აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეს საქართველოს მთავარი პროკურატურა გამოიძიებს. აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, ირაკლი შოთაძის უწყებამ შსს-დან გამოითხოვა და სკანდალური საქმე უკვე პროკურატურაშია.
სანამ პროკურატურა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებს დაიწყებს, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმის გამო სასაზღვრო პოლიციის უფროსის, ოთარ კუპრაშვილსა და სუს-ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორ დათო ნიკოლეიშვილთან ერთად თანამდებობიდან გათავისუფლდა შს მინისტრის პირველი მოადგილე, ბესიკ ამირანაშვილი.
ოთარ კუპრაშვილისა და დათო ნიკოლეიშვილისგან განსხვავებით, ამირანაშვილი თანამდებობიდან 9 ივნისს გათავისუფლდა. მაშინ ოფიციალურად ითქვა, რომ ბესიკ ამირანაშვილი, რომელიც კრიმინალური პოლიციის კურატორის პოზიციას იკავებდა, კადრების განკარგულებაში გადავიდა და მღებრიშვილის უწყებას ამირანაშვილთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების სხვა მიზეზზე არ უსაუბრია.
შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი თანამშრომლების უდანაშაულობაში დარწმუნებულია, მაგრამ ამბობს, რომ გამოძიებას არ აქვს უფლება, გამორიცხოს რომელიმე ვერსია და ვინაიდან, ნებისმიერ შემთხვევაში, მოხდა საზღვრის კვეთა გაურკვეველ ვითარებაში, მიღებულია შესაბამისი გადაწყვეტილება სასაზღვრო პოლიციის უფროსის, ოთარ კუპრაშვილისა და სუს-ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორის დათო ნიკოლეიშვილის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ.
გიორგი მღებრიშვილმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეზე შუალედური ანგარიში წარმოადგინა. მინისტრის განცხადებით, აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება. ამოღებული და დათვალიერებულია 46 კამერის ვიდეოჩანაწერი, მათ შორის, 10 ობიექტიდან, რომელიც მდებარეობს კოლმეურნეობის მოედანზე. ასევე მის მიმდებარე ტერიტორიაზე დათვალიერებულ იქნა 19 კამერის ვიდეოჩანაწერი.
შუალედური ანგარიშით ირკვევა, რომ ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩაზე ნომერ 2-ში მდებარე სახელმწიფო ელექტროსისტემების ობიექტის ვიდეოჩანაწერში ფიქსირდება, რომ პიროვნება თეთრი მაისურით - სავარაუდოდ, აფგან მუხთარლი ნომერ 4 სამარშრუტო მიკროავტობუსში ჯდება.
ასევე, გამოძიების მიერ გამოიკითხა აღნიშნული სამარშრუტო მიკროავტობუსების ყველა მძღოლი, რომლებმაც განაცხადეს, რომ მათი მარშრუტი მოიცავს შემდეგ ტერიტორიას - მეტრო სადგურ „300 არაგველებიდან“ კოლმეურნეობის მოედნისა და ჭონქაძის ქუჩის გავლით, გოთუას ქუჩამდე და მათ 2017 წლის 29 მაისს საეჭვო არაფერი შეუნიშნავთ.
გამოძიების მიერ ბარათაშვილის ქუჩაზე და მის მიმდებარედ გამოიკითხა ათეულობით მოწმე - ავტოსადგომის მუშაკები, ტაქსის მძღოლები, გარემოვაჭრეები და კერძო ობიექტების დაცვის თანამშრომლები, რომლებმაც განმარტეს, რომ მიმდინარე წლის 29 მაისს არ დაუნახავთ ვინმეს მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის ან ავტომანქანით გატაცების ფაქტი. ასევე არ შეუნიშნავთ სხვა რაიმე საეჭვო გარემოება. ამასთან, 4 ობიექტიდან, რომლებიც აფგან მუხთარლის საცხოვრებელი სახლის მიმდინარე ტერიტორიაზე მდებარეობას, ამოღებული და დათვალიერებულია 27 ვიდეოჩანაწერი. აღნიშნულ ჩანაწერებში მოცემულ პერიოდში აფგან მუხთარლი არ ფიქსირდება.
ნიაღვრისა და ჭონქაძის ქუჩებზე, ასევე მის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოკითხა 127 მოწმე, რომლებმაც განმარტეს, რომ მიმდინარე წლის 29 მაისს არ დაუნახავთ ვინმეს მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის ან ავტომანქანით გატაცების ფაქტი, ასევე არ შეუნიშნავთ სხვა რაიმე საეჭვო გარემოება.
„ამავე საქმეზე გამოიკითხა შსს-ს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის 61 თანამშრომელი, რომლებმაც განმარტეს, რომ 2017 წლის 29 მაისს ლაგოდეხის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში, დედოფლის წყაროსა და სიღნაღის რაიონებში არსებულ სასაზღვრო ზოლში რაიმე სახის ინცინდენტს ან საეჭვო გარემოებას ადგილი არ ჰქონია. ამ ისხლის სამართლის საქმეზე სულ დაკითხულია 343 მოწმე.
სასამართლო განჩინებით შპს „მაგთიკომიდან“ გამოძიებამ გამოითხოვა 2017 წლის 25 მაისდან 30 მაისის ჩათვლით აფგან მუხთარლის მფლობელობაში არსებული მობილური ტელეფონის ნომერზე შემავალი და გამავალი ზარების დეტალური ნუსხა, ასევე ინფორმაცია ტელეფონის ე.წ. IMEI კოდებისა და მომსახურე ანძების თაობაზე“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
გარდა ამისა, როგორც გიორგი მღებრიშვილმა აღნიშნა, გამოძიების მიერ აზერბაიჯანის შესაბამისი ორგანოებს სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის მიზნით გაეგზავნათ შუამდგომლობა მათ წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმის მასალების გამოთხოვისა და აფგან მუხთარლის დეტალური დაკითხვის თაობაზე. ასევე ეთხოვათ დაკითხვის დროს ქართული მხარის დასწრების შესახებ. მინისტრის განცხადებით, აფგან მუხთარლის მეუღლეს და მის მცირეწლოვან შვილს დაენიშნათ დაცვის სპეციალური ღონისძიება - პირადი დაცვა, რაზეც ლეილა მუსტაფაევამ უარი განაცხადა.
მუხთარლის ინტერესების დამცველი არჩილ ჩოფიკაშვილი აცხადებს, რომ მინისტრმა სუს-ის კონტრდაზვერვისა და სასაზღვრო პოლიციის უფროსების გათავისუფლება დააგვიანა, რადგან მუხთარლის საქართველოდან გაქრობიდან ორი თვეა გასული და ამ ხნის მანძილზე არსებობდა გამოძიებაზე გავლენის მოხდენის რისკი. რაც შეეხება ჩანაწერებს, რომელზეც დღეს შს მინისტრმა ისაუბრა, არაფერს ამბობს.
„თანამდებობის პირების გადაყენება დაგვიანებული ნაბიჯია. რაც შეეხება გამოძიებაზე ზემოქმედებას, უკვე ცნობილია, რომ სასაზღვო გამშვებ პუნქტზე ჩამწერი მოწყობილობა იყო დაზიანებული და ამიტომ ჩანაწერები ან არის დაზიანებული და განაგურებული, ან ვიდეო ჩანაწერები არ არსებობს და უბრალოდ გამორთული იყო კამერები ზუსტად დანაშაულის ჩადენის დროს“, - აცხადებს არჩილ ჩოფიკაშვილი.
მისივე თქმით, საჭიროა რეალური გამოძიების ჩატარება და არა გამოძიების იმიტაცია. რაც შეეხება ასობით მოწმის დაკითხვას და შუალედურ დასკვნას, ადვოკატი ამბობს, რომ აქ მთავარია ხარისხი და არა რაოდენობა.
„როდესაც გამოძიება აგროვებს ვიდეო ჩანაწერებს, რომელთა უმეტესობას არავითარი პროცესუალური ღირებულება არ გააჩნია გამოძიებისათვის, იმ ვითარებაში როდესაც საეჭვო პირების ფოტოსურათები, ვიდეო ჩანაწერები აქვს გამოძიებას და მათ იდენტიფიცირებას არ ახდენს, ეს მიუთითებს იმაზე, რაზეც დღეს მინისტრმა თვითონ განაცხადა - რომ გატაცების ფაქტი არ დასტურდება. შესაბამისად, ეს არ არის რეალური გამოძიება“, - აღნიშნა არჩილ ჩოფიკაშვილმა.
აფგან მუხთარლის მეუღლე ლეილა მუსტაფაევა ფიქრობს, რომ ძალოვანი უწყების ორი მაღალჩინოსანის თანამდებობიდან გათავისუფლებას გამოძიების კუთხით არანაირი აზრი არ აქვს. მისი თქმით, ბევრად უფრო ადრე გაანთავისუფლეს კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელი, მაგრამ გამოძიების კუთხით არაფერი გაუკეთებიათ. მისი თქმით, აღნიშნული საქმე მხოლოდ მაშინ იქნება გამოძიებული, როდესაც მმართველ ძალას ამის პოლიტიკური ნება გაუჩნდება.
„არანაირი დადებითი შედეგი არ დამდგარა. გამოძიებისთვის არაფერს აკეთებენ. ახალი არაფერია. პოლიციას ამ დრომდე ღირებული არაფერი აქვს სათქმელი, უკვე ორი თვე გავიდა. მთავარი კითხვა მაქვს - რატომ ვერ მოხდა ამ დრომდე იმ მანქანის და იმ პირების იდენტიფიცირება, რომლებმაც აფგანი თბილისიდან წაიყვანეს. გამოძიება თუ ნამდვილად მუშაობს ამ საქმეზე, მათ ეს უკვე უნდა იცოდნენ. მე დარწმუნებული ვარ, მათ ყველაფერი იციან და ყველა საჭირო ჩანაწერი აქვთ, მაგრამ არ ასაჯაროებენ. მე მაქვს კითხვა - რატომ?
რაც შეეხება საქმის პროკურატურისთვის გადაცემას, ჩვენ ამას პირველი დღიდან ვითხოვდით, რომ საქმე პროკურატურისთვის გადაეცათ. მე იმედი მაქვს, რომ გამოძიების მსვლელობის კუთხით რამე შეიცვლება, მაგრამ დღეის მდგომარეობით, პოლიციამ თითქმის ყველა ფაქტი წაშალა აფგან მუხთარლის გატაცებასთან დაკავშირებით. არ ვიცი, ასეთ პირობებში როგორ გამოიძიებს ამ საქმეს პროკურატურა. პოლიციას ამ საქმეში ინტერესთა კონფლიქტი ჰქონდა“, - აცხადებს ლეილა მუსტაფაევა.
აფგან მუხთარლის ადვოკატებისგან საქმეზე დამატებითი ინფორმაცია მიიღეს ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, რომლებიც საქმეზე დეტალურ ანგარიშს მოამზადებენ. აფგან მუხთრალის საქმეზე ევროპის სასამართლოში სარჩელი უკვე შეტანილია. მიმდინარე გამოძიებით კმაყოფილა მმართველი გუნდი.
საქმის გამოძიების მიმდინარეობით კმაყოფილია პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე, რომელიც მნიშვნელოვან ნაბიჯს უწოდებს მაღალი თანამდებობის პირების განთავისუფლებას.
„ძალიან ბევრს კითხვას გაეცა პასუხი. აქიდან გამომდინარე, ის ფაქტიც, რომ ორი თანამდებობის პირი არის გათავისუფლები დაკავებული თანამდებობიდან, მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენი ხელისუფლება ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება ამ საქმეს. ძალიან დიდი იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ გამოძიება მივა ბოლომდე და დაიდება სასურველი შედეგი“, - აცხადებს სოფო კილაძე.
ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ კონკრეტული თანამდებობის პირების განთვისუფლება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აფგან მუხთარლის გატაცებაში მაღალი თანამდებობის პირები მონაწილეობდნენ. „ევროპული საქართველოს“ წევრი გივი თარგამაძე, სუს-სა და შსს-ს შორის არსებულ დაძაბულ ურთიერთობებზე ლაპარაკობს.
„მიუხედავად იმისა, რომ სუს-მა შეასრულა თავიდან ბოლომდე მთელი ეს ოპერაცია, კონკრეტულ ადამიანებს, ანუ სუს-ის სპეცრაზმის უფროსს და მის ორ თანამშრომელს ჩააცვეს კრიმინალური პოლიციის ფორმები. ანუ, პრაქტიკულად, იმ წამსვე გახდა ცნობილი სუს-ის სურვილი, რომ იმ შემთხვევაში თუ პრობლემები გაჩნდებოდა ყველაფერი დაბრალებოდა შსს-ს“, - განაცხადა გივი თარგამაძემ.