აშშ რუსეთისგან აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ აღიარების გაუქმებას ითხოვს

აშშ რუსეთისგან აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ აღიარების გაუქმებას ითხოვს

აშშ-ის მორიგი მხარდაჭერა საქართველოს - აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთს მოუწოდებს, აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ აღიარება გააუქმოს. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ ვლადიმერ პუტინის ვიზიტს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში, აფხაზეთში, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების პრინციპების შეუსაბამოდ მიიჩნევს, რომლის მონაწილე რუსეთია.

„აშშ სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. აშშ არ სცნობს რუსთის მიერ აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ აღიარებას. აშშ რუსეთს მოუწოდებს, გაიყვანოს თავისი ჯარები ომის წინანდელ პოზიციებამდე, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების თანახმად და გააუქმოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ აღიარება“, - ნათქვამია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

აშშ-ის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ ღია მხარდაჭერის დემონსტრირება პირველი შემთხვევა არ არის. პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება  საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც პარტნიორების და მეგობრების ძალიან მყარი მხარდაჭერა.

რაც შეეხება ახალგორში მიმდინარე რუსიფიკაციის პროცესს, რომელიც, მათ შორის, ქართული ენის აკრძალვას ითვალისწინებს, პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ რუსული პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია.

„ჩვენ გვაქვს ჩვენი პოლიტიკა განსაზღვრული. ჩვენი პროირიტეტია ჩვენი თანამოქალაქეების ინტერესების დაცვა, მათ შორის, იმ ადამიანების, რომლებიც ცხოვრობენ ყოფილი „სამხრეთ ოსეთის“ ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე და ამისთვის ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის შეფასებით, რუსეთ-საქართველოს ომის 9 წლის თავზე ვლადიმერ პუტინის აფხაზეთში ვიზიტი, არის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი, რასაც თავის მხრივ, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება ადასტურებს.

„საერთაშორისო თანამეგობრობა ერთხმად მოუწოდებს რუსეთს, პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და შეაჩეროს დესტრუქციული პოლიტიკა, რომელიც წლების განმავლობაში, საქართველოს ტერიტორიების ღია ოკუპაციითა და სხვადასხვა პროვოკაციებით გამოიხატება. მოვისმინეთ ნატო-ს წარმომადგენლის განცხადება, სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, სადაც ეს ვიზიტი, როგორც განგრძობადი ოკუპაციის პოლიტიკის ერთ-ერთ ნაბიჯად შეფასდა და სადაც ცალსახად არის დაგმობილი და მოუწოდებენ რუსეთს, გადახედოს გადაწყვეტილებას საქართველოს ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ, რომელიც შეუთავსებელია საერთაშორისო სამართალთან და ნორმებთან. ეს არის კიდევ ერთი ღია, ცალსახა მხარდაჭერა, საქართველოს ტირიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისთვის. ეს მხარდაჭერა არის და იქნება ძალიან მყარი მომავალში“, - განუცხადა ჟურნალისტებს ქეთევან ციხელაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამარ ხულორდავა ამბობს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება რუსეთისთვის ღია მინიშნებაა, რომ საქართველო არ არის მარტო რუსეთის აგრესიის პირისპირ. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას ვიცე პრეზიდენტ მაიკ პენსის ვიზიტის შემდეგ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიც ეხმიანება.

„აშშ გმობს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში და კიდევ ერთხელ მოუწოდებს მას, საერთაშორისო ნორმების აღიარებისა და საქართველოს სუვერენიტეტის დაცვისკენ. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი განსაკუთრებით ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ რუსეთის პრეზიდენტის ეს ნაბიჯი შეუსაბამოა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პრინციპებთან, რომლის მონაწილეც არის რუსეთი და რომელიც ერთადერთი საერთაშორისო მექანიზმია კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისთვის“, - აცხადებს დეპუტატი.

მისი თქმით, ასეთი ქმედებებით რუსეთი კიდევ ერთხელ, ღიად უპირისპირდება მთელ საერთაშორისო საზოგადოებას და არღვევს მსოფლიო წესრიგს.

„პუტინის ვიზიტს უკვე მოყვა ევროკავშირის გამოხმაურებაც. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების მობილიზება ამ საკითხის ირგვლივ. რუსეთისთვის ეს და სხვა პარტნიორების განცხადებები არის კიდევ ერთი ღია მინიშნება, რომ საქართველო არ არის მარტო რუსეთის აგრესიის პირისპირ“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, შორენა ლორთქიფანიძე დარწმუნებულია, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მოწოდების მიუხედავად, რუსეთი ნამდვილად არ წაიღებს ამ აღიარებას, მაგრამ არ გამორიცხავს ჟენევის მოლაპარაკების პროცესის ფორმატის გადახედვა მოხდეს.

„ეს არის საქართველოს ღია მხარდაჭერა. ჩვენება, რომ საქართველოს საკითხი არის საერთაშორისო მოლაპარაკებების, დისკუსიების საგანი და, რომ რეგიონზე და კერძოდ საქართველოზე გადის დაპირისპირების ხაზი დასავლეთსა და რუსეთს შორის. დასავლეთი და ამ შემთხვევში აშშ ერთგულია საერთაშორისო სამართლის იმ პრინციპების, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორულ მთლიანობას იცავს და მხარს უჭერს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ეს განცხადება გვაძლევს იმის საფუძვლეს, რომ უსაფრთხოდ ვიგრძნოთ თავი“, - აცხადებს შორენა ლორთქიფანიძე.

მისი თქმით, საერთაშორისო პროცესები მნიშვნელოვნად განსაზღვრავს საქართველოში შექმნილ ვითარებას, რადგან საქართველოზე ბევრი რამე არ არის დამოკიდებული.

„ერთადერთი რაც ჩვენზეა დამოკიდებული, ეს არის - დემოკრატია, რეფორმები და უსაფრთხოების სისტემების გაუმჯობესება. საერთაშორისო ურთიერთობებს ჰყავს დიდი მოთამაშეები, რომელთა პარტნიორები ვართ, მაგრამ მათ შორის ურთიერთობებზე არის მნიშვნელოვანწილად დამოკიდებული საგარეო და უსაფრთხოების პროცესები. ამიტომ, რადგან განცხადებაში ნახსენებია ჟენევის მოლაპარაკებები, არ არის გამორიცხული, რომ რაღაცა ცვლილებები განხორციელდეს ამ პოროცესში.

ეს არის სიგნალი იმისა, რომ ურთიერთობები სხვა ფაზაში გადადის და ახლა საჭირო არის ცვლილებები. ეს ცვლილებები შეიძლება კარგი აღმოჩნდეს. მოკლევადიან პერიოდში შეიძლება იგი კარგი არ იყოს და პროცესების გამწვავება გამოიწვიოს, მაგრამ საერთაშორისო მოლაპარაკების პროცესში, რაღაცა სიახლე შეიძლება შემოვიდეს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას შორენა ლორთქიფანიძემ.