დედაქალაქში ღამის საათებში ხმაურმა დიდ მასშტაბს მიაღწია. მიუხედავად იმისა, რომ, კანონის თანახმად, დეციბალების გადამეტება დასჯადი უნდა ყოფილიყო, დღისა და ღამის საათებში დასაშვები ნორმების დარღვევა კვლავაც ხდება და ეს განსაკუთრებით ცენტრალურ უბნებში იგრძნობა. რამდენად საზიანოა ხმაური ადამიანის ჯანმრთელობისთვის?! ამის შესახებ For.ge-ს საქართველოს ეკოლოგიური აკადემიის წევრი, პროფესორი თემურ ვეკუა ესაუბრა.
- ჰაერის დაბინძურება ყველასთვის გასაგებია, მაგრამ კიდევ უფრო უარესია ხმაური, რაც მაშინვე ვლინდება, როგორც კი მისი სიდიდე გარკვეულ ზღვარს გადააცილებს. მოგეხსენებათ, ხმაურის ინტენსიობა იზომება დეციბელებით. საერთოდ, ადამიანს ესმის 0-დან 170 დეციბელამდე ხმაური, რომელიც ძირთადად არის არა ბუნებრივი, არამედ ანთროპოგენური ხმაური. თუკი ხმაური 60 დეციბელზე მეტია, მაშინ ეს იწვევს სერიოზულ უარყოფით ცვლილებებს, 90-ზე მეტი თუ არის, ყურის ორგანოები და სხვა ორგანოები იწყებენ დეგრადირებას. 120 დეციბელი ეს არის ზღვარი, რომლის მერეც იწყება საშინელი ტკივილები, ხოლო 130 დეციბელის შემდეგ იწყება ორგანოების განადგურება. 180 დეციბელზე მეტი თუ არის ხმაური, მეტალიც კი ვერ უძლებს და იწყებს დაშლას.
ანთროპოგენური ხმაურის წყარო არის საავტომობილო ტრანსპორტი, რკინიგზა და ავიაცია. ამას ემატება სამრეწველო ობიექტებისა და საყოფაცხოვრებო დანადგარების ხმაურიც. თბილისში ხმაურის 80%-მდე ავტოტრანსპორტითაა გამოწვეული. დღისით თბილისში ხმაურის ინტენსიობა 90 დეციბელს აღწევს.
თბილისში განსაკუთრებით აუტანელია ღამის განმავლობაში არსებული ხმაური, როცა მოტოციკლის ძრავით მყუდროებას ურღვევენ ადამიანებს. ღამის საათებში მაქსიმალური დასაშვები ზღვარი რამდენია?
- თბილისის ზოგიერთ რაიონში ღამის განმავლობაში ხმაური 40 დეციბელზე მეტია. საერთოდ, მაქსიმალური დასაშვები ზღვარი ღამით 40 დეციბელია. ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები არ არსებობს, მაგრამ საერთო სტატისტიკა მეტყველებს, რომ მოსახლეობის დაახლოებით 30% სატრანსპორტო ჰაერის ზონაშია მოხვედრილი. ანუ ეს ისეთი ზონაა, სადაც ხმაური ნორმაზე მეტია. ასეთ დროს დიდი ამბით გვაუწყებენ, რომ აეროპორტებს აშენებენ. აეროპორტის აშენება კარგია, ამით ინფრასტრუქტურა იზრდება, მატულობს მიმოსვლა, ტურისტები უფრო კომფორტულ მდგომარეობაში არიან, მაგრამ აეროპორტიდან 10 კილომეტრის მანძილზე 75 დეციბელის ოდენობით საავიაციო ხმაური დაუშვებელია. მით უფრო, რომ ზღვრულად დასაშვები ნორმა 40 დეციბელია.
მაშინ აეროპორტის სიახლოვეს დასახლება არ უნდა ყოფილიყო?
- თავიდან, როცა დაიწყეს აეროპორტის მშენებლობა, ეს ნორმა დაცული იქნებოდა. თუმცა ვერეს ხეობაში დატრიალებულმა ტრაგედიამაც დაგვანახა, რომ ის ხალხი მოგვიანებით ჩასახლდა იქ. ვინ იცის, თბილისში ნებართვის გარეშე რამდენი საცხოვრებელი სახლი იქნება აშენებული? ამიტომ, თუკი აეროპორტთან 10 კილომეტრზე ცხოვრობს მოსახლეობა, ეს საკითხი გადასახედია. ასევე, გასარკვევია ქუთაისში, ფოთში, ბათუმში აეროპორტის სიახლოვეს მცხოვრები ადამიანების ბედიც.
ამ მხრივ არც ღამის კლუბები და ბარები აკლებენ. მიუხედავად იმისა, რომ დღისა და ღამის საათებში ხმაური დასჯადი უნდა გამხდარიყო, პირველ შემთხვევაში, მოქალაქის გაფრთხილება უნდა მომხდარიყო, ხოლო ერთი წლის განმავლობაში ფაქტის განმეორებისას ფიზიკური პირი 150 ლარით, იურიდიული კი -500 ლარით დაჯარიმებულიყო, ვინმე დაუსჯიათ აუტანელი ხმაურისთვის?
- ეს არის ე.წ. საყოფაცხოვრებო ხმაური, რომელიც ხელოვნურადაა გამოწვეული. ასეთივეა მუსიკით გამოწვეული ხმაური ბარებსა და რესტორენებში. უფრო მეტიც, ზოგიერთ ადგილას სწორედ ღამით მიმდინარეობს მშენებლობა სამ ცვლაში, რადგან სასწრაფოდ უნდა ჩააბარონ ნაგებობა დამკვეთს და არად დაგიდევენ ხმაურს. ანალოგიურ ფაქტს მოვიყვან, დიდი ამბით გაცხადდა, რომ საყოფაცხოვრებო ნარჩენების დამყრელთა გამოსავლენად მთელი ჯგუფი შეიქმნა, მაგრამ კონკრეტული ინფორმაცია არ არსებობს, ამისთვის ვინ დაისაჯა? უბრალოდ, მშრალი სტატისტიკა მოგვაწოდეს. საჯარო უნდა გახადონ ეს ინფორმაცია და თქვან, რომ რომელიღაც მოქალაქე ნაგვის გადაყრისთვის დაჯარიმდა. ან კიდევ, ცალკეული სამშენებლო ფირმა და კომპანია სწორედ ნაგვის დაყრის გამო დაჯარიმდა. ასევე, არ გამიგია, ხმაურის გამო ვინმეს პასუხი ეგოს.
თავის დროზე ლაპარაკი იყო პატრულის ყოველი მესამე ეკიპაჟის ხმაურმზომებით აღჭურვაზე, რისთვისაც 15 ათასი ევრო იყო საჭირო. ჩვენთან ხდება ხმაურის გაზომვა?
- ეს არის პრობლემა, არის კი შესაბამისი აპარატურა? თავის დროზე საკავშირო დონის შრომის დაცვის კვლევითი ინსტიტუტი არსებობდა ჭავჭავაძის 51-ში, იქ, სადაც ახლა რუსეთის ყოფილი საელჩოა. კვლევით ინსტიტუტს ძველი საბჭოთა დროინდელი ხმაურგამზომი აპარატურა გააჩნდა, რაც დღეს ჩვენ არ გვაქვს. არადა, თბილისში აუცილებელია როგორც ჰაერის დაბინძურების, ისე ხმაურის გავრცელების რუკების შექმნა, რითაც გაირკვევა, თბილისის რომელი რაიონებია ყველაზე ხმაურიანი. წითელი ხაზით უნდა მოვნიშნოთ ისეთი ადგილები, სადაც ხმაური ადამიანის ფიზიოლოგიისთვის საშიშია.
დასავლეთ ევროპაში მოსახლეობის 50%-ზე მეტი ცხოვრობს იმ რაიონებში, სადაც ხმაური მინიმალურია, 55-70 დეციბელია და ამ ნორმატივების დაცვა აუცილებელია. ეს ნიშნავს, რომ ხმაური, როგორც ეკოლოგიური პარამეტრი, სერიოზული საფრთხის შემცველია. ზოგჯერ ადამიანს შეუძლია ეს ხმაური საერთოდაც ვერ აღიქვას და ამ დროს ხმაური მოქმედებდეს მასზე.
ეს ის შემთხვევაა, როცა ადამიანის ყური უკვე ეჩვევა ხმაურს?
- დიახ და ამ დროს ხმაური უარყოფითად მოქმედებს შიდა ორგანოებზეც და ადამიანის ფსიქიკურ სამყაროშიც იწვევს რყევებს. საუბარია 16 ჰერცზე, ანუ ინფრა ხმაურზე. ამხელა ხმაური ზღვის დაავადების ანალოგიურია, როცა გემზე მყოფ პიროვნებას გული ერევა. ბევრჯერ არ აქცევენ ადამიანები ამას ყურადღებას, არადა, ხშირად უთქვამთ, გული მერევა, ცუდად ვარ. ეს სწორედ ხმაურით შეიძლება იყოს გამოწვეული. ამიტომ სერიოზული სამედიცინო დაკვირვებები, სერიოზული სტატისტიკა უნდა არსებობდეს ხმაურით გამოწვეულ დაავადებებთან მიმართებით.
შეიძლება, ვინმეს გაუკვირდეს, მაგრამ ინტენსიური ხმაური მოქმედებს ცხოველებზეც. ეს შესაბამისი კვლევითაა დადგენილი, რადგან ხმაური წველადობას, კვერცხის რაოდენობის დადებას ამცირებს, ეს მოქმედებს ფუტკარზეც.
აღიარებულია, რომ ყველაზე მეტად ფუტკარს არ უყვარს ხმაური.
- ფუტკარი თურმე ხმაურის შედეგად ორიენტირებას კარგავს და თავის სკაში ვერ ბრუნდება. გარდა ამისა, არსებობს მეცნიერული დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ინტენსიური ხმაური მოქმედებს ბიოლოგიურ პროცესებზე, როგორიცაა ხილის მომწიფება. ამიტომ ხმაურის წინააღმდეგ სპეციალური პროგრამა უნდა შემუშავდეს.