საქართველოს ქონების 35% ხე-ტყეზე მოდის. მიუხედავად ამისა, ამ დრომდე არ არის შესწავლილი ტყის როლი ქვეყნის ეკონომიკასა და ენერგეტიკაში. მოჭრილი ხეების სანაცვლოდ არ ხდება ტყის მასივების აღდგენა. კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის წარმომადგენლების კვლევის მიხედვით, საქართველოში მოჭრილი ხუთი ხიდან ოთხი უკანონოა.
სპეციალისტები საგანგაშოდ მიიჩნევენ იმ მონაცემებს, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოსახლეობა გასათბობად ყოველ წელს 2 მლნ 500 ათას კბ/მ საშეშე მერქანს იყენებს, რაც კანონით დადგენილ რაოდენობაზე 1 მლნ 800 ათასით მეტია. ეს იმის ბრალია, რომ მიუხედავად გაცხადებული პოლიტიკისა, ქვეყნის რეგიონების გაზიფიცირება დაბალი ტემპით მიმდინარეობს.
სამცხე-ჯავახეთის ძირითადი მოსახლეობისთვის ზამთრის ცივი პერიოდი თითქმის რვა თვის განმავლობაში გრძელდება. ადგილობრივები ამბობენ, რომ პრობლემას საშეშე მერქნის რესურსის არასაკმარისი რაოდენობა და ტყე-კაფების მიუდგომელ ადგილებში გამოყოფა წარმოადგენს. ზამთარი სექტემბრიდან მაისამდე გრძელდება და, მაგალითად, აბასთუმანში გათბობის ერთადერთი და ისიც არასაკმარისი საშუალება ძირითადად შეშაა.
კურორტის საერთაშორისო მნიშვნელობის მიუხედავად, აბასთუმანში ამ დრომდე არ დაწყებულა გაზიფიცირების პროცესი. შესაბამისად, დაბაში არსებული ტყის რესურსით არა მხოლოდ აბასთუმნის, არამედ მიმდებარე სოფლების მცხოვრებლებიც სარგებლობენ.
25 წელიწადში საქართველოს ტყის საფარი დაახლოებით 25-30%-ით შემცირდა. როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებით დასტურდება, რომ ტყეები მასობრივად ნადგურდება. არსებული მონაცემით, ჩვენი ქვეყნის ტყეებიდან პირწმინდად გაქრა 9500 ჰა, რაც რამდენიმე მილიონი ძირი ხეა.
„გლობალ ფორესტ ვოჩი“ საქართველოში არსებულ მდგომარეობას იგი 2001 წლიდან იკვლევს. ორგანიზაციის მონაცემებით, ამ პერიოდიდან მოყოლებული, ქვეყნის მასშტაბით 8 917 ჰექტარი ტყეა გაჩეხილი.
აღნიშნული მაჩვენებლით, საქართველო მეზობელ ქვეყნებს შორის მესამე ადგილს იკავებს. რუსეთისა და თურქეთის შემდეგ ტყის ყველაზე დიდი რაოდენობა საქართველოში განადგურდა. სომხეთში ამ მონაცემმა - 2 000 ჰექტარი, აზერბაიჯანში კი 7 223 ჰექტარი შეადგინა.
საქართველოს ტყის ფონდი სულ 2 629.6 ათასი ჰექტარია. საქსტატის მონაცემებით, აქედან ტყით დაფარული მიწის ნაკვეთი 2 015,4 ათას ჰექტარს შეადგენს.
საქართველოს მწვანეთა მოძრაობის წარმომადგენელი რუსიკო სიმონიძე ადასტურებს, რომ საქართველოს ტყეებში არსებული მდგომარეობა არის მძიმე და დანაკარგის აღდგენა თითქმის შეუძლებელია.
„ძალიან დიდი რაოდენობით გაიჩეხა ბოლო 20-30 წლის განმავლობაში. დაკარგული აქვს ტყეს აღდგენის უნარი, რაც დიდი პრობლემაა ქვეყნისთვის. უმძიმესი სურათი გვაქვს, რასაც სახელმწიფოც არ უარყოფს. მიმდინარეობს მუშაობა, რომ მდგომარეობა გამოსწორდეს, მაგრამ ეს დიდი ძალისხმევითაც შეუძლებელია, იმდენად დიდია დანაკარგი.
გაიჩეხა ტყეები სამრეწველო დანიშნულებით, შეშის მოსაპოვებლად, სხვადასხვა დაავადების გამო და სხვა, ეს პროცესი გრძელდება დღესაც. უმძიმესი სიტუაციაა საქართველოში ყველგან, სადაც ადამიანებს ხელი მიუწვდებათ ხე-ტყეზე. რაც შეეხება 2005 წელს იჯარით ტყეების გაცემას, ამას უკვე კომენტარიც არ სჭირდება“, - აცხადებს სიმონიძე და დასძენს, რომ აუცილებელია პოლიტიკის შეცვლა, რათა ტყემ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქცია შეინარჩუნოს.