მსოფლიო ბანკი და ქართული კომპანიები ბორჯომის ტყის აღდგენაში ჩაერთვებიან

მსოფლიო ბანკი და ქართული კომპანიები ბორჯომის ტყის აღდგენაში ჩაერთვებიან

ბორჯომის ხეობაში დაახლოებით 100 ჰექტარამდე ფართობია დამწვარი. სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. პროცესში დაახლოებით 1500 ადამიანია ჩართული, ხანძრის ლიკვიდაციაში საქართველოს შეიარაღებული ძალებიც მონაწილეობს. 20 აგვისტოს გაჩენილმა ხანძარმა 2008 წლის ომის შედეგად ნახანძრალი ტერიტორია გაანადგურა. მათ შორის ის ნაწილიც, სადაც ჯერ კიდევ გაზაფხულზე, სოციალური კამპანიის ფარგლებში, მწვანე საფარის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო.

გარემოსდამცველები ვარაუდობენ, რომ 9 წლის წინ ერთხელ უკვე განადგურებული ტყის მასივისთვის მიყენებული ზარალი მასშტაბური იქნება, რამაც ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესებასთან ერთად, შესაძლოა, სტიქიური პროცესების გააქტიურებაც გამოიწვიოს.

როგორც გარემოსგამცველები აცხადებენ, მთავარი სამუშაო ხანძრის ჩაქრობის შემდეგ დაიწყება, რაც სავარაუდოდ, სოლიდურ ფინანსებთანაც იქნება დაკავშირებული.

მსოფლიო ბანკმა უკვე გამოთქვა მზადყოფნა, საქართველოს დახმარება გაუწიოს - მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრს საგანგებო შტაბში შეხვდა. შეხვედრის შემდეგ მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მსოფლიო ბანკი მზად არის დახმარებისთვის როგორც ფინანსური, ასევე, ტექნიკური კუთხით.

„მსოფლიო ბანკში პროგრამა გვაქვს, რომელიც უშუალოდ ეხება გარემოსა და ტყეების დაცვას. ჩვენ მზად ვართ საქართველოს დავეხმაროთ როგორც კრიზისის, ასევე კრიზისის შემდგომ პერიოდში. საქართველოს გავუწევთ ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას. გარემოსდაცვითი სპეციალისტების ჯგუფი შეაფასებს არსებულ ვითარებას, რათა შემდგომ კონკრეტული გეგმა დავნერგოთ“, - აღნიშნა მერსი ტემბონმა.

თავდაპირველად მოხდება სიტუაციის შეფასება, რის შემდეგაც მსოფლიო ბანკი საქართველოს მთავრობასთან ერთად განიხილავს იმ საკითხებს, კონკრეტულადრა კუთხით მოხდეს დახმარება.

ბორჯომის ტყის აღდგენაში ჩართვის სურვილს გამოთქვამენ ქართული კომპანიებიც - რამდენიმე მათგანმა შესაბამისი განცხადება უკვე გაავრცელა.

„საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ ყველა შვილობილ კომპანიასთან („საქნახშირი“, „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კომპანია“,“ნეოგაზი“, „ტიფლისი სითი“, „ქამქი“, „ევროპული სკოლა“) ერთად - როგორც „საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში“ განაცხადეს, ისინი ორი თვის წინ შეუერთდნენ კამპანიას - „აღადგინე“ და პირველ ჯერზე 2008 წელს ოკუპანტის მიერ გადამწვარ ტყის ტერიტორიაზე 500 ძირი ხე დარგეს.

აღდგენის პროცესში მონაწილეობის სურვილს გამოხატავენ საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში შემავალი კომპანიები - სამედიცინო კორპორაცია „ევექსი“, ფარმაცევტული კომპანიები „ჯპს“, „ფარმადეპო“ და სადაზღვევო კომპანია „იმედი L“. ისინი ხანძრისგან გამოწვეული ზიანის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 500 000 ლარს გამოყოფენ.

„სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი“ კი მოუწოდებს სხვა კომპანიებსაც, რომ გაერთიანდნენ და ხელთ არსებული ძალებით ერთად დაეხმარონ მეხანძრეებს სტიქიასთან გამკლავებაში და მონაწილეობა მიიღონ შემდგომ ტყის აღდგენაში. კომპანიამ სტიქიასთან ბრძოლაში დასახმარებლად გამოყო 45 ტონა ავიასაწვავი, 10 ტონა ბენზინი, 10 ტონა დიზელი და აცხადებს, რომ თავის წვლილს შეიტანს ტყის აღდგენაში და დარგავს ხეებს 2 ჰექტარზე.

ბორჯომის დამწვარი ტყის 10 ჰექტარი „თიბისი ჯგუფისა“ და კომპანია „ბორჯომის“ მიერ აღდგება. აღნიშნულ ინიციატივას ბიზნესმენი თემურ ჭყონიაც შეუერთდება. ტყის აღდგენისა და დამწვარ ტერიტორიებზე ხეების დარგვის აქციებში მონაწილეობას გეგმავს სასტუმრო „ქრაუნ პლაზა ბორჯომიც“.

მთლიანად რა თანხები და რა დრო დასჭირდება ზარალის ანაზღაურებას, მოგვიანებით გაირკვევა. მართალია, ზარალი ჯერ დათვლილი არ არის, მაგრამ არ არის გამორიცხული,  ხანძრის ჩაქრობის შემდეგ, დამწვარი ტერიტორიის აღსადგენად სპეციალური ფონდიც შეიქმნას. ზარალის დათვლა ბორჯომში ცეცხლის კერების სრულად ლიკვიდაციის შემდეგ დაიწყება.