„ლონდრე“, „ნატურშიცები“ და გივი ბერიკაშვილის ოინები

„ლონდრე“, „ნატურშიცები“ და გივი ბერიკაშვილის ოინები

მსახიობებს დატვირთული და ამავდროულად საინტერესო ცხოვრება გააჩნიათ. ისინი მუდმივად დაკავებულები არიან. სპექტაკლებში მონაწილეობას სხვადასხვა კინოფილმებში გადაღებები ენაცვლება, მოგზაურობაც ხშირად უწევთ და რა გასაკვირია, რომ ამ პროფესიის ადამიანებს გასახსენებელი ყოველთვის აქვთ.

საქართველო პატარა ქვეყანაა და თანამემამულე აქტიორები ყურადღების დეფიციტს არასდროს უჩიოდნენ. ხშირი იყო შემთხვევა, როდესაც ისინი არაერთ კურიოზულ მდგომარეობაში აღმოჩენილან და ამ „ისტორიების“ დიდი ნაწილი ჩვენი თანამემამულეებისთვის დღემდე უცნობია.

დღევანდელ წერილში რამდენიმე ასეთ შემთხვევას გავიხსენებთ.

ცნობილი მსახიობი რამაზ ჩხიკვაძე ერთ ისტორიას იხსენებდა: „ნატვრის ხეს“ კახეთში ვიღებდით და როგორც მოგეხსენებათ, მე მღვდლის როლს ვასრულებდი. ერთ დღეს, როცა მორიგი სცენა უნდა გადაგვეღო და მე, შესაბამისად გამოვეწყვე, უცებ ამინდი გაფუჭდა, მოიღრუბლა და გადაღება გადაიდო. ეროსიმ, რომელიც, ასევე მონაწილეობდა ფილმში, საიდუმლოდ, გვერდით გამიყვანა და მითხრა:

– ამინდი, ალბათ, ხვალამდე არ გამოვა. აქ ხომ არ ვიყურყუტებთ. წამო, მეზობელ სოფელში ძმაკაცი მყავს. რომ ვეწვიოთ, ძალიან გაუხარდება და ცოტა წავიქეიფოთო.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, თენგიზ აბულაძისთვის არაფერი გვითქვამს. გრიმიანები და ფორმაში გამოწყობილები გადასაღები მოედნიდან გავიპარეთ. მანქანა გავაჩერეთ და ეროსის ძმაკაცისკენ ავიღეთ გეზი მეზობელ სოფელში. ჩვენდა სამწუხაროდ, ეროსის ძმაკაცის სახლში არავინ დაგვხვდა და უკან წამოსვლა დავაპირეთ. შარაზე გამოვედით, რომ მანქანა გაგვეჩერებინა. ამ დროს ახლომდებარე, პატარა ეკლესიის წინამძღვარმა გვიცნო. თავისთან გვიხმო და სუფრა ეზოში გაგვიშალა. მასპინძელი საკმაოდ მალე შეთვრა და ჩაეძინა. ამ დროს პატარა ეკლესიასთან „ვილისი“ გაჩერდა, რომელშიც ოთხი თუში იჯდა. ისინი პირდაპირ ჩვენკენ წამოვიდნენ. მე და ეროსი ვერ გვიცნეს, მძინარე მამაო შეათვალიერეს და მითხრეს:

– მამაო, ხვთისოს ეშმაკი ჰყავს შეჩენილი და ეშმაკის განდევნის ლოცვა წაუკითხეო.

ის იყო, დავაპირე, მეთქვა: მამაო არ ვარ-მეთქი, რომ ეროსიმ, რომელიც ჯერ კიდევ „ლონდრედან“ „გამოცდილი მღვდელი“ იყო და მართლა ბევრი რიტუალი იცოდა, თანაც დიდებული ხმა ჰქონდა და საუცხოოდ გამოსდიოდა, თუშს უთხრა:

– კვეთებულის წაკითხვის უფლება მხოლოდ მე მაქვს და მე წავუკითხავო:

თვალებბრიალა, ხანჯლიანმა თუშმა შეკრული კოპებით, შეათვალიერა არამამაოურად ჩაცმული ეროსი, რომელიც ყველაფერს მიხვდა და თუშს უთხრა, ახლავე მოვწესრიგდებიო. მძინარე ნამდვილი მამაო სენაკში შეიყვანა და მისი ანაფორა გადაიცვა. შემდეგ ყველას ტაძარში გვიხმო. მე ბარძიმი და ნაკურთხი წყალი მომცა და ეშმაკშეჩენილ ხვთისოს ნახევარი საათის განმავლობაში კვეთებულს უკითხავდა. რომ დაასრულა, მე ნაკურთხი წყალი ვაპკურე ხვთისოს და ვაზიარე. თუშებმა მადლობა გადაიხადეს, შესაწირი დატოვეს და წავიდნენ. ეროსიმ მღვდლის სამოსი გაიხადა და მითხრა, – აბა, მოვუსვათ ახლა აქედან, თორემ ჯვრისწერა და ნათლობა უკვე მეტისმეტი იქნებაო. არ ვიცი, ხვთისოს უშველა თუ არა, მაგრამ ეროსი ისეთი დიდებული იყო კვეთებულის კითხვისას, რომ ეპისკოპოსობას მივანიჭებდი“.

ცნობილი მსახიობი ზურაბ ქაფიანიძე ასეთ ისტორიას ყვებოდა: „მიუხედავად იმისა, რომ კინოფილმ „ლონდრეში” მცირე ეპოზიდური როლი მაქვს, მასში მონაწილეობამ დიდი სიხარული მომანიჭა. გადაღების პროცესი ძალიან მხიარულად მიმდინარეობდა და ზოგჯერ, გივი ბერიკაშვილი ცოტას ეშმაკობდა კიდეც, რაც არცაა გასაკვირი. ის ხომ, ფაქტობრივად, შიშველ ეშმაკს განასახიერებდა...

ფილმში ერთი სცენაა, რომელიც სულ რამდენიმე წამი გრძელდება. გივი შედის ქალების აბანოში და მას აწივლებული, შიშველი ქალები სხვადასხვა ნივთს ესვრიან. ამ სცენის გადასაღებად, რეჟისორმა თამაზ მელიავამ სამხატვრო აკადემიის „ნატურშიცები” მიიწვია, რომლებიც დედიშობილა ბანაობდნენ გოგირდის აბანოში. ამ სცენის გადაღებას ესწრებოდნენ მხოლოდ გივი, ოპერატორი გიორგი კალატოზიშვილი და რეჟისორი თამაზ მელიავა. დანარჩენებს იქ შესვლა აკრძალული გვქონდა, რადგან ასე ისურვეს „ნატურშიცებმა.” წესით, ეს სცენა მაქსიმუმ ორ დუბლში უნდა ჩატეულიყო. სინამდვილეში კი, მის გადაღებას ოცი დუბლი და რამდენიმე კილომეტრი ფირი დასჭირდა. დუბლს ის აფუჭებდა, რომ როგორც კი გივი აბანომდე მიაღწევდა, წაიქცეოდა და ყველაფერი თავიდან იწყებოდა. მეოცე დუბლის წინ, თამაზ მელიავა დაემუქრა გივის: თუ კიდეც წაქცეულხარ, როლიდან მოგხსნი და სხვას ავიყვანო. მეორე დუბლი გივიმ მშვიდობიანად ჩაათავა და მხოლოდ ფილმის დასრულების მერე გამომიტყდა:

– ბიჭო, განა მართლა ფეხი მიცურდებოდა და ვვარდებოდი, განგებ ვაკეთებდი. იქ, ისეთი ტანწერწეტა „ნატურშიცები” იყვნენ, რომ მათ სხეულს თვალს ვერ ვწყვეტდიო.

ასეთი ოხერია გივი და ისე ოსტატურად ეშმაკობდა, რომ მთელი გადამღები ჯგუფი გააბითურა.“

ცნობილი კინორეჟისორი გია დანელია ასეთ ისტორიას ყვება: „არ დაიდარდოში“ არის ერთი ეპიზოდი, რომელშიც უზარმაზარ კაკლის ხეზე, „შარმანკით“ შემომჯდარი იპოლიტე ხვიჩია მოქეიფე მღვდლისთვის უკრავს. ამ სცენაში იპოლიტეც და „შარმანკაც“ მაგრადაა ხეზე მიბმული სპეციალური ბრეზენტის ქამრებით. ჩამოვარდნის საწინააღმდეგო ეს  მოწყობილობა საგანგებოდ „მოსფილმში“ დაამზადეს. ქამრები ფოლადის კლიტით იკეტებოდა და გასაღები ჩვენს რეკვიზიტორს, ტოლიას, ებარა. ქამრები, რა თქმა უნდა, კადრში შენიღბულია და არ ჩანს.

ეს სცენა მცხეთაში, მტკვრის პირას, თითქმის უკაცრიელ ადგილზეა გადაღებული და ცვალებადი ამინდის გამო, მისი გადაღება გაგვიჭიანურდა. როგორც კი იპოლიტეს „შარმანკასთან“ ერთად ხეზე ავიყვანდით, დავაბამდით და გადაღება უნდა დაგვეწყო, ამინდი შეიცვლებოდა და ჩვენი ოპერატორი, ვადიმ იუსოვი დაიძახებდა: „ატბოი, პერერივ!...“ ვინ იცის რამდენი ასეთი „პერერივი“ გვიწევს ფილმების გადაღებისას და ამინდის კეთილგანწყობის მოლოდინით გატანჯული მსახიობები, ერთმანეთს სხვადასხვა „შტუკებს“ უტარებენ ხოლმე. გამონაკლისი არც „არ დაიდარდო” იყო და მასში მონაწილე მსახიობებიც „შტუკაობდნენ“.

განსაკუთრებით ბატონი იპოლიტე აქტიურობდა, რომელსაც აბესალომ ლორია ჰყავდა გამწარებული და ხან რას უკეთებდა და ხან – რას. აბესალომს ყელში რომ ამოუვიდა, იპოლიტეს დამუქრა: კაცი არ ვიყო, თუ არ გაწუწუნეო. ერთხელაც, ხეზე შემომჯდარი იპოლიტეს ეპიზოდს ვიღებთ და იუსოვმა მორიგი „ატბოი“ დაიძახა და ამინდის გაფუჭების გამო სხვა ეპიზოდის გადასაღებად წავედით. იპოლიტე კი ხეზე დარჩა, რადგან ზევით-ქვევით სირბილი მობეზრდა და ჩამომძახა, თუ ამინდი არ გამოსწორდა, ტოლია გამოგზავნე და ჩამომიყვანოსო. თან, ლუდი მოწრუპა და ქაბაბიც დააყოლა, რაც ხეზე ჰქონდა მოყუჩებული. სხვა ეპიზოდი მალე გადავიღეთ. შემდეგ, მთელი შემოქმედებითი ჯგუფი მცხეთის პარტიულმა ხელმძღვანელობამ რესტორანში წაგვიყვანა და ტოლიას ვუთხარი, იპოლიტე ხიდან ჩამოეხსნა და რესტორანში მოსულიყვნენ. ჩვენ რესტორანში წავედით და მთელი ღამე ვქეიფობდით. შუაღამეს გამახსენდა ტოლიასთვის მიცემული დავალება, მაგრამ არც ტოლია ჩანდა და არც იპოლიტე. ჩემ წინ აბესალომ ლორია იჯდა და იმას ვკითხე:

– მე რომ ტოლიას იპოლიტეს ხიდან ჩამოყვანა დავავალე, შენც იქ იყავი და ხომ არ იცი, რა ქნა-მეთქი?

– ვიცი. ტოლიამ იპოლიტე ჯერ ხიდან მოხსნა და მერე თავის ნომრამდე მიაცილა, რადგან შეუძლოდ იყოო, – მიპასუხა აბესალომმა.

ტოლიას დალევა უყვარდა და ცოტა არ იყოს, გამიკვირდა,  რესტორანში რომ არ მოვიდა, მაგრამ რას ვიზამდი, ქეიფი გავაგრძელე...

მეორე დილას ისეთი მშვენიერი ამინდი გამოვიდა, რომ მთელი ღამის ნაქეიფრებს მისი ხელიდან გაშვების უფლება არ გვქონდა – ხის სცენის გადასაღებად გავემართეთ. ჩემს ასისტენტს კი იპოლიტეს მოყვანა დავავალე. მივედი და რას ვხედავ, საცოდავი იპოლიტე ისევ ხეზეა, თავი „შარმანკაზე” დაუდია და სძინავს... საქმე კი ის იყო, რომ აბესალომ ლორიას ტოლიასთვის ორი ბოთლი არაყი „დაუდგამს“, დაუთვრია და სასტუმროში მიუყვანია დასაძინებლად, თან უთქვამს, – იპოლიტეს მე ჩამოვხსნიო. იპოლიტე კი მთელი ღამით უკაცრიელ მტკვრის ნაპირზე დატოვა. ის საცოდავი კი, სანამ ძალები ჰქონდა, მთელი ღამე „შარმანკაზე“ უკრავდა, იქნებ ვინმეს გავაგონო და ჩამომხსნასო”.