საგამოძიებო კომისია არ შეიქმნება

საგამოძიებო კომისია არ შეიქმნება

„ევროპული საქართველო“ ვანო მერაბიშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. საკითხი ბიუროს სხდომაზე დეპუტატმა, ოთარ კახიძემ დააყენა. „ევროპული საქართველოს“ წევრები ამბობენ, რომ მას შემდეგ, რაც გადაცემა „აქცენტებში“ ირაკლი კორძაიამ ვანო მერაბიშვილის საკნიდან შესაძლო გაყვანის თაობაზე დეტალურად ისაუბრა და კონკრეტული პირებიც დაასახელა, წარმოიშვა ახალი გარემოება, ამიტომ საპარლამენტო კომისიამ ეს საკითხი უნდა შეისწვალოს.

ოთარ კახიძის განცხადებით, სასჯელაღსრულების ყოფილი თანამშრომელი დანაშაულში ამხელს მის ყოფილ თანაგუნდელებს და სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი გარემოება. იქიდან გამომდინარე, რომ პროკურატურა გამოძიებას არ აახლებს, მისი თქმით, ერთადერთ გზად, პარლამენტში დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისიის შექმნა რჩება და პარტიამ უკვე მიმართა პარლამენტს.

„ბატონმა ირაკლი კორძაიამ გააკეთა ძალიან საინტერესო განცხადება ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანასთან დაკავშირებით, ამ საკითხზე გამოძიება დაასრულა პროკურატურამ თებერვალში და გამოძიება შეწყდა დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო. ამის შემდეგ ჩვენ გვაქვს ახლად გამოვლენილი გარემოება და ამის მიუხედავად, პროკურატურაში გამოძიება არ განახლებულა.

მინდა ბიუროს წევრებს გთხოვოთ, რომ განსაკუთრებული ყურადღებით მივეპყროთ ამ გარემოებას, რადგან საგამოძიებო კომისიები იქმნება იმ შემთხვევაში, როცა არსებობს გარკვეული კითხვები იმ უწყებებთან, რომლებსაც რეალურად ევალებათ გამოძიების ობიექტურად ჩატარება“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.

საპასუხოდ, ბიუროს სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ სამართლებრივად კახიძის მოთხოვნა არარელევატურია და მას ურჩია, რომ განცხადებით პროკურატურას მიმართოს.

„თქვენ ხართ ყოფილი ადვოკატი ბატონი მერაბიშვილის და მესმის, ის ინტერესი, რომელიც თქვენ, როგორც ყოფილ ადვოკატს ყოფილი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ გაქვთ. მაგრამ როგორც ყოფილმა ადვოკატმა ძალიან კარგად იცით, რომ არანაირი უფლება არ აქვს პარლამენტს და ბიუროს სისხლის სამართლის საქმის დაწყების თაობაზე მიიღოს გადაწყვეტილება- ამისი უფლება პარლამენტს არ აქვს.

თუ სამართლებრივად აყენებთ ამ საკითხს, ეს სრულიად წინააღმდეგობაშია კანონმდებლობასთან. მესმის, ეს მოთხოვნა რასაც უკავშირდება, მაგრამ წმინდა სამართლებრივი თვალსაზრისით, ეს განცხადება სრულიად არარელევანტურია ბიუროს სხდომაზე. ვერაფერს გააკეთებს ვერც ბიურო და ვერც პარლამენტი, რომ გამოძიების დაწყების ან არდაწყების თაობაზე მივმართოთ პროკურატურას“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

თავის მხრივ, როგორც კახიძემ ბესელიას განუმარტა, საგამოძიებო კომისიის შექმნა გამოწვეულია იმით, რომ საგამოძიებო ორგანოების მიერ ჩატარებულ გამოძიებასთან დაკავშირებით კითხვები არსებობს.

საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს უჭერს „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პარტიის წევრი, რომან გოცირიძე ამბობს, ვანო მერაბიშვილის საკნიდან შესაძლო გაყვანა განხორციელებულია მაღალი პოლიტიკური ძალების წარმომადგენლების მიერ და შესაბამისად, აუცილებელია პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა.

„როგორც ყველა სხვა შემთხევაში, გამოძიება ჩატარდა აბსოლუტურად არაობიექტურად და არ არის მისი შედეგები სანდო. მითუმეტეს, აღმოჩნდა ისეთი ახალი გარემოებები, რომელიც აუცილებლად ითხოვს გამოძიების თავიდან დაწყებას, რისი სურვილიც არ აქვს ხელისუფლებას, ამიტომ ერთადერთი გზა არის დროებითი საგამოძიებო კომისიის შემქნა პარლამენტში“, - აღნიშნა რომან გოცირიძემ.

უმრავლესობისთვის კორძაიას განცხადება სარწმუნო არ არის, შესაბამისად, მხარს არ უჭერს ოთარ კახიძის მოთხოვნას და ამბობენ, რომ „ევროპულ საქართველოს“ აქვს შესაძლებლობა, სხვა ფორმატში დაიბაროს სასჯელაღსრულების ყოფილი მაღალჩინოსნები და ამ ფორმატში მიიღოს პასუხები იმ საკითხზე რაზეც ირაკლი კორძაიამ ისაუბრა.

უმრავლესობაში აცხადებენ, რომ კორძაიას განცხადება არ არის საკმარისი წინაპირობა პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნისათვის.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის შეფასებით, ოთარ კახიძის ინიციატივა, ვანო მერაბიშვილის საკნიდან შესაძლო გაყვანაზე საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, ადვოკატის განცხადება უფრო იყო, რომელსაც სურს, საკუთარი დაცვის ქვეშ მყოფს კიდევ ერთხელ დაანახოს, რაოდენ აქტიურია ამ მიმართულებით.

„ეს ინიციატივა დააყენა ოთარ კახიძემ. ოთარ კახიძე გახსოვთ, რომ ვანო მერაბიშვილის ადვოკატი იყო. წარმოადგენდა მისი დაცვის მხარეს საქართველოში. ვფიქრობ, რომ ალბათ, ეს იყო უფრო ადვოკატის განცხადება, რომელსაც სურს, რომ საკუთარი დაცვის ქვეშ მყოფს კიდევ ერთხელ დაანახოს, რაოდენ აქტიურია ამ მიმართულებით“, - განაცხდა არჩილ თალაკვაძემ.

ვანო მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობის პერიოდში მისი ციხიდან გაყვანის ფაქტზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე, მთავარმა პროკურატურამ 333-3 მუხლით გამოძიება დაიწყო - საჯარო მოხელეთა მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე.

ყოფილი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი ციხიდან მის უკანონოდ გაყვანაში ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს ადანაშაულებდა. ბრალდებას უარყოფდა ოთარ ფარცხალაძე. გამოძიებით დადგინდა, რომ მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის ფაქტი არ მომხდარა. შესაბამისად, ფარცხალაძე 333-3 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, არ დასჯილა.

რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა, ირაკლი კორძაიამ „განსხვავებული აქცენტების“ ეთერში გააკეთა განცხადება, რომ 2013 წლის დეკემბერში ვანო მერაბიშვილი ციხიდან ნამდვილად გაიყვანეს.

„ვიცი, რომ ვანო მერაბიშვილი ნამდვილად იქნა გაყვანილი საპატიმროდან, ზუსტად 2014 წლის 14 დეკემბერს და ვიცი, თუ ვინ მონაწილეობდა ამაში. ერთ-ერთი იყო ბატონი მთავარი პროკურორი და ხოლო მეორე - ბატონი დარბაისელი, რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობდა მაშინ სასჯელაღსრულების დეპარტამენტს. ეს ორი ადამიანი იყო უშუალო შემსრულებელი“, - განაცხადა ირაკლი კორძაიამ.

ირაკლი კორძაიას განცხადებით, მან ვანო მერაბიშვილის გაყვანის შესახებ მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ გაიგო. ასევე, უჭირს დაკონკრეტება, იცოდა თუ არა სასჯელაღსრულების მაშინდელმა მინისტრმა, სოზარ სუბარმა, აღნიშნული ფაქტის შესახებ.

კორძაია ამბობს, რომ სოზარ სუბართან ამ ფაქტზე საუბრის დროს მისთვის არ უკითხავს, ჰქონდა თუ არა მერაბიშვილის გაყვანის შესახებ ინფორმაცია, თუმცა აღნიშნავს, რომ სოზარ სუბარს შეშფოთებულის არაფერი ეტყობოდა. მისი თქმით, იყო გარკვეული თემები, სადაც მინისტრს აზრს არ ეკითხებოდნენ და გადაწყვეტილებებს მისგან დამოუკიდებლად იღებდნენ.

ყოფილი თანამშრომელის ბრალდებებს სიცრუე უწოდა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ყოფილმა მინისტრმა სოზარ სუბარმა, რომლის განცხადებით, საინტერესოა, ამდენ ხანს რატომ დუმდა კორძაია. მისი თქმით, წესით, დიდი ხნის წინ უნდა ეთქვა, თუ მსგავსი რამ იცოდა.

„კორძაიასთან მსგავსი საუბარი არ მქონია. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანა არ მომხდარა. რამდენიმე ათეული ვიდეოჩანაწერი ვნახეთ, რომელიც ასახავს ყველა გზას, რაც კი მე-9 დაწესებულებიდან სასჯელაღსრულების სამინისტრომდე არსებობს. შეუძლებელია, რომელიმე კამერაზე ეს ჩანაწერი არ ყოფილიყო - ვგულისხმობ მანქანების გადაადგილებას, შესაბამისად, ეს არის ტყუილი“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.