძე: სამხედრო ქონება მაინც და მაინც შეიარაღებას არ ნიშნავს, ეს შეიძლება იყოს უძრავი ქონება, სამხედრო ინფრასტრუქტურა და ა.შ. ეს არ არის საგანგაშო შემთხვევა, რადგან აფხაზეთი უკვე რუსეთის შემადგენელი ნაწილია ყოველმხრივ და როგორც უნდა, ისე მოიქცევა აფხაზეთში.
მთავარი ის არის, რომ ეს არის ამერიკა-რუსთის ურთიერთობის გამწვავების და თბილისში გაკეთებული მწვავე განცხადებების შედეგი.
არ გამიკვირდება ისიც, რომ ხვალ რუსეთმა აფხაზეთს უფრო მნიშვნელოვანი შეიარაღება გადასცეს. დღეს არ აძლევს იმიტომ, რომ აფხაზებს მისი მოვლის თავი არ აქვთ - გადაცემაც მხოლოდ ფორმალური იქნება.
რუსეთისთვის მთავარი ის არის, აჩვენოს ამერიკას, მთელ მსოფლიოს და ჩვენც, რომ მას სულაც არ აწუხებს არც სანქციები, არც განცხადებები და რუსეთი თავის პოლიტიკას არ შეცვლის და რომ თუ იქნება ზეწოლა რუსეთზე, უარესი წამოვა მისი მხრიდან.
ობამას დროს რუსეთსა და ამერიკას შორის იყო გადატვირთვის პოლიტიკა და ვიდრე უკრაინაში არ შევიდა, სულაც არ იგრძნობოდა რომ რუსეთსა და ამერიკას შორის დაძაბული ურთიერთობა. არც ამ პოლიტიკას გამოუღია საქართველოსთვის სასარგებლო შედეგი. ისიც გავიხსენოთ, რა პოლიტიკა ჰქონდა არჩეული საქართველოს ხელისუფლებას, თუმცა არც ამას შეუჩერებია რუსეთის მხრიდან მცოცავი ანექსიის პროცესი. გამოდის, რომ რუსეთზე არ მოქმედებს პოლიტიკის შეცვლა და ის აკეთებს იმას, რაც აქვს ჩაფიქრებული. ასეთ მოცემულობაში რა ბერკეტები არსებობს იმისათვის რომ რაღაც შეიცვალოს?
- ამერიკის პოლიტიკა დღეს გათვლილია არა მყისიერ შედეგზე, არამედ პერსპექტივაზე - ჩვენთან გაკეთდა კიდეც დილეტანტური განცხადებები, რომ ეს რუსეთისთვის არაფერს ცვლის.
ამ ეტაპზე შესაძლოა, რუსეთისთვის ნაკლებად საშიშია, ორი წელია რუსეთის ეკონომიკა გამოდის ამ რეცესიიდან და უკვე 2%-იანი ზრდაც კი შეინიშნება, მაგრამ პერსპექტივაში ეს არის ყელზე გამობმული მარყუჟი, რომელიც სულ უფრო უჭერს.
რუსეთს სხვა პრობლემებიც აქვს - ახლახან გამოქვეყნდა დემოგრაფიული სტატისტიკა - ყოველ 3 გარდაცვლილზე 2 ბავშვი იბადება ეს ნიშნავს, რომ ერის კვდომის პროცესია დაწყებული - მიგრანტებიც კი ვეღარ შველიან საქმეს.
ძირითადი სანქციები მილსადენების წინააღმდეგაა, ძირითადად „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ს ეხება და შესაძლოა მოგვიანებით ამ პროექტის შეჩერებაც გამოიწვიოს, მაგრამ ეს არ იქნება დღეს და ხვალ.
კი, ბოლო 2 წელიწადში 7-დან 29 მილიარდამდე ავარდა ინვესტიციების მოცულობა, მაგრამ ამ სანქციების შედეგად რა მოხდება, როდესაც ინვესტორები მიხვდებიან, რა პერსპექტივა ელოდებათ? - ამიტომ ვამბობ, რომ ეს გრძელვადიანი პერსპექტივაა.
რაც მთავარია, ჩვენ ყოველთვის ცაიტნოტში ვართ და არ გვაქვს ამდენი ლოდინის დრო. შესაძლებელია რუსეთის ეკონომიკა 15-20 წლის შემდეგ მძიმე მდგომარეობაში ჩავარდეს. შეიძლება, შეიარაღების ფულიც აღარ ჰქონდეს და სერიოზულ დათმობებზე წავიდეს, როგორც ელცინის დროს იყო, მაგრამ მანამდე ჩვენ რა გვეშველება?!
მთავარი ხსნა იქნება ის, და ქართულმა დიპლომატიამ ამაზე უნდა იმუშაოს, რომ სამხედრო კავშირის რაიმე ფორმა მივიღოთ ამერიკასთან, როგორც ისრაელმა, იაპონიამ და ა.შ.
სანქციებში ნახსენებია, რომ ფინანსთა სამინისტრომ სახელმწიფო დეპარტამენტსა და კონგრესს უნდა წარუდგინოს ანგარიშები, რა ხდება აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთში, დნესტრისპირეთში, მაგრამ აქ ქართულმა დიპლომატიამაც უნდა იმუშაოს. ლობიზმი უნდა გააძლიეროს - სხვანაირად არც სანქციები გვიშველის და არც არაფერი.
ქართულ მხარეს გაუჩნდა იმედი, რომ თუკი რუსეთი შეამცირებდა კონფლიქტური რეგიონების ბიუჯეტებს, საქართველოს გაუჩნდებოდა შანსი, ეკონომიკური კავშირების გაბმით ნელ-ნელა დაეწყო ურთიერთობების აღდგენა. შესაძლებელია ეს რეალურ ბერკეტად განიხილებოდეს?
- ჩვენთვის არა გვაქვს ეკონომიკა და აფხაზებს და ოსებს რა უნდა შევთავაზოთ? ჯერჩვენთვის შევქმნათ ეკონომიკა, რომ ცალი თვალით მაინც გამოიხედონ აქეთ.
ატმის მოსავალი მოდის და ლპება; ეკონომიკის მინისტრი ქარხანას ხსნის და რამდენიმე თვეში ამ ქარხანას დიდი ბოქლომი ადევს; კი, ტურიზმი კარგია, მაგრამ არც ერთი ქვეყანა არ აშენებულა ამით და ვერც იმდენი ფული შემოვა, რომ მთელი წელი გეყოს. თან, რაც შემოდის, ისიც ხელფასებში და დანამატებში იხარჯება.
გარდა ამისა, თვითონ რუსები არ მიგვიშვებენ არც აფხაზებთან და არც ოსებთან.დღეს თვითონ საქართველოს უჭირს და 2/3 შიმშილით კვდება და რაში აწყობთ ეს აფხაზებს? რუსეთი ინახავთ პენსიებსა და ხელფასებს უხდის.
არსებობს დაუზუსტებელი ცნობა, რომ პრიმორსკის მიდამოებში პორტის მშენებლობა იწყება - შეიძლება ეს იყოს პასუხი ანაკლიაში ამერიკული კომპანიის შემოსვლაზე?
- ყურმოკვრით გამიგია, რომ რაღაც მსგავსი პროექტი არსებობს, თუმცა ჯერ ის არის გასარკვევი, რამდენად რეალური ინფორმაციაა, თეორიულად კი - რატომაც არა, შესაძლებელია, მაგრამ ერთი რამ უნდა გვახსოვდეს: თუკი ის სანქციები, რაც დაუწესეს რუსეთს, ზედმიწევნით შესრულდა, ათი პორტიც რომ ააშენოს რუსეთმა აფხაზეთში, ყველა მათგანი სანქციების სიაში მოხვდება.
ეს სანქციები იმით არის განსხვავებული, რომ დეტალურად განიხილება კონკრეტული შემთხვევები, ადამიანები, კომპანიები, ვისთან არიან კავშირში, პუტინთან როგორ არიან დაკავშირებული და ა.შ.
რუსეთს თვითონ უჭირს ფული, მაგრამ ხომ ხედავთ ყირიმში რამხელა ხიდს აშენებს? აფხაზეთშიც შეიძლება რაღაც მსგავსი პროექტი წამოიწყოს, მაგრამ დაუდასტურებელ ინფორმაციაზე ბევრსაც ნუ ვილაპარაკებთ.
მთავარი ის არის, რომ აფხაზურ ელიტას ჩვენსკენ გამოხედვა არ უნდა. რაღაც კონტაქტები არსებობს, მაგრამ ეს ყველაფერი ლირიკაა. ამ ხალხს, როგორც ჩანს, არ ახსოვს, როგორი დამოკიდებულება იყო კომუნისტების დროს.
არც ერთი აფხაზი ისტორიკოსი დისერტაციას თბილისში არ იცავდა, ერევანში მიდიოდა იმიტომ, რომ ყველა დისერტაცია ანტიქართული იყო. არადა ქართველი მეცნიერები გადაყოლილი იყვნენ აფხაზებზე. ამ დროს აფხაზები ქართულად არ დაგელაპარაკებოდნენ.
ნუ გონიათ, რომ ომის შემდეგ აირია სიტუაცია და მტრები გავხდით. შესაძლოა, ოდესმე, შორეულ წარსულში ვიყავით მეგობრები, მაგრამ არა კომუნისტების დროს.
ეს რუსული პოლიტიკის შედეგი იყო?
- რათქმა უნდა... საქართველოს მეცნიერებათა აკადემიიდან მივლინებით რომ ვიყავი მოსკოვში, მეცნიერები დამესივნენ და აფხაზ ასპირანტებს ითხოვდნენ. თავიდან ვერ მივხვდი, მაგრამ შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს მათთვის იყო უფასო დასვენება ზღვაზე და მთელი ზამთარი ციტრუსები საჩუქრად.
კრემლს, ბუნებრივია, თავისი პოლიტიკა ჰქონდა, მაგრამ ეს უბრალოდ, თვალაჩინოებისთვის. რა ხდებოდა მაშინდელ სამეცნიერო და ინტელიგენციის წრეებში... საბჭოთა პოლიტიკა იყო, რომ მაგალითად, ცნობილ ალპინისტს, მიხეილ ხერგიანს ეროვნების გრაფაში ჩაეწერა სვანი, რადგან სხვაგვარად,უცხოეთში არ გაუშვებდნენ.
ომის შემდეგ უბრალოდ, ამოიფრქვა ის, რაც თავის დროზე ჩადო რუსეთმა აფხაზურ ელიტაში და ამიტომ სულ სხვა პოლიტიკაა მათთან საჭირო.
შერიგების პოლიტიკა და „ჩვენ ძმები ვართ“, მხოლოდ სადღეგრძელოებში შეიძლება ვთქვათ - რეალობასთან ამას საერთო არაფერი აქვს - მე პოლიტიკოსი არ ვარ და შემიძლია, რაც მინდა ის ვთქვა: კომუნისტების დროიდან აფხაზები ძმებად არ აღგვიქვამდნენ.
ანუ მათთან ურთიერთობის რესურსი არ არსებობს?
- მათთან ურთიეთობები შესაძლებელია, მაგრამ პრაგმატულ დონეზე. აფხაზები უნდა მიხვდნენ, რომ რუსების ხელში ისინი, როგორც ეთნოსი, საერთოდ გაქრებიან ისე, როგორც გაქრა ასობით მცირე ერი ციმბირში. როდესაც ციმბირი დაიპყრეს, 140 ერი ცხოვრობდა ამ ტერიტორიაზე ახლა მხოლოდ ჩუქჩები და კალმიკები დარჩნენ. ეს ელის აფხაზებსაც.
რეალურად, მათი გადარჩენის შანსი მხოლოდ საქართველოშია. მთავარია, თვითონ დაინახონ ეს. დღეს უკვე სომხები დევნიან ნელ-ნელა თანამდებობებიდან. 80-იანი წლებიდან დაიწყეს სომხების ჩასახლება - გვიანღა მივხვდით, რაც ხდებოდა - გვიყვარს ქართველებს სირაქლემას პოზიციაში ყოფნა და ყველაფერზე თვალის დახუჭვა.
სიმართლე ის არის, რომ ამ პოლიტიკით აფხაზებისთვის მიმზიდველები არ ვართ - როგორც ჩვენთვის ნატოა მიმზიდველი და ვიცით, რომ ნატო-შია ჩვენი ხსნა, ასეთი განცდა უნდა შეექმნათ აფხაზებსაც - მიხვდნენ, რომ მხოლოდ საქართველოშია მათი ხსნა.