სადემარკაციო ზოლის ლამის ყოველდღიურად გადმოწევის პარალელურად, რუსეთი კიდევ ერთ „სიურპრიზს“ გვთავაზობს - ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში, რუსეთის სამხედრო ბაზაზე განლაგებული დანაყოფები ფართომასშტაბიან წვრთნებს გადიან. რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხრეთ სამხედრო ოლქის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამხედრო წვრთნებში 16 ათასი სამხედრო და შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის 4 ათასი ერთეულია ჩართული.
სამხედრო ოლქის პრესსამსახურის ინფორმაციით, სწავლებებში მონაწილე ოფიცრები შეისწავლიან დანაყოფების საომარი მზაობის გაუმჯობესების პერსპექტიულ მიმართულებებს ახალი დირექტივების გათვალისწინებით. პრაქტიკაში შეისწავლიან განგაშის შემთხვევაში სამხედრო მზადყოფნის ასპექტებს, ხოლო წვრთნის მიზანი ოპერატიულობის და ძალების ეფექტიანი გამოყენების ზრდაა.
შემოდგომაზე რუსეთი სამხედრო ძალების კიდევ უფრო ფართე დემონსტრირტებას გეგმავს ბელარუსშიც - ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სპეციალური სწავლებების „დასავლეთი 2017“-ის მოსამზადებლად ბელარუსში რუსეთის დასავლეთის სამხედრო ოლქის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ქვედანაყოფები შედიან. რუსეთისა და ბელარუსის შეიარაღებული ძალების ერთობლივი სწავლება „დასავლეთი 2017“ სექტემბერში ჩატარდება.
როგორც ჩანს, რუსეთი შანსს არ უშვებს, პოსტსაბჭოთა სივრცეში მისი ჰეგემონობა რაც შეიძლება, მკვეთრად ხაზგასმული იყოს.
ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში შეშფოთება გამოიწვია რუსეთის გეგმებმა მასშტაბურ სამხედრო წვრთნებთან დაკავშირებით ევროკავშირის საზღვრებთან. ნატოს წევრმა ქვეყნებმა რუსეთის შეკავების მიზნით აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, რომლებიც ნატოს წევრები არიან, საჯარისო ნაწილები გადაისროლეს. ბალტიისპირეთის ქვეყნებში არაერთი სამხედრო წვრთნა ჩაატარეს.
რაც შეეხება საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას, რომელთა საგარეო ვექტორიც რუსეთის ინტერესებს არ ემთხვევა, ისღა დარჩენიათ, დასავლეთის ქმედით ღონისძიებებს დაელოდონ.
მხარდაჭერა თითქოს არის და იქნება კიდეც - საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა თანხმდება ახალ კანონპროექტზე, რომელიც საქართველოსა და უკრაინის მიმართ განხორციელებული აგრესიის გამო რუსეთს ახალ სანქციებს უწესებს.
„აშკარაა, რომ ვაშინგტონში საქართველოს მიმართ მხარდაჭერა იზრდება. საქართველო მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილებში დგას მეგობრების გვერდით და მეგობრებიც საქართველოს მარტო არ ტოვებენ გამოწვევებთან. ჩვენი ხელისუფლება აგრძელებს პრაგმატულ საგარეო პოლიტიკას, რომლის ძირითადი პირობაც ეროვნული ინტერესების დაცვა, საერთაშორისო არენაზე საიმედო რეპუტაცია, წარმატებული რეფორმები და მსოფლიოში თავისუფლების იდეის მხარდაჭერაა“, - აცხადებს თალაკვაძე.
თუმცა, ისიც ცნობილია, რომ სანქციების მიუხედავად, რუსეთი უკან დახევას სულაც არ აპირებს და პირიქით, ბოლო პერიოდია, საქართველოს საზღვრის გადმოწევით „იქცევს თავს“.
საქართველოს ხელისუფლება როგორც ჩანს, მიხვდა, რომ არგაღიზიანების პოლიტიკაც უშედეგოა და უკვე ცდილობს, დასავლეთს სულ უფრო ხშირად შეახსენოს თავი.
საქართველოს თემა გაჟღერდა ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზეც - ეუთო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ მაკა ბოჭორიშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების აუცილებლობაზე და ეუთო-ს მომავალ თავმჯდომარეს მოუწოდა, არ დაიშუროს ძალისხმევა კონფლიქტის მოგვარების პროცესში ეუთო-ს როლის გასაძლიერებლად.
ბოჭორიშვილმა ასევე ვრცლად ისაუბრა რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე, რაც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს.
ასე, რომ საქართველოს შესახებ უკანასკნელი ცნობელი მსოფლიოს აქვს, თუმცა როგორ შეცვლის ეს არსებულ ვითარებას, უცნობია.
კიდევ ერთი ნაბიჯი, რაც სიტუაციის მოწესრიგებისკენ იდგმება, ის შეხვედრებია, რომელიც რუსეთისგან დაზარალებულ ქვეყნებს შორის იმართება. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუასა და მოლდოვის ვიცე პრემიერ-მინისტრს, რეინტეგრაციის საკითხებში, გიორგი ბალანს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ გაგრძელდეს მჭიდრო თანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება კონფლიქტთან და სამშვიდობო პროცესებთან დაკავშირებულ საკითხებში.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა გამოცდილების გაზიარება კონფლიქტის მოგვარების პოლიტიკის საკითხებზე. მხარეებმა ინფორმაცია გაცვალეს რუსეთის ფედერაციის მხრიდან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციისა და ანექსიის პოლიტიკის შედეგებზე, მათ შორის, ადგილზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილ რთულ მდგომარეობაზე. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შეუსრულებლობასთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და საოკუპაციო ხაზის მავთულხლართებით გამაგრების უკანონო პროცესზე.
საუბარი შეეხო დნესტრისპირეთის რეგიონში არსებულ ვითარებას და მოლდოვის სამშვიდობო პოლიტიკას კონფლიქტის დარეგულირების მიმართულებით.
როგორც ცნობილი ანალიტიკოსი და ბრიტანული ჟურნალის, „ეკონომისტის“ რედაქტორი, ედვარდ ლუკასი აცხადებს, მედიასთან საუბრისას, შესაძლოა, რუსეთი თავისი ბოლოდროინდელი ქნედებებით დასავლეთის სიმტკიცეს სცდის.
„ვფიქრობ, რუსეთს ყველგან დასავლეთის სიმტკიცის გამოცდა სურს. ამას ვხედავთ სადემარკაციო ზოლზეც, სამხრეთ ოსეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის ე.წ. საზღვარზე; ამას ვხედავთ უკრაინაში, ამას ვხედავთ ბალტიისპირეთის ქვეყნებშიც. რუსები დასავლეთის სიმტკიცეს ცდიან, რათა დაინახონ, რა გაუვათ, ასევე - რათა ახალი პრეცედენტები შექმნან და ახალი ვითარება ჩამოაყალიბონ. შესაძლებელია, რუსეთი დრამატულ სამხედრო ესკალაციას გეგმავდეს უკრაინაში, ან სადმე სხვაგან. ნიშნები შემაშფოთებელია, მაგრამ შესაძლოა ეს მხოლოდ დაშინება იყოს“- მიიჩნევს ლუკასი.