შვიდწლიანი პატიმრობის შემდეგ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, გენერალ თამაზ ნინუასა და მისი მეუღლის ეთერ ნინუას მკვლელობაში მსჯავრდებული თამაზ გოგია გამართლდა.
„საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შუამდგომლობით, 2017 წლის 18 ივლისს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ გენერალ თამაზ ნინუას და მისი მეუღლის ეთერ ნინუას მკვლელობისთვის მსჯავრდებულ თამაზ გოგიას მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა და სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაათავისუფლა...
დღეის მდგომარეობით, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოს 27 მსჯავრდებულის საქმეზე მიმართა, საიდანაც 11 პირის მიმართ უკვე დადგა გამამართლებელი განაჩენი“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ძნელი სათქმელია, რამდენად წაადგება ხელისუფლებას წინასაარჩევნოდ, მაგრამ როგორც პროკურატურაში აცხადებენ, პროცესს, რომელიც მთავარ პროკურატურაში შექმნილმა ახალმა დეპარტამენტმა უკანონოდ გასამართლებული პირების განაჩენების გადასინჯვისა და მათი დარღვეული უფლებების აღდგენის მიზნით დაიწყო, შეუქცევადი ხასიათი აქვს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილების შემდეგ ახალმა დეპარტამენტმა მსჯავრდებულ თამაზ გოგიას მიმართ განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო, ხოლო გადაწყვეტილების მიღებამდე ჩატარდა ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, რის შედეგადაც სრულად გამოირიცხა თამაზ გოგიას მხრიდან დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
გოგიას ბრალად ედებოდა, რომ 2009 წლის 11 ნოემბერს, თბილისში მიცკევიჩის ქუჩაზე მდებარე გენერალ თამაზ ნინუას საცხოვრებელ ბინაში, კომპანიის წილებთან დაკავშირებით წარმოშობილი დავის გამო, მაყუჩიანი იარაღიდან გასროლით, ანგარებით, ჯერ თამაზ ნინუას, ხოლო შემდგომ კვალის დაფარვის მიზნით მისი მეუღლის ეთერ ნინუას მკვლელობა.
საინტერესოა, რომ ცხელ კვალზე კინოლოგებმა მაძებარი ძაღლის გამოყენება ვერ შეძლეს, რადგან ცხედრების ირგვლივ, ფაქტობრივად, ყველგან, სადაც შეიძლებოდა, დამნაშავეს შეხება ჰქონოდა, წიწაკა იყო მოყრილი. გამოძიებამ მკვლელობის იარაღს ვერ მიაგნო, თუმცა საქმეში დევს ორი მასრა, რომელბზეც ბალისტიკური ექსპერტიზა ჩატარდა. ამოღებული მასრები უიშვიათესი მოდელის უხმო რევოლვერს ეკუთვნოდა, რომელიც ასევე გამოყენებული იყო 2007 წელს ბიზნესმენ, გოჩა მაღალდაძის მკვლელობისას.
2010 წლის 13 აგვისტოს, თამაზ გოგიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას საფუძვლად დაედო ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც დენთის შემადგენელი კომპონენტის ფუნქციონალური ჯგუფის NO2-ის არსებობა დაფიქსირდა თამაზ გოგიას მარჯვენა და მარცხენა ხელის ანაწმენდზე, რაც გახდა მთავარი მტკიცებულება თამაზ გოგიას მიმართ მკვლელობაში მსჯავრდებისთვის, რისთვისაც მას 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
პროკურატურის ინფორმაციით, 2016 წლის 6 ივლისს სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსა და შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის მიერ გაცემულ იქნა კომისიური ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა, რომელმაც გამორიცხა თამაზ გოგიას ხელის ანაწმენდებზე დენთის კვალის არსებობის ფაქტი და ეჭვქვეშ დააყენა ხსენებული მტკიცებულების რელევანტურობა.
გარდა ამისა, ახალი გამოძიებით გამოიკვეთა ის გარემოება, რომ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს გააჩნდათ არალეგიტიმური დაინტერესება თამაზ გოგიას მიმართ, რათა მას ხელოვნურად შერაცხოდა თამაზ და ეთერ ნინუების მკვლელობის ფაქტი. ამ მიზნით სისხლის სამართლის საქმეში ხელოვნურად შეიქმნა მისი მამხილებელი მტკიცებულებები, რომლებიც გაბათილდა და ეჭვქვეშ დადგა ახალი გამოძიებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით.
7 წლის წინ 67 წლის თამაზ ნინუა თავისივე ბინაში, მეუღლესთან, 64 წლის ეთერ ნინუასთან ერთად, მოკლული იპოვეს. ცოლ-ქმარს ჭრილობები თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდა მიყენებული. ეთერ ნინუა საძინებელში იპოვეს, ხოლო თამაზ ნინუა სავარძელში იყო ჩაცხრილული.
თამაზ ნინუა ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებაში უშიშროების მინისტრად მუშაობდა. თუმცა სკანდალებსა და შავ-ბნელ საქმეებში არასოდეს ყოფილა გახვეული.
არაოფიციალურად სამი ვერსია გავრცელდა, პირადი ანგარიშსწორება, რომელიც ძალოვან უწყებებში თამაზ ნინუას მუშაობას უკავშირდებოდა, ბიზნესსაქმიანობა და რუსული სპეცსამსახურები.
ნინუას მკვლელობა ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით შექმნილ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიასაც დაუკავშირეს, მაგრამ ეს ვერსია სპეციალისტებს ყველაზე ნაკლებსარწმუნოდ მიაჩნდათ. რაკი ნინუა და მისი მეუღლე მაყუჩიანი იარაღით იყვნენ დახოცილი, ამ სახის იარაღით, ძირითადად, სპეცსამსახურები იყვნენ შეიარაღებული.
მაშინვე ითქვა, რომ ნინუა არასოდეს ყოფილა გახვეული ბინძურ საქმეებში. ის უშიშროების მინისტრი იყო გამსახურდიას პერიოდში, მაგრამ თუ ზვიადისდროინდელი ანგარიშსწორება იყო, ამ დროის განმავლობაში აქამდე გაუსწორდებოდნენ. გაჩნდა ვერსია, რომ კომისიაზე დაკითხვისას მისი მოწმედ ალაპარაკება არ აწყობდათ და მისი ალაპარაკების კვალი ვისთანაც მიდიოდა, იმის ნახელავს ჰგავდა. თუმცა მაშინდელი ხელისუფლება, რა თქმა უნდა, მსგავს ვერსიას არც განიხილავდა.
ნინუების მკვლელობა 2016 წლის წლის დასაწყისში კიდევ ერთი გახმაურებული მკვლელობის გამოძიებისას ამოტივტივდა. 16 იანვარს, ვაჟა-ფშაველას მე-7 კვარტალში, 24-ე კორპუსის ერთ-ერთ დაკეტილ ბინაში ძალოვანებმა გაუჩინარებული პროკურორის, ვახტანგ ქირიას ცხედარს მიაგნეს. მას ოჯახი რამდენიმე დღე ეძებდა. ოფიციალური ინფორმაციით, ბინა, სადაც ცხედარი იპოვეს, რადიო „საქართველოს ხმის“ დამფუძნებელ ბიძინა კუჭავას ჰქონდა ნაქირავები. ქირიას მკვლელობაში ეჭვმიტანილად ბიძინა კუჭავა დასახელდა. ძალოვანთა ინფორმაციით, იგი ქვეყნიდან გაქცევას აპირებდა. სამართალდამცავებმა ჯიპი, რომელშიც ეჭვმიტანილი იჯდა, იუსტიციის სახლის მიმდებარედ გააჩერეს. ოფიციალური ინფორმაციით, პოლიციელების დანახვისთანავე კუჭავამ იარაღი ამოიღო და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
რაკი კუჭავას თავის დროზე საკმაოდ ახლო ურთიერთობა ჰქონდა მოკლულ ნინუებთან, გაჩნდა ვერსია, რომ შესაძლებელი იყო რაიმე კავშირი ჰქონოდა წლების წინანდელ მკვლელობასთან მით უფრო, რომ თავის დროზე საქმის სასამართლო განხილვაში მისი გვარიც ფიგურირებდა.
საქმის გადახედვას გოგია წლების განმავლობაში ითხოვდა. მას შაქრიანი დიაბეტი და თირკმლის უკმარისობა აქვს. მისი ოჯახის წევრები კი არ გამორიცხავენ, რომ საქმეში ბიძინა კუჭავა ფიგურირებდეს.
როგორც დაკავებულის ოჯახის წევრები აცხადებდნენ, არსებობს საქმეში მოწმე, რომელიღაც კომპანიის დარაჯი, რომელმაც თქვა, რომ თითქმოს გოგიას და თამაზ ნინუას საერთო წილი ჰქონდათ არაოფიციალურად. ამას არც დაკავებულის და არც მოკლულის ოჯახის წევრები არ ადასტურებდნენ. მეორე სამხილი იყო უნიტაზიდან ამოღებული სიგარეტის ნამწვი, თუმცა აქაც ამ სიგარეტზე დაკავებულის დნმ არ აღმოჩნდა, მაგრამ გამოჩნდა მოწმე, რომელმაც თქვა, რომ ერთი წლის წინ დაინახა, როგორ იყიდა თამაზ გოგიამ სამი კოლოფი წვრილი „პარლამენტი“.
ოჯახის წევრები აცხადებდნენ, რომ ნინუების მკვლელობაშიც აბსოლუტურად იგივე ხელწერა იყო, როგორიც ქირიას და მაღალდაძის მკვლელობის შემთხვევაში. სამივე ადამიანი იდენტური იარაღით იყო მოკლული. შემთხვევიდან ამოღებული მასრიდან ირკვევა, რომ ორივე მკვლელობა რუსული წარმოშობის იარაღიდან განხორციელდა. ორივე შემთხვევაში შემთხვევის ადგილზე მოყრილი იყო დაფქვილი წიწაკა.
გარდა ამისა, კრიმინალური პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი, ირაკლი ფირცხალავა თავის დროზე, მედიასთან საუბრისას აცხადებდა, რომ გოჩა მაღალდაძე 2007 წელს ბიძინა კუჭავამ მოკლა, ან მისი დაკვეთით მოკლეს. მისი თქმით, მაღალდაძე მოკლულია სპეციფიკური იარაღით, რომელიც კუჭავას ხელში სოდის ყოფილი მაღალჩინოსნის, კახა მისირელის მეშვეობით აღმოჩნდა. ირაკლი ფირცხალავა აცხადებდა, რომ გოჩა მაღალდაძის მკვლელობის ადგილას იგი მცხეთის ქუჩაზე კრიმინალური პოლიციის დირექტორის სტატუსით ნამყოფია და ნანახი აქვს, რომ მაღალდაძე მოკლულია თავში გასროლის შედეგად, მკვლელობის ადგილას კი ქვიშა იყო მოყრილი, რათა კრიმინალისტებს ხელი შეშლოდათ კვალის აღებაში. ფირცხალავას თქმით, იმ პერიოდში ეჭვმიტანილთა სიაში რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი იყო ბიძინა კუჭავა. ამასთან, ფირცხალავამ გაიხსენა 2009 წელს გენერალ თამაზ ნინუას და მისი მეუღლის მკვლელობის ფაქტიც და აღნიშნა, რომ მაღალდაძის მკვლელობიდან ორი წლის შემდეგ ნინუებიც ზუსტად იგივე იარაღით არიან მოკლული, რითაც გოჩა მაღალდაძე, რომელიც, მისივე თქმით, იმ პერიოდში ცნობილ მოთამაშედ ითვლებოდა.