“თუ ძვირფასი რამე ნახეს, ჩათვალეთ, რომ დაკარგულია”

“თუ ძვირფასი რამე ნახეს, ჩათვალეთ, რომ დაკარგულია”

[ლევან სეფისკვერაძე]
უცხოეთიდან გამოგზავნილი წერილები და ამანათები საქართველოში იკარგება. როგორც დაზარალებულები ამბობენ, ეს ყველაფერი ბოლო წლებში დაიწყო მანამდე კი მსგავსი რამ პრაქტიკულად არ ხდებოდა, ახლა კი წერილის ან გზავნილის მიღება უკვე გამონაკლისი შემთხვევაა.

“ყველა წერილი გახსნილია და ხელმეორედაა გადაწებებული. ვიღაც რომ იპარავს წერილებს ჩვენთან, დავრწმუნდი იმის შემდეგ, როდესაც ავსტრიიდან ჩემს სახელზე გამოგზავნილი წერილი გახნილი, დაჭმუჭნული და ხელებში ნასრესი მივიღე. წერილთან ერთად შოკოლადებიც იყო გამოგზავნილი, მაგრამ შოკოლადის ერთი ფილაც კი არ მომსვლია. ეს ყველაფერი გავაპროტესტე ფოსტის თანამშრომელთან, მაგრამ მან თავისი უფროსების სახელზე წერილის დაწერა მირჩია და რაკი დარწმუნებული ვარ, რომ არავინ შეიწუხდება ჩემი წერილის და ჩემი შოკოლადების გამო, თავი დავანებე” აცხადებს ჩვენთან საუბრაში ორთოპედი ნინო კაკაბაძე.

“საამანათო პაკეტის გამოგზავნა მინდა თბილისში გერმანიიდან ვერ გამირისკია შიშის გამო. დავაზღვიო, გამოვუშვა, და დავკარგო? არ მაქვს გარანტია იმისა რომ არ დაიკარგება” სამი დღის წინ ასეთი შინაარსის “სმს” გზავნილი მომივიდა ჩემი ძმისშვილისაგან გერმანიიდან, აცხადებს დიასახლისი თამილა შაშელიძე.

ქალბატონ ნინოსა და თამილას გარდა ჩვენ გავესაუბრეთ საქართველოს ფოსტის მუშაობით განაწყენებულ კიდევ ორ ადამიანს. ყველა მათგანი ამბობს, რომ უცხოეთიდან მათ სახელზე გამოგზავნილი წერილები და ამანათები უმეტეს შემთხვევაში გახსნილია და ხშირად საჩუქრების ნაწილი ამოღებულია.

გიული ნერგაძე, დაზარალებული: “ერთი თვის წინ კანადიდან ჩემს სახელზე გამოგზავნილი კონვერტი იყო გახსნილი და შიგნით იდო კიდევ სხვა კონვერტი გერმანიიდან სხვის სახელზე გამოგზავნილი და ისიც გახსნილი. ძალიან გავბრაზდი, მაგრამ საქმე რომ აღმეძრა აქეთ მე დამაბრალებდნენ კონვერტის გახსნას. ერთადერთი, რაც ვქენი, ის იყო, რომ მოვძებნე ჩემს კონვერტში ჩადებული კონვერტის პატრონი და გადავეცი თავის ქართველ პატრონს. აბა მე რად მინდოდა სხვისი წერილი? გარდა ამისა, საქართველოში ჩამოსული ამანათებიც იკარგება. ჩემი მეგობრის დას გამოუგზავნეს ამანათი, რომელიც სახლში გახსნილი და გადაწებებული მიუტანეს. ფოსტაში ყველაფერს ხსნიან. თუ ძვირფასი რამე ნახეს, ჩათვალეთ, რომ დაკარგულია”.

როგორც მოქალაქეები აღნიშნავენ, წერილების და ამანათების დაკარგვის ან გახსნილის მიღების პრობლემა განსაკუთრებით ბოლო წლებში გაჩნდა. აშკარაა, რომ ფოსტაში ერთდროულად ქურდები ვერ დაჯდებიან, თუმცა ფოსტის მომხმარებლების პრეტენზიებმა ბოლო დროს, რომ იმატა, ეს აშკარაა.

სტუდენტ კობა ასათიანსაც ხშირად ეკარგება დის მიერ გამოგზავნილი ამანათები. როგორც იგი ჩვენთან საუბარში აცხადებს, მის დას წერილებში გარკვეული თანხებიც ჩაუდია, მაგრამ საქართველომდე მხოლოდ ამ თანხის ნაწილმა მოაღწია.

კობა ასათიანი, სტუდენტი: “ამერიკიდან საქართველოს ფოსტაზე ჩემი დის გამოგზავნილი ამანათები ხშირად იკარგება. წერილები უფრო არ იკარგება, იმ შემთხვევების გარდა, თუ წერილში ფული დევს. იყო შემთხვევები, როდესაც ჩემს დას წერილში 500 დოლარი ჩაუდია და საქართველოში მხოლოდ 300 დოლარი ჩამოსულა. ეგ კი არა, ერთხელ აეროპორტიდან გახსნილი ჩანთა გამომატანეს და საერთოდ საქართველოში რაღაა გასაკვირი? 2007-2008 წლებში ამერიკიდან ამანათებს და წერილებს ჩვეულებრივად ვღებულობდი და არაფერიც არ იკარგებოდა. ორ კვირაში მოდიოდა საქართველოში და პირიქით. უბედურება მერე დაიწყო და ამას მე რუსეთის საფოსტო ბლოკადას დავაბრალებდი, მაგრამ ამერიკიდან გამოგზავნილ წერილთან რუსეთი რა კავშირშია?”

საქართველოში მოქმედი სხვადასხვა ფირმები, რომლებიც წერილების ადგილზე მიტანაზე არიან ვალდებულები, მოქალაქეების მიერ გამოთქმულ ბრალდებებს აბსურდულს უწოდებენ და მთლიანად გამორიცხავენ მათი თანამშრომლების მიერ მერკანტილური მიზნებით წერილებისა და ამანათები გახსნის ალბათობას. მათი განცხადებით წერილები მხოლოდ იმ შემთხვევაში იხსნება, თუ იგი საეჭვოდ მოეჩვენათ, ანუ გაჩნდა ეჭვი, რომ წერილსა თუ ამანათში შესაძლოა რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი იყოს ჩადებული.