„მეუფე პეტრესთან მიმართებით, ერთი კითხვის ნიშანი დარჩა - რატომ ცდილობს დახატოს არასწორი სურათი ოქრომჭედლის ვერსიაზე?“

„მეუფე პეტრესთან მიმართებით, ერთი კითხვის ნიშანი დარჩა - რატომ ცდილობს დახატოს არასწორი სურათი ოქრომჭედლის ვერსიაზე?“

მეუფე პეტრე სახელმწიფო ბრალდების მიერ დასაკითხ მოწმეთა სიაში ბოლო სასულიერო პირია, რომელიც ე.წ. ციანიდის საქმეზე სასამართლომ, როგორც ბრალდების მხარის მოწმე, ისე დაკითხა მის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების თაობაზე.

ე.წ. ციანიდის საქმეზე უკვე დაიკითხნენ დაზარალებული, პატრიარქის მდივან-რეფერეტი შორენა თეთრუაშვილი და მაღალი იერარქიის სასულიერო პირები, მათ შორის მეუფე იაკობი, მეუფე დიმიტრი, მეუფე თეოდორე. ასევე, - მამა დავით ჭინჭარაული და მამა მიქაელ ბოტკოველი. სახელმწიფო ბრალდებამ უკვე დაკითხა საქმის მთავარი მოწმე, ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე, ექსპერტები, რომლებმაც დეკანოზის ბინიდან ამოღებულ იარაღს ექსპერტიზა ჩაუტარეს და გამომძიებლები, რომლებიც სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობდნენ.

სკანდალურ სასამართლო პოროცესზე დანიშნულზე ადრე მოვიდა მეუფე პეტრე. ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარიც გააკეთა და აღნიშნა, რომ პირველ რიგში, მისი მიზანია, ამხილოს ის უსინდისო, უსამართლო და სამარცხვინო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სასამართლო სხდომები არის დახურული.

პროცესის დაწყებამდე გახმაურებული საქმის პროკურორმა ზვიად გუბელაძემ მეუფე პეტრეს მიმართა ჰქონდა თუ არა რაიმე მტკიცებულება მის მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით სასამართლოში წარსადგენად. როგორც პროკურორმა აღნიშნა, გამოძიების ეტაპზე დაკითხვისას ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა ვერანაერი მტკიცებულება ვერ წარადგინა. შეფასებები კი სასამართლოსთვის მტკიცებულებას არ წარმოადგენს და შესაბამისად, პროკურორის განცხადებით, მისი ჩვენება ნაკლებად იქნება გასაზიარებელი.

რაც შეეხება დაცვის მხარის განცხადებას, რომ მეუფე პეტრე დაადასტურებს ფაქტს, რომ შორენა თეთრუაშვილს არ შეეძლო დეკანოზ გიორგი მამალაძის კარიერულ წინსვლაში ხელის შეშლა, პროკურორმა აღნიშნა, რომ მსგავსი რამ მეუფე პეტრეს გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებაში ნათქვამი არ აქვს.

დახურულ სასამართლოზე ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პატრიარქის მდივან-რეფერენტთან დაკავშირებით ისაუბრა. მეუფე პეტრე ცაავა ამბობს, რომ შორენა თეთრუაშვილის ხელში არსებული ძალაუფლება საპატრიარქოში სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. დაკითხვის დასრულების შემდეგ, მეუფე პეტრემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. მეუფეს განცხადებით, კითხვები მის სატელევიზიო ეთერებში გამოსვლებიდან გამომდინარე ჰქონდათ და იგივე დაადასტურა, რომ საქართველოს საპატრიარქოში არსებული პირველხარისხოვანი პრობლემა არის შორენა თეთრუაშვილის ხელში არსებული ძალაუფლება. მისი თქმით, „შორენა თეთრუაშვილს მხოლოდ შეუძლია, ცილისწამებები და ინტრიგები დახლართოს“.

მისივე განცხადებით, ე.წ. ციანიდის საქმე სასამართლოსთვის დიდი გამოწვევაა. ჭყონდიდის მიტროპოლიტის განცხადებით, სასამართლო პროცესზე ის კიდევ ერთხელ დარწმუნდა, თუ როგორი ტენდენციური და უხერხულ მდგომარეობაშია სახელმწიფო ბრალდება.

„ვნახოთ, რამდენად ახლოს იქნებიან, სასამართლო რამდენად მოინდომებს, ქართველ ერს დაანახოს, რომ არსებობს დამოუკიდებელი, თავისუფალი სასამართლო, რომელიც ქვეყნის, ერის, სახელმწიფოს, უსაფრთხოების და სახელწიფო ძლიერების გარანტია. რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულია მათ გადაწყვეტილებაზე. სასამართლოსთვის ძალიან დიდი გამოწვევაა „ციანიდის საქმე“.

ძალიან ვწუხვარ, რომ კიდევ ერთხელ გამოჩნდა ტენდენციურობა და მიკერძოებულობა ბრალდების მხარის და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, თუ რატომ სჭირდებოდათ მათ სასამართლო პროცესების დახურვა. აშკარად გამოჩნდა, რომ ძალიან უხერხულ მდგომარეობაში არიან. ძალიან მიკერძოებულია ბრალდების მხარის დამოკიდებულება და ცდილობენ, თავისი დავალება და ამოცანა იქნეს განხორციელებული. ვფიქრობ, საქართველოში აუცილებლად იზეიმებს სამართლიანობა. მართლმსაჯულება თავის სათქმელს იტყვის. სასამართლოს ამ სიტყვებით დავემშვიდობე - „შეხვედრამდე სამოთხეში“, - აღნიშნა მეუფე პეტრე ცაავამ.

ჭყონდიდელი მიტროპოლიტის განცხადებით, ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებული მამა გიორგი არის უსამართლო პატიმარი.

„ერთი საინტერესო ადამიანი, რომელსაც საპატიმროში ვნახულობდი, ეს იყო ბიზნესმენი, რომელიც რაღაც ცრუ ბრალდებით იყო, ამბობდა, რომ რა თქმა უნდა, მეუფე, არ ვარ მე უდანაშაულო, უცოდველი, როგორც თითოეული ჩვენთაგანი, მაგრამ ვარ უსამართლო პატიმარიო. აი, მამა გიორგიც მიმაჩნია, არის უსამართლო პატიმარი და სრულიად უცოდველი და უდანაშაულო არავინ არ ვართ, მათ შორის, არ არის მამა გიორგი. მე ვერ წარმომიდგენია სასულიერო პირი, რომლის გონებაში დაიბადა აზრი ვიღაცის ლიკვიდაციის. ეს არის ყოვლად შეუძლებელი, გამორიცხული, აბსურდი. ბოლო სიტყვას ამბობს უფალი და ეს სიტყვა იქნება წარმოთქმული სამსჯავროს დროს“, - აღნიშნა მეუფე პეტრე ცაავამ.

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას განცხადებით, მეუფე პეტრემ სასამართლოს მაქსიმალურად ჭეშმარიტი ინფორმაცია მიაწოდა, რათა მას ობიექტური გადაწყვეტილების გამოტანა გაუადვილდეს.

„მან დეტალურად არა, მაგრამ რამდენიმე ფაქტი ნამდვილად იცოდა, რომ მამა გიორგი მამალაძე იკვლევდა ქონებრივ საკითხებს. მან ასევე თქვა, რომ იცნობს საპატრიარქოში არსებულ სიტუაციას, მათ შორის შორენა თეთრუაშვილის მოქმედებებს საპატრიარქოში, ვის რა დავალებებს აძლევს და ა.შ. ის უკეთებს საპატრიარქოში არსებულ სიტუაციას ანალიზს. მიაჩნია, რომ დღეს გიორგი მამალაძე არათუ დამნაშავეა, არამედ ის არის შორენა თეთრუაშვილის მსხვერპლი“, - აღნიშნა გიორგი ფანცულაიამ.

ადვოკატის თქმით, პროკურორები თავისი კითხვებით მეუფე პეტრეს წყობიდან გამოყვანას და მათთვის სასურველი პასუხების მიღებას ცდილობდნენ. გარდა ამისა, პროკურორების მხრიდან არაერთხელ იყო მცდელობა, რომ მეუფესთვის დაესვათ ისეთი შეკითხვა, რომელიც რეალურად შეცდომაში შეყვანას ემსახურებოდა.

„მათი მცდელობა იყო, რომ მაქსიმალურად ის გამოეყვანათ წყობიდან და მიეღოთ მათთვის სასურველი პასუხები, რასაც დაცვის მხრიდან გარკვეული პოლემიკა მოჰყვა, მაგრამ რაც მთავარია, დამთავრდა მისი დაკითხვა ისეთი სახით, რომ სასამართლომ მიიღო მაქსიმალურად რეალური და ჭეშმარიტი ინფორმაცია საპატრიარქოში არსებულ მდგომარეობაზე“, - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორის, ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, მეუფე პეტრე გარკვეულ შეურაცხყოფას აყენებდა პროკურორებს, რატომაც მოსამართლემ გაფრთხილება მისცა და განუმარტა, რომ დააჯარიმებდა ამის გამო. ჯარჯი წიკლაური ამბობს, რომ მეუფის ყველა მოსაზრება იყო სუბიექტური.

„მეუფე პეტრესთან მიმართებით, ერთი კითხვის ნიშანი დარჩა - როდესაც ვერც ერთი ობიექტური პირი ვერ დაიჯერებს, რომ ბრალდებული ციანიდს ოქრომჭედლისთვის ეძებდა კეთილი მიზნებით და ეს ვერსია სასამართლოში სრულად გამოირიცხა, რატომ ცდილობს მეუფე პეტრე დახატოს არასწორი სურათი ოქრომჭედლის ვერსიაზე.

პირადად მე დავუსვი შეკითხვა მეუფეს - როდესაც ბრალდებული აცხადებს, რომ მას უნდა მოქმედი საწამლავი, რომელიც დააყენებს შედეგს; როდესაც ბრალდებული აცხადებს, ვისთვისაც ციანიდი უნდა, ის ტკბილს არ ჭამს და ექსპერტიზა დაადგენს თუ არა მსხვერპლის ორგანიზმში საწამლავის კვალს; როდესაც ბრალდებული ამით ინტერესდებოდა, რა შუაში იყო აქ ოქრომჭედელი? - მეუფე პეტრემ ამაზე პასუხი ვერ გაგვცა. ის გარკვეულ შეურაცხყოფასაც კი გვაყენებდა პროკურორებს“, - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.

იმ შემთხვევში, თუკი ცალკე წარმოებად გამოყოფილ საქმეზე ვინმეს ბრალეულობა გამოიკვეთა, ე.წ. ციანიდის საქმის კიდევ ერთი პროკურორი, ზვიად გუბელაძე ამბობს, რომ ნებისმიერი პირი მიეცემა პასუხისგებაში. კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა მეუფე პეტრეს ბრალდებულად ცნობა, გუბელაძემ აღნიშნა, რომ წინასწარ შეფასებებს ვერ გააკეთებს, ვინ შეიძლება მიეცეს პასუხისგებაში, ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით.

„გამოძიება გრძელდება. გამოყოფილია სისხლის სამართლის საქმე შესაძლო თანამზრახველების კუთხით. თუ ვინმეს პასუხისმგებლობა გამოიკვეთება, რა თქმა უნდა, ნებისმიერი პირი მიეცემა პასუხისგებაში. წინასწარ ვინმეს დასახელება შეუძლებელია. ბრალდების მხარისთვის უცნობია, რა ინტერესები აქვს მეუფე პეტრეს ამ საქმეზე.

მეუფე პეტრე გულწრფელად, მართლა ცდილობდა, რომ დახმარება გაეწია ბრალდებულისთვის და მისთვის სასარგებლო ჩვენება მიეცა. გარკვეულწილად, სხვადასხვა ფაქტობრივ გარემოებებზე საუბრობდა, თუმცა ყველა კითხვაზე მისი პასუხი იყო მხოლოდ და მხოლოდ შეფასება. ვერ წარმოადგინა რაიმე სახის მტკიცებულება, რაც მის ნათქვამს დაადასტურებდა. მეუფე პეტრე არის დაინტერესებული პირი - მან ადვოკატი აუყვანა ბრალდებულს და მისი მთავარი მოტივი არის, რომ მამა გიორგი გამართლდეს“, - აღნიშნა ზვიად გუბელაძემ.

რაც შეეხება საქმის კიდევ ერთ მთავარ მოწმეს, პატრიარქის დაცვის ყოფილ უფროსს, სოსო ოხანაშვილს, ის არ აპირებს სასამართლოსთვის ჩვენების მიცემას. საქმის პროკურორის განმარტებით, ოხანაშვილის ოჯახმა განმარტა, რომ ის საქართველოში ჩამოსვლას და სასამართლოსთვის ჩვენების მიცემას არ გეგმავს.

თუმცა გიორგი ფანცულაია ირწმუნება, რომ სოსო ოხანაშვილი მზადაა სასამართლოს ჩვენება მისცეს. მისი თქმით, დაცვის მხარემ გადაამოწმა სოსო ოხანაშვილის დაკითხვის საკითხზე პროკურორების მიერ გავრცელებული ინფორმაცია და დადასტურდა მათი ეჭვი იმის თაობაზე, რომ პროკურატურა ცდილობდა თავი აერიდებინა ოხანაშვილის დაკითხვისთვის.

„წინა პროცესზე სოსო ოხანაშვილის დაკითხვაზე ეჭვები გვიჩნდებოდა, თითქოსდა პროკურორები ცდილობდნენ, რომ თავი აერიდებინათ მისი დაკითხვისთვის. მე ვფიქრობ, რომ ეს ეჭვები ნაწილობრივ დადასტურდა კიდეც, ვინაიდან, ჩვენ გადავამოწმეთ მისი დაკითხვის საკითხი და შემიძლია პირდაპირ გითხრათ, რომ ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია, რომ ის მზად არის ჩაერთოს „სკაიპით“ და მისცეს სრული ინფორმაცია საქმეზე და შემდეგ მოსამართლე შეაფასებს, ეს ინფორმაცია რამდენად და რომელი მხარის პოზიციის დამადასტურებელი უფროა. მისი დაკითხვა ლოგიკურად რამდენიმე პროცესში მოხდება“, - აღნიშნა გიორგი ფანცულაიამ.