დღეს კვირაა და ტრადიციულად ქართველი ხელოვანების მორიგ სახალისო მოგონებებს წარმოგიდგენთ. ამ პროფესიის ადამიანებს ხშირად არაორდინალურ მდგომარეობაში უხდებათ მოხვედრა. ზოგჯერ ეს სიტუაციები საკმაოდ მწარეა, მაგრამ გადის დრო და ტკბილ მოგონებათა რანგში გადადის. ამჟამინდელ თაობას წარსულის თანამემამულე მწერლებსა და ხელოვანებზე ნაკლები ინფორმაციები გააჩნია. იმედია ჩემს საკვირაო „ისტორიებს“ ახალგაზრდა თანამემამულეებიც ეცნობიან და ამ ღირსეულ ადამიანებზე გარკვეული შთაბეჭდილებაც ექმნებათ. სამწუხაროდ მრავალი მათგანი დღეს ჩვენს გვერდით აღარ არის, არადა მათი გამოცდილება და ცოდნა დღევანდელ თაობებს როგორ წაადგებოდა. ჩვენი დღევანდელი მოგონებების მთავარი გმირი ბატონი ნოდარ დუმბაძე იქნება.
ნოდარ დუმბაძე ასეთ ისტორიას ყვებოდა: „1962 წელია და მე და თენგიზ აბულაძე მოსკოვში ვიმყოფებით „მე, ბებია, ილიკო და ილარიონის“ ცენზურულ „პრასმოტრზე“. ჩვენების წინა დღეს პოდმოსკოვიეში ვიყავით, პასტერნაკის აგარაკზე, პერედელკინოში და იქიდან „ელექტრიჩკით“ ვბრუნდებოდით უკან. ნახევრად ცარიელ ვაგონში ერთი რვაკაციანი კამპანია იჯდა, არყით ქეიფობდნენ და თავიანთი უნიჭო სიმღერით ყურთასმენა წაიღეს. მე და თენგიზი „ტამბურში“ გავდიოდით სიგარეტის მოსაწევად, თან იმიტომაც, ამ გნიასისთვის რომ თავი დაგვეღწია. „ტამბურში” საკმაოდ მოზრდილი, ძვირფასი მაცივარი იდგა. როგორც ეტყობოდა, ერთ-ერთ მგზავრს გადაჰქონდა ის ერთი ადგილიდან მეორეზე. ერთ-ერთი მორიგი გასვლის დროს, როცა მე და თენგიზმა გავაბოლეთ, ერთი მოხუცებული ბაბუ მოგვიახლოვდა და გვითხრა:
– შვილებო, ახლა ჩემი სადგური იქნება და იქნებ ეს მაცივარი ბაქანზე ჩამატანინოთო...
მოხუცს მიხმარებას როგორ დავამადლიდით და „ელექტრიჩკა“ რომ გაჩერდა, მაცივარი „პერონზე“ ჩავუტანეთ და უკან დავბრუნდით. ნახევარიოდე საათის შემდეგ უკვე მოსკოვს მივადექით. მთვრალი კამპანია ჩვენზე წინ გავიდა „ტამბურში“. ჩვენ უკან მივყევით და ერთ-ერთი მთვრალის განწირული კივილი შემოგვესმა:
– „კარაულ“! მილიცია, მიშველეთ! ახალთახალი მაცივარი მომპარესო...
უცებ ყველაფერს მივხვდით. ბაბუმ, თურმე, ყველა გაგვაბითურა და სანამ მაცივრის პატრონი არყით ლოთობდა, მე და თენგიზს ახალთახალი მაცივარი მოგვაპარინა.“
ნოდარ დუმბაძე კიდევ ერთ ისტორიას გაიხსენებს: პატიოსანი, ხუმარა, მოკლედ, ტიპური გურული აფრასიონა, მეტად ზორბა კაცი ყოფილა – მაღალი, მხარბეჭიანი, 47 ზომა ფეხით. ჰოდა, ამ ჩვენს აფრასიონას სმა ჰყვარებია თურმე ძალიან. შესაბამისად, ცოლიც ნამეტანი კაპასი ჰყოლია. აფრასიონა მოთმინებით იტანდა ცოლის კაპრიზებს – სხვას ვინ დაეძებს, მეზობელთანაც კი ვერ გადავიდოდა საწყალი კაცი, თალიკო მაშინვე თავზე დაადგებოდა. ჭიქას ხელიდან წაართმევდა და შინ წააძუნძულებდა ხოლმე. მოკლედ, არ გაახარა ყაძახი! იმ წელს დიდი თოვლი მოვიდა. სოფელში კი ამ დროს მეზობლები ერთმანეთთან იკრიბებიან და დალოცვილ ღვინოს, აგუზგუზებულ ბუხართან ნება-ნება შეექცევიან. ზედ კი ახალდაკლულ ღორის ხორცს აყოლებენ. ჰოდა, ჩაიცვამდა ეს ჩვენი აფრასიონა 47 ზომა „ვალინკებს“ და სტუმრად, თალიკოც არ დაახანებდა და მყისვე გამოეცხადებოდა აჩრდილივით. მოკლედ, ერთი ჭიქა ვეღარ დალია კაცმა ხეირიანად. მაგრამ, ხომ გაგიგონიათ: „გაჭირვება მანახე და გაქცევას განახებო“ და აფრასიონამაც მიაგნო გამოსავალს. ისეთი რამ მოიფიქრა, შეჩვენებული თალიკოც კი გააოგნა.
ერთ საღამოს დიდი თოვლი მოვიდა, აფრასიონას მობეზრდა შინ ჯდომა და მეზობელ სიმონასთან გადასვლა გადაწყვიტა. ჭიშკარს რომ მიადგა, მოულოდნელად უკანვე გამობრუნდა... მერე კი უკუსვლით შევიდა მეზობლის ეზოში. გაუკვირდა მასპინძელს: რატომ შემოდი უკუღმაო... მაგრამ მეზობელმა გააჩუმა: ჩემი საქმისა მე ვიციო. იმ საღამოს თალიკოს არ მოუკითხევს ქმარი და აფრასიონამაც ბოლომდე მოილხინა. შინ მისულს გაკაპასებული ცოლი კართან დახვდა: სად იყავი, მთელი სამეზობლო შემოვიარეთ. აგერ ვიყავი, სიმონასთანო, – იყო პასუხი. სიმონასთან როგორ იყავი, ვნახე შენი ნაკვალევი, როგორ გამოსულხარ ჭიშკრიდანო. გაუხარდა აფრასიონას, ჭკუით რომ აჯობა ცოლს და თავმომწონედ გაანდო „საიდუმლო“.
ნოდარ დუმბაძე ცნობილ საბჭოთა მწერლებთან და ხელოვნების მოღვაწეებთან ერთად, ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა შემოქმედებითი მივლინებით. ნოდარი ცნობილ ყაზახ მწერალთან, ჩინგიზ აიტმატოვთან მეგობრობდა და ეს ორნი ყველგან ერთად დადიოდნენ – „ამერიკულ ოცნებას“ „შემოქმედებითად სწავლობდნენ“. მალიბუში, მილიონერთა კურორტზე, ერთ-ერთი ბარიდან გამოსვლის შემდეგ, შექეიფიანებულ აიტმატოვს დუმბაძისთვის უთქვამს:
– ნოდარ, ძმაო, რას იტყვი, ხომ არ დავრჩეთ აქ, ამ თავისუფალ ქვეყანაში, სადაც „კაგებე“ ვერ მოგვწვდება და ვერ გვაიძულებს, იდეოლოგიურ ჩარჩოებში მოვაქციოთ ჩვენი შემოქმედებაო.
ნოდარს მთვრალი ყაზახი მწერლისთვის შეუხედავს და უპასუხია:
– არა, რას ამბობ, ჩინგიზ, ძმაო, „კაგებემ“ იაპონიისკენ მცურავი მოქვირითე წითელი თევზების დიდი გუნდი აიძულა უკან, საბჭოეთში დაბრუნებულიყო და ჩვენ რას გვიზამსო. (ძვირფას, წითელ თევზებს, რომლებიც ვალუტაზე გასაყიდ უძვირფასეს ხიზილალას ყრიდნენ, საბჭოთა სათევზაო ფლოტი ულტრაბგერითი მოწყობილობებით მართლაც აბრუნებდა საბჭოთა ტერიტორიულ წყლებში, რომ ძვირფასი ნადავლი იაპონელებს არ ჩავარდნოდათ ხელში და ნოდარ დუმბაძე ამას გულისხმობდა).
ცნობილი დაღესტნელი პოეტი რასულ გამზატოვი და ირაკლი აბაშიძე ახლო მეგობრები იყვნენ. ერთხელ ირაკლი აბაშიძე გამზატოვს მის მშობლიურ აულში ესტუმრა. რასულმა ის საკუთარი მანქანით წაიყვანა სახლში, გზაში კი მანქანა გაუფუჭდა. გამზატოვმა თავადვე შეაკეთა მანქანა, მაგრამ ხელები გვარიანად დაისვარა. რომ მივიდნენ, რასულს ცოლმა ჭიშკართან ხელ-პირის დასაბანი წყალი, პირსახოცი და საპონი მიაგება ახალმოსულებს.
– საპონი არ მინდა, მხოლოდ წყალი დამისხი, – უთხრა გამზატოვმა ცოლს.
ირაკლი აბაშიძემ რომ გაქათქათებულ პირსახოცს შეავლო თვალი, მეგობარ მასპინძელს ჩვეულებრივი ენაკვიმატობით უთხრა:
– საპონი შენ კი არა, პირსახოცს უნდა, რასულ, ძმაოო...