ამ დრომდე დაუზუსტებელი სუბსტანციის და ნივთიერების ტოქსიკური ეფექტის დიაგნოზით, ბოლო სამი დღის განმავლობაში, ანაკლიიდან მუსიკალური ფესტივალი „ჯემ ფესტის“ - დან ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში 24 ახალგაზრდა გადაიყვანეს. ერთ-ერთი 22 წლის ნათია თავართქილაძე კი გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, მუსიკალური ფესტივალის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც უსაფრთხოების მიზნით მობილიზიებულია პოლიცია, ნარკოტიკული საშუალება ყოველგვარი პრობლემის გარეშე იყიდება. ეს ფაქტი რომ რეალობას შეესაბამება, ამას ბოლო 5 დღის სტატისტიკა ადასტურებს.
„ჯემ ფესტის“ მონაწილეებისთვის ნარკოტიკის შეძენა პრობლემას არ წარმოადგენს, შესაბამისად, ჩნდება კითხვა, პოლიციის მიერ მკაცრად კონტროლირებად ტერიტორაზე როგორ, რა გზით და ვის მეირ შედის ნარკოტიკი? - ამ კითხვაზე პასუხი ამ დრომდე არ არსებობს.
მიუხედავად იმისა, რომ „ჯემ ფესტის“-დან ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში 24 ახალგაზრდა გადაიყვანეს, „ჯემ ფესტის“ დამფუძნებელი გიორგი სიგუა ირწმუნება, რომ ტერიტორიაზე ყველა ნარკოტიკული საშუალების რეალიზება აკრძალულია.
მისივე თქმით, ფესტივალის პირველივე დღიდან შსს-ს წარმომადგენლები აქტიურად აკონტროლებენ სიტუაციას და შესაბამისად, ტყუილია ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თითქოს ფესტივალზე ნარკოტიკების რეალიზება ხდება.
„ძალიან შემზარა იმ ფაქტმა, რაც მოხდა. არ არის ჯერ დადგენილი, რასთან გვქონდა საქმე. რა მოხდა, ამას გამოძიება დაადგენს. პირველივე დღიდანვე შსს-ს წარმომადგენლები მაღალ დონეზე აკონტროლებენ და ფლობენ სიტუაციას დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით. მიღებულია უსაფრთხოების მაქსიმალური ზომები იმიტომ, რომ ვიცოდით, ბევრი ადამიანი ჩამოვიდოდა ანაკლიასა და განმუხურში.
ბოლო 2-3 დღის განმავლობაში 20 ათასზე მეტი ადამიანი შემოდის ერთი დღის განმავლობაში საფესტივალო ტერიტორიაზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მობილიზებულები არიან, როგორც შემოსასვლელებთან, ასევე სანაპირო ზოლზე. ჩვენს ტერიტორიაზე არც ერთ შემთხვევაში არ არის დაშვებული ნარკოტიკული ნივთიერებების გაყიდვა“, - განაცხადა გიორგი სიგუამ.
სიგუას ამ განცხადების მიუხედავად, „ჯემ ფესტის“ ტერიტორიაზე სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით ირანის მოქალაქე დააკავეს. დაკავებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება „ლიზერგიდის“ შემცველი 6 ფირფიტა, 3 აბი „მეტადონი“, „მდმა“-ს შემცველი 2 ფირფიტა და ფირფიტის 4 ნაჭერი, 18 შეკვრად დაფასოებული მარიხუანა და 3 შეკვრად დაფასოებული გამომშრალი მარიხუანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად, დაკავებულს „მარიხუანის“, „მდმა“-ს და მეტადონის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.
ახლა გამოძიებამ უნდა დაადგინოს როგორ შეიტანა მუსიკალური ფესტივალის ტერიტორაზე ირანის მოქალაქემ აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები, ვისი მფარველობის ქვეშ მოქმედებდა ის აღნიშნულ ტერიტორაზე, რომელსაც პოლიციასთან ერთად, ფესტივალი „ჯემ ფესტის“ ორგანიზატორები აკონტროლებენ. სწორედ ამის შემდეგ გაირკვევა, დადგება თუ არა მუსიკალური ფესტივალის „ჯემ ფესტის“ ორგანიზატორების სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.
ასევე ფესტივალის ტერიტორიაზე 3 აგვისტოს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქტივისტი ბაქარ ყორშია. „თეთრი ხმაურის“ მოძრაობა თავის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ მუსიკალური ფესტივალი „ჯემ ფესტის“ ტერიტორიაზე ახალგაზრდების ინტოქსიკაცია ნივთიერება GHB-მ გამოიწვია.
GHB, იგივე „G, Georgia Home Boy, Juice“, ტოქსიკური პრეპარატია ზედოზირების მაღალი რისკებით. გამოირჩევა დამთრგუნველი მოქმედებით, დოზის მცირე ცვლილებაც კი მძიმე ზედოზირების რისკს ქმნის, რის დროსაც ითრგუნება სასუნთქი სისტემა, შესაძლოა, ადამიანი ჩავარდეს კომაში და გარდაიცვალოს.
მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ წევრი ბექა წიქარიშვილის განმარტებით, ახალგაზრდებს რომ ამ ნივთიერებების შესახებ ინფორმაციები ჰქონდეთ, ან საქართველოში შემოსული ნარკოტიკული საშუალებების შემადგენლობის კვლევა ხორციელდებოდეს, ზედოზირებისა და ლეტალობის შემთხვევები დაიკლებდა.
„საერთაშორისო სტატისტიკით ზედოზირების შედეგად დამდგარი ლეტალობის შემთხვევებით საქართველო მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა. საქართველოში კი ზედოზირების შედეგად გარდაცვლილი ადამიანების ზუსტი სტატისტიკა არ მოიპოვება“, - ამბობს ბექა წიქარიშვილი.
პრლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წევრი, დიმიტრი ხუნდაძე თვლის, რომ „ჯემ ფესტზე“ მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება უნდა ჩატარდეს. მისი თქმით, არ უნდა დაველოდოთ ამ ერთი კონკრეტული შემთხვევის გამოძიების შედეგებს, უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ქვეყანაში ნარკოტიკების მოხმარება შემცირდეს, გატარდეს პრევენციული ღონისძიებები.
„ზოგადად, ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა გადასახედია. ადამიანი ნარკოტიკების მოხმარებისთვის ციხეში რომ არ უნდა იჯდეს, ერთმნიშვნელოვნად ასეა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ნარკოპოლიტიკა უნდა ესადაგებოდეს იმ ქვეყნის რეალობას, სადაც ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებას გეგმავს საზოგადოება. მე ვფიქრობ, ამისათვის როგორც მორალური, ასევე ფინანსური მზაობაა საჭირო. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ დეკრიმინალიზაცია ამ რეალობას აცდება, შეიძლება ფეთქებადსაშიშიც კი აღმოჩნდეს“, - აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტს მიმართა ნარკოპოლიტიკის კანონმდებლობის ლიბერალიზაციის საკითხზე მუშაობა დაჩქარდეს, რათა საშემოდგომო სესიისთვის მოესწროს სახეცვლილი, ჰუმანური და ევროპული სტანდარტების შესაბამისი კანონის მიღება.
ამა წლის 16 ივინსს პარლამენტმა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო. ახალი საკანონმდებლო რეგულაციების მიხედვით უნდა შეიცვალოს მცირე და დიდი ოდენობით მარიხუანას დოზები.
70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანას მომხმარებელს, დამამზადებლს ან გამავრცელებელს საპატიმრო სასჯელი აღარ შეეხება და სავარაუდოდ, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ან 500 ლარიანი ჯარიმის გადახდა მოუწევს. დიდი ან განსაკუთრებით დიდი ოდენობის შემთხვევაში კი საპატიმრო სასჯელი თითქმის ნახევრდება.
გარდა ამისა, დოზები შეიცვლება ნედლი მარიხუანას შემთხვევაშიც. 140 გრამამდე მცირე, 1 კილომდე დიდი, უფრო მეტის შემთხვევაში კი განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნივთიერებად ჩაითვლება. დიდი ოდენობით მარიხუანას შენახვა-გავრცელებისთვის სასჯელი 3 წლამდე, განსაკუთრებით დიდი ოდენობის დროს კი 12-ის ნაცვლად 6 წლამდე პატიმრობა იქნება.