ოლიგოფრენია ჭკუასუსტობაა, რომელიც ინტელექტისა და ფსიქიკის თანდაყოლილი ან შეძენილი განუვითარებლობით ვლინდება. ჩვეულებრივ ოლიგიფრენია ზოგად ხასიათს ატარებს და ფსიქიატრიაში მას არ განიხილავენ ადამიანის მხოლოდ ამა თუ იმ კონკრეტული საქმიანობისა თუ ქცევის კონტექსტში.
თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ქვემოდ წარმოდგენილი სტატია პოლიტიკურ ცხოვრებას ეხება და არა მედიცინას, თავს უფლებას მივცემ გამოვიყენო ეს ტერმინი ქართული პოლიტიკური ცხოვრების ზოგიერთი ასპექტის გასაანალიზებლად. მით უმეტეს, რომ ჩვენებურ პოლიტიკას თუ აქვს მეცნიერების რომელიმე სფეროსთან მჭიდრო შეხება, ეს ნამდვილად ფსიქიატრიაა.
ძალზე პოპულარულია ჩვენთან და იმ ქვეყნებშიც, სადაც ჭეშმარიტ ანუ წარმომადგენლობით დემოკრატიაზე ისეთივე აზრისანი არიან, როგორც ვირი ხურმაზე, იმპერატიული ხასიათის შეხედულება, რომლის მიხედვითაც პოლიტიკური ცხოვრების მანკიერება ან თუნდაც პოლიტიკური პროცესის არარსებობა მხოლოდ პოლიტიკური პარტიების ბრალია (განურჩევლად იმისა ხელისუფლებას მიეკუთვნებიან ისინი თუ ოპოზიციას).
სიმართლის მარცვალი ზემოთ აღნიშნულში (ისიც მხოლოდ სახელისუფლებო პარტიებთან მიმართებაში) იმდენად მცირეა, მიკროსკოპითაც გაჭირდებოდა მისი აღმოჩენა.
მაინც რატომ? ნუთუ არ არიან არაფერში დამნაშავენი ჩვენი პოლიტიკური პარტიები?
ამ კითხვაზე პასუხი თვით პარტიის ცნების განმარტებაშია, რომლის მიხედვითაც პოლიტიკური პარტია არის ერთნაირად მოაზროვნე ადამიანთა ჯგუფი, რომელიც მოსახლეობის გარკვეული ნაწილის ინტერესებს გამოხატავს და მიზნად ისახავს ამ ინტერესების რეალიზაციას არჩევნების მეშვეობით სახელმწიფო მმართველობაში მონაწილეობისა ან ხელისუფლებაში მოსვლის გზით.
ყურადღებით წავიკითხოთ ზემოთ აღნიშნული პოსტულატი და მივხვდებით, რომ ფაქტობრივად, პოლიტიკური პარტიები საქართველოში არასოდეს არსებულან და არც დღეს არსებობენ.
არ არსებობენ თუნდაც იმიტომ, რომ პარტია ჯერ ერთი - მოსახლეობის გარკვეული ნაწილის პოლიტიკური ინტერესების გამომხატველი უნდა იყოს და ამასთან ერთად მოაზროვნე ადამიანთა ჯგუფს უნდა წარმოადგენდეს. საქართველოში კი, ისევე როგორც ადრე, არც ერთია და არც მეორე.
საქართველოს მოსახლეობას რაც შეეხება, თუ ვინმე ამიხსნის ჩვენი ელექტორატის 90%-ზე მეტს რა პოლიტიკური ინტერესები ამოძრავებს (წინასაარჩევნოდ საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარე ეზოების გამწვანების, პენსიონერებისათვის ფოჩიანი კამფეტების დარიგებისა თუ უბნის ბირჟაზე მდგარი უსაქმურების ლუდით დაფეშქაშების გარდა), ნობელის პრემიას არ დავიშურებდი მისთვის. თუმცა ვშიშობ, რომ კვლავ ნობელიის პრემიის ქართველი ლურეატის გარეშე დავრჩებით, ვინაიდან ზემოთ აღნიშნული პოლიტიკური ინტერესების შესახებ არა თუ ჩვენი ხალხის ძირითად მასას, მის ე.წ. ელიტარულ ნაწილსაც კი (პოლიტიკური პარტიების სახით) არანაირი წარმოდგენა არა აქვს.
ძნელია საქართველოში, როგორც ზოგადად აზროვნებაზე, ისე პოლიტიკურ აზროვნებაზე საუბარი. ძალიან ბევრ ქართველს, ისეთს ელემენტარული ცოდნა რომ არ გააჩნია პოლიტოლოგიაში, პოლიტიკური აზროვნება უაპელაციო, დაუსაბუთებელი და ხშირად უზრდელი საჯარო განცხადებები ჰგონია.
მართალია ზემოთ აღნიშნულით უფრო ჩვენი პოლიტელიტა სცოდავს, მაგრამ არც რიგითი მოქალაქეები აკლებენ ბევრს. საქართველოში ხომ ფეხბურთში, პოლიტიკაში, დიპლომატიასა და მედიცინაში ყველა „გადასარევად ერკვევა“, საფეხბურთო დარგის ჭეშმარიტი პროფესიონალების, ნამდვილი (და არა თვითმარქვია) პოლიტოლოგების, გამოცდილი დიპლომატებისა და მეცნიერებასა თუ პრაქტიკულ მედიცინაში დამაშვრალი ექიმების გარდა, რომლებიც ავანტიურისტებსა და უვიცებს კარგა გვარიანად ჰყავთ „გვერდზე მიჩოჩებული“.
ახლა კი ჩვენი მოსახლეობის იმ, უდიდეს ნაწილზე ვილაპარაკოთ ელექტორატი რომ ეწოდება.
რომელ პოლიტიკურ აზროვნებაზეა ლაპარაკი, როდესაც არჩევანის გაკეთებისას, ამ ე.წ. ელექტორატის უდიდესი ნაწილი ან საერთოდ არ მიდის საპარლამენტო თუ სხვა არჩევნებზე, ან ბიულეტენის შემოხაზვის წინ (იშვიათი გამონაკლისის გარდა, ისეთისა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები რომ იყო) ერთად-ერთი, უაღრესად პრიმიტიული პრინციპით ხელმძღვანელობს: 1992-2002 წლების არჩევნებზე - „ვინ თუ არა შევარდნაძე“, 2003-2011 წლების არჩევნებზე - „ვინ თუ არა მიშა“, 2016 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე - „ვინ თუ არა ქართული ოცნება“ (ელექტორატის ორი მესამედისათვის) და „ვინ თუ არა მიშა“ (დარჩენილი ერთი მესამედისათვის). აბა ამის შემდეგ ვინმეს შეეპარება იმაში ეჭვი, რომ თბილისის მერის წლევანდელ არჩევნებზეც ისევ იზეიმებს ეს სამარცხვინო პრინციპი? მხედველობაში მაქვს - „ვინ თუ არა კახი კალაძე“ (ამომრჩევლების ორი მესამედისათვის) და - „ვინ თუ არა ზაალ უდუმაშვილი“ (დარჩენილი ერთი მესამედისათვის).
ყოჩაღ ქართველებო! ისეთი მაგრები ვართ დასავლურ დემოკრატიასა და ევროპულ ფასეულობების ერთგულებაში (ბრჭყალებში ვამბობ რა თქმა უნდა), რომ დარბაისელი ხალხისაგან შემდგარი ვენეციის კომისია და მისი თავმჯდომარე ჯანი ბუკიკიოც კი გადავრიეთ და თავ-ქუდ მოგლეჯილი გავაქციეთ საქართველოდან. თუმცა, სამართლიანობა იმის აღნიშვნასაც მოითხოვს, რომ ჩვენი ქვეყნისა და ევროპისათვის ნამდვილად ის აჯობებდა ბუკიკიო სააკაშვილის დიქტატურითაც აღშფოთებულიყო თავის დროზე და მისთვის ესოდენ დ საყვარელი „ვარდისფერი“ გოგო-ბიჭებისათვის და მათი ექსცენტრიული ატამანისათვისაც „ექნია თითი“ და „ფეხებიც დაებაკუნებინა“.
მაინც რითი შეიძლება აიხსნას ქართული ელექტორატის ასეთი, რბილად რომ ვთქვათ, უცნაური ქცევა?
ისევ ფსიქიატრიას უნდა მივუბრუნდეთ. ზემოთ აღნიშნული ტიპის „...ადამიანებში სჭარბობს აზროვნების კონკრეტულ-აღწერითი ტიპი, მაშინ როდესაც აბსტრაქციის უნარი საერთოდ არ აღენიშნებათ. თუმცა, ზოგიერთი მათგანისათვის ზოგადი ფსიქიკური განვითარებისა და აზროვნების მცირე პროდუქტიულობასთან ერთად დამახასიათებელია გარკვეული ნიჭიერება (მაგ. განსაკუთრებული - მექანიკური ან მხედველობითი მეხსიერება, გონებაში რთული არითმეტიკული ოპერაციების შესრულების უნარი და სხვ.)“.
თუ ზემოთ აღნიშნულ განმარტებას, რომელიც ოლიგოფრენიის ანუ ჭკუასუსტობის ყველაზე მსუბუქ ფორმას - დებილობას შეესაბამება, პოლიტიკაზე გადავიტანთ, ეჭვგარეშეა ჩვენი ამომრჩევლის დიდი ნაწილის პოლიტიკური ოლიგოფრენებისადმი კუთვნილება, ვინაიდან ბოლო არჩევნების შემდეგ ქართული ელექტორატის უმრავლესობაში ობიექტურად დაფიქსირებული პოლიტიკური აზროვნების მცირე პროდუქტიულობისა და აბსტრაქციის უნარის არარსებობის ანუ დებილობის პირდაპირი შედეგია შევარდნაძის ათწლიანი მარაზმატიული მმართველობა, სააკაშვილის აღვირახსნილი ხროვის ცხრაწლიანი ბოგინი და 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ბიძინა ივანიშვილის გარეშე დარჩენილი ქართული ოცნების ხელში კონსტიტუციური უმრავლესობის ჩაგდება და რაც ყველაზე უფრო ამაზრზენია, ბოლომდე დისკრედიტებული ნაციონალური მოძრაობისათვის ერთად-ერთი საპარლამენტო ოპოზიციის სტატუსის ლეგიტიმაცია.
არავის არ მინდა მივაყენო შეურაცხყოფა. ნურც ოიკოფობობას დამაბრალებს ვინმე. მხოლოდ სამშობლოსა და ჩემი ერის სიყვარული მამოძრავებს ამ მწარე სიმართლეს რომ ვამბობ. ბოლოს და ბოლოს, ინტელექტუალური კოეფიციენტებითა და უმარტივესი ფსიქოდიაგნოსტიკური ტესტებით ხომ ვერ გავცხრილავთ პოლიტიკური ჭკუასუსტობით შეპყრობილ უამრავ ჩვენ ამომრჩეველს, ნორმალური პარლამენტი მაინც რომ მივიღოთ, სადაც უტვინო გოგო-ბიჭების, გაღორებული მობანდიტო ბიზნესმენებისა და უსირცხვილო პოლიტიკური ავანტიურისტების ადგილს ღირსეული მამულიშვილები დაიჭერენ.
შორს ვარ იმ აზრისაგან, რომ დღევანდელი ჩვენი პარლამენტი მხოლოდ უღირსი წევრებისაგან შედგება. არა! საბედნიეროდ ღირსეულებიც საკმაოდ არიან იქ წარმოდგენილნი, ქართული ოცნებისა და პატრიოტთა ალიანსის ფრაქციებში, მაგრამ თუნდაც ამ ადამიანებმა, რომელთა შორის ბევრი ჩემი მეგობარია, გულზე ხელი დაიდოს და ღვთის წინაშე აღიაროს, რომ პარლამენტის წევრთა გვარიანი ნაწილი (მათ შორის ზემოთ დასახელებულ ფრაქციებშიც) ნამდვილად არ არის თავის სიმაღლეზე, რაც სწორედ დღევანდელი მანკიერი პოლიტიკური სისტემის პირდაპირი შედეგია. სისტემისა, როდესაც ქვეყნის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში მმართველ პარტიასთან ერთად (თუ არ ჩავთვლით პატრიოტთა ალიანსის მიზერულ წარმომადგენლობას) მხოლოდ ნაციონალური მოძრაობისა და ე.წ. ევროპული საქართველოს მარგინალური ჯგუფებია წარმოდგენილი.
მარტო ქართული ოცნების ბრალი კი ყველაფერი ეს ნამდვილად არ არის. მთავარ დამნაშავედ ამ საერთო ეროვნულ უბედურებაში ჩვენი მოსახლეობის ის 90% მიმაჩნია პოლიტიკური დებილად რომ ქცეულა და არ უნდა თუ ვერ ახერხებს (იშვიათ გამონაკლისებს თუ არ ჩავთვლით) ტვინისა და ხელის განძრევას, რომ თუნდაც არჩევნების მეშვეობით შეეცადოს გაუსაძლისი ცხოვრების შეცვლა.
ნუთუ არ არსებობს ამ ხალხის საშველი და ნამდვილი, ფსიქიკურად დაავადებული ოლიფრენებისავით შეუძლებელი იქნება მათი განკურნება?
ძალიან მინდა ეს ასე არ იყოს! ერთში კი ღრმად ვარ დარწმუნებული. არჩევნების დროს, სამი ათასწლოვანი სახელმწიფოებრიობის მქონე ქვეყნის ბედ-იღბალს პოლიტიკურად ჭკუასუსტი ადამიანების უსახური მასა არ უნდა წყვეტდეს, ვინაიდან ამ გზით „ტაძრამდე“ საქართველოს ვერასოდეს მივიყვანთ.