მრავალეროვნული სწავლება - „ღირსეული პარტნიორი 2017“ იწყება. სწავლება 30 ივლისიდან 12 აგვისტოს ჩათვლით ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე, ვაზიანის პოლიგონსა და ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე ჩატარდება. „ღირსეული პარტნიორი“ აშშ-ის ევროპული სარდლობის შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე სწავლებების ციკლის ნაწილია, რომელიც 7 ქვეყნის ტერიტორიაზე ტარდება.
ამჟამად მიმდინარეობს საერთაშორისო სწავლებები - SABER GUARDIAN 2017 ბულგარეთში, რუმინეთსა და უნგრეთში, ხოლო SEE BREEZE - უკრაინაში მიმდინარეობს. სწავლებებში სულ 50 000 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს, სადაც საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები ერთი ქვეითი ასეულის და ერთი ოცეულის შემადგენლობითაა ჩართული. ამ სწავლებების გაგრძელებაა NOBLE PARTNER 2017.
„ღირსეული პარტნიორი 2017“ საქართველოში წელს უკვე მესამედ ტარდება და სტაბილურობის, თავდაცვით და შეტევით ოპერაციებში უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას, ნატო-ს პარტნიორი ქვეყნებისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ურთიერთთანამშრომლობის ამაღლებას, ნატო-ს რეაგირების ძალების (NRF) საწვრთნელი შესაძლებლობის გაზრდასა და NRF-ში მონაწილე ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად.
„ღირსეული პარტნიორი 2017“ საქართველოში პირველად 2015 წელს ჩატარდა, მისი მასშტაბები გაიზარდა და წელს მასში ნატო-ს 5 წევრი და 3 პარტნიორი ქვეყნის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები მონაწილეობს - აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, სლოვენია, თურქეთი, უკრაინა, სომხეთი და საქართველო. სწავლებაში 2800-ზე მეტი სამხედრო მიიღებს მონაწილეობას.
თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას განცხადებით, პირველად სწავლებაში გერმანული ჯავშანტრანსპორტიორი „ბოქსერი“ ჩაერთვება, რომელიც უკვე საქართველოშია. ფოთის პორტიდან სამხედრო ტექნიკის დიდი ნაწილი სწავლების ადგილამდე თვითსვლით მივა. წვრთნაში წარმოდგენილი იქნება ასევე, ამერიკული ტანკები „აბრამსები“, ქვეითთა საბრძოლო მანქანები „ბრედლი“ და „სტრაიკერი“, ასევე C-130 ტიპის ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი.
„მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2017 არც ერთი სახელმწიფოს წინააღმდეგ არ არის მიმართული და ის მიზნად ისახავს პარტნიორებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლებას, მიზნად ისახავს რეგიონში უსფრთოების გაძლიერებას. ჩვენ მივესალმებით მეზობელი ქვეყნის სომხეთის ჩართულობასაც. აღნიშული წვრთნების ამოცანაა მშვიდობის და უსაფრთხოების განმტკიცება რეგიონში“, - განაცხადა ლევან იზორიამ.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის შეფასებით, მრავალეროვნული სწავლება - „ღირსეული პარტნიორი 2017“ ნიშნავს იმას, რომ საქართველო სტაბილური ქვეყნაა ნატოში ინტეგრაციის გზაზე.
„გარდა იმისა, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენი სამხედროების მომზადებისთვის, ეს არის აღიარება იმისა, რომ საქართველო არის ის პარტნიორი ქვეყანა, რომელთან ერთადაც ჩვენ სამხედროების და ნატოს წვერი ქვეყნების სამხედროების მომზადება, წვრთნა არის უკვე ჩვეულებრივი თანმდევი პროცესი ჩვენ შორის ურთიერთობის. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვართ ძალიან სტაბილური ქვეყნა ნატოში ინტეგრაციის გზაზე“, - აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.
„ღირსეული პარტნიორი 2017“ , რომელიც აშშ-ის ევროპული სარდლობის შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე სწავლებების ციკლის ნაწილია, ამერიკელ და ქართველ სამხედროებს, რომლებიც „ღირსეული პარტნიორის“ წვრთნებში მონაწილეობენ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი მოინახულებს, რომელიც საქართველოს 31 ივლისს ორი დღით ესტუმრება და ხელისუფლების პირველ პირებს შეხვდება.
ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი, დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ ამერიკა-საქართველოს ურთიერთობის გაღრმავება იგეგმება თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში.
„ჩვენ გვაქვს საქართველოს თავდაცვითი მზაობის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც გვაქვს სამოქმედო გეგმა, რომლიც მიხედვითაც ამ თანამშრომლობას კიდევ უფრო გავაღრმავებთ. ჩვენი ძალისხმევა მიმართულია სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისკენ და, რა თქმა უნდა, მოუთმენლად ველოდებით ვიცე პრეზიდენტის, მაიკლ პენსის ვიზიტს საქართველოში“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ამბობს, რომ მრავალეროვნული სწავლება - „ღირსეული პარტნიორი 2017“ არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული. თუმცა ასე არ ფიქრობს ექსპერტი სოსო ცინცაძე, რომლიც რუსეთის მხრიდან პროვოკაციებს არ გამორიცხავს.
„ის, რომ სამხედრო წვრთნები არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული, ეს ისეთი განცხადებაა, რომლისაც აბსოლუტურად არავის არ სჯერა და თვითონ მინისტრსაც. ვინაიდან, ნებისმიერი სამხედრო წვრთნები, ისევე როგორც ნებისმიერი სახედრო კავშირები ყოველთვის ან ვიღაცის წინააღმდეგ არის მიმართული, ან ვიღაცისაგან თავის დაცვას ისახავს მიზნად. ეს ხომ არ არის ოლიმპიური თამაშები, როგორც მშვიდობის სიმბოლო, ეს არის სამხედრო წვრთნები, რომელშიც ჩართული არიან სამხედროები.
ამ შემთხვევაში რუსეთს თავისი ლოგიკა აქვს, რომელიც ხშირად ცივილიზებულ ლოგიკასთან ვერ მოდის უნისონში. რუსეთი თვლის, რომ პოსტსაბჭოურ სივრცეში დასავლეთის ნებისმიერი გააქტიურება, ეს არის საფრთხე რუსეთისათვის და ამას ვერავინ ვერ გადაათქმევინებს, იზორიასი კი არა, ამ საკითხებში თეთრი სახლის არ სჯერა რუსეთს“, - აცხადებს სოსო ცინცაძე.
როგორც ცინცაძე აცხადებს, საქართველოს შეიძლება ძვირად დაუჯდეს ეს აქტიურობა, მაგრამ თუ ამ წვრთნებს შემდეგ მოჰყვა მატერიალიზაცია, შეიძლება გვიღირდეს კიდევაც ეს ძვირი ფასი.
„ამ წვრთნებს მოჰყვება რუსეთის გააქტიურება, საზღვრის გადმოწევა ა.შ. ამიტომ, ტრამპს და პენსს შეუძლიათ ოფიციალურად განაცხადონ, რომ ოსეთი და აფხაზეთის დამოუკიდებლობის ვის სჯერა - არავის. არც ის გამიკვირდება, რომ საქართველოში ვიზიტა მყოფი პენსი საზღვარზეც კი მივიდეს და თქვას, რომ ეს დაუშვებელია, მაგრამ ასეთ განცხადებას რუსეთი როგორ მიიღებს ცნობილია. ამიტომ, რისკი არის, მაგრამ შეიძლება ეს რისკი ღირდეს“, - განაცხადა სოსო ცინცაძემ.
რაც შეეხება ვიცე-პრეზიდენტის ჩამოსვლას, ცინცაძე ამბობს, რომ როგორც ჩანს, ვაშინგტონმა ცოტა მოიცალა საქართველოსათვის, თუმცა ექსპერტი სვამს კითხვას - ხომ არ არის ეს ურთიერთგამომრიცხავი ორი პროცესი. ერთი მხრივ ტრამპის ასეთი კომკავშირული ენთუზიაზმი პუტინთან ურთიერთობის გაუმჯობესება, მეორე მხრივ ერთობლივი სამხედრო წვრთნები.
„ტრამპმა თუ არა, მისმა მრჩევლებმა მშვენივრად იციან, რომ კავკასიის რეგიონში ამერიკის სამხედრო გააქტიურება ნებისმიერ ფორმატში, ეს სულაც არ შეუწყობს ხელს ტრამპის იდეის - რუსეთთან მეგობრული ურთიერთობის დამყარებას. მეორე მხრივ, ტრამპი სხვა მიმართულებით დგამს ნაბიჯებს. ასადის მოწინააღმდეგე ე.წ. ზომიერ ოპოზიციას, რომელიც აქამდე თუ არსებობდა და იბრძოდა, მხოლოს ამერიკის დახმარების საფასურად, ტრამპა შეუწყვიტა ეს დახმარება. ურთიერთგამომრიცხავი და ურთიერთსაწინააღმდეგო მოვლენები გვაქვს. ამიტომ, ახლა შორს წარმავალი დასკვნების გაკეთებისგან თავს შევიკავებ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას სოსო ცინცაძემ.