ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ფიქრობს, რომბიძინა ივანიშვილი არ ჩაერევა თვითმმართველობის არჩევნებში, რაც მისი თქმით, ლეგიტიმაციის თვალსაზრისით მმართველი პარტიის კანდიდატისთვის იქნება კარგი. for.ge–სთან საუბრისას ანალიტიკოსი აცხადებს, რომ NDI–ის კვლევა არჩევნების საბოლოო შედეგებზე გავლენას ნაკლებად მოახდენს, თუმცა მეორე ტურის შესაძლებლობას უშვებს.
for.ge ზაალ ანჯაფარიძეს ესაუბრა.
კახა კალაძე 30%; ალეკო ელისაშვილი 19%; ზაალ უდუმაშვილი18%; ელენე ხოშტარია 5% – ასეთია NDI-ის კვლევის შედეგები. თუმცა საპირისპირო შედეგები აქვს „ქართულ ოცნებას“. შიდა კვლევის თანახმად პირველ ადგილს იკავებს კახა კალაძე, მეორე ადგილს - ზაალ უდუმაშვილი. მმართველი ძალის შიდა კვლევით, დაახლოებით თანაბარი რაოდენობის ნდობის პროცენტი აქვთ ალეკო ელისაშვილს და ელენე ხოშტარიას. რითი ხსნით ამ სხვაობას?
ზაალ ანჯაფარიძე: როგორც ჩანს ორივე ორგანიზაცია კვლევას განსხვავებული მეთოდოლოგიით ატარებს. შესაბამისად, მიზნებიც განსხვავებულია. როგორც ჩანს NDI–ის სურს შექმნას ისეთი სურათი, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე მეორე ტური არის გარდაუვალი. შესაბამისად, ჩემი აზრით, სხვა მიზეზებთან ერთად, ამითაც არის გამოწვეული ის, რომ ამ ორ კანდიდატს აქვს დაახლოებით ასეთი რეიტინგი. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ელისაშვილს ჰყავს თავისი ელექტორატი.
ვინ არის ის ელექტორატი, რომელიც ელისაშვილს უჭერს მხარს?
– ეს არის თბილისის ის მოსახლეობა, რომელიც შეწუხებულია იმ პრობლემებით, რომელსაც სისტემატურად პედალირებს ელისაშვილი, თავისი საჯარო საქმიანობის დროს. ზალიკო უდუმაშვილი არის ცნობადი პიროვნება, მასაც ჰყავს თავისი მომხრეები, რომლებსაც მოსწონთ ის იმიტომ, რომ არის ზალიკო უდუმაშვილი. მათ არ უნახავთ უდუმაშვილი არც ოფიციალური პირის რანგში, არც პოლიტიკოსის და რაც მეურნის რანგში. უბრალოდ, პიროვნული სიმპათია აქვთ მის მიმართ. რაც შეეხება ელენე ხოშტარიას, მის მიმართ ცოტა არ იყოს გაორებული დამოკიდებულება აქვთ.
ჯერ ერთი, ის ფაქტორი, რომ ის არის ქალბატონი, ალბათ თამაშობს თავის როლს და ვიღაცეებს მიაჩნიათ, რომ მერის თანამდებობის ნდობა ქალბატონისთვის არ შეიძლება და რომ მერი აუცილებლად მამაკაცი უნდა იყოს. როგორც ჩანს ჩვენში ჯერ კიდევ ბატონობს ეს შეხედულებები. გარდა ამისა, როგორც ჩანს ქალბატონმა ელენემ ვერ შეარჩია სწორად ის გზავნილები, რითაც ის უნდა მივიდეს მოსახლეობასთან. მაგრამ ეს ყველაფერი არის წინასწარი კვლევა და საარჩევნო კამპანიის დროს შეიძლება ეს მონაცემები და რეიტინგები მნიშვნელოვნად შეიცვალოს.
როგორ ფიქრობთ, კვლევა გავლენას მოახდენს არჩევნების შედეგებზე?
– მე ვფიქრობ, რომ ეს გავლენას ნაკლებად მოახდენს არჩევნების საბოლოო შედეგზე. შეიძლება დაინიშნოს მეორე ტური იმიტომ, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგი დღეს ისეთი მაღალი არ არის, როგორც წინა თვითმმართველობის არჩევნების დროს და მაშინაც ასევე მეორე ტური დაინიშნა. ჩემი პროგნოზით კალაძე ამ არჩევნებს მოიგებს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მეორე ტური დაინიშნა.
როდესაც NDI–ი ამბობს, რომ პირველ ადგილს იკავებს კალაძე და მეორეს ელისაშვილი, ეს ნიშნავს იმ აზრის დამკვიდრებას ამომრჩეველში, რომ მეორე ტური გარდაუვალია და ეს იქნება კალაძესა და ელისაშვილს შორის?
– არავინ იცის, ვისა და ვის შორის შეიძლება შედგეს მეორე ტური. კიდევ ვიმეორებ, რომ ჩემი შეფასებით NDI–ს ამ კველვის მიზანი და ფარული გზავნილი იყო საზოგადოების აზრის ჩამოყალიბება, რომ უნდა შეეგუონ მეორე ტურს.
ელისაშვილის მეორე ადგილიზე გასვლა ქმნის გაურკვევლობას საზოგადოებაში...
– იყოს, კი ბატონო, მაგრამ ეს კვლევა ხომ არ არის ჭეშმარიტების ბოლო ინსტანცია. მოცემულ მომენტში ვიღაცა იყო ასეთ ხასიათზე და გასცა ასეთი პასხული, მაგრამ ვნახოთ შემდეგ როგორი პროპორცია დადგება. იქნებ ზალიკო უდუმაშვილმა, ან ელენე ხოშტარიამ მოიფიქრონ და ისეთი რაღაცა შესთავაზონ ამომრჩეველს, რომელიც სრულიად გადაფარავს ელისაშვილის ინიციატივებს, მის საქმიან შარმს, თუ ქარიზმას.
არჩევნების შედეგებზე გადამწყვეტ გავლენას მოახდენს ის, რომ ელისაშვილს მხარს უჭერენ „რესპუბლიკლები“, „თავისუფალი დემოკრატები“ და ლეიბორისტები?
– ჯერ არ ვიცით რესპუბლიკელები და თავისუფალი დემოკრატები უჭერენ თუ არა მხარს ელისაშვილს. ოფიციალურად არ დაუფიქსირებიათ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ თუ ისინი ღიად დააფიქსირებენ თავიანთ მხარდაჭერას ელისაშვილის კანიდიდატურის მიმართ, ეს მისთვის უფრო საზიანო იქნება, ვიდრე სასარგებლო.
ასეთ შემთხვევაში მას შეიძლება მისი ტრადიციული ელექტორატი განუდგეს. მოგეხსენებათ, რომ რესპუბლიკელები და თავისუფალი დემოკრატები მაინცდამაინც დიდი ელექტოლარული რესურსის მფლობელნი არ არიან. ლეიბორისტები - მეტ–ნაკლებად, მაგრამ არა მგონია მათ რამე ღირებული შემატონ ელისაშვილის კანდიდატურას. ამიტომაც ფრთხილად უნდა იყოს მხარდამჭრების შერჩევაში.
რაც შეეხება გადაუწყვეტელ ამომრჩეველს, 62% ამბობს, რომ არ იცის წავა თუ არა არჩევნებზე. გასაგებია, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა არჩევნებამდე გადაუწყვეტელ ამომრჩეველზე უნდა იმუშაონ, მაგრამ როდესაც არჩევნებამდე 3 თვით ადრე 62% არის ასეთ განწყობაზე, ეს რამდენად არის პრობლემა, რამაზ შეიძლება არჩევნების შედეგბზე გავლენა მოახდინოს?
– რა თქმა უნდა, გადაუწყვეტელი ამომრჩეველი არის პრობლემა. რაც ნაკლები ამომრჩეველი მივა არჩევნებზე, მგონია, რომ ეს უფრო მმართველ პარტიას აწყობს. იმიტომ, რომ მას თავისი ორგანიზაციული, ადმინისტრაციული და სახელისუფლებო რესურსებით შეუძლია მხარდამჭერთა კრიტიკული მასის მობილიზება. მე მგონია, რომ ელექტორალური სეგმენტის ასეთი განლაგება, ოპოზიციას არანაირად არ უნდა აწყობდეს.
თბილისის მერის არჩევნებში კახა კალაძე გაიმარჯვებს, მაგრამ თუ ამ კვლევის შედეგებიდან გამოვალთ, რეგიონებში გაუჭირდება მმართველ ძალას გამარჯვება...
– მმართველ პარტიას გამარჯვება შეიძლება გაუჭირდეს ისეთ რეგიონებში, სადაც ტრადიციულად ძლიერია ოპონენტების პოზიციები. ასეთი არის რამდენიმე რეგიონი – ქვემო ქართლი, აჭარა და სამეგრელო, სადაც შედარებით ძლიერია ოპოზიციური პარტიები, განსაკუთრებით ძლიერია ნაციონალური მოძრაობის და ევროპული საქართველოს პოზიციები.
მაგრამ ისევ და ისევ ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ეფექტურად მოხერხებს ხელისუფლება საარჩევნო კამპანიის წარმართვას, ვის წარადგენს მერობის კანდიდატად. მაგალითად, თუ მერობის კანდიდატად წარადგინა ყოფილი ნაციონალი, რომლეიც „ქართულ ოცნებაში“ გადაბარგდა, ამან შეიძლება გარკვეული ნეგატიური ფაქტორი შეასრულოს და ამომრჩეველზე იქონიოს გავლენა.
ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, დარჩენილ პერიოდში რამდენად მოასწრებს ხელისუფლება ინფრასტრუქტურილი პროცესების დამთავრებას, რომლებიც ახლა მიდის რეგიონებში. შესაძლოა, და არც იმას გამოვრიცხავ, რომ არჩევნების წინ მოხდეს რამდენიმე სოციალური ინიციატივის ინიცირება, რომ ამით მოიგონ ამომრჩევლის გული.
ეს არის ტრადიციული პაკეტი მეთოდებისა, რომელსაც ყველა მმართველი პარტია იყენებს არჩევნებისას და რომელიც მეტ–ნაკლებად მუშაობს ამომრჩეველთა გარკვეულ ნაწილში, მაგრამ მე ვვარაუდობ, რომ თუ რამე განსაკუთრებული არ მოხდა, ამომრჩევლის მონაწილეობა ამ არჩევნებში, იქნება შედარებით დაბალი.
როგორ ფიქრობთ, ამომრჩეველზე გავლენას იქონიებს დაპირისპირება პრეზიდენტსა და მმართველ ძალას შორის?
– ეს დაპირისპირება თვითმმართველობის არჩევნებზე ნაკლებად აისახება. თვითმმართველობის არჩევნებზე ხალხს უფრო აინტერესებს ადგილობრივ პრობლემებს რომელი პოლიტიკური ძალა უკეთ მოუგვარებს და ის, რომ პრეზიდენი და მმართველი პარტია ერთმანეთში დაპირისპირებულარიან. მე მგონია, რომ ეს მაინც და მაინც გადამწყვეტ ზეგავლენას არჩევნებზე არ იქონიებს.
ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი რამდენად მოახდენს გადამწყვეტ გავლენას?
– მე ასე მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილი არ ჩაერევა არჩევნებში. ეს ცუდი არ იქნება, პირიქით, ლეგიტიმაციის თვალსაზრისით კარგი იქნება.