ბორჯომის ხეობაში 100 ჰექტარზე მეტი ფართობი დაიწვა. მეხანძრე-მაშველები განაგრძობენ ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებს. საქართველოს ხელისუფლებას დახმარება შესთავაზა რუსეთის ფედერაციამაც, მაგრამ უარი მიიღო. ერთის მხრივ საქართველოს დახმარებას სთავაზობს, მეორეს მხრივ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორაზე სამხედრო წვრთნებს ატარებს. წვრთნის დროს ისმოდა სროლის ხმაც. ოკუპანტები საზენიტო დანადგარებიდან და ნაღმტყროცნებიდან ისროდნენ, რა დროსაც ორჭოსანის მიმდებარედ ხანძრი გაჩნდა.
რამდენიმე კვირის წინ რუსმა სამხედროებმა სოფელ არცევის მინდვრებზე სასაზღვრო, ანუ ხანძარსაწინააღმდეგო ხნულების გავლება დაიწყეს. ანალოგიური თხრილები საოკუპაციო ძალებმა კასპის და ქარელის რაიონებში რამდენიმე მონაკვეთზე გაავლეს. დე ფაქტო მთავრობა მაშინ ირწმუნებოდა, რომ თხრილები ხანძრისგან დაცვას ისახავს მიზნად.
ეს ვერსია სარწმუნო არ არის პარლამენტის ვიცე-სპიკერისთვის, გია ვოლსკისთვის, რომლის განცხადებით, ხანძრების სერია დაიწყო საოკუპაციო ხაზის გაყოლებაზე ე.წ. ანტისახანძრო ხნულების გავლების შემდეგ. ვოლსკი მიიჩნევს, რომ დივერსიის რეალობაზე ფიქრის საფუძველი არსებობს.
სწორედ ამ სახელმწიფოს დახმარებაზე თქვა უარი საქართველოს ხელისუფლებამ. მაგრამ ეს ნაბიჯი არ მოსწონს „პატრიოტთა ალიანსის“ წევრს ირმა ინაშვილს და მიაჩნია, რომ ქართულ მხარეს არ უნდა ეთქვა უარი რუსეთის დახმარებაზე. მისივე განმარტებით რუსეთს შესაბამისი ტექნიკა ჰყავს, რომელიც ხანძრის ჩასაქრობად გამოდგებოდა.
„მე სხვაგვარად მოვიქცეოდი. არ ვიტყოდი უარს რუსეთის დახმარებაზე, როდესაც ქვეყანაში კრიზისული მომენტია შენ უნდა იაზროვნო სახელმწიფოებრივად და გადაარჩინო შენი ტყის საფარი და გადაარჩინო მოსახლეობა. რუსეთის დახმარებაზე უარს არ ამბობს არცერთი ევროპული ქვეყანა კრიზისულ ვითარებაში, ვინაიდან მას აქვს ამ ტიპის ტექნიკა. არის პროცესები დაკავშირებული კრიზისებთან არის ჰუმანიტარული დახმარების საკითხები და ჩემი პოზიცია ასეთია, რომ არ ვიტყოდი უარს და არ უნდა ვთქვათ უარი ასეთ ვითარებაში“, - აცხადებს ირმა ინაშვილი.
ის რაც მისაღებია „პატრიოტთა ალიანსისთვის“, მიუღებელია საქართველოს მთავრობისთვის. პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, იმ პირობებში, როცა ჩვენ გაგვაჩნია რთული ურთიერთობა რუსეთთან, დახმარების მზადყოფნის წინადადება მისასალმებელია.
„მინდა შევეხო განსაკუთრებულად რუსეთის საკითხს, ვინაიდან ამ დღეების განმავლობაში ეს საკითხი იყო აქტიური განხილვის საგანი. რუსეთმა გამოთქვა მზადყოფნა დახმარების. ვფიქრობთ, რომ ეს წინადადება არის მისასალმებელი. ჩვენ გაგვაჩნია პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხი, ჩვენი მოსახლეობის და ჩვენი ქვეყნის წინაშე, სწორედ გამომდინარე პასუხისმგებლობის ამ მაღალი ხარისხიდან ვფიქრობთ, რომ იმ პირობებში, როდესაც ჩვენ გაგვაჩნია ძალიან რთული ურთიერთობა რუსეთთან ასეთი წინადადება არის მისასალმებელი. ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
for.ge-სთან საუბრისას ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ როდესაც რუსეთის ფედერაციას ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20% და აგრძელებს მცოცავ ოკუპაციას, ამ სახელმწიფოსგან დახმარების მიღებაზე უარის თქმით, ხელისუფლებამ სწორი და ადექვატური ნაბიჯი გადადგა.
უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი, ხათუნა ლაგაზიძე თვლის, რომ აბსოლუტურად სწორი იყო, რადგან, მთავარია შენ როგორ აფასებ შენს ღირსებას, როგორც სახელმწიფო. მისი თქმით, მიიღო რუსეთის დახამარება იმ ტერიტორიბზე, რომელსაც თავად რუსეთი ბომბავდა და ცეცხლს უკიდებდა, ეს ნიშნავს უარის თქმას საკუთარ სახელმწიფოს თავმოყვარეობაზე.
„ამიტომაც იყო აბსოლუტურად სწორი პოზიცია. მით უფრო, რომ საქართველოს ამ ვითრებაში არაერთი დამხმარე გამოუჩნდა, მათ შორის ისეთი სახელმწიფოები, რომელთანაც საქართველოს სტარეტგიული ურთიერთობა აკავშირებს. ასე რომ, ამ პროცესებში რუსეთის ჩართვის აუცილებლობა არ არსებობდა და აქედან გამოდინარე და განსაკუთრებით იმ ფაქტორიდან გამომდინარე, რომ ეს სახელმწიფოს ღირსების საკითხია, პირდაპირ თქვა სახელმწიფომ ღირსების დაკარგვაზე უარი ამ დახმარების სახით“, - აღნიშნა ხათუნა ლაგაზიძემ.
როგორც ლაგაზიძე ამბობს, მეორე ფაქტორი, რაც არის უმნიშვნელოვანესი და ბოლო დღეები ცხადყოფს, რომ ხანძრები სულ უფრო იძენს მართული დივერსიის სახეს. ერთის მხრივ ბორჯომში პირველი კერა, შესაძლოა სრულიად ბუნებრივად გაჩნდა, მაგრამ შემდეგ მასტაბებმა აჩვენა, რომ ვიღაც ამით ძალიან ცუდად სარგებლობს.
„ერთი, რომ რეალურად ეს არის გამოწვევა უსაფრთხოების თვალსაზრისით და ზოგადად, უსაფრთხოება მთელი ქვეყნის მასშტაბით. სხვა თემაა, რამდენად სწრაფად ჩააქრეს, თუ არ ჩააქრეს, მაგრამ ცხადზე ცხადია, რომ ეს გავს ვიღაცის მიერ მართულ პროცესს. კიდევ ერთი არგუმენტი, რატომ არ უნდა მიგვეღო რუსეთის დახმარება - სანამ გამოძიების დასკვნას არ გავეცნიბით, სანამ არ გაირკვევა, ვინ სარგებლობს ამ ვითარებით, მით უფრო, არ შეიძლებოდა რუსეთის დახმარებაზე დათანხმება.
მაქსიმუმ - ეს არის დივერსია, რომელსაც სახელმწიფოში მოკლევადიან პრესპექტივაში ქაოსის შეტანის, ხოლო გრძელვადიან პრესპექტივაში ეკოლოგიური გარემოს შეცვლის მიზანი აქვს. ეს ორივე ძალიან მნიშვნელოვანი არგუმენტია იმის გასამაგრებლად, რომ რუსეთის დახმარებაზე უარი უნდა გვეთქვა.
რუსეთისგან დახმარების მიღება ნიშნავდა იმას, რომ საქართველოს რუსეთის გარეშე ამ ტიპის კატასტროფასთან გამკლავება არ შეუძლია და საქართველო არის არშემდგარი სახელმწიფო. არანაირი აუცილებლობა რუსეთის დახმარების არ არსებობს, როდესაც არსებობს უამრავი მეგობარი ქვეყანა, რომელსაც ძალიან მარტივად შეუძლია დაეხმაროს ქვეყანას“, - განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.
ბრიგადის გენერალი ამირან სალუქვაძე ფიქრობს, რუსეთისგან დახმარების მიღება მორალის ამბავია. მისი თქმით, თუ სტიქიებისას სხვისი დახმარება დაგვჭირდება და რუსეთის გარდა არავინ გვედგება გვერდში, ღირსი ვიქნებით დავუბრუნდეთ დიდი იმპერიის კალთებს. როგორც სალუქვაძე ამბობს, რუსეთის დახმარება კი არ უნდა იყოს დიალოგის ან ურთიერთობის დათბობის საწინდარი, პირიქით, ჯერ დიალოგი უნდა შედგეს და დიალოგი უნდა იყოს დახმარების თუ ურთიერთობების დალაგების საწინდარი.
„რამდენიმე კითხვა ვნახე, თქვენს კარმიდამოს რომ ეხებოდეს, როგორ მოიქცეოდითო? პასუხებიც მოსალოდნელი იყო, ზოგი ისე წერს, ზოგიც ასე. ვინც წერს უარს ვიტყოდი დახმარებაზეო, სიცრუის დეტექტორზე უნდა გაატარო, რათა გულწრფელობაში დავრწმუნდეთ. ვისაც კარმიდამო არ აქვს, ის გულრწფელად იტყვის. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ დახმარება უნდა მიგვეღო. პირიქით, გაგახსენებთ ომის შემდეგ გადამწვარ და ბულდოზერებით გასწორებულ ქართულ კარმიდამოებს.
მაშინაც უნდა გვეთხოვა დახმარება?! თუ ეს რუსების მიერ ან მათი მხარდაჭერით არ მოხდა? ღმერთმა ნუ გაგვიჭირვოს ისე, რომ იმ სახელმწიფოს მხარდასაჭერი დავრჩეთ, რომელსაც მინიმუმ ორჯერ ვეომეთ ჩვენს მეხსიერებაში და თუ განახლებულ რიტორიკას გადავხედავთ, ისევ მოგვიაზრებენ რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში“, - აცხადებს ამირან სალუქვაძე.
რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის უარს, სალუქვაძე ამბობს, რომ კვირიკაშვილმა გასცა გაწონასწორებული, დიპლომატიური პასუხი.
„ჩვენ პასუხისმგებელი ვართ მოსახლეობის უსაფრთხოებაზე და ვალდებულნი ვართ ყველა ვარიანტი განვიხილოთ, თუმცა, ამ ეტაპზე, ამის საჭიროება არ არსებობს“-ო. არ ვიცი, რა არ მოეწონათ ამ პასუხში? შეიძლება არ მოგწონდეს მმართველი გუნდი, არ მოგწონდეს პრემიერი, მაგრამ რაც მოსაწონია იმის მოწონების უნარი ხომ უნდა გქონდეთ?
ნორმალური, დიპლომატიური პასუხი იყო, რომელიც გასაგები უნდა იყოს რასაც ნიშნავს. ალბათ ფიქრობდნენ წყევლა და დედის გინება უნდა გაეგზავნა. თან თავადვე იძახიან ვერ შეძლეს რუსეთთან დალაგებაო და ამავე დროს დალაგების მომხრეებიც არიან. ზოგი პოლიტიკოსი ასეა - თუ არაა ხელისუფლებაში, წყალს წააუღია ყველაფერი“, - აღნიშნა ამირან სალუქვაძემ.
არსებული პოლიტიკური კონექტურიდან გამომდინარე, ანალიტიკოსის, ზაალ ანჯაფარიძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრმა მიიღო სწორი და ადექვატური გადაწყვეტილება. მისი თქმით, გასაგებია „პატრიოტთა ალიანსის“ პოზიცია, რადგან, მათი პოლიტიკური დღის წესრიგი დაკავშირებულია რუსეთთან.
„ყველას თავისი შეხედულება აქვს და დრო გამოაჩენს ვინ მართალია და ვინ არა. თუ ჩვენ ეს ქვეყანა ოკუპანტად გვყავს აღიარებული, დიპლომატიური ურთიერთობა არ გვაქვს, ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები, პრაქტიკულად ცივი იმის პირობებში ვიმყოფებით, გასაგებია, რომ ბუნებრივი კატასტროფების დროს ხდება ხოლმე გამონაკლისები.
ამ შემთხვევაში რადგან ხელისუფლებას ჰქონდა საკმარისი რესურსები, ყოველ შემთხვევაში ჯერ-ჯერობით ასე ჩანს, ახერხებენ არსებული რესუსრებით გაუმკლავდნენ სტიქიას, მე მგონია, რომ ამ შემთხვევაში მიზანშეწონილი არ იქნებოდა დახმარების მიღება რუსეთიდან. ყოველ შემთხვევაში, პოლიტიკური კონექტურიდან გამომდინარე. მე ასე ვფიქრობ“, - აღნიშნა ზაალ ანჯაფარიძემ.
„თუ რუსეთის დახმარება ათ ხეს მაინც გადაარჩენდა, რასაკვირველია უნდა მიგვეღო ეს დახმარება ყოველგვარი მამლაყინწობის გარეშე“, - აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე, რომლის განცხადებით, ახლა მთავარია, რაც შეიძლება მეტი ხე გადარჩეს.
„თუ ჩვენ გვირჩევნია, რომ გაიჩეხოს, დაიწვას ყველაფერი, ვიდრე რუსეთისგან მივიღოთ დახმარება, ეს უბრალოდ ვფიქრობ, რომ მავნებლობაზე უარესია. ნაციონალური მოძრაობა გასაგებია, ვერასოდეს ვერ აპატიებენ რუსეთს იმას, რომ ბრიყვივით წამოაგო მაგათი ხელისუფლება პროვოკაციაზე. ეს გასაგებია, მაგრამ ჩვენთვის მთავრი პრიორიტეტი არის ტყე გადარჩეს. ისედაც გაჩეხილია ტყეები და კიდევ ხანძარი გვინდა? ამიტომ, არავითარი ყოყლოჩინობა. მთავარია ჩვენი ბუნება გადარჩეს“, - აცხადებს სოსო ცინცაძე.
როგორც ცინცაძე ამბობს, თუ რუსეთის ფედერაცია მართლა გვთავაზობს რეალურ დახმარებას და ეს რეალური დახმარება რამდენიმე საათით მაინც დააჩქარებდა ხანძრის სრულ ლიკვიდაციას, მისი თქმით, სახელმწიფომ ეს დახმარება უნდა მიეღო.
„ნაციონალები ამბობენ, რომ პრემიერმა მადლობა რატომ გადაუხადაო. კი მაგრამ ნაციონალურმა მოძარობამ პასუხი აგო იმაზე რა შეცდომები დაუშვა 2008 წლის ომში თვითონ?! ბრიყვებივით რომ დაიჯერეს, რუსეთი ძალას არ გამოიყენებდა და ბავშვებივით წამოეგნენ პროვოკაციას. პირადად მეუბნებოდა სააკაშვილი, რომ აი აფხაზეთი რომ იყოს კი ბატონოო, მაგრამ ოსეთის გამო რუსეთი ჯარს არ შემოიყვანსო. რატომ, იმიტომ, რომ ამას ეუბნებოდნენ თავისი გენიოსი მრჩევლები - გიგი უგულავა და გელა ბეჟუაშვილი.
ბეჟუაშვილის, როგორც საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელის, მოვალეობა იყო, ეთქვა მაშინდელი პრეზიდენტისთვის, რომ რუსეთს როკის გვირაბთან ჯარი ჰყავს მოყვანილი. ამიტომ, იცით რა - ცოტა ჩუმათ იყოს ნაციონალური მოძრაობა, როცა ყურებამდე ისტორიულ ნეხვში სხედან თვითონ, ჭკუით იყვნენ ეგენი.
მაგათ თუ გონიათ, რომ ვიღაცა ერიდება და ბოლომდე სიმართლეს არ ამბობს, ძალიან ცდებიან. მე არ ვარ პოლიტიკოსი და არავისი არ მერიდება, მაგათი მომხრე ქსენია დისახლისები მომცემენ თუ არა ხმას, მე სულ არ მაინტერესებს. ამიტომ, თუ გვიჭრდება ეს დახმარება, თუ ეს დახმარება რამდენიმე საათით ადრე მაინც ჩააქრობს ხანძარს, უნდა მივიღოთ“, - აღნიშნა სოსო ცინცაძემ.