ხვალ, რომ თბილისის მერის არჩევნები ტარდებოდეს, NDI-ის მიერ გამოკითხულთა 30% კახი კალაძეს მისცემდა ხმას, 19% ალეკო ელისაშვილს, 18% - ზაალ უდუმაშვილს, ხოლო 5% - ელენე ხოშტარიას. კითხვაზე პასუხი არ აქვს გამოკითხულთა 12%-ს, 4%-მა პასუხზე უარი განაცხადა, ასევე 4% ამბობს, რომ არც ერთ კანდიდატს არ მისცემდა ხმას. NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 18 ივნისი-9 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2,2%-ია
საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უმთავრეს დაბრკოლებად, NDI-ის გამოკითხულთა 32%ამომრჩეველთა მოსყიდვას ასახელებს. 18%ამომრჩეველთა შევიწროებას ასახელებს; 14% ბიუჯეტიდან არჩევნებზე უსამართლოდ ფულის ხარჯვას;ასევე 14% ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებულ პრობლემებს; 12% საარჩევნო ყუთებში ზედმეტი ბიულეტენების ჩაყრას; 12% ამბობს, რომ ხმის მიცემა რომელიმე კანდიდატისთვის სამსახურის შესანარჩუნებლად მოხდება, 11% კარუსელს ასახელებს.
ამავე კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა (37%) აცხადებს, რომ მის შეხედულებებთან ახლოს არც ერთი პარტია არ დგას. გამოკითხულთა 23% ამბობს, რომ მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს არის „ქართული ოცნება“; 9% - „ნაციონალური მოძრაობა“; 4% -„ევროპული საქართველო“; 4%- „პატრიოტთა ალიანსი“; 3% - „ლეიბორისტული პარტია“.
კითხვაზე, ხვალ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, NDI-ისგამოკითხულთა 22% „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას; 7% - „ნაციონალურ მოძრაობას“, 3% - „ევროპულ საქართველოს. გამოკითხულთა უმრავლესობამ - 40%-მა არ იცის რომელ პარტიას მისცემდა ხმას; 14% უარს აცხადებს პასუხზე; 7% ამბობს, რომ არც ერთ პარტიას არ დაუჭერდა მხარს.
იმ პარტიებს შორის, რომელსაც NDI-ის მიერ გამოკითხულები არასდროს მისცემდნენ ხმას - 21%-ით „ნაციონალური მოძრაობა“ ლიდერობს. გამოკითხულთა 19% აცხადებს, რომ არ არსებობს ასეთი პარტია, 18% ამბობს, რომ არ იცის. 14% არასდროს მისცემდა ხმას „ქართულ ოცნებას“; 5% - „პატრიოტთა ალიანსი“; 4% - „ლეიბორისტულ პარტია“; 2% -„გაერთიანებულ დემოკრატიულ მოძრაობა“; 1% -1% „გირჩი“ და „ევროპულ საქართველო“
NDI-ის ოფისის ხელმძღვანელი ლორა თორნტონი ამბობს, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა არჩევნებამდე გადაუწყვეტელ ამომრჩეველზე უნდა იმუშაონ, რადგან ეს მაჩვენებელი 62%-ია. რაც შეეხება თბილისის მერის არჩევნებს, ამ ეტაპზე NDI-ის მონაცემები ძალიან ახლო-ახლოს დგას. კახა კალაძეს მოსახლეობის 30%-ი მისცემდა ხმას, ხოლო ალეკო ელისაშვილისა და ზაალ უდუმაშვილის მონაცემები ამ კვლევით ფაქტობრივდ იდენტურია. თუმცა, არსებობს საპირისპირო კვლევა, რომელიც მმართველი ძალის დაკვეთით საკვლევ-საკონსულტაციო ცენტრ „ფსიქო პროექტის“ დამფუძნებელმა, ზურაბ ბიგვავამ ჩაატარა. როგორც for.ge-სთან საუბრისას სოციოლოგი აცხადებს, NDI-ის კვლევის ძირითადი მონაცემები ემთხვევა შიდა კვლევას.
რაც შეეხება კანდიდატების უშულო რეიტინგს, ბიგვავა ამბობს, რომ ეს ნაწილი არ გაუზომავთ, მაგრამ ნდობის მიხედვით დიდი უპირატესობით პირველ ადგილს იკავებს კახა კალაძე, მეორე ადგილს - ზაალ უდუმაშვილი. მმართველი ძალის შიდა კვლევით, დაახლოებით თანაბარი რაოდენობის ნდობის პროცენტი აქვთ ალეკო ელისაშვილი და ელენე ხოშტარიას.
„სავარაუდოდ, პირველ ტურში უნდა გაიმარჯვოს კახა კალაძემ. იმიტომ, რომ ჩვენი კვლევის მიხედვით, რომელიც არ გამოგვიქვეყნებია, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ არსებობს ანალიზის მეთოდები, რომლებიც საშუალებას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ ამომრჩევლის ის პროცენტი, რომელიც დღეს ჩამოუყალიბებელია, უფრო დიდი ალბათობით გადმოიხრებიან სახელისუფლებო პარტიის მიმართულებით. ეს გვაძლევს იმის პროგნოზირების საშუალებას, რომ კალაძეს აქვს გაცილებით მეტი შანსი პირველივე ტურში დაამთავროს არჩევნები. ის, რომ კალაძე მოიგებს თვითმმართველობის არჩევნებს, ეს ცალსახაა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ზურაბ ბიგვავა.
რაც შეეხება „ქართული ოცნების“ შიდა კვლევის კიდევ ერთ მონაცემს - კითხვაზე, იმის მიუხედავად ვის უჭერთ მხარს, თქვენი აზრით ვინ გაიმარჯვებს ამ არჩევნებში და ვინ გავა პირველ ტურში - 62% ამბობს, რომ კალაძე პირველ ტურში გაიმარჯვებს და ამავე დროს დაახლოებით იგივე პროცენტი ამბობს, რომ გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“.
„NDI-ის ამ კვლევას ვაფასებ როგორც პოზიტიურ ელემენტს, მაგრამ ერთი რამეში ვერ დავეთანხმები - სერიოზული განსხვავებაა იმაში, რომ ალეკო ელისაშვილი არის მეორე ადგილზე. ჩვენი მონაცემებით ასეთ რამეს ადგილი არ აქვს. თუმცა როგორც გითხარით ჩვენ სხვა რეიტინგი დავითვალეთ.უფრო მეტსაც გეტყვით, ევროპელი დემოკრატების მონაცემები ჩემთან უფრო მაღალი იყო, ვიდრე ამ მოცემულობაშია.
რაც შეეხება კვლევის სანდოობას, ვფიქრობ, რომ უკანასკნელ ხანში NDI-ის გამოკვლევები მეტ ნდობას იმსახურებს. თუმცა ინტერპრეტაცია, რომელსაც ისინი აძლევენ და მერე რაც ღია და ხელმისაწვდომია - 52% „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მოქმედებას აფასებს როგორც საშუალოს. საშუალო არ არის უარყოფითი შეფასება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. ხალხი უარყოფითად არ აფსებს.
უარყოფითი შეფასება არის საკამოდ დაბალი. დანარჩენი არის კარგი შეფასება, უფრო კარგი, ვიდრე ცუდი და საშუალო. როგორც წესი,ხელისუფლების შეფასებაში უარყოფითი ნოტები უნდა იყოს, მაგრამ არ არის ამდენი უარყოფითი ნოტები და ამას სხვა მონაცემებიც ადასტურებს. მაგალითად, როდესაც ჩვენ ვეკითხებოდით მთელი რიგი მუნიციპალური პრობლემების შესახებ, რომელიც არსებობს რეგიონებში, ძალიან ხშირი იყო პასუხი, რომ უკვე მოგვარებულია“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ზურაბ ბიგვავამ.
გარდა ამისა, NDI ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის გავლენით დაინტერესდა. გამოკითხულთა უმრავლესობა 59% მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილი კვლავ რჩება ხელისუფლების საქმიანობაზე გადაწყვეტილების მიმღებ პირად. 19%-ის აზრით, ივანიშვილი აღარ არის გადაწყვეტილების მიმღები პირი მას შემდეგ, რაც თანამდებობიდან გადადგა. 4% არც ერთ მოსაზრებას არ ეთანხმება, 16% ამბობს, რომ არ იცის, ხოლო 1%-მა პასუხზე უარი განაცხადა.
ასევე, გამოკითხულთა 7% მიიჩნევს, რომ სასურველია ბიძინა ივანიშვილი იყოს პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღები პირი და ამასთან, არ ეკავოს ოფიციალური თანამდებობა. 21%-ისთვის სასურველია ივანიშვილი იყოს პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღები პირი და ეკავოს ოფიციალური თანამდებობა.
ექსპერტი რამაზ საყვარელიძე ამ მოცემებზე დაყრდნობით ამბობს, რომ მოსახლეობას აქვს განცდა, რომ ერევა ხელისუფლების საქმიანობაში, მაგრამ რეალურად მონაწილეობს თუ არა მართვაში, პოლიტიკური თვალსაზრისით ამას მოსახლეობასთან ურთიერთობაში მნიშვნელობა აღარ აქვს.
„იცით, მე დამაინტერესებდა მაგ კითხვის გვერდით მეორე კითხვა - თუკი ივანიშვილი მონაწილეობს „ქართული ოცნების პოლიტიკურ საქმიანობაში, მათ შორის მთავრობის საქმიანობაში და ეს აინტერსებს მათ, ვინც ჩაატარა გამოკითხვა, რატომ არ დაინტერესდნენ ისინი იმით, მონაწილებს თუ არა მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ საქმიანობაში. ეს ყბადაღებული არაფორმალური ჩარევა ერთნაირად ეხება ორივე ლიდერს. თუკი გამოკითხვის ჩამტარებელმა მარტო ერთი კითხვა დასვა და მეორე არ დასვა ე.ი. იგი მიკერძოებულია კითხვარის აგებაში, რაც სამწუხაროა“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
რაც შეეხება კითხვას - აქვს თუ არა ბიძინა ივანიშვილს გავლენა გადაწყვეტილების მიღებაში, საყვარელიძე ამბობს, რომ ამ შემთხვევაში შეფასების საგანი უნდა იყოს, თუ რისი მომტანია ივანიშვილის გავლენა.
„მონაწილეობს - და მერე რა?! უამრავი ქვეყანაა, სადაც ადამიანები ისე მონაწილეობდნენ მთავრობის საქმიანობაში, რომ არ ჰქონდათ არანარი სტატუსი, მაგრამ გავლენა ჰქონდათ. ასეთი ადამიანები ყველა სახელმწიფოში მეტ-ნაკლებად არიან. ანუ, გავლენების წინააღმდეგ ასეთი ამხედრება, თავისთავად გულუბრყვილობაა.
შეფასების საგანი შეიძლება იყოს, ეს გავლენები რისი მომტანია - კარგის თუ ცუდის, დესტაბილიზაციის თუ სტაბილიზაციის. თორემ ვინ მონაწილეობს გადაწყვეტილების მიღებაში, ეს არასოდეს არავინ არ იცის. გადაწყვეტილების მიღების შეფასებაში მთავარია თვითონ გადაწყვეტილება, რასაც იღებს ხელისუფლება, თორემ ვინ იქნება მრჩეველი, ამას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.