აპირებდა თუ არა პროვოკაციის მოწყობას „ევროპული საქართველოს“ წევრი, დეპუტატი ოთარ კახიძე აღმაშენებელზე გამართულ აქციაზე, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღით გამოცხადდა, მხოლოდ ვარაუდების გამოთქმა შეიძლება. თავად დეპუტატი კი ფაქტზე განმარტებას „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე აკეთებს.
„პალიტრა ტვ“-მ გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, რომ აქციაზე თან მქონდა იარაღი. მინდა განვმარტო, რომ ლეგალურად ვფლობ „გლოკ 19“-ს და მაქვს ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება, როგორც პარლამენტის წევრს. იარაღის მჭიდში თავსდება 15 ერთეული 9მმ ვაზნა. ზოგჯერ თან დამაქვს სათადარიგო მჭიდიც. ვისვრი საკმაოდ ზუსტად, მიჯრით სროლისას სამიდან ერთი ათიანშია. იარაღს ვატარებ აუცილებელი მოგერიების ფარგლებში თავდაცვის მიზნით“, - წერს დეპუტატი.
„პალიტრავიდეოს“კადრებში ჩანს, რომ „ევროპული საქართველოს“ მიერ აღმაშენებლის გამზირზე გამართულ აქციაზე, პარლამენტის წევრი ოთო კახიძე იარაღით გადაადგილდება.
საიას იურისტის განმარტებით, შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ, იქონიონ ცეცხლსასროლი იარაღი, ფეთქებადი, ადვილაალებადი, რადიოაქტიური ნივთიერება ან ცივი იარაღი.
გიორგი გოცირიძე აცხადებს, რომ კანონი გამონაკლისს არ უშვებს იმ პირებისთვისაც კი, რომლებსაც კანონით აქვთ იარაღის ტარების უფლება.
„ეს არის შეკრებებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონის მე-11 მუხლის მეორე პუნქტი და აქ პირდაპირ წერია, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეს ეკრძალება იქონიოს ცეცხლსასროლი იარაღი, ფეთქებადი, ადვილადაალებადი, რადიოაქტიური ნივთიერება ან ცივი იარაღი, ეს არის კონკრეტული მოთხოვნა. აქ მნიშვნელობა არ აქვს პირს, აქვს თუ არა იარაღის ტარების უფლება, ასეთ გამონაკლისს კანონი არ ითვალისწინებს“, - განმარტავს გიორგი გოცირიძე.
სავარაუდოდ, სამართალდამცავი უწყებებიც დაინტერესდებიან, რატომ გამოცხადა შეიარაღებული დეპუტატი აქციაზე, თუმცა დეპუტატი ჟურნალისტებთან აღიარეს, რომ „ეს შეცდომა“ მოუვიდა, უბრალოდ იმ მიზეზით, რომ ვერ მოახერხა მანქანის გაჩერება შემთხვევის ადგილზე და იარაღის დატოვება.
„ამ აქციაზე ვაპირებდი იარაღის დატოვებას, მაგრამ მოშორებით მომიწია მანქანის დატოვება... ვაღიარებ, რომ ეს შეცდომა მომივიდა, უბრალოდ იმ მიზეზით, რომ ვერ მოვახერხე მანქანის გაჩერება შემთხვევის ადგილზე და იარაღის დატოვება. არსებობდა გარკვეული საფრთხე, რადგან შესაბამისი მიზნით იყვნენ იქ ადამიანები მოსულნი და ჩემზე თავდასხმაც არ იყო გამორიცხული. ამიტომ მივედი იარაღით, თუმცა, ჯობდა დამეტოვებინა. საგამოძიებო ორგანო აღნიშნულით არ დაინტერესებულა“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.
როგორც ჩანს, კვერცხები რომელსაც აქციაზე ისროდნენ, კახიძეს არ მოხვედრია, რადგან ფაქტია, რომ იარაღს არ გაუსვრია.
პოლიციას რომ არ ენდობა, გასაგებია, რადგან ოპოზიციონერი დეპუტატია და ასეთი განცხადებები უნდა აკეთოს, მაგრამ ისიც საინტერესოა, დაიწყებდა თუ არა მომიტინგეთა ხოცვა-ჟლეტვას დეპუტატი, ვინმე თავს რომ დასხმოდა?! მერე რას იტყოდა, ფაშისტები დავხოცეო?! იმედია, ვინმეს მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაყენება მაინც მოუვა აზრად, კანონის დარღვევაზე რომ აღარაფერი ვთქვათ.
როგორც ჩანს, „ევროპული საქართველოს“ წევრი „ძალოვან“ ურთიერთობებს ისედაც მიჩვეულია, სულ რამდენიმე თვის წინ კახიძე პარლამენტის შენობიდან თავის არეში მიყენებული დაზიანებით გაიყვანეს. თუმცა მაშინ ითქვა, რომ გიორგი კანდელაკმა ვანო ზარდიაშვილს საფერფლე ესროლა, რომელიც შემთხვევით ოთარ კახიძეს მოხვდა.