შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმით საქართველოს 45 ათასმა მოქალაქემ ისარგებლა. საზღვრიდან დაბრუნებულთა რიცხვი კი 150-ს არ აღემატება.
როგორც შს სამინისტროში აცხადებენ, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში შესვლაზე უარი საქართველოს 146 მოქალაქეს ეთქვა. საუბარია სამთვიან პერიოდზე, ანუ მიმდინარე წლის 28 მარტიდან 2 ივლისამდე არსებულ მონაცემებზე. შსს-ში ვერ აკონკრეტებენ, რამდენი ადამიანი დაბრუნდა საქართველოში ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით სარგებლობის ვადის გასვლის შემდეგ.
შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქეთა მიერ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის 90-დღიანი ვადის მასობრივი დარღვევა არ მომხდარა.
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ შენგენის ზონის ქვეყნებში გამგზავრებული 45 ათასი ადამიანის ფონზე სულ რაღაც 150-მდე ადამიანის უკან გამობრუნება არაფერია. თუმცა რეალურად თუ ვიმსჯელებთ, 3-მილიონიან ქვეყანაში ეს 45 ათასი არ არის მცირე ციფრი. პოლიტოლოგის თქმით, საინტერესოა, წინა წლებში ევროპაში წასვლის მსურველი რამდენი იყო და დინამიკა როგორია?!
„არა მგონია, წინა წლებში მხოლოდ 10-15 ათასს მოენდომებინოს ევროპაში ჩასვლა და ახლა ეს მონაცემები 3-4-ჯერ გაზრდილიყოს. უბრალოდ, ეს სამთვიანი ციკლი ემთხვევა შვებულებისა და ტურისტულ სეზონს. გაზაფხულსა და ზაფხულში ბევრი ადამიანი აწყდება ევროპას. სექტემბრიდან კი ტურისტთა რაოდენობა შემცირდება. თუმცა საინტერესოა, ვინ და რატომ მიდის უცხოეთში? აქ საჭიროა დეფინიცია, საქართველოდან ევროპაში წამსვლელთა შორის რამდენია მეცნიერი, ჩინოვნიკი, ბიზნესმენი, ტურისტი?! როდესაც ჩვენში რომელიღაც ბაგა-ბაღის უფროსის მოადგილე ხულიგნობს, უკვე ყველამ იცის, რომ ის ხელისუფლების წარმომადგენელია, რადგან ჩვენთან სამსახური მხოლოდ ხელისუფლებასთან დაახლოებულ ხალხს აქვს. ჯერ ბაგა-ბაღი რა არის, ახლა იმის დირექტორი და მისი მოადგილე რა უნდა იყოს? მაგრამ ისიც აღიქმება, როგორც ხელისუფლების წარმომადგენელი. ამიტომ გასარკვევია, ევროპაში წასულ ამ 45 ათას ადამიანს შორის რამდენია ჩინოვნიკი? მაშინ ვიტყვით, რომ ხელისუფლებამ თავისთვის გაიკეთა უვიზო მიმოსვლა ევროპაში. ხოლო, თუ წამსვლელთა შორის მეცნიერები, ანუ ჩემი კოლეგები სჭარბობენ, მაშინ ეს კარგი მაჩვენებელი იქნება“, - აცხადებს სოსო ცინცაძე, რომლის აზრითაც, ნორმალურ ქვეყნებში სწორედ ყველაზე მეტი პედაგოგი, მეცნიერი და პენსიონერი მოგზაურობს, რადგან მათ ზაფხულში ყველაზე მეტი დრო აქვთ.
ამის საწინააღმდეგოდ, საქართველოდან უცხოეთში ძირითადად ჩინოვნიკები და ხელისუფლების მხარდამჭერი ბიზნესმენები მიემგზავრებიან.
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ პირადად მანაც ისარგებლა უვიზო მიმოსვლით. რაც შეეხება 45 ათასი ჩვენი მოქალაქის გამგზავრებას ევროკავშირში, ექსპერტი მიიჩნევს, რომ ეს არ არის დიდი ციფრი, მთავარია, რამდენი ადამიანი დარჩება ევროპაში და რამდენი დაარღვევს ამ სამთვიან პირობას, რისი შანსიც დიდია.
„მოლდოვის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ მოლდოვიდან უამრავი ადამიანის გადინებამ დემოგრაფიული ასიმეტრიულობა გამოიწვია ქვეყანაში, რაც გეოპოლიტიკური ორიენტაციის ცვლილებაზეც აისახა. ამდენად, გარკვეული პერიოდის შემდეგ დავინახავთ, საქართველოდანაც რამდენი ადამიანი დარჩება ევროპაში“, - აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ.