ბორჯომში ხანძრის კერა ლოკალიზებულია, საქართველოში ხანძრების „სეზონი“ ისევ გრძელდება

ბორჯომში ხანძრის კერა ლოკალიზებულია, საქართველოში ხანძრების „სეზონი“ ისევ გრძელდება

შს მინისტრი ამბობს, რომ ისევე როგორც ხანძრის ქრობის პროცესი, გამოძიებაც ინტენსიურად მიმდინარეობს. გიორგი მღებრიშვილი გამოძიების დეტალებზე არ  საუბრობს, ამბობს, რომ საჭიროა დაველოდოთ გამოძიების დასრულებას. ხანძრის ჩაქრობის პარალელურად, ბორჯომის ხეობაში ადგილობრივები ბრაკონიერობას აგრძელებენ.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის თანამშრომლებმა გამოავლინეს არაერთი პირი, რომლებიც ხანძრის პარალელურად აგრძელებს ხის უკანონო ჭრას. ვინაობა არ სახელდება, მაგრამ ცნობილია, რომ ისინი მეზობელი სოფლებში მცხოვრები ადამიანები არიან.

ბორჯომში ხანძრის ძირითადი კერა ლოკალიზებულია, ამას დაემატა ის, რომ წუხელ ერთი საათის განმავლობაში წვიმდა მაგრამ ხეობაში კვლავ რთული ვითარებაა. პარალელურ პროცესში ხანძარი საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში გაჩნდა. ხანძარი იყო დღეს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის განაპირას, ვაზიანში, რკინიგზის მიმდებარედ, დამწვარია 10-15 ჰექტარი მიწის ფართობი. ხანძარი იყო მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანში, დამწვარია 1.5 ჰექტარამდე მიწის ნაკვეთი. გარდა ამისა, ქარის გამო ბორჯომის ხეობაში იმ კერების ნაწილიც თავიდან აალდა, რომლის ლოკალიზებაც მეხანძრეებმა მოახერხეს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ზურაბ ალავიძის განცხადებით, ავიაცია იმუშავებს მანამდე, სანამ არ მოხდება ხანძარი სრული ლიკვიდაცია. მისივე ინფორმაციით, ავიაციასთან ერთად ხანძრის სრულ ლიკვიდაციამდე სამუშაოებს არ შეაჩერებს არც ცოცხალი ძალა. რაც შეეხება ხანძრის შედეგად დამწვარი ტყის მასივის ზუსტ ფართობს, ალავიძის თქმით, ამის შესახებ უფრო დეტალურად შტაბის წევრებს ინფორმაცია ხვალ ექნებათ.

„ვითარება გვაქვს საგრძნობლად გაუმჯობესებული. ხანძრის კერების დიდი ნაწილი უკვე ლოკალიზებულია. ვმუშაობთ სრული დატვირთვით. იქ სადაც ლოკალიზებულია კერები, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. 10-12 კილომეტრამდე გზა გვაქვს გაყვანილი მთაში. ამან საშუალება მოგვცა, რომ ცოცხალი ძალა შეგვეყვანა ლოკაციამდე, გამონაკლისს თუ არ ჩავთვლით. აქედან გამომდინარე იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ დაგვემატებინა სამხედროები, რათა სამუშაოები სწრაფად წარიმართოს“, - განაცხადა ზურაბ ალავიძემ.

მიუვალ ტყეში, სადაც ტექნიკისთვის შეუძლებელი იყო გადაადგილება, სახანძრო მანქანები მუშაობენ. როგორც შს მინისტრი აცხადებს, დროული იყო სახანძრო სამუშაოებში დამატებით შეიარაღებული ძალების ჩართვა, რომელთა მეშვეობითაც ხდება კონკრეტული კერების დამუშავება.

„შემოგვემატათავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობა 1000 კაცის ოდენობით. ბოლო დღეების განმავლობაში 12 კილომეტრამდე გზა გავჭერით მიუვალ ტყეებში. იქ, სადაც ტექნიკისთვის შეუძლებელი იყო გავლა, დღეს სახანძრო მანქანები მუშაობენ და კერებამდე მიახლოების საშუალება აქვთ. ასევე ცოცხალი ძალის დამატება დაგვჭირდა იმიტომ, რომ ავიაციის ეფექტური მუშაობის შემდგომ ის კერები, რომელიც დარჩენილია, დაგვემუშავებინა. ჩვენ ინტენსიურად ვაგრძელებთ მუშაობას და უახლოეს დღეებში ეს პრობლემა გადაჭრილი იქნება“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

ბორჯომის ხეობაში თავდაცვის სამინისტროს ცოცხალ ძალასთან ერთად, თავდაცვის სამინისტროს სპეციალური ტექნიკა და ცეცხლმაქრი საშუალებებია მობილიზებული. როგორც ცნობილია, სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის 1000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე ბორჯომის ხეობაში დილიდან დისლოცირდა. გადაწყვეტილება, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში საჯარისო ნაწილების ჩართვასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა გუშინ მიიღო.

თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას განცხადებით, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ საჯარისო ნაწილები, სხვა უწყებების თანამშრომლებთან ერთად დარჩებიან შემთხვევის ადგილზე, რომ შესაძლო ცეცხლის გაჩენის შემთხვევაში მოხდეს მათი დროული, ადგილზე ლიკვიდირება.

„ამ დღეების განმავლობაში განხორციელდა მოსამზადებელი სამუშაოები. რთული რელიეფის პირობებში, ინფრასტრუქტურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების აქტიურობით, გაყვანილი იქნა გზები მიუვალ ადგილებში, რათა მომხდარიყო გარკვეული ტვირთის ტრანსპორტირება, უმეტეს შემთხვევაში - წყლის, რომლის გარეშეც რთულია ცეცხლის ლიკვიდაციაზე საუბარი. ამ გზებმა მოგვცა შესაძლებლობა უფრო ფართო მასშტაბებით გამოგვეყენებინა ჩვენი ფიზიკური ძალები, მათ შორის თავდაცვია უწყების სამხედრო მოსამსახურების სახით. გვაქვს კონკრეტული შედეგები“, - აღნიშნა ლევან იზორიამ.

რაც შეეხება ოპონენტების ბრალდებას, რომ ბორჯომის ხეობაში საჯარისო ნაწილების შეყვანა დაგვიანდა, თავდაცვის მინისტრი კატეგორიულად გამორიცხავს დაგვიანებულ რეაქციას და აცხადებს, თავდაცვის სამინისტრო სხვა უწყებებთან ერთად ჩართული იყო, როგორც გზების გაყვანაში, ასევე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში:

„გზების გაყვანის პროცესში ჩვენი ლოჯისტიკის სარდლობა იყო აქტიურად ჩართული. ლაპარაკია ათეულობით ერთეულ ტექნიკაზე. მათი წვლილი გზების გაყვანაში სხვა უწყებებთან ერთად დიდია. დღეიდან, ამ გზების გაჩენის კვალობაზე, შესაძლებელი გახდა მასშტბურად ფიზიკური ძალის გამოყენება, მათ შორის სამხედრო მოსამსახურების სახით.

კატეგორიულად გამოვრიცხავ, რომ ჯარის შემოყვანა დაგვიანებულია. აქ ყველაფერი კეთდება შესაძლებლობის ზღვარზე. ამ დაუღალავი შრომის შედეგად შესაძლებელი გახდა მიუვალ ადგილებში გზების გაჩენა, რამაც ჩვენ ფიზიკური ძალის დახმარების საშუალება მოგვცა“.

***

მეხანძრეები - დათო შალიკაშვილის ფოტო